გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

16.02.2018
"ავერსი" ვალენტინობას გილოცავთ...

  1. სამედიცინო თემები >
  2. დალაშქრე შენი ქვეყანა
  3. ჟურნალში დაბრუნება >

Print Page Digg Twitter Google ბირთვისი – სერიოზული გამოცდა ახალბედა მოლაშქრეებისთვის
ბირთვისი – სერიოზული გამოცდა ახალბედა მოლაშქრეებისთვის

ბირთვისი – სერიოზული გამოცდა ახალბედა მოლაშქრეებისთვის

სადაცაა ორი წელი გახდება, რაც ამ რუბრიკით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს გაცნობთ, თუმცა ცოდვა გამხელილი ჯობია და ჩვენმა სარედაქციო ჯგუფმა ამ ზაფხულსღა მოახერხა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. დასალაშქრავად კი ბირთვისის ციხე შევარჩიეთ. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენთან ერთად წამოსვლა მოისურვა გამოცდილმა მოლაშქრემ ერეკლე უგრელიძემ, რომელმაც მოგზაურობის სიყვარული პროფესიად აქცია და რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტებს ტურიზმის მარკეტინგს ასწავლის, საინტერესო მარშრუტების დაგეგმვაც შესანიშნავად ეხერხება და მეგზურობის გაწევაც.

ჩვენ მხოლოდ ბირთვისს ვესტუმრეთ, თუმცა ამ მხარეში კიდევ რამდენიმე საინტერესო ადგილის მონახულება შეიძლება.

ეს მარშრუტი თბილისიდან დაახლოებით 70 კმ-ის რადიუსშია და უმთავრესად თეთრი წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. თეთრ წყარომდე სოფელი ტბისია, საიდანაც ბირთვისში ასვლაა შესაძლებელი. თეთრი წყაროდან 5-6 კილომეტრზე სამშვილდეა, ხოლო  8-9 კილომეტრზე – გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი.

ამ სამი მარშრუტიდან ბირთვისისა ყველაზე რთულია. ახალბედა მოლაშქრეებისთვის მისი გამარტივებაც შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ციხეების დალაშქვრაზე უარის თქმა მოგიწევთ. ჩვენმა მეგზურმა კი მიიჩნია, რომ თეორიულად ესოდენ კარგად მომზადებულებს, არც ციხეებზე ასვლა გაგვიჭირდებოდა. ასე რომ, ჩვენი დებიუტი პირდაპირ რთული მარშრუტით შედგა და, ერეკლეს თქმით, საკმაოდ კარგადაც გავართვით თავი.

მზის გულზე დიდხანს რომ არ გვევლო, თბილისიდან დილის 8 საათზე გავედით, თუმცა ზაფხულის მცხუნვარე მზეზე სიარულს მაინც ვერ ავცდით.

გზად ელიზაბეთტალში შევიარეთ. გერმანელების მიერ 1818 წელს დაარსებულ ამ სოფელს ახლა ასურეთი.

– ძველ გერმანულ უბანს დღესაც ელიზაბეთტალს ეძახიან, – გვეუბნება ერეკლე, – აქ დასახლებულმა გერმანელმა შოლმა ყურძნის ახალი ჯიში გამოიყვანა, რომელსაც მის პატივსაცემად შოლის ყურძენი დაარქვეს. შოლი წარმატებით აწაწრმოებდა ღვინოს. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში კარტოფილის კულტურის გავრცელებაშიც. ელიზაბეთთტალიდან გაშლილმა გერმანელებმა ამ რეგიონში კიდევ სამი სოფელი დააარსეს – ალექსანდერსჰილფი, ვიზენდორფი და ტრაუბენბერგი, დღევანდელი თრიალეთი, ახალი მარაბდა და თამარისი. 2016 წელს ელიზაბეთტალის მთავარმა ქუჩამ, რომელსაც მანამდე სტალინის ქუჩა ერქვა, ოფიციალურად მიიღო ორენოვანი დასახელება. დღეს მას შვაბების ქუჩა ჰქვია.

ერეკლემ დაგვანახა ამ ქუჩაზე მდებარე ტიპური ძველი გერმანული სახლი, რომელიც გერმანელმა მანფრედ ტიხონოვმა შეიძინა და აღადგინა თავდაპირველი, ძველი გერმანული სტილით, სადაც მანსარდი ხის ძელებითა და ქვითკირითაა ნაშენი. აქ მან საოჯახო სასტუმრო მოაწყო. მანვე აღადგინა ღვინის წარმოების ტექნოლოგიაც, რომელსაც თავის დროზე შოლი იყენებდა და სტუმრებს ღვინო “შალას” დეგუსტაციას სთავაზობს.

მოვინახულეთ 1872 წელს აგებული ლუთერანული ეკლესიაც, სადაც, გადმოცემით, ორგანიც ჰქონიათ.

მანქანები სოფელ ტბისში გავაჩერეთ და დიდი შემართებით შევუდექით გზას.

 

რჩევა

* აუცილებლად დაიხურეთ ქუდი, სასურველია, ფარფლებიანი, რომ კისერი და მხრებიც დაგიფაროთ.

* სხეულის ღია ადგილებზე წაისვით ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი (შPF-ფაქტორის შემცველი) კრემი.

* ჩაიცვით გრძელი შარვალი.

* ჩაიცვით აუცილებლად დახურული და კარგად მორგებული ფეხსაცმელი, რომელიც კომფორტულია და აქვს სქელი, დრეკადი, რელიეფური ძირი კარგი მოჭიდებით.

* ზურგჩანთაში ჩაიწყვეთ წყალი, მცირე საგზალი, თბილი შემოსაცმელი, საწვიმარი და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ნივთები.

* წინასწარ გაიკითხეთ, შესაძლებელია თუ არა გზად წყლის მარაგის შევსება და წასაღები წყლის რაოდენობა ასე განსაზღვრეთ.

 

დაბალი ხეებით დაჩრდილული ბილიკი გავიარეთ და მალე გაშლილ ადგილას გავედით. აქაურ ლანდშაფტში ერთმანეთთანაა შერწყმული კლდეები, ტყეები, მთები, ხეობა, კანიონი...

 

დევის ნარღვევი

კლდოვანი გზის შემდეგ “დევის ნარღვევში” აღმოვჩნდით. ასე ეძახიან ბირთვისის ციხისკენ მიმავალ ორ კლდეს შორის გასაძრომ ბილიკს.

– სოფელ ჩხიკვთას სამხრეთ-დასავლეთით სამების მაღალი მთაა, რომელსაც ლეგენდა ამ ნარღვევს უკავშირებს, – გვიყვება ერეკლე, – სამება და დევი დიდხანს დავობდნენ, ვისი უნდა ყოფილიყო ეს მთა. ბოლოს სამება დათანხმდა, დევისთვის დაეტოვებინა მთის წვერი, თუ მას ერთ ღამეში, მამლის ყივილამდე შემოავლებდა ზღუდეს. დევმა თავისი და დაიხმარა, რომელიც მოპირდაპირე მაღალი მთიდან, საწურბლოდან, ძმას უზარმაზარ ლოდებს ესროდა. სამებამ დაინახა, დევი პირობას ასრულებსო და ცაში აისროლა წითელი ნაჭერი, რომელიც მამლად გადაიქცა. მამალმა იყივლა. დევმა იფიქრა, დავმარცხდიო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გზადაგზა კლდეს მიარღვევდა. სწორედ მის ნაკვალევზე დარჩა ბილიკი, რომელსაც დევის ნარღვევს უწოდებენ

ნარღვევი რომ ჩავიარეთ, გრილ ხეობაში გავჩერდით. აქ სასმელ წყალს შევავსებთო, გვითხრა ერეკლემ.

ბავშვობის შემდეგ ასეთი წყარო არ მენახა. დიდი ქვების ძირას, პატარა ღმულში, წყალი დაგუბებულიყო და ერთ მხარეს მიედინებოდა.

ბუნებრივად მდინარე გაუფილტრავი და გაუწმენდავი წყაროს დანახვაზე, ცოტა არ იყოს, შევცბით და კინაღამ მარაგის შევსებაზეც უარი ვთქვით, მაგრამ მივხვდით, უწყლოდ ძალიან გაგვიჭირდებოდა. თუმცა, ერეკლეს თქმით, რომელსაც რამდენჯერმე აქვს ფეხით შემოვლილი  ჩვენი სამშობლო, ასეთი გემრიელი წყარო საქართველოში სულ რამდენიმეა.

მოვლენებს გავუსწრებ და აქვე გეტყვით, რომ წყაროს წყალს არავისთვის უწყენია.

 

აუღებელი ციხესიმაგრე

დასვენებულები, “შეუპოვარის” დასაპყრობად გავეშურეთ, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ლამის შვეულ კლდეზე მოგვიწია აცოცება. ერეკლემ დაგვარიგა: კლდეს სამი წერტილით უნდა ეხებოდეთ, არ გადაანაცვლოთ ხელი ან ფეხი, თუ დანარჩენი სამი კიდურით საიმედოდ არ ხართ მოჭიდებულიო.

ასე ჩავაბარეთ პირველი გამოცდა კლდეზე ცოცვაში.

ბირთვისი არ ჰგავს არც ერთ ციხეს, რომელიც აქამდე მინახავს. ის მთლიანად მთებითაა გარშემორტყმული. ყველა გასასვლელი ხელოვნურადაა გამაგრებული და კედლითაა გადაკეტილი. “შეუპოვარი” მრგვალი კოშკია, კედლებზე სათოფეები აქვს დატანებული. დაღლილები, სწორედ მის ძირას ჩამოვსხედით და ერეკლეს მივუგდეთ ყური:

– ბირთვისი პირველად XI საუკუნის წყაროებში იხსენიება, მაგრამ უფრო ადრე უნდა იყოს აშენებული. XI საუკუნეში კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ ის თბილისის ამირას წაართვეს. ბირთვისი აუღებელ სიმაგრედ ითვლებოდა. სტრატეგიული მნიშვნელობა მას XVIII საუკუნის ბოლომდე არ დაუკარგავს.

XV საუკუნეში, როცა თემურლენგი მერვედ და უკანასკნელად შემოესია საქართველოს, მისმა სარდლებმა ბირთვისის ციხეს მთელი ჯარით შემოარტყეს ალყა. როდესაც ციხე ვერ აიღეს, გადაწყვიტეს, თვით “ღვთაებრივი თემური” მოეყვანათ, რომელიც იმ დროს სამშვილდეში იმყოფებოდა. თემურლენგი გაეცნო ციხის მდებარეობას, მის სირთულეს და სხვა გზა გამოძებნა: ლაშქარში ჰყავდა მექრითები – ხალხი, რომლებიც კლდეზე ცოცვაში იყო დახელოვნებული და მათ სწორედ ბირთვისისმაგვარი აუღებელი ციხეების დასაპყრობად იყენებდა. თემურმა ჰკითხა მათ, შეძლებდნენ თუ არა ასეთ კლდეზე აცოცებას. მექრითებმა ურჩიეს, ღამეს დალოდებოდნენ, რათა მეციხოვნეები მათ განზრახვას არ მიმხვდარიყვნენ.  მართლაც, ღამით კლდეს კბილი მოუსინჯეს და დილით თემურლენგს მოახსენეს, რომ ციხის გალავნზე გადასვლა შესაძლებელი იყო, თანაც ყველაზე ციცაბო, ბუნებრივად დაცულ მხარეს, რომელსაც მეციხოვნეები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მექრითების რჩევით, თემურმა ოთხასსაფეხურიანი თოკის კიბე დაამზადებინა. ორი დღის განმავლობაში მტერი დღედაღამ უტევდა ციხეს, რომ მისი მცველები დაექანცა, შემდეგ ალყა მოხსნეს და მეციხოვნეთა თვალის ასახვევად უკან დაიხიეს. ღამით კი მექრითები კლდეზე აცოცდნენ, ისარგებლეს, ერთი მხრივ, გადაღლილი, მეორე მხრივ კი ზედმეტად დაიმედებული მეციხოვნეების მდგომარეობით და ციხეში შეაღწიეს.

არსებობს ლეგენდა, თითქოს ერთმა უზბეკმა მეომარმა, რომელსაც ალბათ შეებრალა მცირერიცხვოვანი გარნიზონი, ასე გმირულად რომ იცავდა თავს,  გააღვიძა ქართველი მეციხოვნე, მაგრამ თემურლენგის მეომრებმა ციხის კარის გაღება მაინც მოახერხეს. ასე დაეცა ბირთვისი სამხედრო ძალით ერთადერთხელ თავისი არსებობის განმავლობაში.

ზედა ციხე კიდევ უფრო მაღლა აღმოჩნდა. პირველი გამოცდილების შემდეგ კლდეზე აცოცება აღარ გაგვძნელებია, თუმცა რამდენიმე ჩვენგანმა ბედის გამოცდა აღარ მოისურვა და ქვემოთ დაგველოდა. სანაცვლოდ ულამაზეს სანახაობას მოაკლდა –  კლდის წვერზე, პატარა მოტიტვლებული მინდვრიდან, მთელ ბირთვისს ზემოდან გადავყურებდით.    

 

არ მოეშვათ

შეუპოვარის გადასახვევთან ბილიკი არ წყდება – კანიონისკენ გრძელდება. მოლაშქრეები აქ ხშირად იბნევიან, მაგრამ წინასწარ ვერაფერს იღონებ, რადგან ბირთვისის კომპლექსის რუკა არ არსებობს.

– ერთხელ აქ სტუდენტები და მეგობრები მყავდა წამოყვანილი. ახალგაზრდებმა მოგვმართეს დასახმარებლად – მათი გუნდის რამდენიმე წევრს გზა აბნევია და ციხეზე ასვლის ნაცვლად ქვემოთ, კანიონისკენ დაშვებულა, სადაც გაუვალი ხეობაა. ადამიანს უკან დაბრუნება ეზარება, რადგან საკმაოდ რთული ბილიკი აქვს უკან მოტოვებული, წინ კი კიდევ უფრო გრძელი გზაა... ხეობიდან გამოსაღწევად ათი კილომეტრის გავლა მაინც უწევს. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ფატალურად არ მთავრდება, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნველია – უკან ვერ ბრუნდები, წინ კი გზას ბოლო არ უჩანს.

დღე იწურებოდა, ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. ერთი ბრიგადა დროულად ამოვიდა, მეორეს კი თვითონვე დაებნა გზა. ფიზიკურადაც არცთუ სახარბიელოდ აღმოჩნდნენ მომზადებულები...

იყო სხვა შემთხვევაც – გოგონა კლდიდან ჩამოვარდა და ტვინის შერყევა მიიღო.  დასვენება და გართობა კარგია, მაგრამ სიფრთხილე არ უნდა დაგვავიწყდეს. უნდა გვახსოვდეს ძაღლებიც. საზოგადოდ, მოგზაური ხალხი გულისხმიერია ცხოველების მიმართ. ძაღლებიც შეჩვეულები არიან, რომ საგზალს უნაწილებენ, მაგრამ ყველა ერთნირად თავდაჭერილი არ არის. შესაძლოა, სულმა წასძლიოთ და უსაგზლოდ დაგტოვონ. როცა ციხეზე ავდივართ ხოლმე, ზედმეტ ბარგს, მათ შორის – საგზალს, ქვემოთ ვტოვებთ და უკან დაბრუნებისას ვიღებთ. ერთხელ ძაღლებმა ხეზე დაკიდებულ ჩანთების ჩამოყრა მოახერხეს და ნებიერი ბავშვებივით ყველა ხაჭაპურს გული ამოაჭამეს. ასე დავრჩით ხაჭაპურის გარეშე.

 

რჩევა

* თუ ბირთვისის ციხეებზე პირველად ადიხართ, ისეთი ადამიანი წაიყოლეთ, ვინც ნამყოფია იქ, ასე თუ ისე იცნობს გარემოს და პასუხისმგებლობასაც აიღებს.

* ციხეზე ასვლამდე საგზალი ხეებზე რაც შეიძლება მაღლა დაკიდეთ.

 

– ბირთვისში კარგია ორი ან მეტი დღით, ღამისთევით წასვლა. თავისი ხიბლი აქვს კარავში ძილს, კოცონის გარშემო გართობას...

ბირთვისი განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე. შემოდგომიდან აქტიური სამოგზაურო სეზონი მთავრდება და ბუნება ადამიანებისგან მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს. მოგზაურთა უმეტესობას ჰყოფნის კულტურა, გარემოს გაუფრთხილდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანი მაინც აჩნევს ბუნებას თავის კვალს. ტურიზმში არსებობს ცნება “გამტარობა”: როდესაც მოლაშქრეთა რაოდენობა გარკვეულ ზღვარს აღწევს, ბუნება ვეღარ უძლებს, ითელება, იწვება, ნადგურდება... ზამთარში ბირთვისი სწორედ ამ ჭრილობებს იშუშებს. ადრე გაზაფხულზე ადამიანის კვალი უკვე აღარ ჩანს, აქაურობა სავსეა ყვავილებით, ხელშეუხებელი სიმწვანით, მოჩქეფს ჩანჩქერები, დგას საოცარი სურნელი, ისმის ჩიტების ჭიკჭიკი, თავი სამოთხეში გეგონება...

 

სამშვილდე

– თითოდღიანი ლაშქრობის მოწყობაა შესაძლებელია სამშვილდესა და გუდარეხში ან სამშვილდესა და პირღებულას მონასტერში. ყველა ეს ძეგლი, ბირთვისის ჩათვლით, დაახლოებით ერთი და იმავე ეპოქისაა – IX-XIII საუკუნეებისა, თუმცა უფრო ადრეული და გვიანი პერიოდების ძეგლებიც გვხვდება. ბირთვისი ხრამის ხეობაშია, სამშვილდე და გუდარეხი კი ალგეთისაში. სამშვილდე ორ მდინარეს შორისაა მოქცეული: ჩრდილოეთიდან ჭივჭავი ჩამოუდის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი ხრამი. მათ შესართავთან ნახევარკუნძულია, ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, ორ მხარეს – კლდოვანი შვეული ხრამებით, მესამე მხარეს კი გალავნითა და მისასვლელი გზით.

მაღალი გამავლობის მანქანა ბოლომდე მიდის, თუმცა გირჩევთ, მანქანა სოფელში გააჩეროთ და ეს ულამაზესი გზა ფეხით გაიაროთ.

სამშვილდე ისტორიულ წყაროებში ალექსანდრე მაკედონელის დროიდან იხსენიება. ამ ტერიტორიისთვის  სულ იბრძოდნენ, რადგან მისი მფლობელი მთელ ქვემო ქართლს აკონტროლებდა. სამშვილდე სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ბიზანტიას, თბილისის საამიროს, სომხეთის ტაშირ-ძოგარეთის სამეფოს (იმ პერიოდში სამშვილდე სამეფოს დედაქალაქიც კი იყო და იქაური მეფეები სამშვილდრებად იწოდებოდნენ), ირანელებს, ორბელთა ფეოდალურ საგვარეულოს, მონღოლებს...

ამჟამად სამშვილდეში ქართული მოსახლეობა აღარ არის. ეს ძეგლი ძალიან მოსავლელია, ხშირად საქონელიც კი შედის მის ტერიტორიაზე.

აქვეა სამშვილდის სიონი, რომელიც მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დედის საგდუხტ დედოფლის ბრძანებით აუშენებიათ. მის გარდა სამშვილდის კომპლექსში ათზე მეტი ძეგლია: ტაძრები, სასახლეები, სახლები, წყალსაცავები, ხიდი.

ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 1970-იან წლებში ჩატარდა. ბოლო დროს კი არქეოლოგიური კვლევა საქართველოს უნივერსიტეტის თაოსნობით ხორციელდება და ბევრი საინტერესო აღმოჩენაც კეთდება.

სამშვილდის ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით, პირღებულას მონასტერია. ეს ადგილი თავის დროზე იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ თურმე ამბობდნენ, სამშვილდე პირღებულას აღმოსავლეთით მდებარეობსო.

 

გუდარეხი

– გუდარეხი სამონასტრო კომპლექსია მდინარე გუდარეთისწყლის მარცხენა მხარეს. ამ ადგილს წინათ რატომღაც ღორისთავი ერქვა. სახელი 1947 წელს შეუცვალეს.

გუდარეხისკენ ორი გზა მიდის: ერთი – რაიონული ცენტრიდან, თეთრი წყაროდან, მეორე კი, ძალიან მოკლე – აბრამეთიდან. ჩვენი რჩევა იქნება, ფარცხისი, ამლევი, აბრამეთისა და ორბეთი-ამლევი-აბრამეთის მხრიდან ნუ გაემგზავრებით, რადგან, მიუხედავად ამ გზის სიმოკლისა და მოხერხებულობისა, წყალდიდობის შედეგად ჩანგრეული ხიდის გამო გუდარეხში ვეღარ მოხვდებით.

მონასტერი სოფლიდან ათ კილომეტრზეა. იქ რამდენიმე ადამიანი სახლობს. სასულიერო პირებიც აქ ცხოვრობენ და გუდარეხის ძველ მონასტერში მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ადიან ღვთისმსახურების ჩასატარებლად.

გუდარეხის მონასტერი რუსუდანის მეფობის დროს, 1222-1245 წლებშია აშენებული. აქ არის საქართველოში უძველესი დათარიღებული სამრეკლო (თარიღდება 1278 წლით, დემეტრე მეორის ეპოქით), რომელიც სხვადასხვა ფერის კვადრატული ქვებითაა ნაგები.

მონასტერი 4.5 ჰექტარზეა გადაჭიმული. იქვე, მის გვერდით, მდებარეობს სამოსახლოც. კომპლექსში საკმაოდ ბევრი ნაგებობაა: ტაძარები, სასახლე, საჯინიბო, მარანი, სენაკები... ვარაუდობენ, რომ გუდარეხში იყო კერამიკული წარმოებაც.

ტყის სიღრმეს შეფარებული ეს ადგილი ნამდვილი სავანეა.

 

თხოვნა

* სამშვილდე  და გუდარეხი ძველი ისტორიული რეგიონია, რომელსაც დღეს ძალიან აკლია ყურადღება. კარგი იქნება, თუ ამ ადგილებს ხშირად მოინახულებთ.

* მოლაშქრეები ბევრ ნაგავს ტოვებენ.  სტუდენტებთან ერთად რომ მოვდივარ, ვაგროვებთ ხოლმე სხვების დანატოვარს და მიგვაქვს. ყველას გთხოვთ, არც თავად დატოვოთ ნარჩენები და სხვა, უპასუხისმგებლო ადამიანების დატოვებულიც გამოაყოლოთ ხელს. ბუნებას მოფრთხილება სჭირდება.

მარი აშუღაშვილი

 


Print Page Digg Twitter Google ბირთვისი – სერიოზული გამოცდა ახალბედა მოლაშქრეებისთვის




ზემოთ