რას გვერჩიან ჰელმინთები

გააზიარე:

ჰელმინთი ბერძნული სიტყვაა და პარაზიტ ჭიას ნიშნავს. ადამიანის ჰელმინთოზი გლობალური პრობლემაა. ჰელმინთები დიდ ზიანს აყენებენ  მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას. დადგენილია, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით – დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, ჰელმინთებით 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანია ინვაზირებული. სწორედ ამიტომ პრობლემა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი გასტროენტერელოგ-ინფექციონისტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთევან ჩიტაიშვილი.

  •  – ქალბატონო ქეთევან, რა არის ჰელმინთი?

 – ჰელმინთი მრავალუჯრედიანი, უმარტივესებთან შედარებით მაღალგანვითარებული ცხოველური ორგანიზმია. განასხვავებენ ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ჰელმინთებს. ადამიანის ჰელმინთებს ანთროპოჰელმინთებს უწოდებენ, ცხოველებისას – ზოოჰელმინთებს, ხოლო მცენარეებისას – ფიტოჰელმინთებს. იმ ორგანიზმს, რომლის ხარჯზეც იკვებება და ცხოვრობს ჰელმინთი, მასპინძელი ეწოდება.
გარემოში ჰელმინთის კვერცხის ან ლარვის განვითარების თავისებურებათა მიხედვით განასხვავებენ ადამიანის სამი სახის ჰელმინთოზს: კონტაქტურს, გეოჰელმინთოზსა და ბიოჰელმინთოზს.
კონტაქტური ჰელმინთების ცხოვრების ციკლი საკმაოდ მარტივია. ეს ჰელმინთები გარემოში გამოყოფენ კვერცხებს, რომელთაც შესწევთ ადამიანის ინვაზირების უნარი. ადამიანის ორგანიზმში ისინი კვერცხებით დაბინძურებული ხელების ან საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნების საშუალებით ხვდებიან.
იმ ჰელმინთებს, რომელთა განვითარება მასპინძლის ცვლის გარეშე მიმდინარეობს, გეოჰელმინთები ეწოდება, ხოლო მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს – გეოჰელმინთოზები.
გეოჰელმინთების განვითარების ციკლი შედარებით რთულია. ისინი გარემოში გამოყოფენ კვერცხებს, რომლებშიც სათანადო ტემპერატურის, ტენიანობის, მზის სხივების ზეგავლენით ლარვა ყალიბდება. მომწიფებული კვერცხები ან კვერცხიდან გამოთავისუფლებული ლარვები ადამიანის ორგანიზმში უშუალოდ ნიადაგიდან იჭრებიან კანის გავლით (ნეკატორი, სტრონგილოიდი) ან პირის ღრუდან ხვდებიან ხილ-ბოსტნეულის, წყლის ან კვერცხებით დაბინძურებული ხელების საშუალებით (ასკარიდა, ბეწვთავა).
ჰელმინთებს, რომელთაც საბოლოო განვითარებისთვის რამდენიმე მასპინძლის გამოცვლა სჭირდებათ, ბიოჰელმინთებს უწოდებენ, ხოლო მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს – ბიოჰელმინთოზებს. მათი განვითარების ციკლი ყველაზე რთულია. ვიდრე ბიოჰელმინთი შეიძენს ჯანმრთელი ადამიანის ინვაზირების უნარს, მან უნდა გაიაროს განვითარების რთული ციკლი ერთი ან რამდენიმე მასპინძლის ორგანიზმში.
ორგანიზმს, რომელშიც ჰელმინთი ზრდასრულ სტადიას აღწევს, დეფინიტური ანუ საბოლოო მასპინძელი ეწოდება, ხოლო ორგანიზმს, სადაც მიმდინარეობს ჰელმინთის ლარვული სტადია – შუამავალი მასპინძელი.

  • – როგორ ზემოქმედებენ ჰელმინთები მასპინძლის ორგანიზმზე?

– მასპინძლის ორგანიზმზე ჰელმინთები იწვევნ როგორც ტოქსიკურ, ისე მექანიკურ ზემოქმედებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი ლარვების მიგრაციას მასპინძლის ორგანიზმში, ასევე ლარვებით ორგანიზმში ბაქტერიული ფლორის ინოკულაციას (შეყვანას, მოთესვას) და ჰელმინთების ანტიფერმენტულ ზემოქმედებას საჭმლის მომნელებელ ფერმენტებზე, რის შედეგადაც ირღვევა საკვების ნორმალური მონელების პროცესი. ასევე საყურადღებოა პარაზიტების მიერ სიმსივნური პროცესის სტიმულირება და მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ჰელმინთებით ინვაზირების შესაძლებლობა.
ჰელმინთების ერთ-ერთი ძირითადი თვისება ის არის, რომ მათი უმრავლესობა მასპინძლის ორგანიზმში არ მრავლდება. ამით ისინი კარდინალურად განსხვავდებიან ბაქტერიების, ვირუსებისა და უმარტივესებისგან, რომლებიც მასპინძლის ორგანიზმში მანამდე მრავლდებიან, სანამ ორგანიზმი ამ პროცესს იმუნური სისტემის დახმარებით საბოლოოდ არ დაძლევს.

  • – იქნებ უფრო ვრცლად ვისაუბროთ ადამიანის ორგანიზმში ჰელმინთების მოხვედრის გზებზე.

– ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან როგორც პასიური, ისე აქტიური გზით. თუ პარაზიტის კვერცხები ან ლარვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების, წყლის ან დაბინძურებული ხელების საშუალებით მოხვდნენ, ინვაზირების ამ გზას პასიური ეწოდება. ეს იგივე ორალური გზაა. ამ დროს ნაწლავის სანათურში ჰელმინთის კვერცხიდან გამოდის ლარვა, რომელიც პარაზიტად ყალიბდება. ამ ჯგუფის პარაზიტებს ეკუთვნის ხარის, ღორის სოლიტერი, ენტერობიუსი, აგრეთვე ღვიძლსა და სანაღვლე გზებში მცხოვრები კატის ანუ ციმბირის ორპირა.
თუ ჰელმინთის ლარვები ადამიანის ორგანიზმში ნიადაგიდან, წყლიდან, დაუზიანებელი კანიდან ან ლორწოვანი გარსებიდან შეიჭრა, ინვაზირების ამ გზას აქტიურს უწოდებენ. მაგალითად, სისხლისმწოველი მწერების კბენის შედეგად ადამიანის ინვაზირება აქტიურ გზად ითვლება.
ზოგიერთი ჰელმინთის ლარვა გადაადგილდება შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებში, რის შემდეგაც სახლდება ნაწლავის სანათურში, სადაც საბოლოოდ ყალიბდება ზრდასრულ პარაზიტად. ამ ჰელმინთებს ეკუთვნის ასკარიდა, ნეკატორი, სტრონგილოიდი, შისტოზომა, ღვიძლის ორპირა. ჰელმინთის ლარვის მიგრაცია მასპინძლის ორგანიზმში ქსოვილთა ტრავმირებას, სისხლჩაქცევებს იწვევს, რასაც საბოლოოდ მასპინძლის საპასუხო ალერგიული რეაქცია მოჰყვება.

  • – კიდევ რა ცვლილებებს იწვევენ ჰელმინთები მასპინძლის ორგანიზმში?

– დადგენილია, რომ ჰელმინთებს უნარი შესწევთ, მასპინძლის ორგანიზმში საკვები ნივთიერებების, მიკროელემენტებისა და ვიტამინების გარკვეული რაოდენობა შთანთქან. ეს მასპინძლის ორგანიზმის კვების დაქვეითებასა და ანემიას იწვევს. ასევე დადგენილია, რომ პარაზიტების იმუნოდეპრესიული ზემოქმედების შედეგად მძიმდება ინფექციური დაავადებები და სომატური პათოლოგიები, ზოგიერთი ჰელმინთის მიერ ქსოვილთა ხანგრძლივ ტრავმირებას (ოპისტორქისი, კლონორქისი, შისტოსომა) თან სდევს ნეობლასტური (სიმსივნური) პროცესის სტიმულირება.

  • – როგორია ჰელმინთოზის კლინიკური მიმდინარეობა?

– ჰელმინთების უმეტესობას ორფაზიანი კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს. პირველი, მწვავე მიგრაციული ფაზა შედარებით ხანმოკლეა, ხოლო მეორე, ქრონიკული, გამოწვეული ზრდასრული პარაზიტით, საკმაოდ დიდხანს, არცთუ იშვიათად წლობით მიმდინარეობს. პირველი ფაზა ტიპურია: პერიფერიულ სისხლში ვითარდება ლეიკოციტოზი ეოზინოფილიით, რომელსაც ხშირად ერთვის გულისრევა, ნერწყვის ჭარბად გამოყოფა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა. ზოგჯერ – ზომიერად ან ძლიერად გამოხატული შემცივნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ასევე – ალერგიული გამონაყარი კანზე. ვითარდება ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), ლიმფადენოპათია, სისხლის შრატში ვლინდება ჰიპერპროტეინემია.
ჰელმინთოზების ქრონიკულ ფაზაში, მწვავეს მსგავსად, კლინიკური გამოვლინების სიხშირე და სიმძიმე ჰელმინთების ადგილსამყოფელსა და მათ რიცხვზეა დამოკიდებული. ჰელმინთების ლოკალიზაციის ადგილი უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემაა, თუმცა ისინი ბინადრობენ ადამიანის ყველა სხვა ორგანოშიც. მაგალითად, ტრიქინელები კუნთებში იდებენ ბინას, ცისტიცერკები – ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ასკარიდები, ღორისა და ხარის სოლიტერი – წვრილ ნაწლავში, კატის ორპირა ღვიძლში, სანაღვლე გზებსა და პანკრეასის სადინარებში. აქედან გამომდინარე, კლინიკური სურათიც სხვადასხვანაირია. მაგალითად, ტრიქინელოზისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, სახის შეშუპება, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების გამო – ტაქიკარდია, ქოშინი, მძიმე შემთხვევებში – მიოკარდიტი, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.
როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ჰელმინთების რაოდენობაც. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ჰელმინთების რაოდენობა ერთიდან ას და ზოგჯერ ათას ეგზემპლარამდე აღწევს. ასეთ შემთხვევებში პაციენტი ხშირად უჩივის საერთო სისუსტეს, შრომის უნარის დაქვეითებას.

  • – რა უწყობს ხელს ჰელმინთების გავრცელებას და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

– ჰელმინთოზების გავრცელება მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ის ჰელმინთები, რომელთა კვერცხებიც ფეკალიებთან ერთად გარემოში ხვდებიან, მუდმივად განიცდიან კლიმატისა და მოსახლეობის ზემოქმედებას. ჰელმინთებით დასნებოვნება მთელი წლის განმავლობაში ხდება, თუმცა მასობრივი ინვაზია ზაფხულში და შემოდგომაზე აღინიშნება, რაც უკავშირდება სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს და ბავშვების ეზოებში, მიწით თამაშს. ჰელმინთოზების გავრცელების ხელშემწყობი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ნიადაგის გასანოყიერებლად ფეკალური მასის გამოყენება – ამის შედეგად ნიადაგი, წყალი და ბაღჩეული კულტურები პარაზიტი ჭიის კვერცხებით ბინძურდება.
დაავადებას იწვევს თერმულად დაუმუშავებელი ხორცის გამოყენებაც (ტრიქინელები, ხარისა და ღორის ლენტურები). უმი დამარილებული ხორცისა და შებოლილი თევზის საშუალებით ადამიანი შესაძლოა დაავადდეს განიერი ლენტურათი, კატის ორპირათი, კლონორქით.
ადამიანის ორგანიზმში კანიდან მოხვედრილი ჰელმინთების გავრცელებას ხელს უწყობს ცუდი სოციალურ-ეკონომიური პირობები და ძირითადად გამოწვეულია ადამიანის კონტაქტით კვერცხებითა და ლარვებით დაბინძურებულ ნიადაგსა და წყალთან.
აქედან გამომდინარე, ჰელმინთოზის თავიდან აცილება შესაძლებელია. საჭიროა მხოლოდ პირადი ჰიგიენის დაცვა, ჯანსაღი, კარგად გარეცხილი და თერმულად სრულყოფილად დამუშავებული პროდუქტების ჭამა, სუფთა წყლის სმა. მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვების ხელების სისუფთავეს, უნდა შეაჩვიონ ისინი ხელების საპნით ხშირ ბანას.

  • – როგორ ადგენენ ჰელმინთოზს?

– ჰელმინთოზის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა განავლის მიკროსკოპიული ანალიზი (ასკარიდა), ანალური ხვრელის ირგვლივი ნაოჭებიდან ანაფხეკის გამოკვლევა (ენტერობიოზი), ზოგჯერ – რენტგენოლოგიური გამოკვლევა, თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა, კომპიუტერული გამოკვლევა (ცისტიცერკოზი). მნიშვნელოვანია სისხლის სეროლოგიური (იმუნოფერმენტული) ანალიზი, რომლის საშუალებითაც სისხლში პარაზიტის საწინააღმდეგო ანტისხეულებს განსაზღვრავენ.

  • –  გამართლებულია თუ არა ჰელმინთების თვითნებური მედიკამენტური მკურნალობა?

– ჰელმინთების სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები ნაკლებად ტოქსიკურია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ისინი ექიმის ნებართვის გარეშე მივიღოთ. ამასთანავე, სხვადასხვა ჰელმინთოზის დროს სხვადასხვა პრეპარატის სხვადასხვა დოზაა საჭირო, ამიტომ აღნიშნული პრობლემის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გააზიარე: