საშიში სისხლდენა

გააზიარე:

 

ვაგინალურ სისხლდენად მიიჩნევა საშოდან ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ არის დაკავშირებული ნორმალურ მენსტრუალურ ციკლთან.

გამონადენი შეიძლება იყოს წვეთოვანიც (ე.წ. სფოთინგი), ზომიერიც და ჭარბიც.

ნორმალური ვაგინალური სისხლდენა, მენსტრუაცია, იწყება ყოველ 21-35 დღეში ერთხელ და რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება. გამონადენის ოდენობა ინდივიდუალურია. ნებისმიერი სხვა, მენსტრუაციასთან დაუკავშირებელი სისხლდენა პათოლოგიურად მიიჩნევა.

ასევე საყურადღებოა სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის დროს. მენოპაუზა ეწოდება პერიოდს, როდესაც ორგანიზმი ამოწურავს გამრავლებისთვის საჭირო რესურსს და რეპროდუქციული ფუნქცია წყდება. თუ ქალს ზედიზედ თორმეტი თვეა არ ჰქონია მენსტრუაცია, კონსტატირდება მენოპაუზა.

ვაგინალური სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს გინეკოლოგიური პრობლემა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ან რომელიმე მედიკამენტი, გინეკოლოგიურ პრობლემათაგან ყველაზე ხშირად – საშვილოსნოს მიომა, პოლიპი, ადენომიოზი, საშვილოსნოს სიმსივნური წარმონაქმნი და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.

 

საშვილოსნოს მიომა

მიომა საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მას ფიბრომას ან ფიბრომიომასაც უწოდებენ. მიომის ზრდას ქალური სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, მომატებული სეკრეცია უწყობს ხელს, თუმცა მიომური კვანძი სისხლში ესტროგენების ნორმალური შემცველობის დროსაც შეიძლება გაჩნდეს.

კვანძი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ერთეული ან მრავლობითი. ზოგი მათგანი სწრაფად იზრდება და ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლისას უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, ზოგი კი ნელა, უსიმპტომოდ ვითარდება და პროფილაქტიკური დათვალიერებისას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.

მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ სამი სახის მიომურ კვანძს: სუბმუკოზურს, ინტრამურალურსა და სუბსეროზულს. ეს უკანასკნელი საშვილოსნოს ზემოდან ჩნდება და მის ღრუსთან კავშირი არ აქვს. სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს სუბმუკოზურმა კვანძმა, რომელიც საშვილოსნოს ღრუში მდებარეობს. რაც შეეხება ინტრამურალურ, იმავე ინტერსტიციულ მიომურ კვანძს, ის საშვილოსნოს კედლის სისქეში წარმოიშობა, თუმცა ზოგჯერ ღრუსკენ იზრდება და საშვილოსნოს დეფორმაციას იწვევს. ამ დროსაც სისხლდენაა მოსალოდნელი.

მიომისთვის დამახასიათებელია გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ზოგჯერ – სიხლდენა აციკლურ პერიოდში. უხვი სისხლდენა ხშირად ანემიას იწვევს.

მიომა უმეტესად უსიმპტომოდ და უმტკივნეულოდ ვითარდება და შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევისას.

თუ კვანძი დიდი ზომისაა, შესაძლოა, შარდის ბუშტს ან ნაწლავებს მიაწვეს და ტკივილი ან დისკომფორტი გამოწვიოს.

სუბმუკოზური მიომა, წესისამებრ, უშვილობას იწვევს, ხოლო დიდი ზომის ინტრამურალური მიომური კვანძის არსებობისას დაორსულება შესაძლებელია, თუმცა პირველ ტრიმესტრში მოსალოდნელია გართულებები. დიდი კვანძი ნაყოფის შენარჩუნებას ართულებს, მეორე და მესამე ტრიმესტრებში კი მიომა ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს.

 

პოლიპი

საშვილოსნოს პოლიპი საშვილოსნოს ღრუში მდებარე კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც მისი ამომფენი ქსოვილისგან – ენდომეტრიუმისგან ვითარდება. თანამედროვე მედიცინაში პოლიპი კიბოსწინარე მდგომარეობადა მიიჩნევა და დიაგნოსტირების შემთხვევაში მისი მოცილებაა რეკომენდებული. პოლიპი შეიძლება გაჩნდეს როგორც საშვილოსნოს ღრუში, ისე ცერვიკალურ არხში და საშვილოსნოს ყელზეც. ის შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითის. უკანასკნელ შემთხვევას საშვილოსნოს პოლიპოზის სახელწოდებით მოიხსენიებენ.

პოლიპების უმრავლესობა ფართო ფეხით არის დაკავშირებულ ლორწოვან გარსთან, თუმცა არსებობს პოლიპები გრძელ ფეხზეც.

პოლიპები გვხვდება როგორც რეპროდუქციული ასაკის, ისე მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებთან.

პოლიპის ერთ-ერთი სახეობაა პლაცენტური პოლიპი. ის ხელოვნური აბორტის, მუცლის თვითნებური მოშლის, შეწყვეტილი ორსულობის ან მშობიარობის შემდეგ პლაცენტის არასრული გამოძევების შედეგად წარმოიშობა და პრაქტიკულად ისეთივე კლინიკური სიმპტომები ახასიათებს, როგორიც სხვა ტიპის პოლიპებს. უპირველ ყოვლისა – სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პოლიპის არსებობა უნდა ივარაუდონ, როდესაც მენსტრუაციის მეორე დღეს სისხლიანი გამონადენი უხვია, ურევია კოლტები და ციკლი 8-10 დღემდე გრძელდება ან შეინიშნება სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის, ხოლო მენოპაუზის პერიოდში ყოველგვარი სისხლიანი გამონადენი პოლიპის არსებობაზე ბადებს ეჭვს და გინეკოლოგთან ვიზიტის საჭიროებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პოლიპი ხშირად უშვილობის მიზეზიც არის.

 

საშვილოსნოს კიბო

საშვილოსნოს კიბო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის უმთავრესად 40-დან 60 წლამდე ასაკში ვითარდება. საშვილოსნოს კიბო შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მისი სიმპტომები – თეთრად შლა, სისხლდენა და ტკივილი – სიმსივნის გვიანდელ სტადიაზე იჩენს თავს.

საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის ტიპური სიმპტომია კონტაქტური სისხლდენა – სისხლდენა სქესობრივი კონტაქტის, გამორეცხვის, საშვილოსნოს გამოკვლევის ან სიმძიმის აწევის შემდეგ. თუ ქალს მენსტრუაცია უკვე შეუწყდა, საშვილოსნოდან ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი ავთვისებიანი პროცესის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს. ამ დროს აუცილებელია გამოკვლევა.

 

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი შრის, ენდომეტრიუმის, უჯრედები უჩვეულო ადგილას – მაგალითად, საშვილოსნოს კედელში, ფალოპის მილებზე, საკვერცხეებზე, პერიტონიუმზე – გადაინაცვლებს, წარმოქმნის ენდომეტრიოზის კერებს და თითქმის ისევე ფუნქციობს, როგორც ენდომეტრიუმი ანუ მენსტრუირებს. მენსტრუაციის დროს ჩამოთვლილი ორგანოებიდანაც ისევე დის სისხლი, როგორც საშვილოსნოდან.

საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის ენდომეტრიოზს ადენომიოზი ეწოდება. მისთვის დამახასიათებელია გახანგრძლივებული, ჭარბი მენსტრუაცია, ყავისფერი გამონადენი მენტრუაციის დასაწყისში და დასასრულს, ზოგჯერ – მტკივნეული მენსტრუაცია და ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს, რაც გაუსაძლისს ხდის სქესობრივ ცხოვრებას. ენდომეტრიოზიან ქალებს ხშირად უშვილობაც აწუხებთ.

 

დისფუნქციური სისხლდენა

შესაძლოა, ორგანიზმში ამა თუ იმ მიზეზით დაირღვეს ჰორმონალური ბალანსი, რაც საკვერცხის ფუნქციის დარღვევამდე მიგვიყვანს. როგორც იცით, საკვერცხეებში კვერცხუჯრედები ციკლურად მწიფდება. ამასთან ერთად, გამომუშავდება სასქესო ჰორმონებიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის შენარჩუნებაში. ჰორმონული დისბალანსის დროს ციკლი ირღვევა, ხშირად ვითარდება საკვერცხის ცისტა, რასაც მოსდევს ენდომეტრიუმის გასქელება – ჰიპერპლაზია, ის კი, თავის მხრივ, შესაძლოა საშვილოსნოდან სისხლდენის მიზეზად იქცეს. დისფუნქციური სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოგენური ფაქტორი, სტრესი, გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობა, მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაცია, მავნე პროფესიული ფაქტორების ზემოქმედება, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა და სხვა.

 

ვეძებთ მიზეზს

თანამედროვე მედიცინისთვის საშვილოსნოდან სისხლდენის მიზეზის დადგენა ძნელი არ არის. გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ აუცილებელია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევა. პოლიპის, მიომური კვანძის, საშვილოსნოს სიმსივნური დაავადებისა და ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის აღმოჩენა შესაძლებელია როგორც ტრანსვაგინალური, ისე ტრანსაბდომინალური ექოსკოპიით. თუ პაციენტს უკვე აქვს სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება, უმჯობესია, გამოკვლევა ტრანსვაგინალური მიდგომით ჩატარდეს, ვინაიდან ასე უფრო ადვილია საშვილოსნოს ღრუსა და ენდომეტრიუმის დეტალური დათვალიერება და მცირე ზომის დაზიანებების აღმოჩენა. სასურველია, აღნიშნული გამოკვლევა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, ციკლის დაწყებიდან მე-13 დღემდე, სანამ ოვულაცია მოხდება. ვინაიდან ოვულაციის შემდეგ ქალის ორგანიზმში ჰორმონული გადაწყობა ხდება, საკვერცხეები იწყებენ პროგესტერონის გამომუშავებას, რომელიც ენდომეტრიუმზე მოქმედებს. ეს უკანასკნელი ტრანსფორმაციას განიცდის, სქელდება და შესაძლოა, პოლიპის იმიტაცია გამოიწვიოს. სინამდვილეში ღრუში არავითარი პოლიპი არ არის, მხოლოდ ენდომეტრიუმია ლოკალურად შესქელებული.

პაციენტი, რომელიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, ხელით გასინჯვის შემდეგ აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული სარკეებითაც. საშვილოსნოს ყელის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში ტარდება ნაცხის ციტოლოგიური კვლევა ან ბიოფსია. ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის დროს, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ექცევა ანამნეზურ მონაცემებს. ულტრაბგერით გამოკვლევას განსაზღვრული დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს, თუმცა ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი, განსაკუთრებით – დაავადების ადრეულ ეტაპზე, ლაპაროსკოპიაა.

 

მკურნალობა

მიომური კვანძების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი ქირურგიული ჩარევაა, მაგრამ თუ კვანძი დიდი ზომისა არ არის და არც სისხლდენას იწვევს, ლოდინს ამჯობინებენ. მკურნალობის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია პაციენტის რეპროდუქციული სტატუსიც. პოლიპის ექოსკოპიურად დადგენის შემდეგ ტარდება ჰისტეროსკოპია და პოლიპს ამოკვეთენ. დისფუნქციურ სისხლდენას უმეტესად მედიკამენტურად მკურნალობენ. თუ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, რეკომენდებულია ჰისტეროსკოპია.

არსებობს ენდომეტრიოზის მკურნალობის ორი მთავარი გზა: ჰორმონული და ქირურგიული. მსუბუქი ფორმის ენდომეტრიოზის დროს იდეალური გამოსავალია ორსულობა. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად ირჩევა პაციენტის ასაკის, პათოლოგიური პროცესის მდებარეობისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით. საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის საწყის სტადიაში ინიშნება კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატები. მკურნალობის შედეგად ტკივილები სუსტდება და წყდება. თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ტარდება ოპერაციული მკურნალობა, რომლის შემდეგაც ინიშნება ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატები. ოპერაციული მეთოდი გამართლებულია მხოლოდ გარეგანი ენდომეტრიოზის შემთხვევაში, როცა პაციენტი ტკივილის სინდრომით იტანჯება ან ვერ ორსულდება. ამ დროს ამოკვეთენ მცირე მენჯის ღრუში არსებულ ენდომეტრიოიდულ კერებს.

საშვილოსნოს ავთვისებიანი დაავადების მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, მის საერთო მდგომარეობასა და კიბოს კლინიკურ სტადიაზე. მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულია – გულისხმობს საშვილოსნოს ამოკვეთას დანამატებითურთ. ზოგჯერ საჭირო ხდება მენჯის ღრუს ლიმფური კვანძების ამოკვეთაც. შეიძლება ჩატარდეს კომბინირებული მკურნალობაც: ოპერაცია და სხივური თერაპია.

თამარ არქანია

 

გააზიარე: