უნაყოფობის ჰორმონული მიზეზები

გააზიარე:

განაყოფიერება, ჩასახვა და ორსულობა ჰორმონდამოკიდებული პროცესებია, ამიტომ უნაყოფობის დროს აუცილებლად განიხილავენ პრობლემის ენდოკრინულ მიზეზებსაც. ამ მიზეზთა შესახებ რეპროდუქტოლოგი, თსსუ პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი მაკა გეგეჭკორი გვესაუბრება:

 

– უნაყოფობის ენდოკრინული მიზეზების თავიდათავი გახლავთ სასქესო ჯირკვლების ფუნქციობის დარღვევა, კერძოდ, ანოვულაცია, რაც, თავის მხრივ, უამრავ გინეკოლოგიურ-ენდოკრინულ თუ ზოგადენდოკრინულ პრობლემას მოიაზრებს. მამაკაცის ორგანიზმში მიმდინარე ენდოკრინული ცვლილებებიც შეიძლება პრობლემად იქცეს. უკეთ რომ მივხვდეთ ენდოკრინული ფაქტორების მნიშვნელობას, საჭიროა, გავიაზროთ განაყოფიერების, ჩასახვისა და ორსულობის ჰორმონდამოკიდებულება.

 

ჰორმონების როლი

– ორსულობის მიმდინარეობა მთლიანად სასქესო და პროტეინულ ჰორმონებზეა დამოკიდებული. ჰორმონდამოკიდებული პროცესებია:

* განაყოფიერებისთვის მოსამზადებელი პროცესები – კვერცხუჯრედის ყოველთვიური ფოლიკულისშიდა ტრანსფორმაცია, ფოლიკულოგენეზი საკვერცხეში, ოვულაცია, მამაკაცის ორგანიზმში სპერმატოზოიდების მომწიფება, მათი მოძრაობა, ქალის სასქესო სისტემაში შეღწევა (პენეტრაცია) და კვერცხუჯრედის განაყოფიერება;

* ნიდაცია – უკვე განაყოფიერებული სტრუქტურის მიმაგრება საშვილოსნოს შიდა შრეზე, ენდომეტრიუმზე;

* ემბრიონის ზრდა, სქესის იდენტიფიცირება, ნაყოფის ზრდა-დახვეწა, სხვადასხვა ორგანოსა და სტრუქტურის ჩამოყალიბება;

* დედისა და ნაყოფის ორგანიზმთა შორის ნივთიერებათა ცვლა და სისხლის მიმოქცევა, კოოპერატიული თანაარსებობა, ენერგეტიკული ბალანსი;

* დაბოლოს, თავად მშობიარობა.

რა გასაკვირია, რომ ამ რთულ მექანიზმში მომხდარი მცირედი დისონანსიც კი პრობლემას წარმოშობს.

ანოვულაციის (ფოლიკულოგენეზის დარღვევის) შემთხვევაში დაორსულება შეუძლებელია. ანოვულაციას კი არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: საკვერცხის სტრუქტურის თანდაყოლილი დისფუნქცია, ქალის სასქესო ჰორმონების – ესტროგენებისა და პროგესტერონის – დისონანსი და დისბალანსი, მამაკაცის სასქესო ჰორმონების, სტეროიდების, ჭარბი წარმოქმნა, ცენტრალური მარეგულირებელი სისტემის და, შესაბამისად, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხის რეგულაციური ღერძის არასწორი ფუნქციობა, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის, სხეულის მასის ცვალებადობა (მატება-კლება) და მეტაბოლური დარღვევები.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც დაორსულებას აბრკოლებს. იგივე ფაქტორები ხშირად საფრთხეს უქადის ორსულობის მიმდინარეობასაც. ორსულობის შეწყვეტა კი უნაყოფობის მეორეულ ფორმად განიხილება. ასე რომ ენდოკრინული ფაქტორების როლი უნაყოფობაში თვალსაჩინოა.

 

სხვა ენდოკრინული დარღვევები

– ხშირად უნაყოფობის მიზეზია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია – თირეოიდული ჰორმონების სიჭარბე ან დეფიციტი, რომელთა მანიფესტური მარკერი თირეოტროპული ჰორმონის მაჩვენებელია. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ შესაძლოა ორსულობასაც შეუქმნას საფრთხე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სრულყოფილ გამოკვლევას და მიზნობრივ მკურნალობას, რაც, ერთი მხრივ, ორსულობის მიღწევაში დაგვეხმარება, მეორე მხრივ კი – ორსულობის პროცესის სწორ წარმართვასა და ვადამდე მიტანაში.

როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთანაც შვილოსნობის უნარზე გავლენას ახდენს დიაბეტი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ენდოკრინული დაავადება, ამიტომ პაციენტს ხშირად სჭირდება მულტიპროფილური მართვა, რომელსაც ერთად ახორციელებენ გინეკოლოგი და ენდოკრინოლოგი.

უნაყოფობასთან ასოცირდება საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომიც. სხვა კლინიკურ სიმპტომებთან ერთად (მენსტრუაციული დისფუნქცია, მამაკაცის სასქესო ჰორმონების სიჭარბე და მასზე დამოკიდებული კანის პრობლემები – ჭარბთმიანობა, გამონაყარი და სხვა), უნაყოფობა საკვერცხეების პოლიცისტოზის ერთ-ერთი წამყვანი გამოხატულებაა. საქართველოში ეს კლინიკური მდგომარეობა მეტად ხშირია, თუმცა სწორი დიაგნოსტიკისა და მართვის შემთხვევაში წარმატებით გადაილახება.

 

ასაკი

– შვილოსნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასაკი. უნაყოფობის ასაკობრივი ასპექტებიც ჰორმონდამოკიდებულია. 35 წლიდან, რაც გვიან რეპროდუქციულ ასაკად მიიჩნევა, ფერტილობის (შვილოსნობის) მაჩვენებელი დინამიკურად მცირდება, საკვერცხეების რეზერვული შესაძლებლობები იკლებს, რაც დაორსულებისთვის საჭირო ზოგიერთი მნიშვნელოვანი ჰორმონის დეფიციტს უკავშირდება. ამ შემთხვევაში ერთი მიზანი ორსულობის მიღებაა, მეორე კი – მისი სწორი მართვა ბავშვის დაბადებამდე.

ასე რომ, როგორი ჰორმონოფობიაც არ უნდა სუფევდეს ზოგიერთი ექიმისა თუ პაციენტის ცნობიერებაში, ჰორმონებზე ბევრი რამ, პრაქტიკულად, ყველაფერია დამოკიდებული. მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია გამოკვლევებისა და მკურნალობის სწორად წარმართვა, ორსულობის სათანადო მართვა და, რაღა თქმა უნდა, ექიმისა და პაციენტის ერთობლივი სწრაფვა სასურველი შედეგისაკენ.

მარი აშუღაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: