ყველაფერი პირსინგის შესახებ

გააზიარე:

პირსინგი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გახვრეტას და გახვრეტილ ადგილას სამკაულის ჩამაგრებას ნიშნავს. ყველაზე მეტად ყურის, ცხვირისა და ჭიპის პირსინგია გავრცელებული, თუმცა ტუჩების, ენის, ლოყების, წარბებისა და გენიტალიების პირსინგსაც ხშირად ვხვდებით. ქალებსა და მამაკაცებში მისი პოპულარობა თითქმის თანაბარია.

პირსინგი ახალი ხილი არ გახლავთ – ასე ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები იმკობდნენ სხეულს. ზოგი ამას თავისი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად აკეთებდა, ზოგს კი სწამდა, რომ სამკაული ბოროტი ძალებისგან იცავდა.

დღევანდელი ახალგაზრდები პირსინგს ან თვითგამოხატვის მიზნით იკეთებენ, ან უბრალოდ იმიტომ, რომ მოსწონთ. მოდი, გავიგოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ პირსინგის გაკეთებისას, რა საფრთხე ახლავს მას და როგორ მოვუაროთ.

 

ვიყოთ ფრთხილად

უპირველეს ყოვლისა, მოძებნეთ ლიცენზირებული სალონი, სადაც ხელსაწყოებს ავტოკლავით ასტერილებენ. თითოეული სტერილიზებული ხელსაწყო გამოყენების წინ თქვენ თვალწინ უნდა გაიხსნას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სპეციალისტი, რომელიც პროცედურას ატარებს:

* უნდა იყოს სერტიფიცირებული;

* იბანდეს ხელებს თითოეული პროცედურის წინ;

* იყენებდეს ერთჯერად ხელთათმანებს, ერთჯერად ნემსებს და სტერილურ ხელსაწყოებს.

ასევე წინასწარ გაარკვიეთ, ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე ლითონის მიმართ და იმ ლითონის სამკაულები შეარჩიეთ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ან თითქმის არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ასეთია:

* ქირურგიული უჟანგავი ფოლადი;

* ტიტანიუმი;

* ნიობიუმი;

* მასიური ოქრო (და არა მოოქრული სხვა მეტალი).

ასევე გახსოვდეთ, რომ პირსინგის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა იყოთ აცრილი ტეტანუსსა და B ჰეპატიტზე.

 

რისკები და საფრთხეები

გარდა ინფექციის (მათ შორის – შიდსისა და ჰეპატიტის), ალერგიული რეაქციის, სისხლდენის, შეშუპების, ნაწიბურებისა და კელოიდების წარმოქმნის მაღალი ალბათობისა, არსებობს სხვა, უფრო სპეციფიკური პრობლემებიც, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულის სხვადასხვა მიდამოს პირსინგთან. მაგალითად:

* ენის პირსინგმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების შეფერხება, კბილების მინანქრისა და ღრძილების დაზიანება, ღეჭვისა და ყლაპვის გაძნელება. ენის პირსინგს თან ახლავს სისხლდენის ძალიან მაღალი რისკი, ნაჭრილობევის შეშუპების შემთხვევაში კი სასუნთქი გზების ბლოკირებაა მოსალოდნელი. სტომატოლოგთა არც ერთი საერთაშორისო ასოციაცია არ უწევს რეკომენდაციას ენის და, საერთოდ, პირის ღრუსთან კავშირში მყოფ ნებისმიერი სახის პირსინგს.

* ყურის ხრტილის პირსინგი გაცილებით საშიშია, ვიდრე ბიბილოსი. მისმა გართულებამ შესაძლოა აბსცესი და მთელი ხრტილის დისტროფია გამოიწვიოს. არის შემთხვევები, როცა ანტიბიოტიკებით მკურნალობაც კი უშედეგოა და დაზიანებული ხრტილის მოკვეთა ხდება საჭირო.

* ცხვირის პირსინგიც ასევე ყურის ბიბილოს პირსინგთან შედარებით გართულებების განვითარების გაცილებით უფრო მაღალი ალბათობით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ცხვირის შიგნითა ზედაპირის სრულყოფილი დეზინფექცირება შეუძლებელია, შედეგად იქ არსებული ბაქტერიები ჭრილობის დაბინძურების და ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.

* გენიტალიების პირსინგი ხშირად ართულებს და მტკივნეულს ხდის სქესობრივ ცხოვრებას, შარდვის პროცესს, იწვევს სქესობრივი პარტნიორის ტრავმირებას.

* ძუძუსთავის პირსინგმა შესაძლოა დააზიანოს რძის წარმომქმნელი ჯირკვლოვანი ქსოვილი, შედეგად განვითარდეს ინფექცია, მომავალში კი თავი იჩინოს ბავშვის ძუძუთი კვების პრობლემებმა.

პირსინგი საერთოდ არ არის რეკომენდებული, თუ:

* კანის იმ უბანზე, რომელზეც პირსინგის გაკეთება გინდოდათ, სპეციფიკური გაღიზიანება, უჩვეულო სიწითლე, სიმაგრე ან ხალი შემჩნიეთ;

* გაქვთ დიაბეტი, ჰემოფილია, ავტოიმუნური დაავადება, გულის დაავადება ან სხვა ისეთი პრობლემა, რომელიც აფერხებს შეხორცების პროცესს;

* უკვე ხართ ორსულად ან მომავალში გეგმავთ დაორსულებას (ეს უმთავრესად ეხება ძუძუსთავის და ჭიპის პირსინგს);

* გაქვთ პირის ღრუს, კბილებისა და ღრძილების დაავადება (ენის, ტუჩის, ლოყის პირსინგს).

 

პირსინგის მოვლა

ინფიცირებისა და პირსინგის სხვა გართულებების რისკი რომ შევამციროთ, აუცილებელია მისი სწორი მოვლა, განსაკუთრებით – ჭრილობის შეხორცებამდე. ჭრილობის მოშუშებისა და შეხორცებისთვის საჭირო დრო კანის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვაა. გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც ვადებია მოცემული:

 

აქვე უნდა ითქვას, რომ ვადები მიახლოებითია, ვინაიდან ასევე დამოკიდებულია პირსინგის ტიპზე, პოზიციასა და ადამიანის საერთო ჯანმრთელობაზე.

 

ახალი პირსინგი შესაძლოა იყოს დაჭიმული, მტკივნეული, შეწითლებული და ოდნავ სისხლმდენი. შესაძლოა, ჭრილობიდან დენა დაიწყოს ღია ფერის უსუნო სითხემ, რომელიც შემდეგ ფუფხად იქცევა. ფუფხის ჩამოყალიბების შემთხვევაში მის აძრობას არ უნდა ვეცადოთ.

 

პირსინგის მოვლა

სახის (წარბები, ცხვირი, ყური) პირსინგისთვის:  ავიღოთ სუფთა ხელსახოცი, დავასველოთ ნელთბილ მარილწყალში (1`4 ჩ. კ. მარილი, უმჯობესია ზღვისა, ნახევარი ჭიქა თბილ წყალზე) და მსუბუქი ზეწოლით დავარბილოთ პირსინგის არე. დარბილებული გამონადენი უკვე ადვილი მოსაცილებელია. მისი მოცილების შემდეგ პირსინგის არე ფაქიზად, მაგრამ საგულდაგულოდ გავიწმინდოთ. ყურის პირსინგის გასაწმენდად ანტიბაქტერიული ხსნარის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ის არ გამოგვადგება ნესტოს, ცხვირის ტიხრისა და ტუჩის პირსინგის გასასუფთავებლად, რადგან დიდია ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი.

პირსინგის არე გაისუფთავეთ დღეში ორჯერ და შემდეგ სუფთა ერჯერადი ხელსახოცით კარგად შეიმშრალეთ. არ გამოიყენოთ საერთო პირსახოცი. პირსინგის გაკეთებიდან 24 საათის განმავლობაში თავი არიდეთ ცურვას.

პირის ღრუს შიდა, მაგალითად, ენის ან ლოყის პირსინგის ჰიგიენისთვის ყოველი ჭამის შემდეგ გამოვირეცხოთ პირის ღრუ უალკოჰოლო სპეციალური ხსნარით ან მარილწყალი გამოვივლოთ. ენის პირსინგის შემთხვევაში თავი ვარიდოთ ცხარე კერძებს. შეშუპების შესამცირებლად შეიძლება ყინულოვანი პროდუქტების, მაგალითად, ნაყინის ჭამა. პირის ღრუს პირსინგის გარეთა ნაწილების მოვლის სპეციფიკა ისეთივეა, როგორიც სახის პირსინგისა.

სხეულის სხვა ნაწილების (ჭიპი, ძუძუსთავი, ბოქვენი და ა.შ) პირსინგსაც ისევე უნდა მოვუაროთ, როგორც სახის პირსინგს, თუმცა საჭიროა დამატებითი ზომების მიღებაც. ერიდეთ ვიწრო და შემოტმასნილ ტანსაცმელს – მან შესაძლოა გაართულოს და გაახანგრძლივოს შეხორცება.

პირსინგის გაკეთებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში ეცადეთ არ მიიღოთ რუჯი. თუ მაინც გადაწყვეტთ, პირსინგის არე ჰაერგამტარი პლასტირით დაიფარეთ.

გენიტალური პირსინგის შემთხვევაშიც შეგიძლიათ მოვლის იმ ძირითადი პრინციპებით იხელმძღვანელოთ რომლებიც ზემოთ მოვიყვანეთ. გარდა ამისა, მის შეხორცებამდე ეცადეთ თავი შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან, ვინაიდან შესაძლოა, მომატებული იყოს ტრავმირების რისკი.

 

როგორ ამოვიცნოთ ინფექცია

მოვლის წესების დაუცველობისა და უყურადღებობის შემთხვევაში ინფექციის განვითარების ალბათობა ძალიან მაღალია. ინფექცია შეგვიძლია ამოვიცნოთ შემდეგი ნიშნებით:

* კანის სიწითლე და შეშუპება პირსინგის ირგვლივ;

* ტკივილი და დაჭიმულობა შეხებისას;

* ყვითელი ან მომწვანო გამონადენი პირსინგის არიდან;

* ტემპერატურის მომატება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთი მაინც შეამჩნიეთ და ფიქრობთ, რომ ინფექცია გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალობის დაგვიანებამ შესაძლოა იმდენად გააუარესოს მდგომარეობა, რომ პირსინგის მოხსნაც კი გახდეს საჭირო. მკურნალობენ ძირითადად ანტიბიოტიკებით.

 

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: