სარკო ექიმი – ვალიკო მეუნარგია

გააზიარე:

საქართველოს რეგიონებში მომუშავე ექიმებს შორის ხშირად გამოერეოდნენ ხოლმე პროფესიონალიზმით გამორჩეულები, რომლებსაც ამა თუ იმ დარგის განვითარებაში დიდი წვლილი შეჰქონდათ. ასეთი გახლდათ ვალერიან (ვალიკო) მეუნარგია – ზუგდიდში ნევროპათოლოგიის პიონერი, საავადმყოფოს დამაარსებელი, დიდი პრაქტიკოსი და არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი. თითქმის ხუთი ათეული წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ ის დღესაც ახსოვთ.
ვალიკო მეუნარგიას შესახებ ბატონი ხუტა პაჭკორია გვესაუბრება.

– ვალერიან (ვალიკო) მეუნარგია 1908 წელს დაიბადა სამეგრელოში, სოფელ კახათში, აზნაურ იასონ მეუნარგიას ოჯახში. დაამთავრა ზუგდიდის პირველი საშუალო სკოლა. მისი თანაკლასელები იყვნენ შემდგომში ცნობილი მათემატიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ილია ვეკუა და პარაზიტოლოგი, სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი ლადი ჯიქია. ილიასა და ვალიკოს მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.
სხვათა შორის, მათემატიკას სკოლაში მათ ძალიან საინტერესო პიროვნება – გენერალი არტემონ (არტემ) ჯიჯიხია ასწავლიდა. ის წლების განმავლობაში მსახურობდა თურქესტანში, პოლონეთში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც ტყვედ ჩავარდა. შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 1921 წლის თებერვალში ხელმძღვანელობდა შემტევ ჯგუფს ლილოს ფრონტზე, სადაც მენშევიკებმა უმუხთლეს – ღამღამობით ბრძოლის ველიდან გასართობად მიდიოდნენ, დილისთვის კი მათი პოზიციები ხელახლა იყო ასაღები... გენერალი გამჭრიახი გონებით და სტრატეგიული ნიჭით გამოირჩეოდა, ალბათ, ამიტომაც მოახერხა, ბავშვებისთვის მათემატიკა შეეყვარებინა. სამწუხაროდ, ჯიჯიხიას არ აპატიეს პოლიტიკური წარსული და 1938 წელს დახვრიტეს.

არჩევანი
– სკოლის დამთავრების შემდეგ ვალიკომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. იმხანად სამედიცინო ინსტიტუტი ცალკე ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი. იქ მისი მასწავლებელი გახლდათ ქართული ნევროპათოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ხელმძღვანელი სიმონ ყიფშიძე. მისი დამსახურებით ვალიკომ შეიყვარა ეს დარგი, თავის სპეციალობად აირჩია და დიდ წარმატებასაც მიაღწია.

პირველი ნაბიჯები
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვალიკო ჯერ ახლანდელ ანაკლიაში გაანაწილეს, მერე სხვა სოფელშიც მუშაობდა. 23-24 წლის ახალგაზრდამ პაციენტების ნდობა და სიყვარული მოიპოვა. ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა. განსაკუთრებით ჰიპნოზით იყო დაინტერესებული. სამეცნიერო ნაშრომებიც ჰიპნოზისა და აკუპუნქტურის შესახებ დაწერა. იმხანად გავრცელებული გახლდათ ცნობილი ფრანგი ნევროლოგის ჟან მარტინ შარკოს მეთოდები. რა იცოდა მეგრელმა გლეხმა, ვინ იყო შარკო. ჰოდა, ვალიკოს “სარკო ექიმი” შეარქვეს – “სარკო” მეგრულად საოცარს, საკვირველს ნიშნავს.
მეორე მსოფლიო ომის დროს ვალიკო ზუგდიდის ნევროლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კორიფეების მხარდამხარ
– 1946-1959 წლებში ვალიკო მეუნარგია ზუგდიდის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. სწორედ მან გახსნა ზუგდიდში ნევროპათოლოგიური განყოფილება. იმდენად კარგი ექიმი დადგა, რომ საკონსულტაციოდ ხშირად იწვევდნენ აფხაზეთში, აჭარაში, მთელ დასავლეთ საქართველოში. იმ დროს სოხუმში საბჭოთა კავშირის მედიცინის კორიფეები ისვენებდნენ: ბორის პეტროვი, ალექსანდრ კრაკოვსკი, ფიოდორ უგლოვი და სხვები. დასვენებასთან ერთად კერძო პრაქტიკასაც ეწეოდნენ, ხშირად საკონსულტაციოდ ვალიკოსაც იწვევდნენ, მის აზრს ინტერესით ისმენდნენ და ითვალისწინებდნენ.

ოქროს თევზი
– მოგეხსენებათ, რამხელა ფიგურა იყო საბჭოთა პერიოდში რაიკომის პირველი მდივანი – ფაქტობრივად, პატარა მეფე. ჰოდა, ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივნის ცოლს მიელიტი – ძვლის ტვინის ანთება – დაემართა. გამოიძახეს მოსკოვიდან კრემლის მთავარი ნევროპათოლოგი ნიკოლაი შმიდტი. ლენინგრადიდან სხვა ცნობილი ექიმებიც მოიწვიეს. თბილისიდან პეტრე სარაჯიშვილი ჩამოიყვანეს... ვერაფერი გაუგეს. ბოლოს ყოველი შემთხვევისთვის მკურნალ ექიმსაც ჰკითხეს აზრი. ვალიკომ ამდენ დიდ ექიმთან საკუთარი მოსაზრება ძალიან ფრთხილად გამოთქვა. სხვა გზა მაინც არ გვაქვს და მოდი, მოვსინჯოთო, – გადაწყვიტა კონსილიუმმა. მართლაც, მოსინჯეს ვალიკოს დანიშნულება და პაციენტი გამოკეთდა. რაიკომის მდივანი აღტაცებული დარჩა და ვალიკოს ჰკითხა: ხომ იცი, ბევრი რამ შემიძლია, მითხარი, რა გინდაო. ვალიკომ – ჩემთვის არაფერი, მაგრამ კარგი იქნებოდა, ჩვენს რაიონში პატარა ნევროპათოლოგიური საავადმყოფო აგვეშენებინაო. მდივანმა მაშინვე დაუძახა ბუღალტრებს, მაგრამ საჭირო თანხა ვერ მოიძიეს. მაშინ დაფინანსება საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს სთხოვა. მანაც სხვა პროექტის ბიუჯეტიდან გამოყო თანხა და ზუგდიდში ორსართულიანი საავადმყოფო აშენდა. აქ ვალიკო მეუნარგიამ საუკეთესო კოლექტივი შექმნა და ბევრი კარგი ექიმი აღზარდა, მათ შორის – ცნობილი ნევროპათოლოგი მურმან ფონია. “ვალერიან მეუნარგია არა მარტო ჩინებული მკურნალი და ორგანიზატორი იყო – იგი ადამიანური, მოქალაქეობრივი თვისებებითაც გამოირჩეოდა. მისი მამაშვილური მზრუნველობა, სასარგებლო რჩევა-დარიგებანი დიდად დამეხმარა პრაქტიკოს ექიმად ჩამოყალიბებაში”, – იხსენებდა ის მოგვიანებით.

მეგრელთა საქმე
– 1951 წლის ბოლოს ინტელიგენციის არაკეთილსაიმედოობის მოტივით საქართველოდან თერთმეტი ათასზე მეტი ადამიანი გადაასახლეს შუა აზიაში, მეგრული წარმომავლობის ხელმძღვანელ მუშაკებს ბრალი დასდეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოყოფისა და თურქეთთან შეერთების მცდელობაში. მრავალი უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. ზუგდიდის რაიკომის მდივანი და ყველა თანამდებობის პირი დაიჭირეს, ვალიკო მეუნარგია ძლივს გადაურჩა გადასახლებას. ფაქტობრივად, შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და დაპატიმრების მოლოდინით ცხოვრობდა...

ჩეინ-სტოქსის სუნთქვა
– სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. 2 მარტს რადიოთი უკვე დაიწყეს ახალი ამბის გადაცემა: ამხანაგი სტალინი ცუდად არისო. მისი მდგომარეობის აღწერისას ჩეინ-სტოქსის სუნთქვაც ახსენეს.
ჩეინ-სტოქსის სუნთქვა სუნთქვის ტიპია: ზედაპირული და იშვიათი სუნთქვა თანდათან ხშირდება და ღრმავდება, მაქსიმუმს აღწევს 5-7 ჩასუნთქვის შემდეგ, მერე კვლავ სუსტდება და იშვიათდება, მცირე ხნით წყდება, მერე კი მთელი ციკლი თავიდან მეორდება. ასეთი სუნთქვა ახასიათებს გულის უკმარისობას, ნარკოტიკებით მოწამვლას, თირკმლის უკმარისობას, დიაბეტურ კომას და ზოგიერთ სხვა მძიმე მდგომარეობას.
გლეხებმა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, რა იყო ჩეინ-სტოქსის სუნთქვა, ვალიკოსთან მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო. ვალიკოს ეშინოდა, ისეთი არაფერი ეთქვა, უსიამოვნება შეხვედროდა. “...მაგრამ ვიგრძენი, რომ იმ კაცის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და თამამად ვთქვი, ჩეინ-სტოქსის სუნთქვა სასუნთქი გზების დამბლის შედეგია, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, დაძლევს-მეთქი”, – იხსენებდა მოგვიანებით.
ამ ამბის შემდეგ მას ხუმრობით ჩეინტოქსს ეძახდნენ. 20 წლის შემდეგ, როცა თავად გახდა ავად და ჩეინ–სტოქსის სუნთქვა დაეწყო, გული გაუკეთეს, ისეთი არაფერი გჭირს, ეს ზოგჯერ ახალგაზრდებსაც ემართებათო (მართლაც, ჩეინ-სტოქსის სუნთქვა ნორმაში ზოგჯერ მცირე ასაკის ბავშვებთანაც გვხვდება და მოზრდილებთანაც ძილის დროს). ეჰ, ჩემო შვილებო, ამის გამო სტალინს დავუსვი სიკვდილის დიაგნოზი, განა არ ვიცი, რა მელოდებაო?! – უთქვამს. მართლაც, დიდხანს აღარ უცოცხლია, 1973 წლის მარტში გარდაიცვალა.

განათლებული ექიმი
– ვალიკოს სიტყვა ძალიან უჭრიდა. თითქმის ყველა ღონისძიებაზე მას სთხოვდნენ მეგრელების სახელით გამოსვლას. რუსთაველის უბადლო მცოდნე იყო, პოემიდან ხშირად ციტირებდა აფორიზმებს, რაც ავადმყოფებს ძალიან მოსწონდათ.
მისი სიძე ალბერტ (ალეკო) თავხელიძე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. ამასთან დაკავშირებით მოსკოვში დიდი ბანკეტი გაიმართა, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა: აკადემიკოსი მსტისლავ კელდიში, აკადემიის პრეზიდენტი, ცნობილი ფიზიკოსი ალექსანდრ ლავრენტიევი, აკადემიკოსი ნიკოლაი ბოგოლიუბოვი, ჩვენი დიდი მათემატიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი... თამადობდა ილია ვეკუა, ვალიკო კი მოადგილედ დაუნიშნეს. თავისი მრავალმხრივი განათლებით, მოხდენილი საუბრით მან გაოცებული დატოვა სტუმრები. ილიას ძალიან უხაროდა, მისმა მეგობარმა ასე რომ წარმოაჩინა თავი.
შესანიშნავად იცოდა ხალხური პოეზია. დავიწყებას გადაარჩინა მეგრული ლექსები რუხის ბრძოლაზე, აჯანყებულ გლეხთა მეთაურ უტუ მიქავაზე... დააარსა საზოგადო მოღვაწის, მწერალ იონა მეუნარგიას – თავისი შორეული ნათესავის – სახლ-მუზეუმი. სულ თვითონ მოიძია მისი ნაქონი ნივთები...
ძალიან აქტიური ადამიანი იყო, მის გარეშე ნევროლოგთა შეკრება არ გაიმართებოდა. იყო საქართველოს ნევროპათოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი.

ოჯახი
– ოჯახიც შესანიშნავი შექმნა. მეუღლისგან, თამარ შონიასგან, სამი შვილი შეეძინა, შემდგომში – სამივე პროფესორი: ვახტანგი – ჰემატოლოგიის ინსტიტუტის იმუნოლოგიის განყოფილების გამგე (ახლახან, 83 წლისა, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს), თენგიზი – მათემატიკოსი ივ. ჯავხიშვილის უნივერსიტეტში და მაია, ასევე მათმატიკოსი, პროფესორ ალეკო თავხელიძის მეუღლე. ალეკო თავხელიძეც დიდი მეცნიერი გახლდათ. მისმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა ფერადი კვარკების შესწავლას.
2008 წელს, ვალერიან მეუნარგიას დაბადების მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ნევროლოგთა რამდენიმე ასოციაციის თაოსნობით ზუგდიდში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელზეც მეც ვიყავი მიწვეული. გავიხსენეთ ვალიკო, დიდი ექიმი და დიდებული ადამიანი, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე მოხსენებები წავიკითხეთ. მეორე დღეს პაციენტებთან კონსულტაციებიც გავმართეთ... ნამდვილად დამსახურებულია ექიმი, რომლის ღვაწლიც შთამომავლობას ამდენ ხანს ახსოვს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: