როგორ შევარჩიოთ სკოლა

გააზიარე:

ბავშვისთვის სკოლის შერჩევა მშობლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. სად უფრო უკეთესი პირობებია? სად ასწავლიან უცხო ენას გაძლიერებულად? გახანგრძლივებული ჯგუფი და შემოქმედებითი წრეები რომელ სკოლაშია? სპორტული სკოლა ხომ არ აჯობებს? ან იქნებ ხელოვნების სკოლაში ჯობდეს პატარას შეყვანა? კერძო სკოლაში უკეთ ასწავლიან თუ საჯარო უკეთეს განათლებას მისცემს ბავშვს? – ეს კითხვები აღელვებს ყველა მშობელს, რომელსაც კი სასკოლო ასაკის შვილი ჰყავს. საბედნიეროდ, თბილისი სასწავლო დაწესებულებათა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, საჯაროთა გვერდით უამრავი კერძო სკოლაც წარმატებით ფუნქციონირებს და მსურველებს საბაზისო განათლებასთან ერთად დამატებით პროგრამებს სთავაზობს, ჩვენ კი გვსურს, ერთგვარი მეგზურის როლი ვიკისროთ და საზრუნავით თავბრუდახვეულ მშობლებს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება უფრო ახლოს გავაცნოთ.

ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე, #34ა-ში, უკვე ორი წელია გაიხსნა “ევროპული სკოლა”. ის საკუთარ შენობაშია განთავსებული, ტერიტორია დაცულია. აქ სწავლა ფასიანია და წელიწადში 4000 ევრო ღირს, თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებთან ერთად “ევროპული სკოლის” მოსწავლეებს უამრავი დამატებითი მეცადინეობაც უტარდებათ, რაც მთლიანად შედის სწავლების საფასურში. დამატებით საგნებს შორის არის ხატვა, ხელოვნების ისტორია, ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა. სკოლაში მოქმედებს ქორეოგრაფიული, თეატრალური და სატელევიზიო სტუდიები.
“ევროპულ სკოლაში” გაძლიერებულად ისწავლება ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური ენები. ქართველებთან ერთად სასწავლო პროცესში უცხოელი პედაგოგებიც არიან ჩართული.
სპორტის სახეობებიდან მოსწავლეს, სურვილისამებრ, შეუძლია დაეუფლოს ჭადრაკს, მაგიდის ჩოგბურთს, დიდ ჩოგბურთს, კალათბურთს, ფეხბურთს, კარატეს.


“ევროპულ სკოლაში” მოსწავლეებს ფსიქოლოგი ემსახურება. არის ლოგოპედიური კაბინეტიც.
“ევროპული სკოლის” თითოეულ კლასში მაქსიმუმ 12 მოსწავლეა. სკოლაში ბავშვები 9-დან 4-5 საათამდე რჩებიან. გაკვეთილების დასრულების შემდეგ ისინი სკოლაშივე ამზადებენ საშინაო დავალებებს. კვება ორჯერადია. დღის ბოლოს ბავშვები შინ სკოლის ავტობუსს მიჰყავს.
“ევროპულ სკოლაში” სკოლამდელი აღზრდის ცენტრიც ფუნქციონირებს, სადაც პატარებს სამი წლიდან იღებენ. 
თუ გსურთ, თქვენმა შვილმა კარგი განათლებაც მიიღოს და ამავე დროს ჯანსაღი ჰაერით ისუნთქოს (არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით), გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლას გირჩევთ, რომელიც შვიდი წლის წინ დაარსდა, ორიოდე წლის წინ კი წყნეთში დაიდო ბინა. სიშორემ არ შეგაშინოთ, ბავშვები სკოლაში სკოლის ავტობუსს მიჰყავს და შინაც ის აბრუნებს.
სკოლას მოსამზადებელი, დაწყებითი, საბაზო და ზოგადი განათლების ყველა საფეხური აქვს. შესაბამისად, აქ განათლების მიღება 5-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ. აქ ისინი აუცილებელ საგნებთან ერთად დამატებით დისციპლინებსაც შეისწავლიან.
როგორც სკოლის მესვეურები ამბობენ,  ეს არის “სახლი სახლის გარეთ” – მზრუნველობით აღსავსე უსაფრთხო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, განივითარონ საკუთარი თავის რწმენა, რაც მათი აკადემიური წარმატების საწინდარია.


გაეროს ასოციაციის სკოლაში ბავშვები გაძლიერებულად სწავლობენ  ინგლისურ ენას. პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ იმისთვის, რომ პატარებს კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნების უნარი განუვითარონ. სკოლაში ბავშვებს პედიატრი და ფსიქოლოგიც ემსახურებიან. გარდა ამისა, მათ სკოლაშივე შეუძლიათ მოამზადონ გაკვეთილები და დამატებით სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებშიც იარონ.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლეები კვებითაც უზრუნველყოფილნი არიან და არც საზაფხულო თუ საშობაო არდადეგების დროს რჩებიან უმეთვალყურეოდ – გაეროს ასოციაციას საკუთარი საბავშვო ბანაკები აქვს, სადაც სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ დასვენება.
მართალია, აქ სწავლა არცთუ იაფი ღირს (3500 ლარი წელიწადში), მაგრამ თუ ბავშვის ამ სკოლაში შეყვანას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ მშვიდად ბრძანდებოდეთ, ის ნამდვილად მიიღებს სრულყოფილ სასკოლო განათლებას.
თუ იტალიური ენით, ამ ქვეყნის კულტურითა და ხალხით ხართ მოხიბლული, შეგიძლიათ, ბავშვი “იტალიურ სკოლაში” შეიყვანოთ, რომლის ახალაშენებული და კეთილმოწყობილი შენობაც თორნიკე ერისთავის ორ ნომერში მდებარეობს.
სკოლაში პირველი კლასიდანვე ასწავლიან იტალიურ ენას, მეორე კლასიდან იტალიურს ინგლისურიც ემატება, ხოლო მესამე კლასიდან ბავშვები რუსულ ენასაც სწავლობენ.


“იტალიური სკოლის” მოსწავლეებს, სხვა კერძო სკოლების მსგავსად, საკუთარი ტრანსპორტი ემსახურება. ბავშვები სასწავლებელში დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე რჩებიან და ორჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილნი.
მოსწავლეები გაკვეთილებს  სკოლაშივე ამზადებენ პედაგოგების მეთვალყურეობით. გარდა ამისა, საშუალება აქვთ, დამატებით სპორტულ და შემოქმედებით წრეებშიც იარონ. სკოლაში ისწავლება ქართული ხალხური ცეკვები, ხალხური სიმღერა, ჭადრაკი, კარატე. ფუნქციონირებს ვოკალური ანსამბლიც. სწავლების საფასურში შედის ორ შემოქმედებით ან სპორტულ წრეში სიარული და უფასო სახელმძღვანელოები.
მოსწავლეებს გაკვეთილებზე სპეციალური ფორმები აცვიათ (მათი ღირებულებაც სწავლის საფასურში შედის).


“იტალიურ სკოლაში” სწავლა 2009-2010 სასწავლო წლისთვის წელიწადში 1700 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარებში) ღირს.
თუ თქვენი შვილი ცეკვის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებს და კარგი საბალეტო მონაცემებიც აქვს, მისი ნიჭის განსავითარებლად საუკეთესო გზა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში შეყვანაა. სასწავლებლის მოსწავლეები სასწავლებელთან არსებულ #46 საჯარო სკოლაში იღებენ ზოგად განათლებას. ეს ძალიან მოხერხებულია, რადგან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის  გაკვეთილების ცხრილი და ქორეოგრაფიული სასწავლებლის პროგრამა ერთმანეთს არის მორგებული. თუმცა ამ სკოლაში სიარული სავალდებულო არ გახლავთ – შეიძლება, ბავშვი სხვაგან იღებდეს ზოგად განათლებას, საბალეტო ხელოვნებას კი ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელში ეუფლებოდეს. ეს სასწავლებელი მრავალი წელია ფუნქციონირებს და უკვე არაერთი მოცეკვავე აღზარდა. ამჟამად სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია.


სასწავლებელში ბავშვებს 6 წლიდან იღებენ. სპეციალური კონკურსის შედეგად შერჩეული პატარები ფასიან მოსამზადებელ განყოფილებაში ირიცხებიან, სადაც ქართული ცეკვის, ისტორიულ-ყოფით ცეკვის, რითმიკის, კლასიკური და თანამედროვე ცეკვის საფუძვლებს ეუფლებიან. მოსამზადებელი  განყოფილება ფასიანია და სწავლის ღირებულება წელიწადში 700 დოლარს (ან მის ეკვივალენტს ლარებში) შეადგენს. მოსამზადებელი ჯგუფის დამთავრების შემდეგ, 9 -10 წლის ასაკში, იწყება საბალეტო ხელოვნების რვაწლიანი სასწავლო კურსი. ამ ასაკიდან კლასიკური ცეკვა უკვე წამყვანი დისციპლინაა. სწავლების ამ საფეხურზე მოხვედრა ადვილი არ არის – მოსწავლეს საამისოდ სამტურიანი კონკურსის გავლა დასჭირდება. სწორედ კონკურსის საფუძველზე წყდება, ფასიან განყოფილებაში ჩაირიცხება ბავშვი, უფასოში თუ საერთოდ ვერ დაძლევს პროგრამას.

გააზიარე: