როდესაც იმუნური სისტემა მწყობრიდან გამოდის

გააზიარე:

 

 

მეამბოხე ჯარისკაცები

რევმატოიდული ართრიტი

ფარისებრი ჯირკვალი და ავტოაგრესია

სკლეროდერმია

მგლის ნაკვალევი

გაფანტული სკლეროზი

პერიოდული დაავადება

 

 

მეამბოხე ჯარისკაცები

იმუნური სისტემა ორგანოებისა და ქსოვილების რთული ქსელია, რომელიც ორგანიზმს ავადმყოფობისგან იცავს. ამ რთულ მისიას ერთი უნარის წყალობით ასრულებს – შინაურს უცხოსგან ასხვავებს და უცხოს დაუნდობლად ებრძვის. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როდესაც ეს მექანიზმი მწყობრიდან გამოდის. იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელ უჯრედებს ანადგურებენ.
დაავადებებს, რომლებსაც მეამბოხე იმუნური სისტემა იწვევს, ავტოიმუნურ დაავადებებს უწოდებენ.

ღალატია, ღალატი!
დღეისთვის 80-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადებაა ცნობილი. მიუხედავად კვლევა-ძიებისა, ჯერ ვერავინ უპასუხა მთავარ კითხვას: რა იწვევს იმუნური სისტემის გადაწყობას? რისი ბრალია, მტერი და მოყვარე ერთმანეთში რომ ერევა? მიზეზის არცოდნის გამო ამ დაავადებებისგან განკურნება ჯერჯერობით შეუსრულებელი მისიაა. ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის მიზანი უმეტესად სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების თავიდან აცილება, მდგომარეობის მართვაა.
ავტოიმუნური დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ერთ–ერთ წამყვან მიზეზად მიიჩნევა. მხოლოდ ამერიკაში ეს დიაგნოზი 23.5 მლნ ადამიანს აქვს. ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება იშვიათია, სხვები კი, – მაგალითად, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და შაქრიანი დიაბეტი, – საკმაოდ ხშირად გვხვდება.

ვის ემუქრება
ავტოიმუნური დაავადება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა ზოგს უფრო მაღალი ალბათობა აქვს. რისკის ფაქტორებია:
* მდედრობითი სქესი, განსაკუთრებით – რეპროდუქციულ ასაკში. ავტოიმუნური დაავადებები ქალებთან უფრო ხშირია, თანაც მათი უმეტესობა შვილოსნობის ასაკში იჩენს თავს.
* ავტოიმუნური დაავადების ოჯახური ისტორია. სისტემური წითელი მგლურა, გაფანტული სკლეროზი ხშირად ოჯახის რამდენიმე წევრს აქვს. განსაზღვრული გენების არსებობა მათი განვითარების ალბათობას ზრდის, თუმცა დაავადების გამოვლენა გენეტიკურთან ერთად სხვა ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.
* გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება. განსაზღვრული ფაქტორები იწვევს ან ამწვავებს ავტოიმუნურ დაავადებებს, მათ შორის – მზის გამოსხივება, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია.
* რასა და ეთნიკური წარმომავლობა. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 უმეტესად თეთრკანიანებთან გვხვდება, სისტემური წითელი მგლურას განვითარების ალბათობა კი აფროამერიკელებსა და ლათინოამერიკელებთან უფრო მაღალია.

მტრად ქცეული მცველი
ავტოიმუნურ დაავადებებს დამახასიათებელი მიმდინარეობა აქვს – სიმპტომები პერიოდულად მწვავდება, მდგომარეობა მძიმდება, მერე კი რემისია დგება. ამ დროს ნიშნები ან სუსტდება, ან სრულიად ქრება. ხშირად მკურნალობის ამოსავალი წერტილი გამწვავებების აღკვეთა, რემისიის მაქსიმალური გახანგრძლივებაა.
ავტოიმუნური დაავადების კლასიკური ნიშანია ანთება, რომელიც სიწითლეს, სიმხურვალეს, ტკივილსა და შეშუპებას იწვევს. დაავადების ბუნებიდან გამომდინარე, სხვადასხვაა ანთებითი პროცესის ლოკალიზაცია.

რთული დიაგნოზი
ავტოიმუნური დაავადების დიაგნოზის დასმა ხანგრძლივი პროცესია. ბევრ ასეთ დაავადებას საერთო სიმპტომები აქვს, ზოგჯერ კი ავტოიმუნური პათოლოგია სულ სხვა ტიპის დარღვევას ჰგავს. ეს ყველაფერი დიაგნოზის დასმას ართულებს. უმეტესად ავადმყოფობის პირველი სიმპტომებიც არასპეციფიკურია: დაღლილობა, კუნთების ტკივილი, სუბფებრილური (37-დან 38 გრადუსამდე) ტემპერატურა. დამახასიათებელი კლინიკური სურათის გამოვლენამდე ზოგჯერ საკმაო დრო გადის და პაციენტიც გაურკვეველი დიაგნოზით ექიმიდან ექიმთან მოგზაურობს.
ექიმს აუცილებლად მიმართეთ და სასო არ წარიკვეთოთ, თუ თქვენს ყველა კითხვას მაშინვე ვერ გაეცა პასუხი. სპეციალისტს დიაგნოზის დასმაში თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ:
* ჩამოწერეთ ოჯახის ავადმყოფობის ისტორია.
* ჩამოწერეთ ყველა სიმპტომი, რომელსაც უჩივით. ისინიც კი, რომლებიც ძირითად პრობლემასთან დაუკავშირებელი გგონიათ.
* დააკვირდით თქვენს მდგომარეობას. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ განსაზღვრული ფაქტორები დაავადებას ამწვავებს და სიმპტომებს ამძიმებს. მაგალითად, სტრესი, მზე... ასეთ ფაქტორებს ტრიგერებს უწოდებენ. მათი გამოვლენა დაავადების მართვაში დაგეხმარებათ.
* მიმართეთ ექიმს, რომლის სპეციალიზაცია თქვენი ავადმყოფობის ძირითად სიმპტომებთანს შეესაბამება. მაგალითად, თუ ნაწლავის ანთების ნიშნები გაქვთ, თავდაპირველად გასტროენტეროლოგთან მიბრძანდით.

ვის მივმართოთ?
“ავტოიმუნოლოგი” არ არსებობს. მაშასადამე, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა სპეციალისტთან მოგიწევთ მკურნალობა. ხშირად სპეციალისტებს შორის კოორდინაციაა საჭირო, რაშიც ოჯახის ექიმი დაგეხმარებათ.
თქვენს დიანოსტიკასა და მკურნალობაში შესაძლოა ჩაერთონ:
* ნეფროლოგი – მკურნალობს თირკმლის პრობლემებს;
* რევმატოლოგი – მკურნალობს ართრიტს და სხვა რევმატულ დაავადებებს: სისტემურ წითელ მგლურას, სკლეროდერმიას;
* ენდოკრინოლოგი – მასთან ჯირკვლებსა და ჰორმონებთან დაკავშირებული დაავადებების (შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების) დროს მკურნალობენ;
* ნევროლოგი – ავტოიმუნურ დაავადებათაგან ნერვული სისტემის პრობლემები გაფანტულ სკლეროზს და მიასთენიას ახასიათებს;
* ჰემატოლოგი – შესაძლოა, ავტოიმუნურმა პროცესმა სისხლის პრობლემებიც გამოიწვიოს, მაგალითად, მძიმე ანემია;
* გასტროენტეროლოგი – მას საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული დარღვევების დროს უნდა მიმართოთ;
* დერმატოლოგი – არ არის გამორიცხული, დაავადება კანს, თმას ან ფრჩხილებს შეეხოს (ფსორიაზი, მგლურა).
* ფიზიოთერაპევტტი – ის კუნთების რიგიდულობის, სისუსტის, მოძრაობის პრობლემების დროს დაგეხმარებათ;
* ოკუპაციული თერაპევტი – ამ სპეციალობის ექიმი პაციენტებს ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში ეხმარება;
* ლოგოპედი – ავტოიმუნურმა დაავადებამ შესაძლოა მეტყველების დარღვევაც გამოიწვიოს. ასე ხდება, მაგალითად, გაფანტული სკლეროზის დროს;
* აუდიოლოგი – მას სმენის პრობლემების ან შიგნითა ყურის დაზიანების დროს უნდა მიმართოთ;
* ფსიქოლოგი – დაგეხმარებათ დაავადებასთან ასოცირებული შფოთვის, გაღიზიანების, შიშის, უარყოფის და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში.

ვებრძვით მცველს
ავტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლის ტიპი დაავადების ბუნებაზე, სიმძიმესა და სიმპტომებზეა დამოკიდებული. მკურნალობის მიზანი შესაძლოა იყოს:
* იმუნური სისტემის დათრგუნვა – თუ სხვა დაავადებების დროს მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმუნიტეტის გაძლიერება, ორგანიზმის თავდაცვითი უნარების განმტკიცებაა, ავტოიმუნური დაავადების დროს თავად მცველი გვებრძვის. საჭიროა იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატები, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები, რომ იმუნური სისტემის აგრესია ამ გზით მაინც შეჩერდეს. იმუნოდამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება ქიმიოთერაპიული მედიკამენტებიც, ოღონდ ამ შემთხვევაში ისინი გაცილებით მცირე დოზებით ინიშნება, ვიდრე კიბოს დროს. გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდგომ მოწოდებული მედიკამენტებიც.
იმუნური სისტემის აქტივობის დათრგუნვასთან ერთად მკურნალობის მიზანია ანთებითი პროცესის კუპირებაც.
* სიმპტომების შემსუბუქება – ამ მიზნით ხშირად გამოიყენება ურეცეპტოდ გასაცემი წამლები. მსუბუქ ტკივილს იბუპროფენი მოგიხსნით. ძლიერი ტკივილის, შეშუპების, შფოთვის, ძილის დარღვევისა და გამონაყარის დროს რეცეპტით გასაცემი წამლები დაგჭირდებათ. ზოგჯერ კი მდგომარეობა ოპერაციულ ჩარევასაც მოითხოვს.
* დეფიციტური ნივთიერების ჩანაცვლება – ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების გამომუშავებაზე ახდენს გავლენას. ამ დროს ჩანაცვლებითი თერაპიაა მოწოდებული. ინსულინი სისხლში შაქრის დონის რეგულირებას უწყობს ხელს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველი წამლები კი ამ ორგანოს ფუნქციას აბრუნებს მწყობრში.
მეცნიერები ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებასაც ცდილობენ.

კიდევ რა შეგვიძლია?
იკვებეთ ჯანსაღად, ფიზიკურად იაქტიურეთ (იმის ფარგლებში, რის უფლებასაც ექიმი მოგცემთ), საკმარისად დაისვენეთ. სტრესი არაერთი დაავადების ტრიგერია, ამიტომ უნდა ისწავლოთ მისი მართვა. ჯანსაღი ძილი სხეულისა და გონებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. გამოუძინებლობის შემთხვევაში სტრესი მოიმატებს და სიმპტომებიც დამძიმდება. ექიმები გვირჩევენ, დღე-ღამეში 7-9 საათი ვიძინოთ.
მართალია, ავტოიმუნური დაავადებების უმეტესობა არ იკურნება, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ მათი მართვა, სიმპტომების შემსუბუქება და, აქეიდან გამომდინარე, სრულფასოვანი ცხოვრება გავაგრძელოთ. თქვენი ცხოვრებისეული მიზნები ავადმყოფობამ არ უნდა შეიცვალოს, სრულფასოვან ცხოვრებაში მან ხელი არ უნდა შეგიშალოთ. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, კვალიფიციურ ექიმს უნდა მიმართოთ, მერე კი ზედმიწევნით შეასრულოთ მისი ყველა რეკომენდაცია.
ახლა კი უფრო ახლოს გავიცნოთ ყველაზე გავრცელებული ავტოიმუნური დაავადებები.

რევმატოიდული ართრიტი


სამართლიანი იქნება, ავტოიმუნურ დაავადებებზე საუბარი რევმატოდიული ართრიტით (რა) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ავტოიმუნური დაავადებით დავიწყოთ. ყველამ იცის, რომ ის სახსრებს და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აზიანებს, თუმცა შეუძლია, სხვა ორგანოების დაზიანებაც გამოიწვიოს. რა მძიმე დაავადებაა. არ არის გამორიცხული, ინვალიდობის მიზეზად იქცეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართოთ ექიმს და დროულად დაიწყოთ მკურნალობა. ამ ნიშნებს ქვემოთ გაგაცნობთ. მანამდე – ცოტა რამ დაავადების შესახებ.

რა არის რევმატოიდული ართრიტი?
რევმატოიდული ართრიტი ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებაა. მისი მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით რომ პათოგენეზში წამყვან როლს ავტოიმუნური რეაქცია ასრულებს. ვარაუდობენ, რომ რევმატოიდული ართრიტის განვითარებას ინფექციებთან, გენებსა და ჰორმონულ ცვლილებებთან აქვს კავშირი. ირკვევა, რომ განსაზღვრულ როლს ასრულებს თამბაქოს წევაც.
დაავადება უმეტესად საშუალო ასაკში იჩენს თავს. ქალებთან – უფრო ხშირად. სხვა მდგომარეობაა ოსტეოართრიტი – პათოლოგიური პროცესი, რომელიც სახსრების ასაკობრივ განლევას უკავშირდება. ამ შემთხვევაში ართროპათიის მიზეზი არა ავტოიმუნური პროცესები, არამედ დაბერებაა.

უძრაობის ქრონიკა
რევმატოიდული ართრიტი, წესისამებრ, თანაბარწილად აზიანებს სხეულის ორივე მხარეს მდებარე სახსრებს. ყველაზე ხშირად პროცესი თითების, მაჯის, იდაყვის, მხრის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრებს მოიცავს.
დაავადება ნელა იწყება. თავდაპირველად ადამიანი მხოლოდ სახსრის უმნიშვნელო ტკივილს, მოძრაობის გაძნელებას, ადვილად დაღლას უჩივის. კლინიკური სიმპტომები თანდათან იკრებს ძალას.
რევმატოიდული ართრიტის დამახასიათებელი ნიშანია ე.წ. დილის შებოჭილობა. ის შეიძლება საათზე მეტხანს გაგრძელდეს. ავადმყოფს უჭირს ლოგინიდან წამოდგომა, მოძრაობა.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, ტკივილი, უმეტესად სიმეტრიულად ვლინდება – ერთსა და იმავე სახსარში ორივე მხარეს. დამახასიათებელი ნიშანია სახსრის შეშუპებაც. სახსრის მოძრაობის დიაპაზონი თანდათან მცირდება და სახსრები დეფორმირდება.
სხვა სიმპტომებია:
* გულმკერდის ტკივილი ჩასუნთქვისას (ეს პლევრიტის ნიშანია);
* თვალებისა და პირის სიმშრალე (ე.წ. შეგრენის სინდრომი);
* ქავილი, წვა ან გამონადენი თვალებიდან;
* კანქვეშა კვანძები (როგორც წესი, მძიმე მიმდინარეობაზე მიუთითებს);
* ხელ-ფეხის გაფითრება, დაბუჟება ან წვა;
* ძილის დარღვევა.

როგორ ადგენენ?
მიუხედავად დიაგნოსტიკურ საშუალებათა სიმრავლისა, სამწუხაროდ, არ არსებობს ტესტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს ამ დაავადებას. მეტიც: არ არის გამორიცხული, ავადმყოფს ყველა ტესტი უარყოფითი ჰქონდეს.
თუმცა ართრიტის დიაგნოსტიკა ყოველთვის ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას არ ჰგავს. ავადმყოფებს უმეტესად დადებითი აქვთ ორი ლაბორატორიული ტესტი, რაც ექიმს რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკაში ეხმარება. ესენია სისხლის გამოკვლევა რევმატოიდულ ფაქტორსა და ანტი-CCP ანტისხეულებზე. გარდა ამისა, ყურადღება ექცევა სისხლის საერთო ანალიზის პასუხს, ჩ-რეაქტიულ ცილას, ერითროციტების დალექვის სიჩქარეს, რენტგენოგრაფიული და ულტრაბგერითი კვლევის მონაცემებს, სახსრის სითხის კვლევის შედეგს.

რას ველოდოთ?
ნებაზე მიშვებული რევმატოიდული ართრიტი თანდათანობით დააზიანებს ჯერ სახსრებს, მერე კი მთელ სხეულს, მათ შორის:
* ფილტვის ქსოვილს;
* კისრის ძვლებს (რამაც შესაძლოა ხერხემლის ტრავმამდე მიგვიყვანოს);
* სისხლძარღვებს (რევმატოიდული ვასკულიტი), რის შემდეგაც საქმე შესაძლოა კანის, ნერვების, გულისა და ტვინის დაზიანებამდე მივიდეს;
* გულს (პერიკარდიტი ან მიოკარდიტი), რასაც გულის უკმარისობამდე მივყავართ.
გართულების აღკვეთა სწორი მკურნალობითაა შესაძლებელი, თუმცა ზოგჯერ თავად მკურნალობაც სერიოზულ გართულებებს იწვევს.

იკურნება?
ართრიტის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. ის მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, ვარჯიშს და, რაც მთავარია, პაციენტის განათლებას. მკურნალობის მთავარი მიზანი რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შეჩერებაა.
ყველა პაციენტთან მოწოდებულია მკურნალობის ადრეული დაწყება დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატებით. ეს პათოლოგიური პროცესის შეჩერებას უწყობს ხელს და დეფორმაციების პრევენციას ახდენს. აუცილებელია მდგომარეობის რეგულარული კონტროლი. ექიმი ხშირად უნდა ამოწმებდეს პაციენტს, რათა დაავადების გართულება არ გამოეპაროს.

რით მკურნალობენ?
ართრიტის დროს გამოიყენება:
* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. მათ მიეკუთვნება ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი. შეშუპების შემცირებისა და ანთების კუპირების თვალსაზრისით ეს წამლები ეფექტურია, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს, ამიტომ არასტეროიდების დანიშვნა მხოლოდ მცირე ხნით და, შეძლებისდაგვარად, მცირე დოზით არის რეკომენდებული. სახსრების დაზიანებისგან ეს წამლები ვერ გვიცავს, ამიტომ მათთან ერთად დაავადების მამოდიფიცირებელი მედიკამენტებიც ინიშნება.
* კორტიკოსტეროიდები. ძალიან ეფექტურია შეშუპებისა და ანთების წინააღმდეგ, თუმცა გვერდითი ეფექტები მათი გამოყენების დროსაც იჩენს თავს, ამიტომ ამ წამლების მიღებაც მცირე ხნით და მცირე დოზითაა რეკომენდებული.
* ანტიმალარიული პრეპარატები. ამ ჯგუფის წარმომადგენელია ჰიდროქსიქლოროქინი. ხშირად მასაც კომბინაციაში ნიშნავენ. აღსანიშნავია, რომ ამ წამლის დადებითი ეფექტის გამოვლენას ზოგჯერ რამდენიმე კვირა და თვეც კი სჭირდება.
* ბიოლოგიური პრეპარატები. ეს წამლები იმუნური სისტემის იმ ნაწილებზე მოქმედებს, რომლებსაც დაავადების განვითარებასთან აქვს კავშირი. მათ მაშინ უნიშნავენ, როდესაც სხვა საშუალებები უეფექტოა. ბიოლოგიური პრეპარატები საკმაოდ ეფექტურია, თუმცა პრობლემაა მათი სიძვირე. გარდა ამისა, ახასიათებს იშვიათი, თუმცა, მძიმე გვერდითი ეფექტები, რომელთა შორისაა:
. ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციები;
. კანის კიბო (არა მელანომა);
. ალერგიული რეაქციები;
. გულის მძიმე უკმარისობა;
. ნერვების დაზიანება;
. ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება.
როგორც ხედავთ, გვერდითი ეფექტები ყველა წამალს ახასიათებს, ამიტომ მკურნალობის პროცესში მათი კონტროლიც მოგიწევთ.
* ქირურგია. სახსრების ძლიერი დაზიანებისას ოპერაციული მკურნალობაა საჭირო. შესაძლოა, ჩატარდეს სინოვექტომია – სახსრის სინოვიური მემბრანის ამოკვეთა ან სახსრის სრული შეცვლა.
* ფიზიოთერაპია. ვარჯიში წინასწარ შედგენილი პროგრამით სახსრის ფუნქციის და კუნთების ძალის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, შესაძლოა, მკურნალობაში სხვა დარგის სპეციალისტების ჩართვაც გახდეს საჭირო. მკურნალობის სხვადასხვა სქემა არსებობს. მათ შესახებ საუბრით ამჯერად თავს არ შეგაწყენთ.
ზოგ ავადმყოფს განსაზღვრულ პროდუქტებზე ალერგია აქვს. რეკომენდებულია ბალანსირებული დიეტა. მიირთვით თევზის ქონით მდიდარი საკვები. თუ მწეველი ხართ, თამბაქოსთვის თავის დანებება მოგიწევთ. ზომიერების დაცვა მოგიწევთ ალკოჰოლთან მიმართებით.
დაავადების პროგნოზი სიმპტომების სიმძიმესა და მკურნალობაზეა დამოკიდებული. ის რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ და ხშირად აკონტროლოთ მდგომარეობა. თუ ასე მოიქცევით, რევმატოიდული ართრიტი სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს ვერ შეგიშლით.

ფარისებრი ჯირკვალი და ავტოაგრესია

არავინ იცის, რატომ, მაგრამ ფაქტია – ავტოიმუნური პროცესების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სამიზნე ფარისებრი ჯირკვალია. ორგანო, რომელიც ფარივით გვიცავს, ხშირად იმუნური სისტემის გაუკუღმართებულ აგრესიასაც თავის თავზე იღებს. თვითგანადგურების პროცესი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ჯირკვლის ჰიპერფუნქციით, ისე ჰიპოფუნქციითაც. ჯანმრთელობისთვის ორივე მავნებელია. ქვემოთ სწორედ ამგვარ პათოლოგიებზე ვისაუბრებთ.

---
ჰაშიმოტოს დაავადება
ჰაშიმოტოს დაავადება ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებით მიმდინარე ავტოიმუნური პროცესია. ამ დროს ფარისებრ ჯირკვალში დიდი რაოდენობით გროვდება ლიმფოციტები. ისინი ანტისხეულებს გამოიმუშავებენ და თვითგანადგურების პროცესიც იწყება. იმუნური აგრესიის შედეგად ფარისებრი ჯირკვალი იმგვარად ზიანდება, რომ ჰორმონების გამომუშავების ძალა აღარ შესწევს. შედეგად ჰაშიმოტოს დაავადებას ხშირად მივყავართ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამდე ანუ ჰიპოთირეოზამდე. ჰაშიმოტოს დაავადება ჰიპოთირეზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაგალითად, აშშ-ში.
რა იწვევს იმუნური სისტემის გადაწყობას? ამ კითხვაზე პასუხი არც ჰაშიმოტოს დაავადების შემთხვევაში გვაქვს, თუმცა ცნობილია, რომ ავტოიმუნურ აგრესიას ხშირად სტრესი და ინფექცია აძლევს ბიძგს.
დაავადება შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, თუმცა უმეტესად საშუალო ასაკის ქალებთან გვხვდება. მისი განვითარების რისკი იმატებს, თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ოჯახური ისტორია გაქვთ. ძალიან იშვიათად ჰაშიმოტოს დაავადება იმუნური სისტემის მიერ გამოწვეულ სხვა ჰორმონულ პრობლემებთან, მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციასთან ან პირველი ტიპის შაქრიან დიაბეტთან ერთად გვხვდება. ამ მდგომარეობას პოლიგლანდურალური ავტოიმუნური სინდრომი ეწოდება.

როცა ფარი სუსტდება
ძნელი მისახვედრი არ არის, რად უჯდება ორგანიზმს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლოვანება. ეს ჰორმონები ნივთერებათა ცვლას არეგულირებს და, ფაქტობრივად, ყველა ორგანოზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, მათი ნაკლებობისას ორგანიზმის არაერთი ფუნქცია ირღვევა.
დაავადება ნელა იწყება. მის გამოვლენამდე (ჰორმონების დონის დაქვეითებამდე) თვეები, ზოგჯერ წლები გადის. სიმპტომების ჩამონათვალი მოიცავს: ბრადიკარდიას – გულისცემის შენელებას, ყაბზობას – ნაწლავთა მოქმედების შენელებას, კონცენტრაციისა და აზროვნების დაქვეითებას, კანის სიმშრალეს, აქერცვლას, გასქელება-გამკვრივებას, ფრჩხილების მტვრევადობას, ჩიყვს (ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, რაც ზოგჯერ დაავადების ერთადერთი ადრეული ნიშანია), დაღლილობას, თმის ცვენას, სიცივის აუტანლობას, წონის მატებას, ფარისებრი ჯირკვლის დაპატარავებას (დაავადების გვიანდელ სტადიაზე). ცალკე უნდა ვახსენოთ რეპროდუქციული სისტემის პრობლემები, ქალებთან – მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ამენორეა, უშვილობა, მამაკაცებთან – ერექციული დისფუნქცია, სპერმატოგენეზის დაქვეითება.
რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია, ამიტომ თუ ახალგაზრდა ქალი უშვილობას უჩივის, გინეკოლოგები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასაც იკვლევენ.

როგორ დავადგინოთ
დიაგნოზის დასასმელად მოგიწევთ ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება T4-ზე, TSH-ზე, T3-ზე, ავტოანტისხეულებზე. ამ ჰორმონების კონცენტრაციის მიხედვით ექიმი დაადგენს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმაშია, მომატებულია თუ დაქვეითებული. გამოჩნდება მდგომარეობის კომპენსაციის ხარისხიც. მკურნალობის სქემა სწორედ ამ მონაცემებზეა დამოკიდებული. ანალიზებთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს ულტრაბგერითი კვლევა და ჯირკვლის ბიოფსიაც.

როგორ მკურნალობენ
ვინაიდან დაავადების საფუძველი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა, მკურნალობის მთავარი პრინციპი დანაკლისის შევსებას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ჰორმონების დონე დაქვეითებული არ იყოს. ამ შემთხვევაში მხოლოდ პროცესის რეგულარული მონიტორინგი დაგჭირდებათ. დღეს ბაზარზე მეტად ეფექტური ჰორმონული პრეპარატები არსებობს. მკურნალობის საწყის ეტაპზე მთავარი ამოცანა დოზის სწორი შერჩევაა. მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში ისევ მოგიწევთ სისხლის ანალიზის ჩატარება. მისი პასუხის მიხედვით ექიმი წამლის დოზას გაზრდის, შეამცირებს ან უცვლელს დატოვებს. მონიტორინგი სასურველი დოზის მიგნების შემდეგაცაა საჭირო (ცხადია, არა ყოველთვიურად, არამედ შედარებით იშვიათად). გარკვეული ხნის შემდეგ შესაძლოა წამლის დოზის კორექცია მაინც დაჭირდეთ, განსაკუთრებით – დაორსულების შემთხვევაში.

---
გრეივსის დაავადება
როგორც ითქვა, ავტოიმუნურმა პროცესმა შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობაც გამოიწვიოს. ამ მდგომარეობას გრეივსის დაავადებას უწოდებენ. ის ჰიპერთირეოზის ყველაზე ხშირი მიზეზია. დაავადება უმეტესად 20 წელზე უფროსი ასაკის ქალებთან გვხვდება, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ სხვა ასაკშიც განვითარდეს და მისგან დაზღვეულნი არც მამაკაცები არიან.
მისი სიმპტომებია:
* შფოთვა და გაღიზიანება;
* ძილის დარღვევა;
* კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
* დაღლილობა;
* ნაწლავთა მოქმედების გახშირება;
* წონის კლება;
* თმის ცვენა;
* ოფლიანობა;
* გაძლიერებული მადა და ამ ფონზე – წონის კლება;
* არარეგულარული მენსტრუაცია;
* ტაქიკარდია, არითმია;
* ხელების კანკალი.
გრეივსის დაავადების დროს ხშირია ოფთალმოლოგიური პრობლემებიც: თვალის კაკლები წინ წამოწეული და თითქოს შეშუპებულია, ზოგჯერ – მტკივნეულიც. ავადმყოფები ასევე ხშირად უჩივიან თვალების ქავილს, ცრემლდენას, მხედველობის გაორებას. შესაძლოა, უფრო სერიოზულმა პრობლემებმაც იჩინოს თავი: მხედველობის გაუარესებამ ან რქოვანას დაზიანებამ.

მკურნალობა
თირეოტოქსიკოზის მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის კონტროლს ისახავს მიზნად. სანამ ჰიპერთირეოზი კონტროლს არ დაემორჩილება, გახშირებული გულისცემის, ოფლიანობისა და შფოთვის აღსაკვეთად ხშირად იყენებენ ბეტა ადრენობლოკატორებს. უშუალოდ ჰიპერთირეოზს კი მკურნალობენ:
* ანტითირეოიდული პრეპარატებით. ისინი ბლოკავენ ან ცვლიან ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის მოხმარების დონეს. ეს წამლები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ხანგრძლივი მკურნალობის მიზნით, ასევე ოპერაციის ან რადიოთერაპიის მოსამზადებელ პერიოდშიც;
* რადიოთერაპიით – რადიაქტიური იოდის პერორალური მიღებით. ეს ნივთიერება ჰიპერაქტიურ ქსოვილში კონცენტრირდება და მის დაზიანებას იწვევს. დაზიანებული უბანი ჰორმონებს ვეღარ გამოიმუშავებს და მათი დონე ნორმას უბრუნდება.
მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია ოპერაცია – ფარისებრი ჯირკვლის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა.
თუმცა რადიოთერაპიის შემდეგ ჰიპოთირეოზის საფრთხე წარმოიშობა. შეიძლება ითქვას, ამ მეთოდით, ისევე როგორც ოპერაციით, ექიმები ხელოვნურად იწვევენ ჰიპოთირეოზს. ლოგიკა მარტივია: ჰიპოთირეოზის კორექცია გაცილებით იოლია, ვიდრე ჰიპერთირეოზისა. ამიტომ რადიოთერაპიის ან ოპერაციის შემდეგ მთელი სიცოცხლე ჰორმონების მიღება მოგიწევთ.

ვმკურნალობთ თვალს
გრეივსის დაავადებასთან ასოცირებული ზოგიერთი ოფთალმოლოგიური პრობლემა სისტემური მკურნალობის ფონზე გვარდება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რადიოთერაპიამ მხედველობის პრობლემები, პირიქით, გააუარესოს. ზოგჯერ აუცილებელია იმუნოსუპრესორების გამოყენება. იშვიათად თვალის დაზიანებისა და სიბრმავის თავიდან ასაცილებლად ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია ხდება საჭირო.

სკლეროდერმია

სკლეროდერმიის დროს იმუნური სისტემის აგრესიას კანი ეწირება, თუმცა არ არის გამორიცხული, ავადმყოფობამ სისხლძარღვები და შინაგანი ორგანოებიც დააზიანოს. "სკლეროდერმია" უხეშ კანს ნიშნავს. დაავადებისთვის ეს სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ. საქმე ის არის, რომ სკლეროდერმიის დროს ჭარბად გამომუშავდება და ქსოვილებში გროვდება ცილა კოლაგენი. პროგრესირებადი ფიბროზი იწვევს სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას, მათი ფუნქციის მოშლას. ამის შედეგია კანის გაუხეშებაც.
სკლეროდერმიის უშუალო მიზეზი უცნობია. ეს ავტოიმუნური დაავადებაც უმეტესად 30-50 წლის ქალებს ემართებათ. არ არის გამორიცხული, მან სხვა ავტოიმუნური დაავადების ფონზე იჩინოს თავი. ასეა, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურასა და პოლიმიოზიტის შემთხვევაში.

სიმპტომები
დაავადების ზოგიერთი ტიპი, როგორც ითქვა, მხოლოდ კანს აზიანებს, ზოგიერთი კი – მთელ ორგანიზმს.
* ლოკალური სკლეროდერმია – ამ დროს მხოლოდ კანი ზიანდება, უმთავრესად – მკერდზე, მუცელსა და ქვედა კიდურებზე. პროცესში, როგორც წესი, არ ერთვება ხელები და სახე. დაავადება ნელა ვითარდება, იშვიათად ვრცელდება სხვა ორგანოებზე და იშვიათადვე იწვევს მათ მძიმე დაზიანებას.
* სისტემური სკლეროდერმია კანზე უფრო ფართოდ ვრცელდება. გარდა ამისა, აზიანებს გულს, ფილტვებსა და თირკმელებს. განასხვავებენ სისტემური სკლეროდერმიის ორ ტიპს: შემოფარგლულს (ე.წ. CREST სინდრომს) და დიფუზურს. დაავადებას მრავალფეროვანი მიმდიანრეობა ახასიათებს. ცვლილებები ორგანოთა არაერთ სისტემას მოიცავს. კანი სქელდება და უხეშდება, სახე ნიღაბს მოგვაგონებს. სიცივეში თითები ლურჯდება ან თეთრდება. კანქვეშ გროვდება კალცინატები, რომლებიდანაც შესაძლოა კბილის პასტის მსგავსმა სითხემ დაიწყოს დენა. სახესა და თითებზე ტელეანგიექტაზიები – გაფართოებული სისხლძარღვები – ჩნდება. თითებზე წყლულები წარმოიშობა. ხშირია თმის ცვენა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებისას ზემოთ ჩემოთვლილ სიმპტომებს ერთვის სახსრის ტკივილი, შეშუპება, შებოჭილობა, მოძრაობის დარღვევა, ქვედა კიდურების ტკივილი და სიფითრე.
თუ პროცესში სასუნთქი სისტემაც ჩაერთო, ფილტვებში ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება, რის შედეგადაც თავს იჩენს მშრალი ხველა, ქოშინი, იმატებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება ყლაპვის გაძნელებით, გულძმარვით, მუცლის შებერილობით, ყაბზობითა და განავლის შეუკავებლობით გამოიხატება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება არითმიას, გულის გარშემო სითხის დაგროვებას, გულის კუნთის ფიბროზს, გულის ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.
შარდსასქესო სისტემის დაზიანებას თირკმლის უკმარისობამდე, ერექციულ დისფუნქციამდე, საშოს სიმშრალემდე მივყავართ.
აბრევიატურა CREST შემდეგნაირად იშიფრება:
C – კალციუმის დეპოზიტები კანქვეშ;
R – რეინოს სინდრომი (სისხლძარღვთა სპაზმი სტრესისა და სიცივის საპასუხოდ);
E – ეზოფაგური (საყლაპავი მილის) დისფუნქცია, რომელიც ვლინდება გულძმარვითა და გასტროეზოფაგური რეფლუქსით;
S – სკლეროდაქტილია (თითებზე კანის გასქელება);
T – ტელეანგიექტაზია (სისხლძარღვების გაფართოების შედეგად კანზე წითელი ლაქების გაჩენა).

დიაგნოსტიკა
ექიმი საგულდაგულოდ დაგითვალიერებთ კანს. სკლეროდერმიას ახასიათებს თირკმლის წვრილი სისხლძარღვების შევიწროება, რაც ჰიპერტენზიას და თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას იწვევს, ამიტომ ჩაგიტარდებათ სისხლის და შარდის საერთო ანალიზიც.
საჭიროა დამატებითი კვლევებიც, მათ შორის – ანტინუკლეარული ანტისხეულების, რევმატოდული ფაქტორის, კრეატინინის განსაზღვრა, ასევე – რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ზოგჯერ – კანის ბიოფსიაც.

მკურნალობა
სკლეროდერმიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მიზანი ამ შემთხვევაშიც სიმპტომების შემსუბუქება და გართულებების პრევენციაა. ამ მიზნით გამოიყენება:
* კორტიკოსტეროიდები, მაგალითად, პრედნიზონი. ამ წამალთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან მისი დიდი დოზა თირკმელების დაზიანებას და ჰიპერტენზიას იწვევს, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უექიმოდ მკურნალობის დაწყება, ცვლილება და შეწყვეტა დაუშვებელია.
* იმუნოსუპრესორები – როგორც ყველა სხვა ავტოიმუნური დაავადების შემთხვევაში.
სწრაფად პროგრესირებადი სკლეროდერმიის დროს შესაძლოა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია გახდეს საჭირო.
სიმპტომების მიხედვით ექიმი სხვა წამლებსაც დაგინიშნავთ.
დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ლოკალურ სკლეროდერმიას სისტემურთან შედარებით კეთილსაიმედო გამოსავალი ახასიათებს.

მგლის ნაკვალევი

სისტემური წითელი მგლურას დროს იმუნური სისტემის სამიზნე შემაერთებელი ქსოვილია. მას მრავალი ორგანო შეიცავს, ამიტომ მგლურამ შესაძლოა დააზიანოს კანი, სახსრები, თირკმელები, ტვინი...

რა შუაშია მგელი?
მტაცებელ ცხოველთან ამ დაავადებას საერთო არაფერი აქვს, მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის გენეტიკურ, ეკოლოგიურ თუ ჰორმონულ ფაქტორებს, თუმცა უშუალო მიზეზი დღემდე უცნობია. მგლურა უმეტესად ქალებს ემართებათ, განსაკუთრებით – 15-დან 44 წლამდე, აგრესიულობით კი აფროამერიკელებისა და აზიელების მიმართ გამოირჩევა (უმეტესად და არა ყოველთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, დაავადება, მაგალითად, ხანდაზმულ ევროპელ მამაკაცსაც დაემართოს).

როგორ ვლინდება
კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. დაავადებას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს: სიმპტომები ქრება და ხელახელა ჩნდება. ამა თუ იმ ეტაპზე ყველა ავადმყოფი უჩივის სახსრების ტკივილს და შეშუპებას. დაავადება უმეტესად თითის, იდაყვის, მაჯისა და მუხლის სახსრებს აზიანებს.
კანზე დამახასიათებელი გამონაყარი, ე.წ. პეპელა, დაავადებულთა ნახევარს უჩნდება. გამონაყარი, წესისამებრ, ღაწვებსა და ცხვირს ფარავს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართოდაც გავრცელდეს. მზეზე მდგომარეობა უარესდება (საზოგადოდ, მზის გამოსხივება დაავადების გამწვავებას უწყობს ხელს).
სხვა, არასპეციფიკური სიმპტომებია გულმკერდის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, საერთო დისკომფორტი, შფოთვა, წონის კლება, მზის გამოსხივებისადმი ჰიპერმგრძნობელობა, ლიმფური კვანძების გადიდება.
კლინიკური სურათი დაზიანების კერაზეცაა დამოკიდებული. შესაძლოა, თავი იჩინოს ნერვული, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი ან საშარდე სისტემის დაზიანების ნიშნებმა.
კლინიკური სურათის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დაავადების დიაგნოსტიკა არცთუ ისე ადვილია. ამჟამად ამერიკის რევმატოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. აქ მოყვანილი 11 ნიშნიდან, სულ მცირე, ოთხის არსებობა სისტემურ წითელ მგლურაზე მიუთითებს.
ავადმყოფობა უფრო აქტიურად მიმდინარეობს დიაგნოზის დასმიდან პირველ წელს და 40 წელს გადაცილებულებთან.

რას ველოდოთ
მგლურას ბევრი საშიში გართულება ახასიათებს. უპირველეს ყოვლისა, ლუპუს ნეფრიტი უნდა ვახსენოთ. ეს თირკმელების დაზიანებაა, რომელიც შესაძლოა მათ უკმარისობაში გადაიზარდოს და პაციენტს დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა დასჭირდეს. ასევე მოსალოდნელია თრომბოზული გართულებები ქვედა კიდურებში, ფილტვებში, ტვინში, ნაწლავებში; გულის პრობლემები (პერიკარდიტი, მიოკარდიტი ან ენდოკარდიტი); ინსულტი, ნაწლავების დაზიანება, თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება და ამის კვალობაზე – სისხლდენებისადმი მიდრეკილება.

ორსულობა და მგლურა
მგლურა უშვილობას არ ნიშნავს. დაავადებული ქალების უმეტესობა ორსულდება და ჯანმრთელ შვილსაც აჩენს. ოღონდ ამისთვის აუცილებლია, ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ვინაიდან ორსულობას საფრთხეს უქმნის როგორც თავად მგლურა, ისე მის სამკურნალოდ მოწოდებული ზოგიერთი მედიკამენტიც, დაორსულებამდე ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია. ორსულობის პროგნოზი კეთილსაიმედოა, როცა ქალი მკურნალობს, აკონტროლებს დაავადებას და გულისა და თირკმელების პრობლემები არ აღენიშნება. თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ანტისხეულების არსებობა, განსაკუთრებით – ანტიფოსფოპილიდური ანტისხეულებისა, თვითნებითი აბორტისა და მკვდრადშობადობის რისკს ზრდის.

როგორ მკურნალობენ
სისტემური წითელი მგლურას წამალი არ არსებობს. მკურნალობის მიზანი სიმპტომების კონტროლი, გამწვევების აღკვეთა და გართულებების პრევენციაა.
მსუბუქი ფორმის მკურნალობა შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო არასტეროდიული მედიკამენტებით – ისინი სახსრების პრობლემებსა და პლევრიტს შველიან.
ართრიტისა და კანისმიერი სიმპტომების დროს მცირე დოზებით პრედნიზოლონია მოწოდებული.
არსებობს მედიკამენტების სხვა ჯგუფებიც (მაგალითად, ბიოლოგიური პრეპარატები).
უფრო მძიმე ფორმების მკურნალობაში რთავენ ანტიმალარიულ პრეპარატებს, სტეროიდების დიდ დოზებს, იმუნოდეპრესანტებს (როცა სტეროიდებით მკურნალობის ფონზე სიმპტომები არ მცირდება ან სტეროიდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე იმატებს).
აღსანიშნავია, რომ მგლურას გამოსავალი ბოლო ხანს საგრძნობლად გაუმჯობესდა. გახშირდა მსუბუქი ფორმები.

როგორ აღვკვეთოთ გამწვავება?
თუ სისტემური წითელი მგლურა გაქვთ:
* ერიდეთ მზეს, ატარეთ მზისგან დამცავი სათვალე და კრემი, დახურული სამოსი;
* რეგულარულად ჩაიტარეთ გულის პროფილაქტიკური გამოკვლევა;
* არ გამოტოვოთ აცრები;
* აკონტროლეთ ოსტეოპოროზი;
* ერიდეთ თამბაქოს, მინიმალური ოდენობით მიიღეთ ალკოჰოლი.

გაფანტული სკლეროზი

ყოველდღიურ საუბარში “სკლეროზის” ხსენებისას, ჩვეულებრივ, საყვარელ მოხუცებს გულისხმობენ, ათიოდე წუთის წინ მომხდარი რომ აღარ ახსოვთ და უკვე მერამდენედ გვიყვებიან შორეული ახალგაზრდობის ამბებს... გაფანტულ სკლეროზს მეხსიერების დაქვეითებასთან ცოტა რამ აქვს საერთო; ეს გაცილებით მძიმე დაავადებაა, რომელსაც მთელი ნერვული სისტემა გამოჰყავს მწყობრიდან და არა ხანდაზმულებს, არამედ ახალგაზრდებს ებრძვის.

უგარსოდ დარჩენილი უჯრედები
დაავადების მორფოლოგიური საფუძველი დემიელინიზაციაა. მიელინი, რომლისგანაც შედგება ნერვული უჯრედების დამცავი გარსი, ნერვული იმპულსების გამტარია. თუ ის დაზიანდა, იმპულსების გადაცემა შენელდება ან შეწყდება. სწორედ ასე ხდება გაფანტული სკლეროზის დროს. დაზიანებული უბნების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს და ადამიანი თანდათან ინვალიდდება.
კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, სად, რომელ უბანში განვითარდება დემიელინიზაცია ან, როგორც ამბობენ, სხეულის რომელი ფუნქცია “გამოვარდება”.
გაფანტული სკლეროზი უმეტესად ქალებთან იჩენს თავს 20-დან 40 წლამდე. მისი უშუალო მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ დამნაშავეა ვირუსი, გენის დეფექტი ან ორივე ერთად. განსაზღვრულ როლს გარემო ფაქტორებიც ასრულებს. მაგალითად, დაავადების გამწვავებას და სიმპტომების გაძლიერებას ცხელება, მზის გამოსხივება და სტრესი უწყობს ხელს.

სიმპტომები
შეტევები დღეობით, კვირაობით, ზოგჯერ თვეობითაც გრძელდება. გამწვავებას რემისია მოსდევს. ამ დროს სიმპტომები მსუბუქდება ან ქრება. არც ის არის გამორიცხული, ავადმყოფობა უწყვეტად, რემისების გარეშე მიმდინარეობდეს.
ვინაიდან დაზიანების ადგილი და სიმძიმე ყოველი შეტევისას სხვადასხვაა, მრავალფეროვანია კლინიკური სურათიც. შესაძლოა დაზიანდეს თავისა და ზურგის ტვინის ნებისმიერი ნერვი, ამიტომ სიმპტომები სხეულის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს.
ხშირია ოფთალმოლლოგიური სიმპტომები: მხედველობის გაორება, დისკომფორტი, თვალების უკონტროლო მოძრაობა, მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ – დაკარგვაც.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ მოსალოდნელია კუნთების სპაზმი, ხელ-ფეხის ტრემორი, დაბუჟება, სისუსტე. ავადმყოფს უჭირს კიდურების ამოძრავება, სიარული, კოორდინაციის დაცვა. არ არის გამორიცხული ოთხივე კიდურის დამბლა.
შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა ან განავლის შეუკავებლობა, შარდვის დაწყების სირთულე, ხშირი შარდვა, მოშარდვის ძლიერი სურვილი, შარდის შეუკავებლობა.
ბუნებრივია, ზიანდება ნევროლოგიური ფუნქციებიც. ყურადღების კონცენტრაცია ჭირს, სუსტდება მეხსიერება და განსჯის უნარი. ხშირია დეპრესია და შფოთვა, თავბრუხვევა და წონასწორობის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
გაფანტული სკლეროზის კლინიკური სურათი ნერვული სისტემის ბევრი სხვა დაავადების იმიტაციას ახდენს, ამიტომ ამ დიაგნოზის ძიებისას სხვა პათოლოგიების გამორიცხვაა საჭირო. ექიმი საგულდაგულოდ შეამოწმებს ნერვული სისტემის მდგომარეობას, რეფლექსების არსებობა–არარსებობას. ინსტუმენტული კვლევებიდან შესაძლოა საჭირო გახდეს თავზურგტვინის სითხის შესწავლა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

რას ველოდოთ
მკურნალობის დღევანდელი მეთოდები დაავადების მიმდინარეობას ამსუბუქებს, ანელებს. წამლების მიღება დიდხანს მოგიწევთ. გამწვავებისას სტეროიდები ინიშნება, რემისიის ფაზაში კი იმუნომოდულატორები.
დაავადების გამოსავალი სხვადასხვანაირია. შედეგის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ინვალიდობის ხარისხი შეტევების სიხშირესა და სერიოზულობაზე, ნერვული სისტემის დაზიანების ადგილზეა დამოკიდებული.
მართალია, მედიცინას გაფანტული სკლეროზისგან განკურნება ჯერჯერობით არ შეუძლია, მაგრამ მკურნალობის ფონზე შესაძლებელია მდგომარეობის მართვა, სრულფასოვანი ცხოვრება. აქვს უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება. როგორც წესი, უკეთესი შედეგები აქვთ:
* ქალებს;
* მათ, ვისაც დაავადება 30 წლამდე დაეწყო;
* მათ, ვისაც შეტევები იშვიათად აწუხებს.

პერიოდული დაავადება


ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება – ასე ეწოდება ავტოიმუნურ დაავადებას, რომელსაც ძალიან უცნაური მიმდინარეობა ახასიათებს.
ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება გენეტიკურია და, როგორც მისი სახელწოდებაც მიგახვედრებდათ, უმთავრესად ხმელთაშუა ზღვისპირეთში გვხვდება (თუმცა მისგან არც სხვა გეოგრაფიული არეალის მცხოვრებნი არიან დაზღვეულნი). ხმელთაშუა ზღვის ცხელების მეორე სახელი – პერიოდული დაავადება – კი მისი მიმდინარეობის თავისებურებაზე მიგვანიშნებს: პაციენტი ავად არის, ოღონდ პერიოდულად.
შებრუნებითი პოლისეროზიტი ამ დაავადების კიდევ ერთი სახელწოდებაა. ის ხაზს უსვამს პათოლოგიური პროცესის არსს: ავადმყოფობა სეროზული გარსების მრავლობით ანთებას – პერიტონიტს, პლევრიტს, ართრიტს და სხვ. – იწვევს.
რა იწვევს თავად პერიოდულ დაავადებას? – გენეტიკური მუტაცია, რომელიც მშობლისგან შვილს გადაეცემა. არსებობს გენი, რომელიც ანთებაში მონაწილე ცილების სინთეზს განსაზღვრავს. მისი მუტაცია ანთების მარეგულირებელი მექანიზმების მოშლას იწვევს. სწორედ ამის შედეგია მრავლობითი ანთებითი პროცესი, ზემოთ რომ ვახსენეთ.
მუტაცია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ამის კვალობაზე, სხვადასხვანაირია დაავადების მიმდინარეობაც: ზოგჯერ ის ძალიან მძიმედ ვლინდება, ზოგჯერ კი სიმპტომები მსუბუქი და ნაკლებად საგანგაშოა.
პერიოდული დაავადებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა რისკი იმატებს, თუ გაქვთ ავადმყოფობის ოჯახური ისტორია ან სამხრეთაფრიკული, ებრაული, არაბული, სომხური, თურქული, ბერძნული, იტალიური წარმოშობა.

ხანდახან ავადმყოფი
დაავადების პირველი ნიშნები ბავშვობაში იჩენს თავს – წესისამებრ, 5-დან 15 წლამდე. სიმპტომები სხვადასხვა სიმძიმისაა. დაავადება ვლინდება შეტევებით, რომლებიც ერთიდან სამ დღემდე გრძელდება (ართრიტის შეტევები შესაძლოა უფრო მეტხანს, კვირაობით და თვეობითაც კი გაგრძელდეს). შეტევის დროს ავადმყოფს აწუხებს ცხელება, მუცლის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, სახსრების შეშუპება, ფეხებზე გამონაყარი, კუნთების ტკივილი.
კლინიკური მიმდინარეობით ხმელთაშუა ზღვის ცხელება ძალიან გავს ზოგიერთ გავრცელებულ ქირურგიულ დაავადებას, ამიტომ ხშირია ცრუ დიაგნოზი, მაგალითად, აპენდიციტისა.
შეტევებს შორის პაციენტი თავს კარგად გრძნობს, არაფერს უჩივის. უსიმპტომო პერიოდები რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე გასტანს.

გართულებები
გართულებები მოსალოდნელია, როცა სათანადოდ არ მკურნალობენ.
* ამილოიდოზი. ცხელების შეტევების დროს ორგანიზმი ანომალიურ ცილა ამილოიდ A-ს გამოიმუშავებს. ხანგრძლივი ცხელება, ანთებითი პროცესი აღნიშნული ცილის ორგანიზმში დაგროვებას და ამილოიდოზს იწვევს. ამილოიდოზი მძიმე და საშიში დაავადებაა, შესაძლოა, ფატალურადაც კი დასრულდეს. მისი მთავარი სამიზნე თირკმელებია. ცილის ჩალაგების შედეგად თირკმლის მფლიტრავი სისტემა ზიანდება, ორგანიზმი შარდთან ერთად ბევრ ცილას კარგავს. შესაძლოა, თირკმელში თრომბიც წარმოიქმნას, მისი უკმარისობა განვითარდეს.
სწორედ ამილოიდოზის თავიდან ასაცილებლად ურჩევენ ექიმები პერიოდული დაავადების მქონე პაციენტებს, რეგულარულად ჩაიტარონ სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, თირკმელების ულტრაბგერითი კვლევა.
* ქალთა უნაყოფობა. დაავადების თანმხლები ანთებითი პროცესი ქალის რეპროდუქციულ ორგანოებზეც მოქმედებს და უნაყოფობამდე მივაყავართ.
* ართრიტი – ის ხმელთაშუა ზღვის ცხელებით დაავადებულთა ხშირი თანამგზავრია. ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის, კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის, იდაყვის სახსრები.

დიაგნოზი
როგორც ითქვა, კლინიკური ნიშნების საფუძველზე (მეტადრე – პირველი შეტევის დროს) დიაგნოზის დასმა ძალიან ძნელია, მაგრამ თუ ადამიანს პერიოდულად ცხელება და სხვა ზემოთ აღწერილი სიმპტომებიც აღენიშნება, ეს დაავადება უნდა ვიეჭვოთ. სხვა დიაგნოზის გამორიცხვაში ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები გვეხმარება. ტარდება გენეტიკური ანალიზიც.

მკურნალობა
პერიოდული დაავადების მკურნალობის მიზანი სიმპტომების კონტროლია. ამისთვის იყენებენ კოლხიცინს. ეს პრეპარატი, უკვე მრავალი წელია, პერიოდული დაავადების სამკურნალო საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. კოლხიცინი ამცირებს ანთებას, შეტევების ინტენსივობას, გართულებების ალბათობას, დაგეხმარებათ როგორც შეტევის დროს (შედარებით დიდი დოზით), ისე შეტევებს შორის პერიოდშიც (შესატყვისად მცირე დოზით).

მოამზადა გვანცა გოგოლაძემ

გააზიარე: