როცა ბავშვს მშობლის სითბო აკლია

გააზიარე:

დღეს უამრავ ბავშვს აკლია მშობლების მზრუნველობა. მათ ნაწილზე სახელმწიფო ზრუნავს და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში ან მინდობით მშობლებთან ანაწილებს, ნაწილი კი ქუჩაშია მიმოფანტული და მოწყალების თხოვნით ირჩენს თავს, თუმცა ყველა მათგანი ოცნებობს ადამიანებზე, რომლებსაც “დედას” და “მამას” დაუძახებს და რომლებიც ნამდვილად გაუწევენ დედობას და მამობას.

მეორე მხრივ, საქართველოში უამრავი ოჯახია, რომლებიც წლობით ამაოდ დგანან შვილად აყვანის მსურველთა რიგში.

  • რისი ბრალია ეს პარადოქსი?

  • რა პროცედურები უნდა გავიაროთ, რათა ბავშვის შვილად აყვანა შევძლოთ?

  • როგორ გავხდეთ მინდობითი მშობელი და რას წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი?

– ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად “UNICEF Georgia-ს” წარმომადგენელ მაია ქურციკიძეს მივმართეთ:

 

– ბავშვის შვილად აყვანის წესსა და პროცედურებს არეგულირებს 2009 წელს მიღებული საქართველოს კანონი “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ”, თუმცა კანონის ენა ყველასათვის ნათელი არ არის. შევეცდებით, მოკლედ და გასაგებად აგიხსნათ მისი არსი.

თუ გსურთ, ბავშვი იშვილოთ, უპირველეს ყოვლისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოთ. აქ ბავშვის შვილად აყვანის მსურველთა განაცხადის ფორმას შეგავსებინებენ. ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეათე სამუშაო დღისა შინ სოციალური მუშაკი გეწვევათ, რომელიც გააკეთებს პირველ შეფასებას და დაწერს დასკვნას იმის შესახებ, რამდენად შესაფერისია თქვენი ოჯახი ბავშვის აღსაზრდელად.

სოციალური მუშაკი აფასებს იმ საცხოვრებელ პირობებს, რომლებშიც უნდა აღიზარდოს ბავშვი. გარდა ამისა, ყურადღება ექცევა პოტენციური მშობლების ბიოგრაფიულ მონაცემებს, პიროვნულ თვისებებს, მავნე ჩვევებს.

თუ პირველადი შეფასება უარყოფითი აღმოჩნდა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო აღრიცხვაზე აყვანაზე უარს გეტყვით, თუ დადებითი – სოციალური მუშაკი თხუთმეტი სამუშაო დღის განმავლობაში მოამზადებს სრულ შეფასებას, რის შემდეგაც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო აღრიცხვაზე აგიყვანთ. ამის შემდეგ კი იწყება ლოდინი, რომელიც, როგორც წესი, წლობით გრძელდება.

რამდენიმეწლიანი ლოდინი ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, უმრავლესობას ჯანმრთელი, განსაზღვრული სქესის, ეროვნებით ქართველი ბავშვის აყვანა სურს.  მეორე – თითქმის ყველას უნდა, ახალშობილი ან ჩვილი იშვილოს, უმეტესობა სამი-ოთხი წლის ბავშვებზეც კი უარს ამბობს. მესამე – კანონი მკაცრად განსაზღვრავს, რომელი ბავშვები ექვემდებარებიან გაშვილებას და სანამ ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი მიენიჭება, დრო გადის.

პროცესი შედარებით გამარტივდა 2010 წლის 1 მარტიდან, რაც “შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებებით მკაფიოდ განისაზღვრა, რომელი კატეგორიის ბავშვები ექვემდებარებიან გაშვილებას ან მინდობით აღზრდას.

არსებული კანონის თანახმად, იმისთვის, რომ შვილად აყვანის მსურველად დარეგისტრირდე, მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო, არავითარი ფინანსური ხარჯის გაწევა და სპეციალური დოკუმენტების მომზადება არ მოგიწევთ. მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ მიაწვდით ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ საათანადო სამსახურები შეამოწმებენ. განსაზღვრულია ის კრიტერიუმებიც, რომლებითაც ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი ენიჭება.

ბავშვის შვილად აყვანის მსურველებმა იმ შეზღუდვების შესახებაც უნდა იცოდნენ, რომლებსაც კანონი ბავშვის შვილად აყვანის მსურველთათვის აწესებს.

ბავშვის მშვილებელი არ შეიძლება იყოს:

პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანის მეურვე`მზრუნველი ან გადაცემული ჰყავდა ბავშვი მინდობით აღსაზრდელად, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების გამო;

  • პირი, რომელსაც აქვს:
  • ნებისმიერი ლოკალიზაციის აქტიური ან ქრონიკული ტუბერკულოზი;
  • შინაგანი ორგანოების რომელიმე დაავადება დეკომპენსაციის სტადიაში;
  • ნერვული ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადება, რომელიც გამოიწვევს მოძრაობისა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;
  • ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადება;
  • ინფექციური დაავადება (დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე);
  • ფსიქიკური დაავადება;
  • რომელიმე ისეთი დაავადება ან ტრავმა, რომლის გამოც პირს შეიძლება მიენიჭოს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი;
  • ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი.
  • პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლეობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აუცილებელია იმის ცოდნაც, როდის არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი

შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს, მაშასადამე, რიგში დგომა არ მოუწევს:

  • გასაშვილებელი ბავშვის ნათესავს (დას, ძმას, ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს, ბიძას, დეიდას, მამიდას და ა.შ)
  • მიმღებ ოჯახს ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არანაკლებ ექვსი თვის შემდეგ;
  • მშვილებელს, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან ძმა;
  • მშვილებელს, რომელიც ბავშვის ბიოლოგიურ მშობლთან ერთად მიმართავს სააგენტოს.

როცა რიგი მოგიწევთ და სააგენტო გასაშვილებელ ბავშვს შემოგთავაზებთ, ვალდებული ხართ, არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა მიიღოთ გადაწყვეტილება ბავშვის აყვანის შესახებ. ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად.

 

ქალბატონმა მაიამ გვითხრა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონზე “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“, რომელსაც, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიიღებენ, ხოლო ძალაში 2018 წლიდან შევა.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, არსებული კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ამიტომ ახალ კანოზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო:

– მთავარი შეუსაბამობა ის გახლავთ, რომ არსებულ კანონში არასათანადოდაა ასახული ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების საკითხი. შვილად აყვანისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშვილებელთა რეგისტრაციის რიგითობას და მათ სურვილებს და არა ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და საუკეთესო ინტერესებს. უხეშად რომ ვთქვათ, სისტემა ორიენტირებულია იმაზე, რომ მშვილებლისთვის მოიძებნოს შესაფერისი ბავშვი და არა იმაზე, რომ ბავშვისთვის მოიძებნოს შესაფერისი მშვილებელი. ახალი კანონპროექტი კი სრულიად სხვა მიდგომას გვთავაზობს. მისი ამოსავალი პრინციპი არა მშვილებლის, არამედ გასაშვილებელი ბავშვის ინტერესების დაცვაა.

ქალბატონმა მაიამ ისიც აღნიშნა, რომ კანონპროექტი აუქმებს პირდაპირ გაშვილებას და ადგენს მშვილებლებისა და მინდობით აღმზრდელებისთვის სავალდებულო მოსამზადებელ კურსს. მისი თქმით, ასეთი კონსულტაციები აუცილებელია როგორც იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ბავშვის გაშვილება სურთ, ისე შვილის აყვანის მსურველი პირებისთვისაც:

– ტრენინგებზე შვილად აყვანის მსურველი პირები გაეცნობიან ბავშვთან ურთიერთობის მეთოდებს, გაერკვევიან ისეთ სპეციფიკურ საკითხებში, როგორიცაა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და სხვა.

გარდა ამისა, აღნიშნულ სამსახურს შესაძლოა დაეკისროს იმ მშობლების ფსიქოლოგიური დახმარება, რომლებიც შვილის მიტოვებაზე ფიქრობენ. მაგალითად, დედას, რომელსაც დროებითი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო შვილის მიტოვება აქვს განზრახული, ფსიქოლოგი აუხსნის, რომ შესაძლოა, ამით საბედისწერო შეცდომა დაუშვას, რომელსაც მთელი სიცოცხლე ინანებს.

 

 მინდობით აღზრდა: როგორ გავხდეთ მიმღები მშობელი

 

ბევრს ერთმანეთში ერევა ბავშვის შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა. ქალბატონი მაია ამის შესახებაც გვესაუბრა:

– მინდობით აღზრდა საქართველოში 1999 წლიდან არსებობს. მისი მიზანია, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები დიდი ბავშვთა სახლებისგან განსხვავებული, ოჯახთან დაახლოებული გარემოთი უზრუნველყოს. თუ ბიოლოგიურ ოჯახს არ აქვს ბავშვის მოვლა-პატრონობის საშუალება, ბავშვი განსაზღვრული ხნით გადაეცემა აღმზრდელ ოჯახს. თუ ბიოლოგიური ოჯახი პრობლემებს მოაგვარებს, შეუძლია, ბავშვი დაიბრუნოს.

მინდობით აღზრდის დროს მიმღებ ოჯახსა და სახელმწიფოს შორის ორმხრივი ხელშეკრულება ფორმდება. პროცესს ზედამხედველობას უწევს სოციალური მუშაკი და სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

 

კანონის თანახმად, მინდობით ბავშვის აღზრდის მსურველებმა უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სოციალური მუშაკი შეამოწმებს ბავშვის საჭიროებებს და მინდობით აღზრდის მსურველ პირებს. სწორედ მისი დასკვნის საფუძველზე მიიღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გადაწყვეტილებას.

მინდობით აღზრდის შემთხვევაში დედობილ-მამობილი გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ:

  • ჯანმრთელი ბავშვის ნათესაური მინდობით აღზრდისას – თვეში 200 ლარს;
  • ჯანმრთელი ბავშვის არანათესაური მინდობით აღზრდისას – ერთი კალენდარული დღისთვის 15 ლარს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ნათესაური მინდობით აღზრდისას – თვეში 300 ლარს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის არანათესაური მინდობით აღზრდისას – ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარს;
  • გადაუდებელი მინდობით აღზრდისას (როგორც ჯანმრთელი, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში) – ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარს.

თუ ბავშვი 10 წლისა ან ამაზე უფროსი ასაკისაა, მისი მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. დაუშვებელია და-ძმის დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს. მინდობით აღსაზრდელსა და დედობილ-მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მდგომარეობას ამოწმებს სოციალური მუშაკი: პირველ თვეს – არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო მომდევნო თვეების განმავლობაში – თვეში ერთხელ მაინც. საჭიროებისამებრ, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც მინდობით მიმღები ოჯახი ბავშვის შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამს. თუ ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი აქვს მინიჭებული და უკვე ექვსი თვეა, მიმღებ ოჯახში იმყოფება, როგორც მოგახსენეთ, ოჯახს შეუძლია, რიგში ჩადგომის გარეშე იშვილოს ბავშვი.

 

  • რას წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის სახლი

ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ საქართველოში ბავშვთა სახლები უკვე რამდენიმე წელია აღარ არსებობს. მაშ, სად იზრდებიან პატარები, რომლებსაც მანამდე ბავშვთა სახლები პატრონობდნენ?

– 2005 წელს საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაცია. პროცესის მიზანი დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების რაოდენობის შემცირება და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მოვლის ალტერნატიული, ოჯახურ გარემოზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა და გაფართოება იყო. საქართველოში არსებული დიდი ბავშვთა სახლები მცირე საოჯახო ტიპისამ შეცვალა, – გვიხსნის ქალბატონი მაია. მისივე თქმით, დღეს საქართველოში ბავშვთა სახლის სტატუსის მქონე მხოლოდ ორი დაწესებულებაა: ერთი – თბილისში, მეორე – კოჯორში, – სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 90-მდე ბავშვი იზრდება.

საოჯახო ტიპის სახლებში გარემო ზედმიწევნითაა მიახლოებულია ოჯახურთან და ბავშვებზე ზრუნვა ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ხორციელდება. ასეთ სახლებში ბავშვების რაოდენობა არ აღემატება ათს. ეს არის ბავშვზე ზრუნვის სპეციალიზებული სერვისი, რომლის ლიცენზირების საკითხსაც არეგულირებს კანონი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ.

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, გარდა იმისა, რომ ბავშვების სრულფასოვან კვებაზე, განათლებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავენს, დიდი ყურადღება ეთმობა მათი მიდრეკილებების, ინტერესების, გამორჩეული უნარების გამოვლენასა და განვითარებას, თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას და ბიოლოგიურ ოჯახებთან ურთიერთობას (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს).

მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები წელიწადში ერთხელ თორმეტი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კურორტზეც ისვენებენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სერვისი დამატებით ითვალისწინებს:

  • ფსიქოლოგიურ მომსახურებას;
  • მომვლელის მიერ ბენეფიციარის დახმარებას კვებისა თუ პირადი ჰიგიენის პროცესში;
  • შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.

კვირის სამუშაო დღეების განმავლობაში ბავშვებზე დედობილ-მამობილი ზრუნავენ (რომელთა შერჩევა მკაცრად განსაზღვრული წესების დაცვით, ღია კონკურსით ხდება), შაბათ-კვირას კი – იმავე წესით შერჩეული “ბიძა” და “დეიდა”.

მათთვის, ვისაც სურს, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დასაქმდეს და ბავშვების აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა, ვაკანსიები რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით რეგულარულად ცხადდება.

ნინო ბაზერაშვილი

 

გააზიარე: