გამაშეშებელი საფრთხე

გააზიარე:

 ვაქცინაციაზე საუბრისას უწინარესად, ბუნებრივია, ჩვენი პატარა წარმოგვიდგება თვალწინ. ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს აცრა, ზედმიწევნით მივყვეთ ეროვნული კალენდრით დადგენილ ვადებს... და გვავიწყდება, რომ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრების ჩატარება მოზრდილ ადამიანებსაც გვჭირდება. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ტეტანუსი, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ სიკვდილითაც კი მთავრდება. მის სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ერთობ შემაშფოთებელ სურათს დავინახავთ: სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია – 17-25%. იმ რეგიონებში, სადაც არ ტარდება პროფილაქტიკური აცრა და მიუწვდომელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, მოზრდილთა სიკვდილიანობა 80%-ს აღწევს, ახალშობილებისა – 95%-ს. დამეთანხმებით, შთამბეჭდავი მონაცემებია და ნამდვილად ღირს, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ვიფიქროთ. მანამდე კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმის სამსახურის უფროსთან მედეა ტუღუშთან, რომელიც ამ დაავადების არსსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე გვესაუბრება.

  • – ქალბატონო მედეა, რა იწვევს ტეტანუსს?

– ტეტანუსს იწვევს ტოქსინი, რომელსაც ტეტანუსის ჩხირი Clostridium tetani წარმოქმნის. ეს ბაქტერია უჟანგბადო არეში მრავლდება. ტეტანუსის ჩხირი ადამიანისა და ცხოველების ნაწლავთა ჩვეულებრივი ბინადარია, მშვიდობიანად ცხოვრობს იქ და არ ვნებს მატარებელს. საფრთხე თავს მაშინ იჩენს, როდესაც ადამიანის ან ცხოველების ფეკალიები გარემოში ხვდება და ნიადაგსა თუ სხვადასხვა ნივთს აბინძურებს. აქ ტეტანუსის ჩხირები წარმოქმნიან სპორებს, რომლებიც ძალიან გამძლეა გარეგანი ფაქტორების მიმართ. ამ მდგომარეობაში ის ათ წელიწადზე მეტხანს ძლებს, ჭრილობიდან, დამწვრობიდან, ცხოველის ნაკბენიდან კი ადამიანის ორგანიზმში ხვდება. თუ ჭრილობაში ჰაერი აღწევს, ჩხირმა შესაძლოა ვერ გამოიწვიოს დაავადება – ის უფრთხის ჟანგბადს, მაგრამ თუ, მაგალითად, ფეხში ჟანგიანი ლურსმანი შეგვერჭო და ჭრილობა იმდენად ვიწრო აღმოჩნდა, რომ ჰაერმა მასში პრაქტიკულად ვერ შეაღწია, ტეტანუსის გამომწვევი გამრავლდება და გამოყოფს ადამიანისთვის საშიშ შხამს – ეგზოტოქსინს. უკანასკნელ ხანს ტეტანუსის შემთხვევათა უმეტესობა მცირე ზომის ჭრილობის შედეგია. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ჭრილობის სამედიცინო მართვა უკეთ ხდება.

  • – რა სიმპტომები აქვს ტეტანუსს? რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს მან?

– სიტყვა “ტეტანუსი” ძველი ბერძნულიდან მომდინარეობს და გაშეშებას ნიშნავს, რაც ზუსტად ახასიათებს დაავადების კლინიკურ სურათს. იგი მთელი სხეულის კუნთების კრუნჩხვებს იწვევს, რასაც ძლიერი ტკივილი ახლავს თან. კრუნჩხვების მიზეზად მიიჩნევა ეგზოტოქსინის ერთ-ერთი ფრაქცია – ტეტანოსპაზმინი, რომელიც, ამასთანავე, შლის ერითროციტებს და აზიანებს ნერვულ სისტემას.
დაავადება იწყება მსუბუქი საერთო სისუსტით და ტრავმირებული ადგილის ნერვული კრთომით. განსაზღვრული ხნის შემდეგ იწყება საღეჭი და მიმიკური კუნთების კრუნჩხვითი კუმშვები და სახეზე იყინება ღიმილი (ე.წ. სარდონიკული ღიმილი), თითქოს ადამიანს მოღიმარი ნიღაბი აუფარებიაო. ყბების უნებლიე მოკუმვის (ტრიზმის) გამო ავადმყოფი ვერ აღებს პირს, არ შეუძლია ღეჭვა და ყლაპვა, ამიტომ ტეტანუსს “ჩაკეტილ ყბებსაც” (lockjaw) უწოდებენ. თავდაპირველად კრუნჩხვები იშვიათია და ხანმოკლე, თანდათანობით ხშირდება და ზემოდან ქვემოთ ვრცელდება. მგრძნობელობა იმდენად იმატებს, რომ კრუნჩხვის პროვოცირება შესაძლოა სუსტმა გარე გაღიზიანებამაც კი გამოიწვიოს: კარზე კაკუნმა, შეხებამ, ძლიერმა შუქმა... პაციენტთა უმეტესობას ცნობიერება შენარჩუნებული აქვს. მწოლარე ადამიანი კრუნჩხვამ შესაძლოა რკალისებურად მოხაროს, ისე მკვეთრად, რომ ის მხოლოდ ტერფებითა და კეფით ეყრდნობოდეს საწოლის ზედაპირს. როცა ჯანმრთელ ადამიანს ჩონჩხის მომხრელი კუნთები ეკუმშება, გამშლელები დუნდება, ტეტანუსის დროს კი ეს რეგულაცია დარღვეულია. სპაზმი შესაძლოა წარმოიშვას კუნთების ნებისმიერ ჯგუფში, რასაც ზოგჯერ ძვლების და ხერხემლის მოტეხილობამდეც კი მივყავართ. მოსალოდნელია ამოვარდნილობა, კუნთისა და მყესის გაგლეჯა, კუნთის მოგლეჯა ძვლიდან... ტონური კრუნჩხვები მოიცავს ნეკნთაშუა კუნთებსა და დიაფრაგმას, რაც სუნთქვის გაძნელებას და ჰიპოქსიას (ჟანგბადის უკმარისობას) იწვევს. კრუნჩხვები ვითარდება შინაგანი ორგანოების კუნთებშიც – ხახაში, საყლაპავ მილში, ხორხში, ნაწლავებში, შარდის ბუშტში... შორისის კუნთების სპაზმის გამო შეინიშნება შარდვისა და დეფეკაციის გაძნელება.  კრუნჩხვებს თან ახლავს ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა, ნერწყვდენის გაძლიერება, პულსის აჩქარება, არითმია და სუნთქვის უკმარისობა. მოსალოდნელია ფილტვების ანთების ან სხვა მეორეული ინფექციის განვითარება, მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრისა და სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრების დაზიანება. ტეტანუსის ყველაზე მძიმე შედეგი, რა თქმა უნდა, სიკვდილია.

  • – ინფიცირებიდან რამდენი ხნის შემდეგ იჩენს თავს ტეტანუსის სიმპტომები?

– ტეტანუსის საინკუბაციო პერიოდი 3-დან 21 დღემდე მერყეობს, საშუალოდ კი 8 დღეა. რაც უფრო შორს არის დაზიანების ადგილი ცენტრალური ნერვული სისტემიდან, მით უფრო ხანგრძლივია შუალედი. რაც უფრო ხანმოკლეა საინკუბაციო პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და მაღალია სიკვდილის რისკი. კიდევ ერთი – ტეტანუსი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება.

  • – იკურნება თუ არა ტეტანუსი?

– თერაპიის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, ტარდება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია – ინტენსიური თერაპიის ან სარეანიმაციო განყოფილებაში გადაყვანა ან მოთავსება ზედმიწევნით იზოლირებულ განცალკევებულ პალატაში, რადგან, როგორც გითხარით, გარეგან გამღიზიანებლებს კრუნჩხვების გამოწვევის უნარი შესწევთ. ტეტანუსის საუკეთესო “მკურნალობაა” პროფილაქტიკა იმუნიზაციის გზით. ბავშვებთან, მოზარდებსა და მოზრდილებთან ტეტანუსის პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა ვაქცინას იყენებენ.

  • – თუ ადამიანმა დაავადება გადაიტანა, დაზღვეულია თუ არა მისი ხელმეორედ განვითარებისგან?

– არა, ტეტანუსი იმუნიტეტს არ ტოვებს. დაავადების განვითარებისთვის მისი ტოქსინის მცირე ულუფაც საკმარისია, ეს კი ვერ უზრუნველყოფს საჭირო ოდენობის ანტისხეულების წარმოქმნას, ამიტომ ტეტანუსით დაავადებული აუცილებლად უნდა აიცრას ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით – დიაგნოზის დასმისთანავე ან გამოჯანმრთელების შემდეგ.

  • – აუცილებელია ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

– ტეტანუსისგან დაცვა ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება. საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება 2 თვიდან და 6-ჯერადია. ტეტანუსის ვაქცინა შედის კომბინირებული ვაქცინების შემადგენლობაში. ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო ულუფა 14 წლის ასაკში კეთდება. ამის შემდეგ რეკომენდებულია აცრა 10 წელიწადში ერთხელ ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინით.
ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის აცრას სახელმწიფო ჯერჯერობით არ აფინანსებს. არსებობს ფრანგული წარმოების კომერციული ვაქცინა (მწარმოებელი – “სანოფი პასტერი”). იგი შედგება ტეტანუსისა და დიფტერიის ანატოქსინებისგან და ამ ორი დაავადების 
გამომწვევებისგან ეფექტურად იცავს. ანატოქსინები მიიღება ტოქსინისგან, რომელსაც არ აქვს გამოხატული ტოქსიკური თვისებები, მაგრამ შეუძლია ანტისხეულების (“საბრძოლო მასალის”) გამომუშავება საწყისი ტოქსინების მიმართ. 
თუ ბოლო ათი წელია, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაგიკეთებიათ, დაუყოვნებლივ აიცერით. თუ საერთოდ არ ჩაგიტარებიათ ეს აცრა, მაშინ ვაქცინაცია უნდა იყოს 3-ჯერადი: მე-2 აცრა კეთდება პირველიდან 1-2 თვის შემდეგ, მესამე – მეორიდან 6-12 თვის შემდეგ.  ადამიანებს, რომლებიც სრულიად უარყოფენ ტეტანუსის აცრის აუცილებლობას, მიაჩნიათ, რომ ტეტანუსით ინფიცირება შესაძლებელია მხოლოდ ომის დროს ან ცუდი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში. ამჟამად ევროპასა და აშშ-ში ომია და არც სამედიცინო მომსახურების ხარისიხია დაბალი, მაგრამ ტეტანუსით ინფიცირების შემთხვევები მაინც აღირიცხება.
თუ მცირე ალბათობა მაინც არსებობს, ჭრილობა ინფიცირებული იყოს ტეტანუსის ჩხირით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ქირურგს. მკურნალობა ვაქცინაციის სტატუსსა და ჭრილობის ბუნებაზეა დამოკიდებული.
ჩაიტარეთ საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ყველა აცრა და დაზღვეულნი იქნებით ინფექციური დაავადებებისა და მათი მძიმე გართულებებისგან.
------------------------------
ოფიციალური მონაცემებით, ტეტანუსით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი კაცი იღუპება. დაავადების არარეგისტრირებული და არასრული კლინიკური სურათით მიმდინარე შემთხვევების გათვალისწინებით, ეს რიცხვი შესაძლოა 350-400 ათასაც აღწევდეს. 
დაავადება მთელ დედამიწაზეა გავრცელებული, უმთავრესად – ცხელი და ტენიანი კლიმატის ქვეყნებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არ ტარდება ან იშვიათია დეზინფექცია, პროფილაქტიკური აცრები და, საერთოდ, დაბალია სამედიცინო მომსახურების დონე (აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ღარიბი და დაბალგანვითარებული ქვეყნები). მაღალი ავადობის სავარაუდო მიზეზებია ჭრილობის ნელი შეხორცება და ტეტანუსის გამომწვევებით ნიადაგის მაღალი დაბინძურებაც. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მასობრივი ვაქცინაცია 1950-იან წლებში დაიწყო, ტეტანუსით ავადობა თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. 
მსოფლიოში დაავადებულთა 80% მოდის ახალშობილთა წილად, რომლებიც ჭიპლარის არასტერილური იარაღით გადაჭრის შედეგად ინფიცირდებიან (ეგრეთ წოდებული ჭიპლარის ტეტანუსი). ტეტანუსით ინფიცირება ხშირია 15 წლამდე ასაკის ბავშვებში მაღალი ტრავმატიზმის გამო და ასაკოვან პირებში. დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დიდი პროცენტი სოფლად აღინიშნება.

ჭრილობასა და ტეტანუსის განვითარებას შორის არსებულ კავშირს ყურადღება ჯერ კიდევ ეგვიპტის, საბერძნეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ძველი ცივილიზაციის ექიმებმა მიაქციეს. მისი კლინიკური სურათი პირველად აღწერა ჰიპოკრატემ, რომელსაც შვილი ტეტანუსით მოუკვდა. ამ დაავადებას შეისწავლიდნენ გალენუსი, ცელსიუსი, არეტეუსი, ავიცენა, ამბრუაზ პარე და ძველი დროისა და შუა საუკუნეების სხვა ცნობილი ექიმები.
ტეტანუსის სამეცნიერო შესწავლა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. მისი გამომწვევი თითქმის ერთდროულად აღმოაჩინეს რუსმა ქირურგმა ნ. დ. მონასტირსკიმ (1883 წელს) და გერმანელმა მეცნიერმა ა. ნიკოლაიერმა (1884 წელს). მიკროორგანიზმის სუფთა კულტურა 1887 წელს გამოყო იაპონელმა მიკრობიოლოგმა ს. კიტასატომ. 1890 წელს მანვე მიიღო ტეტანუსის ტოქსინი და გერმანელ ბაქტერიოლოგთან ე. ბერინგთან ერთად ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი შექმნა. 1923 წელს ფრანგმა იმუნოლოგმა გ. რამონმა მიიღო ტეტანუსის ანატოქსინი, რომლის გამოყენებაც დაიწყეს დაავადების პროფილაქტიკისთვის.

გააზიარე: