ვემშვიდობებით თავის მოვლის მავნე ჩვევებს

გააზიარე:

მავნე ჩვევა ყველას გვაქვს, სველი პირსახოცის შენახვა იქნება ეს თუ მაკიაჟით დაძინება. ზოგიერთი ჩვევა უწყინარია, მაგალითად, კბილის პასტის უთავსახუროდ შენახვა, ზოგიერთი კი – მაგალითად, მაკიაჟის მოუშორებლად დაძინება – კანს დიდ ზიანს აყენებს.

თავის მოვლასთან დაკავშირებული მავნე ჩვევებიდან თითქმის ყველა საზიანოა, ამიტომ რაც უფრო მალე დაემშვიდობებით მათ, მით უკეთესი.

ხშირად ნუ შეეხებით სახეს

ლოყების, ნიკაპის, ტუჩების  წამდაუწუმ შეხება ბევრ ქალს სჩვევია. დერმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ დიდი შანსია, ამით უკვე არსებული პრობლემა გავამწვაოთ ან სრულიად ახალი გამოვიწვიოთ. ყოველდღიურად ხელით უამრავ ბაქტერიას ვეხებით, მათი სახეზე გადატანით კი დიდი რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს კანს.

თუ ეს ჩვევა უკვე გაქვთ, აუცილებლად იმუშავეთ მის დაძლევაზე. ყურადღებით იყავით და როგორც კი გააცნობიერებთ, რომ სახეს იწვალებთ, შეწყვიტეთ. შეგიძლიათ, სამსახურის სამუშაო მაგიდაზე პატარ–პატარა ფურცლებზე, საკუთარი თავისთვის შესახსენებლად წარწერა გააკეთოთ, რომელიც აგიკრძალავთ სახის შეხებას, ეს წარწერა ისეთ ადგილას დააწებეთ, რომელიც მუდმივად თქვენი თვალთახედვის არეშია.

სთხოვეთ თანამშორომლებს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს, დაგეხმარონ ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლებაში. როგორც კი დაგინახავენ, რომ ხელები სახეზე გიწყვიათ, შეგახსენონ, რომ ამას არ უნდა აკეთებდეთ. თუ სახე გეფხანებათ, უმჯობესია ტანსაცმლის სახელოს შიგნითა მხრით მოიფხანოთ. ამ შემთხვევაშიც ჯობს ხელი არ მოიკიდოთ, თუ კარგად დაბანილი არ გაქვთ.

ნუ მოილოკავთ ტუჩებს

ენით ტუჩების დასველება, განსაკუთრებით – სიცივეში, იმას გამოიწვევს, რომ ტუჩები დაგისკდებათ, დახეთქილი და აქერცლილი ტუჩების კვნეტისა და დასველების სურვილი კი კიდევ უფრო დიდია, ამიტომ ეს ჩვევაც აუცილებლად მოსაშორებელია.

უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, ტუჩები გამუდმებით დაიტენიანოთ, რათა არ აგექერცლოთ და მათი მოკვნეტის ან დასველების სურვილი არ გაგიჩნდეთ. დატენიანებამდე შეიძლება ტუჩების პილინგის ჩატარებაც. ამისთვის შაქარი და წყალი დაგჭირდებათ. წაისვით აქერცლილ ტუჩებზე ერთი მწიკვი შაქრის ფხვნილი და რბილი დაწოლით წრიული მოძრაობით მოატარეთ მთელ ტუჩებზე. გაიჩერეთ 2-3 წუთი, მერე კი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი ტუჩსაცხი ან, თუ მეტისმეტად გაქვთ დახეთქილი, ვაზელინის შემცველი სამკურნალო საცხი. პილინგის ჩატარება გაკეთება კვირაში ერთხელ შეიძლება.

ნუ იწვალებთ მუწუკებს და ფერიმჭამელებს

მუწუკი ჩაჭედილი ფორია, რომელშიც ბაქტერიები ბუდობენ, შესაბამისად, მათი წვალებით კანს უარესად გაიღიზიანებთ და შესაძლოა ნაწიბურის წარმოქმნასაც კი შეუწყოთ ხელი. თუ სერიოზული გამონაყარი გაწუხებთ, პირველ რიგში დერმატოლოგის კონსულტაცია უნდა გაიაროთ, რათა შესაბამისი მითითებები მოგცეთ.

თუ ხანდახან აქა–იქ ამოგდით მუწუკები, მაგალითად, მენსტრუაციის პერიოდში, გირჩევთ  ადგილობრივი მოქმედების საცხები გამოიყენოთ, რომლებიც ძალიან სწრაფად მოქმედებს, ღამე, დაძინებამდე წაისვით – დილით მუწუკი თითქმის შეუმჩნეველი იქნება.

არასოდეს შეიკრათ თმა უბრალო რეზინით

რეზინი, რომელიც ქსოვილით არ არის დაფარული, თმას ძლიერ აზიანებს – შეკვრისას და მოხსნისას თმის ღერებს წიწკნის და წყვეტს. ერიდეთ თმის სამაგრად მის გამოყენებას. გამოიყენეთ ქსოვილით დაფარული რეზინი ან სილიკონის სამაგრი, რომელიც ძალიან პოპულარულია ბაზარზე და იმავდროულად მოხერხებული, პრაქტიკული და ლამაზიცაა.

იშიათად გამოიყენეთ ფენი

ცხელი ჰაერი თმას აშრობს და აზიანებს. სალონში ფენის გამოყენება გარდაუვალია, რადგან იქ ვერავინ დაელოდება, როდის გაშრება თმა თავისით, მაგრამ თუ სახლში ამის დრო გაქვთ, აცადეთ სველ თმას ბუნებრივად გაშრობა. თუ არსად გეჩქარებათ, ნუ გამოიყენებთ ფენს. რაც უფრო ხშირად გაიშრობთ თმას ცხელი ჰაერის ჭავლით, მით უფრო მეტად დაგისუსტდებათ თმის ღერები.

თუ გრაფიკის გამო მაინც გიწევთ ფენის ხშირი მოხმარება, გირჩევთ თმის დამცავი სპრეი შეიძინოთ და ფენის ჩართვამდე სველ თმაზე ისხუროთ. ამ სპრეის ბევრ სალონში ხმარობენ და საკმაოდ კარგად იცავს თმის ღერებს გადახურებისგან.

ნუ დაიბანთ თავს ყოველდღე

ბევრს აქვს თავის ყოველდღე ბანის ჩვევა. თუ თქვენც ერთი მათგანი ხართ, იცოდეთ, რომ ამით თმას იზიანებთ. ყოველდღიური ბანით მას ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმთან ერთად ცხიმის სასიცოცხლოდ აუცილებელ დამცავ ფენასაც აცლით. შედეგად თმის ღერები იფიტება და უსიცოცხლო ხდება.

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ყოველდღიურ ბანას, სჯობია, ცხიმიანი თმისთვის სპეციალური განკუთვნილი შამპუნი გამოიყენოთ, რომელმაც წესით ნელ–ნელა უნდა მოგიგვაროთ ეს პრობლემა. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მიმართეთ დერმატოლოგს, რომელიც გაარკვევს თქვენი კანის ცხიმიანობის მიზეზს და შესაბამის მითითებებს მოგცემთ.

შეელიეთ ძველ კოსმეტიკას

ვადაგასული კოსმეტიკური პროდუქტების შენახვა უმეტესად იმ მანდილოსნებს ახასიათებთ, რომლებიც იშვიათად ხმარობენ კოსმეტიკას. თუ მაკიაჟს ყოველდღე ან ორ–სამ დღეში ერთხელ მაინც იკეთებ, ჯერ ერთი, მაკიაჟის საშუალებები, დიდი ალბათობით, ვადის გასვლამდე გაგითავდება, მეორე – მეტ ყურადღებას მიაქცევ მათ და სუნის, ფერისა თუ კონსისტენციის მცირე ცვლილებასაც კი შეამჩნევ.

რომელ კატეგორიასაც არ უნდა ეკუთვნოდეთ, დაიმახსოვრეთ, რომ ვადის გასვლის შემდეგ, ყველა კოსმეტიკური საშუალება საშიშია ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთი კი ვადამდეც შეიძლება გაფუჭდეს, მაგალითად, თუ შეუსაბამო ადგილას ინახავთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ: თუ კოსმეტიკას არასასიამოვნო სუნი გაუჩნდა, ფერი შეეცვალა, გამოშრა და დასკდა, ესე იგი მისი შეცვლის დროა.

ნუ მოიჭამთ და აიწიწკნით ფრჩხილებს და ნუნებს

მოჭმული ფრჩხილები და ნაწვალები ნუნები, დამეთანხმებით, არც ისე სასიამოვნო სანახავია. ეს ჩვევა უმთავრესად სტრესულ სიტუაციებში იჩენს თავს. თუ მისგან გათავისუფლება გსურთ, თავდაპირველად ემოციური ფონი უნდა მოიწესრიგოთ (შესაძლოა, ამისთვის ფსიქოლოგის დახმარებაც დაგჭირდეთ – ნუ იუკადრისებთ), მერე კი უშუალოდ ჩვევასთან დაიწყოთ ბრძოლა. შეგიძლიათ, ახლობლები აქაც დაიხმაროთ და სთხოვოთ, შენიშვნა მოგცენ ყოველთვის, როდესაც ფრჩხილების კვნეტისას მოგკრავენ თვალს.

არსებობს სპეციალური ფრჩხილის ლაქები, რომლებსაც სპეციფიკური უსიამოვნო გემო აქვს და სწორედ ამ მავნე ჩვევისგან თავის დასაღწევადაა განკუთვნილი.

არ გაიპარსოთ ბლაგვი სამართებლით

დერმატოლოგები მკაცრად გვაფრთხილებენ, არ გამოვიყენოთ დაბლაგვებული და, მით უმეტეს, ჟანგიანი სამართებელი. ბლაგვ სამართებელს შეუძლია, კანიც გაგიღიზიანოთ და ინფექციის წყაროდაც იქცეს.

ნუ დატოვებთ სამართებელს სისველეში, მშრალ ადგილას შეინახეთ, შენახვამდე კი კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში, რომ ზედ არ შერჩეს საპნის ან საპარსი ქაფის ნაწილაკები, რომლებიც დროთა განმავლობაში დააბლაგვებს სამართებელს და, ამასთან ერთად, ინფექციის წყაროდაც იქცევა.

მოიშორეთ მაკიაჟი ვარჯიშის დაწყებამდე

მაკიაჟით დაფარული ოფლიანი სახე არც ისე მიმზიდველია. მიმზიდველობას თავი რომ დავანებოთ, ოფლის და მაკიაჟის კომბინაცია, უპირველეს ყოვლისა, კანისთვისაა საზიანო.

როდესაც გვცხელა, ფორებიდან ოფლის გამოყოფა სხეულის ბუნებრივი რეაქციაა. როდესაც ფორებში მაკიაჟია ჩამჯდარი, ოფლი გამოსასვლელს ვერ პოულობს და შედეგად ვიღებთ გაჭედილ ფორებს, რაც გამონაყარის ან კანის სხვა პრობლემების მიზეზად იქცევა.

 ლიკა ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: