რას ამბობენ ფრჩხილები ჩვენს ჯანმრთელობაზე?

გააზიარე:

ფრჩხილი ადამიანის სხეულის იმ მნიშვნელოვან ნაწილთაგანია, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ის ეპიდერმისის (კანის გარეთა შრის) გარქოვანებული ფირფიტაა, რომელიც თითის ბოლოს ფარავს და დაზიანებისგან იცავს.

გარდა იმისა, რომ ფრჩხილს ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს, ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პირველ ანარეკლსაც ხშირად სწორედ მასზე ვპოულობთ.

 

რას ამბობენ ფრჩხილები ჩვენს ჯანმრთელობაზე

ჯანმრთელ ფრჩხილს, ჩვეულებრივ, მოვარდისფრო ფერი და გლუვი ზედაპირი აქვს. მისი ფერის, ფორმისა და სტრუქტურის ცვლილება პათოლოგიაზე მიუთითებს. მაგალითად, ფრჩხილებზე წვრილი ნაჩხვლეტების მსგავსი ჩაღრმავებები ფართოდ არის გავრცელებული ფსორიაზის მქონე ავადმყოფებთან. ასეთივე ნაჩხვლეტები შეიძლება გამოიწვიოს შემაერთებელქსოვილოვანი სისტემის ისეთმა პათოლოგიებმა, როგორებიც არის რეიტერის სინდრომი (რეაქტიული ართრიტი) და ბუდობრივი ალოპეცია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვის დაავადებებზე მიუთითებს საათის მინისებრი ფრჩხილები, სხვაგვარად – ჰიპოკრატეს ფრჩხილები.

კოვზისებური ფრჩხილები. ამ დროს ფრჩხილის შუა ნაწილი ჩაზნექილია, ნაპირები – ამოზნექილი, ფირფიტა კი რბილი და მყიფე. ასეთი დაზიანება დამახასიათებელია რკინადეფიციტური ანემიისთვის, თუმცა შესაძლოა, გულის პრობლემებსა და ჰიპოთირეოზთანაც იყოს დაკავშირებული.

ტერის ფრჩხილებს უწოდებენ თეთრ ფრჩხილებს წვერების გასწვრივ ვარდისფერი რკალებით. ასეთი ფრჩხილები ხშირად აქვთ ხანში შესულ ადაიანებს, თუმცა შესაძლოა სერიოზული დაავადების, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის პათოლოგიის, დიაბეტის ნიშანიც იყოს.

ფრჩხილებზე ჰორიზონტალური ხაზების გაჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს ნუნების ტრავმულ დაზიანებას, გაუკონტროლებელ დიაბეტს, პერიფერიულ სისხლძარღვოვან პათოლოგიებს, ისეთ ინფექციურ დაავადებებს, როგორებიც არის წითელა, ყბაყურა, პრევმონია, ან თუთიის დეფიციტს.

ყვითელი ფრჩხილების სინდრომი, რაც გამოიხატება მოყვითალო პიგმენტაციით, ფირფიტის გასქელებით, ზრდის შენელებით და ნუნების გამოყოფით, ხშირად რესპირატორული დაავადების, მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტის ნიშანია. ყვითელი ფრჩხილის სინდრომი შესაძლოა ლიმფედემასთანაც (პათოლოგია, რომელიც შეშუპებით მიმდინარეობს) იყოს ასოცირებული.

 

დაზიანებები

ვხვდებით ფრჩხილების პირველად დაზიანებასაც. ასეთი დაზიანების გავრცელებული მიზეზებია ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია, პანარიციუმი, ტრავმა.

 

სოკო

ფრჩხილის სოკო საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა, რომელიც ფრჩხილის წვერთან თეთრი ან ყვითელი ლაქების გაჩენით იწყება. სოკოვანი ინფექციის გაღრმავებასთან ერთად იცვლება მთელი ფრჩხილის ფერი, ფირფიტა სქელდება და მტვრევადი ხდება.

სოკო შეიძლება გავრცელდეს ხელის ფრჩხილებზეც, თუმცა ფეხის ფორმები უფრო ხშირია.

შესაძლოა, ფრჩხილის სოკო გქონდეთ, თუ:

* ფრჩხილი გასქელდა;

* ფერი იცვალა მოთეთროდან მოყვითალო-მოყავისფრომდე;

* ფირფიტამ იცვალა ფორმა, გახდა მყიფე, მსხვრევადი, უსწორმასწოროკიდეებიანი;

* მის ქვეშ გაჩნდა ჩალურჯებული ადგილები;

* ფრჩხილს გაუჩნდა უსიამოვნო სუნი.

 

რა იწვევს სოკოს

ფრჩხილის სოკოვან ინფექციას სოკოვანი მიკროორგანიზმები იწვევს, ყველაზე ხშირად – დერმატოფიტები, თუმცა გვხვდება საფუარისა და ობის სოკოებით გამოწვეული ფორმებიც.

სოკოვანი ინფექცია ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება შეხვდეს, თუმცა ხანში შესულებთან უფრო ხშირია, რადგან ასაკთან ერთად ფრჩხილი ბუნებრივადაც შრება და მყიფდება, იბზარება და სოკოსთვის უფრო იოლად შესაღწევი ხდება.

შესაძლოა, ფრჩხილის სოკოს განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებდეს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, სისხლის მიმოქცევის შეფერხება და იმუნური სისტემის დასუსტება.

ფეხის ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მიზეზად შესაძლოა იქცეს ტერფის მიკოზი (ტერფის სოკოვანი დაავადება). ისიც შესაძლოა, ინფექცია ერთი ფრჩხილიდან დანარჩენებზე გავრცელდეს, თუმცა იმის ალბათობა, რომ სოკო სხვა ადამიანისგან გადმოგვედოს, ძალიან მცირეა.

 

რისკს ზრდის:

* ხანდაზმული ასაკი;

* ჭარბი ოფლიანობა;

* ანამნეზში ტერფის მიკოზის არსებობა;

* ფეხშიშველა სიარული აუზის გარშემო, გასახდელში, სავარჯიშო დარბაზში, საერთო საშხაპეში;

* ფრჩხილის ან კანის მცირე ტრავმა ან კანის პათოლოგია, მაგალითად, ფსორიაზი;

* დიაბეტი, სისხლის მიმოქცევის მოშლა, იმუნიტეტის დაქვეითება.

 

გართულებები

სოკოვანი ინფექციის შორს წასული ფორმა შესაძლოა საკმაოდ მტკივნეული იყოს და ფრჩხილების პერმანენტული დაზიანება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს სხვა მძიმე ინფექციების გავრცელებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია მედიკამენტებით, დიაბეტით ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობით.

 

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ხედავთ, რომ ფრჩხილი უფრო და უფრო იცვლის ფერს, სქელდება, დეფორმირდება და არავითარი თვითმკურნალობა არ გშველით, შეგიძლიათ, თამამად დაგეგმეთ ვიზიტი სპეციალისტთან.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და ფრჩხილზე სოკოვანი ინფექციის მსგავსი ნიშნები აღმოაჩინეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

როგორ დავიცვათ თავი

ზოგიერთმა ყოფითმა ჩვევამ შესაძლოა ფრჩხილის სოკოს პრევენციის, ტერფის მიკოზის პრევენციის ან განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილების საშუალება მოგვცეს:

* ხელები და ფეხები რეგულარულად იბანეთ. აუცილებლად დაიბანეთ ხელები ინფიცირებულ ფრჩხილთან შეხების შემდეგ. დაბანის შემდეგ წაისვით დამანოტივებელი კრემი.

* ფრჩხილების დაჭრის შემდეგ დაიმუშავეთ ფრჩხილის კიდეები. ქლიბით შეათხელეთ ფირფიტის გასქელებული ნაწილები. ყოველი გამოყენების შემდეგ ჩაუტარეთ იარაღებს დეზინფექცია, თუნდაც ჩვეულებრივი სამედიცინო სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით.

* ყოველდღე გამოიცვალეთ წინდები (ერთი ფრჩხილიდან მეორეზე ინფექციის გადატანის რისკის შესამცირებლად იაპონელი ექიმები თითებგაცალკევებულ წინდებს გვირჩევენ).

* აარჩიეთ ისეთი მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს.

* ძველი ფეხსაცმელები გადაყარეთ ან დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით, ანდა იხმარეთ სოკოს საწინააღმდეგო პუდრი.

* ნუ ივლით ფეხშიშველი აუზის გარშემო, გასახდელში, საშხაპეში.

* მოძებნეთ მანიკიურის ისეთი სალონი, სადაც იარაღებს თითოეული მომხმარებლისთვის სტერილიზაციას უტარებენ.

* კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ფრჩხილის ლაქსა და ხელოვნურ ფრჩხილებზე.

 

პანარიციუმი

პანარიციუმი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ფრჩხილის გარშემო არსებულ კანზე ჩნდება. მისი ორი ტიპური გამოწვევია ბაქტერია და საფუარის სოკო კანდიდა. შესაძლოა, კომბინირებული ფორმაც შეგვხვდეს.

მიზეზის კვალობაზე, პანარიციუმი შესაძლოა დაიწყოს შეუმჩნევლად და გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თავი იჩინოს ძალიან სწრაფად და გაგრძელდეს მხოლოდ ერთი ან ორი დღე. მისი სიმპტომები ადვილი შესამჩნევია და მკურნალობაც, ჩვეულებრივ, მარტივი და შედეგიანია, მაგრამ თუ დროულად არ ჩავერიეთ, ინფექცია შესაძლოა გართულდეს და ფრჩხილის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა გამოიწვიოს.

არსებობს პანარიციუმის ორი ფორმა – მწვავე და ქრონიკული.

მწვავე პანარიციუმი სწრაფად და მოულოდნელად იწყება, ახასიათებს ფრჩხილის გარშემო არსებული კანის ძლიერი ტკივილი, შეშუპება და სიწითლე. ჩვეულებრივ, ის მიკროტრავმის შედეგია, ყველაზე ხშირად – ნუნების დაჭრისა და ფრჩხილების კვნეტისა. ამ დროს კანის დაზიანებულ უბნებში იოლად აღწევენ ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები.

მწვავე პანარიციუმის გამომწვევი ბაქტერიებიდან ყველაზე გავრცელებულია სტაფილოკოკი და ენტეროკოკი.

ქრონიკული პანარიციუმი კი შედარებით ნელა პროგრესირებს. პათოლოგიური პროცესის (შეშუპების, სიწითლის, დისკომფორტის, ტკივილის) განვითარება შესაძლოა რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. შესაძლოა, რამდენიმე თითზე ერთდროულადაც განვითარდეს.

ქრონიკული პანარიციუმის  გამომწვევი ყველაზე ხშირად კანდიდას გვარის სოკოა. უმთავრესად მას ემუქრება, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი ან სამსახურებრივი მოვალეობის გამო რეგულარულად უწევს კონტაქტი წყალსა და ქიმიურ გამხსნელებთან (შენობა-ნაგებობების დალაგება, სტომატოლოგია, საექთნო საქმე, სანიტარიული სამსახური, ჭურჭლის რეცხვა, თმის შეჭრა). კანის ხანგრძლივი სისველე და მეტისმეტი გაჟღენთა არღვევს ნუნების ბუნებრივ ბარიერს და ხელს უწყობს ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების კანქვეშ შეჭრას.

 

როგორ მივხვდეთ, რომ პანარიციუმი გვაქვს

როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული პანარიციუმისთვის დამახასიათებელია:

•              კანის სიწითლე ფრჩხილის გარშემო და დისკომფორტი;

•              ჩირქოვანშიგთავსიანი ბუშტუკი;

•              ფრჩხილის ფორმის, ფერისა და სტრუქტურის ცვლილება;

•              ფრჩხილის სარეცლისგან გამოყოფა.

 

როდის მივმართოთ პროფესიონალს

აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნიეთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი ნიშანი და გაქვთ:

* შაქრიანი დიაბეტი;

* ჩირქოვანი შებერილობა ფრჩხილის ახლოს ან ფრჩხილის ქვეშ;

* სიცხე;

* სიწითლე არა მხოლოდ ფრჩხილის გარშემო, არამედ თითის გასწვრივაც;

* კანის დაჭიმულობა, მსუბუქი სიწითლე, მსუბუქი შეშუპება, რომელიც 7 დღეზე მეტია გრძელდება.

 

პანარიციუმის პრევენცია

შეგვიძლია, პანარიციუმის განვითარება თავიდან ავიცილოთ, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ რეკომენდაციებს:

•              ეცადეთ, მტევნები და ტერფები მუდამ სუფთა და მშრალი გქონდეთ.

•              თუ ხშირად გიწევთ წყალსა და ქიმიკატებთან შეხება, იხმარეთ ბამბის შიდა შემწოვი ფენის მქონე რეზინის ხელთათმანები.

•              ფრთხილად გაიკეთეთ მანიკიური. ეცადეთ, ნუნები არ მოიჭრათ და არ დაიზიანოთ.

•              არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები და არ დაიზიანოთ კანი მათ გარშემო.

•              თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, ეცადეთ, გამუდმებით აკონტროლოთ და ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ სისხლში გლუკოზის დონე.

 

როგორია პროგნოზი?

თუ მკურნალობა სწორად წარიმართა, შედეგი კარგია. მწვავე პანარიციუმი უმეტესად 5-10 დღეში იკურნება და ფრჩხილის პერმანენტულ დაზიანებას არ იწვევს, თუმცა იშვიათად, ძალიან გართულებული და შორს წასული ფორმების შემთხვევაში, მოსალოდნელია ხელის ან ფეხის თითის ოსტეომიელიტის (ძვლის ინფექციური პათოლოგიის) განვითარება.

მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული პანარიციუმის ალაგებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს, ფრჩხილისა და კანის მდგომარეობა საბოლოოდ მაინც დაუბრუნდება ნორმას, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ექიმის დანიშნულება და მისი მითითებები ზედმიწევნით შევასრულოთ.

ელენე ზურაბიშვილი

 

გააზიარე: