როგორ დავეხმაროთ სიცხიან პატარას

გააზიარე:


საკმარისია, პაწაწინას ლოყები შეუწითლდეს ან შეხებისას მისი ფუმფულა ხელი თბილი მოგვეჩვენოს, რომ უმალვე თერმომეტრის ძებნას ვიწყებთ. ისიც მოურიდებლად გვამცნობს: 38,5! რა ვიღონოთ, როცა პაწიას სიცხე აქვს? მოდი, გავარკვიოთ.

ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36,6-ია, თუმცა ისიც შეიძლება, ვერცხლისწყალი (თუ, რა თქმა უნდა, სიცხეს მამაპაპური ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით ვზომავთ) 37 გრადუსს რამდენიმე მილიმეტრით ასცდეს და 37,2 ან 37,4 აჩვენოს. ასეთი “უნორმო” ტემპერატურა სავსებით ჯანმრთელ ბავშვებსაც ახასიათებთ. ჰოდა, შიშით გული რომ არ გაუსკდეს, ყველა დედიკომ უნდა იცოდეს თავისი პაწიას ინდივიდუალური ტემპერატურული ნორმა, ამისთვის კი მეტად მარტივი პროცედურის ჩატარება – თერმომეტრის მომარჯვება და ტემპერატურის გაზომვაა საჭირო.

ტემპერატურის გაზომვა შესაძლებელია:

  • სწორ ნაწლავში. რექტალური (სწორი ნაწლავის) ტემპერატურა, როგორც პედიატრთა უმრავლესობა მიიჩნევს, ყველაზე ზუსტია და ნორმა 36,2-37,7°C-ს შეადგენს. 
  • იღლიის ფოსოსა და საზარდულში. სხეულის ტემპერატურის გაზომვა ორივე შემთხვევაში ერთი და იმავე პრინციპით ხდება: გარემოს ტემპერატურის გავლენის შესამცირებლად კიდურები მჭიდროდ ეკვრის სხეულს. საზოგადოდ, აქსილარული (იღლიის) ტემპერატურა რექტალურთან შედარებით 0,5-1,5°C-ით ნაკლებია, ჩვილებში კი ეს სხვაობა კიდევ უფრო მცირეა.
  • პირში. ტემპერატურის გაზომვა უმჯობესია ენის ქვეშ. ეს მონაცემები რექტალურზე 0,3-0,8°C-ით ნაკლებია. ალბათ ხვდებით, რომ ჩვეულებრივი ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით ბავშვს სიცხეს ამ გზით ვერ გავუზომავთ. სამაგიეროდ, არსებობს საწოვარა-თერმომეტრები (Microlife-ს ფირმის), რომლებიც რამდენიმე წამში ზომავს ტემპერატურას. 

გაითვალისწინეთ:

  • გარდა იმისა, რომ ტემპერატურის მაჩვენებელი სხეულის სხვადასხვა უბანში სხვადასხვაა, იგი დღის განმავლობაში და ფიზიკური აქტივობის მიხედვითაც იცვლება. მაგალითად, სწორ ნაწლავში გაზომვისას დილით და საღამოს ტემპერატურის 0,5°C-ით მომატება ნორმად ითვლება.

სხეულის ტემპერატურა ხშირად ტირილის შემდეგაც იმატებს.

  • ზოგჯერ პედიატრი მშობლებს ერთსა და იმავე ადგილას ტემპერატურის რამდენიმეჯერ გაზომვას ურჩევს, თერმომეტრი კი ყოველ ჯერზე სხვადასხვა მნიშვნელობას აჩვენებს. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ, ყველაზე მაღალი ციფრი დაიმახსოვროთ.

რამდენიმეჯერ გაზომვა მაშინ არის საჭირო, როდესაც:

* ბავშვი მეტად პატარაა (დღეებისაა);
* სუსტი იმუნიტეტი აქვს;
* და, რაც მთავარია, ახალი ციფრული თერმომეტრი შეიძინეთ, რომლის გამოყენებაც ჯეროვნად ჯერ არ იცით.

ბავშვთა ასაკში ყველაზე მოხერხებული, და, რაც მთავარია, უსაფრთხო ციფრული თერმომეტრები გახლავთ. თუკი ჩვეულებრივი ვერცხლისწყლის თერმომეტრით სხეულის ტემპერატურის გაზომვას სულ მცირე 5 წუთს ანდომებთ, ციფრული ხელსაწყო შედეგს რამდენიმე წამში გიჩვენებთ.

როგორ დავწიოთ ტემპერატურა:
1. არამც და არამც არ ჩაათბუნოთ პაწია. არ შეიძლება ორმაგი პლედის დახურვა და შალის წინდების ჩაცმა. ასევე არ შეიძლება, ოთახში, სადაც სიცხიანი ბავშვი წევს, მაღალი (22 გრადუსზე მეტი) ტემპერატურა და ჩახუთული ჰაერი იყოს.
2. მაღალი სიცხის დროს სხეულიდან (კანიდან) სითხე გაძლიერებულად იკარგება, ამიტომ ეცადეთ, პატარას ხშირად ასვათ წყალი, კომპოტი ან ბაცი ჩაი.
3. მეტად ეფექტურია დაზელა. ამისთვის თბილი წყალი მოიმარაგეთ. სპირტისა და ცივი წყლის გამოყენება არ შეიძლება – შესაძლოა, ტემპერატურამ კიდევ უფრო მოიმატოს და ბავშვს ააკანკალოს.
დაზელა პერიფერიიდან ცენტრისკენ (გარედან შიგნით) სჯობს. აუცილებლად დაუზილეთ პაწიას ტერფები, წვივები, მუხლისქვეშა ფოსოები, საზარდულის ნაკეცები, მტევნები, იდაყვის სახსრები, იღლიის ფოსოები, კისერი, სახე.
4. თუკი თერმომეტრზე მაჩვენებელი 38,5-ს ასცდა, მიეცით ბავშვს სიცხის დამწევი პრეპარატი. უმჯობესია, არჩევანი პარაცეტამოლის შემცველ სუსპენზიაზე ან სიროფზე შეაჩეროთ. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მხოლოდ მაშინ სცადეთ ანალგინი. 
გარდა დასალევი (პერორალური) საშუალებებისა, გამოგადგებათ სანთლებიც, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ სიროფი მოქმედებას 20-30 წუთის შემდეგ იწყებს, ხოლო სანთელი – 45 წუთის შემდეგ, თუმცა მისი მოქმედების ეფექტი გაცილებით მეტხანს გასტანს.
სანთლის გამოყენება მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც ბავშვს მედიკამენტის დალევის შედეგად პირღებინება ეწყება.
დაიხსომეთ: სანთლის გამოყენება უმჯობესია დეფეკაციის შემდეგ.

როდის ვეძახით ექიმს:

ექიმის გამოძახებას ნუ დააყოვნებთ, თუ:

  • ადრე მაღალი ტემპერატურის ფონზე ბავშვს კრუნჩხვა განუვითარდა;
  • პაწია მხოლოდ თვეებისაა (ასაკი არ აღემატება 2 თვეს);
  • ბავშვს აღენიშნება ნევროლოგიური დარღვევა, სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი სისტემების ქრონიკული დაავადებანი;
  • ბავშვის მდგომარეობა ყოველ წუთს უარესდება: პაწია კანკალმა აიტანა, უჩივის სახსრების ძლიერ ტკივილს (თუ, რა თქმა უნდა, ენა უკვე აიდგა და შეგრძნებებს გადმოცემს), კანი გაუფერმკრთალდა ან აუჭრელდა.
  • რამდენიმე დღეში კვლავ იხმეთ პედიატრი, თუკი:
  • ტემპერატურამ კვლავ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია;
  • ბავშვს უჭირს სუნთქვა, გამუდმებით ტირის, არ იძინებს;
  • მიუხედავად ანტიპირეტიული (სიცხის საწინააღმდეგო) მედიკამენტების მიღებისა, რამდენიმე დღეა მაღალი სიცხე აქვს;
  • მაღალი ტემპერატურის ფონზე ბავშვს პირველად განუვითარდა კრუნჩხვა.
გააზიარე: