მიხეილ თოფურია: რთული გზით ექიმობამდე

გააზიარე:

ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არაერთი ცნობილი ექიმის სახე გაგვიცოცხლებია: საქართველოში მედიცინის ამა თუ იმ დარგის ფუძემდებლები თუ ამოუცნობი დიაგნოზების ოსტატები, დიდი მეცნიერები თუ შეუდარებელი პედაგოგები... თუმცა კორიფეების გვერდით ბევრი სხვა ადამიანიც მუშაობდა, რომელთა სახელები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ პროფესიის ერთგულება, საქმისთვის თავდადება – სამაგალითო.

მედიცინის ისტორიის მკვლევარი, გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, ამჯერად მიხეილ თოფურიაზე მოგვითხრობს. ადამიანზე, რომელიც უკვე მოწიფულ ასაკში შეუდგა ექიმის გზას, მაგრამ შესანიშნავი მკურნალი და ჯანდაცვის გამორჩეული ორგანიზატორი გახდა.

ცნობები მიხეილ თოფურიას შესახებ მისმა ვაჟმა – პათოლოგანატომმა, პროფესორმა ზაზა თოფურიამაც მოგვაწოდა.

ახალგაზრდობის წლები

მიხეილი 1914 წელს აბაშაში დაიბადა. სამი წლისას დედა გარდაეცვალა. მამამისმა, ევგენიმ, მარტომ გაზარდა ექვსი შვილი. მიხეილმა აბაშაშივე დაამთავრა სკოლა და ტექნიკური სასწავლებელი, 1939 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დიპლომი მიიღო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიტეკონომიისა და პარტისტორიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. სრულიად ახალგაზრდა, მისაღები გამოცდების კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს. ეს გახლდათ დიდი ექიმებისა და მეცნიერების – ალექსანდრე მაჭავარიანის, კონსტანტინე ერისთავის, ვლადიმერ ჟღენტის, ირაკლი მენთეშაშვილის, ეგნატე ფიფიას, მიხეილ ჩაჩავას და სხვათა – ეპოქა. შესაძლოა, სწორედ მათთან ურთიერთობამ აღუძრა ინტერესი მედიცინის მიმართ. სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ სწავლა არ დასცალდა – ომი დაიწყო. მიხეილი ფრონტზე გაიწვიეს.

კაპიტანი თოფურია

მიხეილ თოფურია ამიერკავკასიის ფრონტის ჩრდილოეთ დაჯგუფებაში მოხვდა, რომელიც კავკასიის მისადგომებს იცავდა. მას განსაკუთრებული პარტიული დავალება ჰქონდა: ჯარისკაცებში მებრძოლი სული უნდა გაეღვივებინა. ისიც ამხნევებდა ბიჭებს, მათ ჭირსა და ლხინს იზიარებდა. მათ მხარდამხარ იბრძოდა, მტერს ხან უტევდა, ხან იგერიებდა. იალბუზის გადალახვაც კი მოუწია. სიმამაცისთვის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით დააჯილდოეს. მედლებსა და სამკერდე ნიშნებს თვლა აღარ ჰქონდა... მიხეილმა ომი კაპიტნის წოდებით დაასრულა და 1946 წლის სექტემბერში, დემობილიზაციის შემდეგ, თბილისში მეორე ჯგუფის ინვალიდად დაბრუნდა. უკვე ცოლშვილიანი კაცი იყო – რამდენიმე წლით ადრე სტომატოლოგ თინათინ უგულავაზე დაქორწინდა. 1945 წლის მაისში დაბადებული მისი ვაჟი მამის დაბრუნებამდე ხონელ ბებია–ბაბუასთან იზრდებოდა.

ლექტორი და სტუდენტი

მიხეილი სამედიცინო ინსტიტუტის პოლიტეკონომიისა და პარტისტორიის კათედრას დაუბრუნდა. ლექციებს კითხულობდა, პარალელურად კი სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1951 წელს.

ინსტიტუტში მიხეილ თოფურია პარტიული ხაზით მუშაობდა – იყო ჯერ კომკავშირის რაიკომის მდივანი, შემდეგ – კომიტეტის მდივანი. იმ დროს ეს თანამდებობა გულისხმობდა სტუდენტების იდეოლოგიურ აღზრდას, მათ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე პასუხისმგებლობას. ასე “ზრუნავდა” კომუნისტური პარტია საბჭოთა კავშირის მოქალაქეთა ზნეობრივ სახეზე. მიხეილი იმ მგზნებარე კომუნისტების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ კომუნისტური იდეალების და თავს არ ზოგავდა, რომ ახალგაზრდებშიც ასეთივე სულისკვეთება გაეღვივებინა. სწორედ ამ დროს დაატყდა თავს განსაცდელი, რომელმაც სამუდამოდ შეარყია პარტიისადმი მისი რწმენა.

1951 წელს, ანონიმური წერილებით და უსაფუძვლო ბრალდებით, თითქოსდა მეგრელი თანამდებობის პირები ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდნენ, დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების იდეოლოგიურ მიმართულებას კურირებდა, დააპატიმრეს. მას მიაყოლეს სამეგრელოს ყველა რაიკომის მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარეები და ბევრი სხვა. მიხილ თოფურიაც რეპრესიებში მოჰყვა, ვინაიდან ბარამიას პროტეჟედ მიიჩნეოდა. სხვებისგან განსხვავებით, სასჯელად სოხუმში გადაყვანა (ფაქტობრივად, გადასახლება) აკმარეს, ხოლო 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სხვებთან ერთად ისიც რეაბილიტირებულ იქნა, თუმცა რეპრესიებს უკვალოდ არ ჩაუვლია: მიხეილის ცნობიერებაში გარდატეხა მოხდა, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა მის მომავალზე.

თეთრი ხალათით

დარჩენილი ცხოვრება მიხეილ თოფურიამ მედიცინას მიუძღვნა. რეაბილიტაციის შემდეგ ისევ სამედიცინო ინსტიტუტში დაბრუნდა, ამჯერად – როგორც ექიმი-თერაპევტი. ნიჭიერი და გამჭრიახი მიხეილი შესანიშნავი ექიმი, ბრწყინვალე კლინიცისტი დადგა. 1955 წელს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის განყოფილების გამგედ დანიშნეს, ხოლო როდესაც 1975 წელს საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდა – მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში. იმ დროისთვის საკმაოდ დიდი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ახალ შენობაში გადასვლა ისე, რომ ფუნქციონირება არ შეეწყვიტა, იოლი არ იყო. სწორედ აქ იჩინა თავი მთელი სისრულით მისმა ორგანიზატორულმა ნიჭმა.

დიდი ურთიერთპატივისცემა აკავშირებდა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმებთან: გაბრიელ ქობულიასთან, მირიან კლდიაშვილთან, ლუარსაბ ქავთარაძესთან.

1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მიხეილ თოფურია ენდოკრინოლოგიისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა განყოფილებას ხელმძღვანელობდა – ეგრეთ წოდებულ მსუქნების განყოფილებას, სადაც პაციენტებს დიეტით აკლებინებდნენ წონას. იმხანად ეს სიახლე იყო მედიცინაში.

რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. ყოველგვარ საქმეში თავის ბოლომდე გადადება სჩვეოდა. მისი მეცნიერული ნაშრომები ეხებოდა გასტროენტეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ნივთიერებათა ცვლის მოშლის ბიოლოგიურ ასპექტებს. მიხეილს უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტისა და რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება მიენიჭა.

ყურადღებას არავის აკლებდა, განსაკუთრებით ზრუნავდა მეგრელებზე. მის ოჯახში დღესაც ინახება მადლიერი პაციენტების წერილები.

დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და არავის ეპუებოდა. შემოვლებზე ხშირად გაუტანია თავისი აზრი და, როგორც წესი, მართალი აღმოჩნდებოდა ხოლმე. შესანიშნავი ორატორი იყო, კამათში ვერავინ სჯობნიდა, ამიტომ დიდი რიდი ჰქონდათ მისი, თუმცა სამართლიანობის გრძნობა არასოდეს ღალატობდა. ვინაიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოს ევალებოდა რაიონული საავადმყოფოების მონიტორინგი, მიხეილს როგორც ჯანდაცვის გამოცდილ ორგანიზატორსა და თერაპევტს ხშირად უწევდა მივლინებებში სიარული. მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი.; საავადმყოფოებს ამოწმებდა, ექიმებს ასწავლიდა... ყველა რაიონის მთავარ ექიმს იცნობდა. ფენომენალური მეხსიერების წყალობით ზეპირად იცოდა ლამის მთელი ქვეყნის თერაპიული პროფილის სპეციალისტთა საშტატო განრიგი და პერსონალის მონაცემები.

თეთრი ხალათის გარეშე

ყველაფერთან ერთად, შესანიშნავი თამადა იყო. მეგრულად იცოდა “ვეფხისტყაოსანი” და ამით ხშირად იწონებდა თავს. ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს აგროვებდა. თავადაც მჭევრმეტყველი გახლდათ. ლაპარაკობდა ლაზურად – ეს ენა საგანგებოდ ასწავლეს, რადგან ერთხანს სერიოზულად განიხილებოდა საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების საკითხი. მიშა ჰყვებოდა, რომ ტაო-კლარჯეთის რეგიონისთვის საბჭოთა ხელისუფლებას რაიკომის მდივნებიც კი ჰყავდა წინასწარ შერჩეული. სამწუხაროდ, ამ ჩანაფიქრმა ხორცი ვერ შეისხა...

მოგონებები

დიმიტრი წვერავა, აკადემიკოსი, საქართველოში რაიდთერაპიის ფუძემდებელი:

– სამედიცინო ინსტიტუტში, პირველ კურსზე, მიხეილ თოფურია პარტისტორიას გვასწავლიდა. ერთ მშვენიერ დღეს გავიხედეთ და ჩვენ გვერდით ზის... სამკურნალო ფაკულტეტზე ჩემს ჯგუფში მოხვდა. მე ჯგუფხელი ვიყავი. ძალიან კარგი ჯგუფი გვქონდა, თუმცა მიხეილი აქაც გამოირჩეოდა. ასეთი ბეჯითი და მოწესრიგებული სტუდენტი იშვიათად მინახავს. შესაშურად შრომისმოყვარე იყო, სულ წიგნი ეჭირა ხელში და ხანდახან ზეპირად იმეორებდა ხოლმე სამედიცინო ტერმინოლოგიას – მოგეხენებათ, ეს ყველა ახალბედას უჭირს. სწავლობდა ბრწყინვალედ. გამოცდებზე კი ახალბედა სტუდენტივით ღელავდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მასთან შედარებით ბავშვები ვიყავით,  მეგობრულად გვეპყრობოდა. თანდათან ჩვენც გავიზარდეთ და უფრო დავახლოვდით. საოცრად თავმდაბალი კაცი გახლდათ – არასოდეს გვაგრძნობინებდა, რომ ჩვენზე მეტი იყო რამით.

თერაპია აირჩია. კლინიკური მედიცინა მაინც ემპირიულია. ცოდნასთან ერთად წარმოსახვაც საჭიროა, რადგან დაავადება ყველა პაციენტთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. მიხეილი მართლაც ბრწყინვალე ექიმი დადგა. იმ დროისთვის შინაგანი მედიცინის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად მიიჩნეოდა.

ურთიერთობა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც გავგრძელეთ.

ალეკო მაჭავარიანი, გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი:

– კარგად მახსოვს ბატონი მიხეილი – ახოვანი, წარმოსადეგი და მიმზიდველი, უდიდესი შინაგანი კულტურის პიროვნება, მრავალმხრივ განსწავლული და დახვეწილი ინტელიგენტი. მახსოვს მისი მუდამ გაკრიალებული თეთრი ხალათი... იყო ჯანდაცვის უბადლო ორგანიზატორი და სანიმუშო განყოფილების გამგე. საავადმყოფოში თუ კათედრაზე კოლეგების დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ახალგაზრდა ექიმების მიმართ უდიდეს ყურადღებას იჩენდა, უყვარდა მათთან არაფორმალური ურთიერთობაც. არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი იყო, თუმცა ზომიერება არასოდეს ღალატობდა.

იყო საოცარი მეუღლე და მამა. მამაჩემთან, თერაპევტ ანდრო მაჭავარიანთან მეგობრობდა. ორივე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო და შეხვედრისას ხშირად იგონებდნენ ფრონტის ამბებს...

ზაზა თოფურია:

– მამა პედანტი იყო, ძალიან მომთხოვნი, სპეტაკი, ვფიქრობ, ზედმეტადაც კი. უყვარდა სისადავე, გაურბოდა ყოველგვარ პომპეზურობას, ავკარგიანობის ობიექტური შემფასებელი გახლდათ. ურთიერთობისას იყო საოცრად მიმნდობი. იცოდა მეგობრების გამორჩევით უზომოდ შეყვარება. ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა – არაერთხელ დამინახავს სიცილისგან ჩაბჟირებული ნაცნობ-მეგობრებით თუ კოლეგებით გარშემოტრყმული.... ბავშვობაში ხშირად დავყავდი ფეხბურთზე – იმ დროს მთელი საქართველო გადარეული იყო ამ სპორტზე და მატჩები ლამის რეპუბლიკური მნიშვნელობის სპორტულ მოვლენებად მიიჩნეოდა. გახლდათ ჭიდაობის დიდი მოყვარულიც. საავადმყოფოში ექიმების ერთი ჯგუფი მუდმივად ესწრებოდა ტურნირებს, რომლებიც ჯერ ცირკის არენაზე, მერე კი სპორტის სასახლეში იმართებოდა. ამ ჯგუფის მთავარი გულშემატკივარი და ტონის მიმცემი გახლდათ აკადემიკოსი ირაკლი ტატიშვილი.

მამა ბევრთან მეგობრობდა, ჩვენს ოჯახშიც ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი უროლოგები: ვასო ბაბუხადია, სერგო ხაფავა, ორთოპედ-ტრავმატოლოგი ოთარ ღლონტი, თერაპევტები კონსტანტინე ვირსალაძე, გივი ბახტაძე, ქირურგი ჟორა ფხაკაძე, რენტგენოლოგი ნოდარ წულეისკირი, ფარმაცევტი არჩილ ჭუმბურიძე, პათანატომები თამარ დეკანოსიძე, ჯანგირ მამალაძე, რევაზ კაპანაძე, უჩა გაბუნია, სპორტული მედიცინის სპეციალისტი რომანოზ სვანიშვილი და სხვები.

ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, მამა უკვე საკმაოდ ხანდაზმული გახლდათ. ვატყობდი, განიცდიდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს – ალბათ ეს ყველაფერი მისი თაობის მიერ ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომების შედეგად მიაჩნდა. მაგრამ ოპტიმისტი იყო, არასოდეს დაუკარგავს უკეთეს მომავლის იმედი.

მამა 1989 წლის ივნისში, 75 წლისა გარდაიცვალა.

მარი აშუღაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: