გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

16.07.2018
ფრანგული დღეები "ავერსში"...

  1. სამედიცინო თემები >
  2. პირის ღრუ
  3. ჟურნალში დაბრუნება >

Print Page Digg Twitter Google სტომატოლოგიური პრობლემები
სტომატოლოგიური პრობლემები

სტომატოლოგიური პრობლემები

 

 


ვიზიტი ღიმილის ექიმთან


თოვლივით თეთრი და ჯანმრთელი კბილები უკვე რეალობად იქცა. თუკი ბუნებამ  ქათქათა მარგალიტებით არ დაგაჯილდოვა, ამ ძვირფას საჩუქარს 
სტომატოლოგი გიბოძებს. თუკი კბილის დაბჟენის შიშმა აგიტანა, თეთრხალათიანი ჯადოქარი ამ შიშსაც მოგიხსნის, ტკივილსაც დაგიამებს და იმის პირობასაც მოგცემს, რომ კბილი სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეგახსენებს თავს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთქმულ სიტყვებში წვეთი სიცრუეც არ ურევია, ადამიანთა უმრავლესობას სტომატოლოგის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემს...

მაინც როგორ მოვიქცეთ, რომ კბილებს უკეთ მოვუაროთ? უპირატესად რომელი პათოლოგიის გამო გვიხდება სტომატოლოგთან მისვლა? დაბოლოს, ნუთუ მართლა საშიშია დანტისტის სავარძელში ჯდომა? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება სტომატოლოგიისა და სამედიცინო ესთეტიკის ქართულ-გერმანულ-ესპანური კლინიკა “უნიდენტ-როსის” ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე.  

. სტომატოლოგთან ვიზიტი ბევრისთვის მეტად უსიამოვნო განცდასთან – ტკივილთან ასოცირდება. ნუთუ მართლა ასე საშიშია კბილის ექიმთან სტუმრობა?
– სტომატოლოგთან ვიზიტის შიში იმის ბრალია, რომ კბილზე შესასრულებელი მანიპულაციები მტკივნეულია, თუმცა თანამედროვე სტომატოლოგიური დანადგარების, მეთოდების დახვეწასთან ერთად ტკივილის შეგრძნება სულ უფრო და უფრო იკლებს და დისკომფორტი პრაქტიკულად ქრება. სპეციალისტები მივიჩნევთ, რომ პაციენტისთვის საკმარისია ის ტკივილი, რასაც შინ, ექიმთან წასვლამდე განიცდის. სტომატოლოგიურ კაბინეტში მას  მაქსიმალურად კომფორტული გარემო უნდა დახვდეს, რაც, პირველ რიგში, უმტკივნეულოდ ჩატარებულ მანიპულაციას გულისხმობს. ასე რომ, ეგრეთ წოდებული სტომატოფობია ანუ შიში სტომატოლოგიური მანიპულაციების მიმართ თანამედროვე მიდგომის წყალობით პრაქტიკულად დაძლეულია.
. რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა თანამედროვე საანესთეზიო საშუალებანი?
– საანესთეზიო საშუალებები, რომლებსაც სტომატოლოგიაში ამჟამად ვიყენებთ, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისა და ორსულებისთვის სრულიად უსაფრთხოა. გარდა ამისა, უმტკივნეულოა ნემსის ჩხვლეტაც, რომლის საშუალებითაც საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში ხვდება. ჩხვლეტის ადგილს წინასწარ ვაუტკივარებთ სპეციალური, მეტად გემრიელი (მარწყვის, ბანანის, ჟოლოს, შოკოლადის) ჟელეთი, რომელიც ლორწოვან გარსს აბუჟებს. თანაც სტომატოლოგიური ინექციებისთვის საჭირო ნემსის დიამეტრი გაცილებით მცირეა, ვიდრე კუნთში გასაკეთებელი ერთჯერადი შპრიცის ნემსისა – თამამად შეიძლება, თმის ღერს შევადაროთ.
ამრიგად, დღეს სტომატოლოგთან ვიზიტი სრულებით აღარ არის უსიამოვნო პროცესი, მხოლოდ – თუ სათანადო კვალიფიკაციისა და პროფესიული განათლების სპეციალისტს მიმართავთ.
მერწმუნეთ, არც ერთ ექიმს არ სიამოვნებს, როდესაც პაციენტს სტკივა. წარმოუდგენელია, ექიმმა იდეალურად შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა, როდესაც პაციენტი წუხს.  
. რამდენად ხშირია ალერგიული რეაქცია სტომატოლოგიური მანიპულაციის დროს?
– ეს საკითხი მართლაც აქტუალურია. ვიდრე პაციენტს ორგანიზმში საანესთეზიო პრეპარატს შევუყვანთ, უთუოდ უნდა განვსაზღვროთ რამდენად ალერგიულია იგი ამ პრეპარატის მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, თუკი ადამიანს მანამდე არასოდეს გაუკეთებია საანესთეზიო საშუალების ინექცია ან ოდესმე ანესთეზიის შედეგად ალერგიული რეაქცია განვითარებია. ასეთ შემთხვევაში მას ალერგოლოგიის ცენტრში ალერგიული სინჯი უნდა გაუკეთდეს. ამ სინჯის შედეგად გაცემული დასკვნის საფუძველზე შევძლებთ, ანესთეზია უსაფრთხოდ ჩავუტაროთ.
. არსებობს თუ არა  სპეციალური მიდგომა იმ პაციენტების მიმართ, ვისაც რომელიმე მძიმე პათოლოგია აქვს?
–  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის შექმნილია საანესთეზიო საშუალებათა ცალკე ხაზი, რომლებიც მეტად დამზოგველად მოქმედებს ორგანიზმზე.
. სტომატოლოგიურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კარიესია. რა იწვევს მას?
– კარიესის მთავარი მიზეზი ნახშირწყლებით მდიდარი საკვები და პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენაა.
კბილებს ყველა იხეხავს, მაგრამ კარიესი მაინც უჩნდებათ. როგორც ჩანს, ჩვენს მოსახლეობას არასწორი წარმოდგენა აქვს კბილების გამოხეხვის ტექნიკაზე და, ზოგადად, პირის ღრუს ჰიგიენაზე.
დაიხსომეთ: მხოლოდ პირად სტომატოლოგს შეუძლია მიგითითოთ, თუ როგორ მოუაროთ პირის ღრუს, რომელი ჯაგრისი შეიძინოთ და რამდენად ხშირად გამოცვალოთ იგი.  პირის ღრუს ჰიგიენის თავისებურებანი დამოკიდებულია ასაკზე, კბილების მდგომარეობაზე, პროთეზის არსებობა-არარსებობაზე და ა.შ. ზოგადი წესი კი ასეთი გახლავთ: კბილები დღეში ორჯერ მაინც უნდა გამოვიხეხოთ, მათ შორის ერთხელ – უსათუოდ ძილის წინ, ხოლო ჯაგრისის შეცვლა ყოველ თვეში-თვენახევარში ერთხელ არის აუცილებელი. 
. რას გვეტყოდით კარიესის პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდებზე?
– კარიესი მეტწილად კბილის გვირგვინის რელიეფურ ზედაპირზე ჩნდება (ასეთი რელიეფი უმეტესად ბავშვებს აქვთ), რადგან საკვების ნამცეცები უმთავრესად კბილის დაღარულ უბნებში გროვდება. როდესაც სტომატოლოგი პირის ღრუს ათვალიერებს, მას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, თუ სად გაჩნდება კარიესი. პროფილაქტიკის მიზნით მივმართავთ ფისურების ჩაბეჭდვას ანუ ჰერმეტიზაციას – სპეციალური კომპოზიციური საბჟენი მასალით ვავსებთ იმ ბუნებრივ ჩაღრმავებებს, სადაც კარიესის განვითარების ალბათობა მაღალია.
საჭიროა თუ არა და  რომელ ასაკშია მიზანშეწონილი  ჰერმეტიზაციის ჩატარება, პირადმა სტომატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს. 
. რამდენი ხანი სჭირდება კარიესის ჩამოყალიბებას?
– როდესაც ექიმი კარიესულ დეფექტს შეამჩნევს, ეს იმის მანიშნებელია, რომ პათოლოგიური პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო. საკონტროლო-პროფილაქტიკური ვიზიტი გაცილებით ადრე რომ განხორციელებულიყო, კარიესი არ ჩამოყალიბდებოდა ანდა დეფექტის ზომა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ხოლო პროცედურა – საგრძნობლად იოლი და იაფი. რაც უფრო შორს მიდის კარიესული პროცესი, მით უფრო რთულდება, ხანგრძლივდება და ძვირდება სტომატოლოგიური მანიპულაცია. 
. როგორ მკურნალობენ უკვე ჩამოყალიბებულ კარიესს?
– ამჟამად კარიესული დეფექტის რესტავრაციისთვის მეტად მაღალი ხარისხის მასალები არსებობს. მათი მეშვეობით რესტავრირებული კბილის ჯანმრთელისგან გამორჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუკი რესტავრირება შეუძლებელია, მივმართავთ პროთეზირებას. 
. პროთეზირება ბევრს აშინებს…
– ეს იმიტომ, რომ ხალხს პროთეზირებაზე არასწორი წარმოდგენა აქვს. უთუოდ უნდა ითქვას, რომ  ტერმინი “პროთეზი” ყოველთვის არ აღნიშნავს მოსახსნელ კონსტრუქციას. პროთეზირების არსს დაკარგული კბილების ორთოპედიული კონსტრუქციის საშუალებით აღდგენა-შევსება წარმოადგენს. მას მაშინ მივმართავთ, როცა პრობლემის მოგვარება თერაპიული გზით უკვე შეუძლებელია. პაციენტმა და მისმა პირადმა ექიმმა ერთობლივად უნდა შეარჩიონ პროთეზის მასალა და ტიპი.
. არსებობს თუ არა რეკონსტრუქციის სხვა, უფრო თანამედროვე საშუალება?
–  არსებობს. ეს გახლავთ კბილის იმპლანტაცია. ყბის ძვალში ლითონთა სპეციალური შენადნობისგან დამზადებულ ხელოვნურ ფესვს ვნერგავთ. იმპლანტაცია დღეს მეტად პოპულარულ სტომატოლოგიურ მანიპულაციად ითვლება.
. ბოლო დროს ხშირად მსჯელობენ სტომატოლოგიური მანიპულაციის უსაფრთხოებაზე…
– თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკას პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს. სტომატოლოგიური ინსტრუმენტების სრულფასოვანი სტერილიზაცია კლინიკის მოღვაწეობის უმთავრესი პრინციპია. მიმაჩნია, რომ იმ სტომატოლოგიური კლინიკების ფუნქციონირების საკითხი, სადაც ინსტრუმენტების სტერილიზება ავტოკლავირებით არ ხდება, მწვავედ უნდა დაისვას.

როცა გაღიმება არ გინდა
სისხლმდინარე ღრძილები და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან – დამეთანხმებით, ყოველგვარ ხიბლს მოკლებული სურათია, შედეგი კი – უფრო ულმობელი: ერთმანეთის მიყოლებით დაკარგული კბილები.
 კბილთან გამოთხოვება, თუ ყბა-სახის ტრავმებს არ მივიღებთ მხედველობაში, უმეტესად პაროდონტის დაავადებების – პაროდონტოზის, პაროდონტიტისა და გინგივიტის გამო გვიწევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პაროდონტის დაავადებებისას კბილების დაკარგვის რისკი ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე კარიესის დროს.
პაროდონტი კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ერთობლიობაა, რომლის შემადგენლობაშიც შედის ღრძილი, კუნთოვანი იოგები და ძვლოვანი ქსოვილი. ამდენად, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ გვიწევს ჩვენს მარგალიტებთან გამოთხოვება პაროდონტის დაავადებისას. 

გინგივიტი ღრძილების ანთებაა, რომელიც უმთავრესად ღრძილებიდან სისხლდენით, ლორწოვანი გარსის შეშუპებითა და ტკივილით ვლინდება. გინგივიტის მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია კბილის ნადები, რესტავრაცის დროს უხარისხო ბჟენისა და გვირგვინის გამოყენება, რაც ღრძილის ქსოვილის დაზიანებას იწვევს. არცთუ იშვიათია გინგივიტი ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისა და ორსულობის დროს.
თუკი ღრძილების ანთებას, რომელსაც თავდაპირველად ზედაპირული ხასიათი აქვს, ყურადღებას არ მივაქცევთ, ის გაღრმავდება და პათოლოგიური პროცესი ღრძილის ქსოვილიდან ძვლამდე გავრცელდება. შედეგად წარმოიქმნება ე.წ. პაროდონტული ჯიბეები, რომლებშიც ბაქტერიები იბუდებენ, ლპობას იწვევენ და საბოლოოდ კბილის მორყევამდე და დაკარგვამდე, ანუ პაროდონტიტის ჩამოყალიბებამდე მივყავართ.
ისევე როგორც გინგივიტისა, პაროდონტიის მიზეზიც პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენაა, რაც ღრძილების დაზიანებას, ქვების, ჯიბეების წარმოქმნას და საბოლოოდ კბილის მორყევას განაპირობებს. ამდენად, პაროდონტის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა ხშირი და სწორი ხეხვა და სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტია.
ასე რომ, ნუ დააყოვნებთ და ეწვიეთ ექიმს, თუკი:
. კბილებზე ნადები გაგიჩნდათ,
. კბილები მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ცხელისა და ცივის მიმართ;
. ღრძილებიდან სისხლი ჟონავს (ტრავმის გამო მცირეხნიანი სისხლდენა არ იგულისხმება);
. პირიდან უსიამოვნო სუნი (გ)აწუხებთ.

ბევრი თანამედროვე სტომატოლოგი პაროდონტოზს პათოლოგიად არ მიიჩნევს. მისი მიზეზი – ღრძილების სისხლით მომარაგების დარღვევაა, რასაც საბოლოო ჯამში ღრძილოვანი ქსოვილის ატროფია (განლევა) მოყვება. გათხელებული ღრძილი კი, კბილს ვეღარ იჭერს და 32 მარგალიტი ერთი მეორეზე მიყოლებით იწყებს ცვენას. 
პაროდონტოზის საბოლოო მიზეზი ექიმებისთვის დღემდე უცნობია, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ღრძილისა და კბილების არასრულფასოვან დატვირთვას ადანაშაულებენ. ასე რომ, თუ არ გინდათ, ღრძილები “გაგიზარმაცდეთ”, კბილები ხშირად გამოიხეხეთ. ნურც ღრძილებზე დაიზარებთ ჯაგრისის წასმას. კარგია აგრეთვე მყარი საკვების ხანგრძლივი და საფუძვლიანი დაღეჭვა (ეს სასარგებლოა არა მარტო ღრძილებისთვის, არამედ კუჭ-ნაწლავისთვისაც). 
დაბოლოს: რამდენიც  უნდა იხეხოთ კბილები და ღეჭოთ საკვები, თუკი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაჯერებულ სურსათს არ მიირთმევთ, კბილებსა და ღრძილებთან დაკაშირებულ პრობლემებს ვერაფრით გაართმევთ თავს. 

კარიესის ეპიდემია
ჭიანი, გამოხრული კბილი – უმეტესად ასე იხსენიებენ პრობლემას, რომელსაც მედიკოსთა ენაზე კარიესი ეწოდება.
სავარაუდოდ, კარიესიც მაშინ უნდა გაჩენილიყო, როცა ქვეყნიერებას პირველი ადამიანი მოევლინა, მაგრამ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჭიანი კბილების პრობლემა აქტუალური მხოლოდ XVIII საუკუნეში გახდა – მას შემდეგ, რაც ამერიკაში შაქრის ლერწმის პლანტაციების ბუმი დაიწყო. ადვილი მისახვედრია, რატომ: შაქარი ხომ კბილში “ჭიის გაჩენის” ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მიიჩნევა.
ნუთუ მართლა ვერ ვეღირსებით ჰოლივუდურ ღიმილს, თუკი კანფეტებისა და ნამცხვრების სუსნას არ მოვიშლით? მოდით, ეს ერთად გავარკვიოთ.

რა მოსდის კბილს

კარიესი სხვა არაფერია, თუ არა ღრმული, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილის დაშლის შედეგად წარმოიქმნება. კბილის ქსოვილი ყველაზე მყარი და მაგარია ადამიანის ორგანიზმში არსებულ ქსოვილებს შორის. ეს არც არის გასაკვირი: კბილის მინანქრის 95% ხომ მყარი მინერალური მარილებისგან  (ჰიდროქსიაპატიტისგან) შედგება, რომლის მთავარი საშენი მასალა კალციუმი გახლავთ.
გარდა მინანქრისა, კბილის მაგარ ქსოვილს დენტინიც ქმნის. მინანქარი მხოლოდ და მხოლოდ კბილის ხილულ ნაწილს ფარავს, ხოლო მთელ დანარჩენ კბილს – ფესვსა და ყელს – დენტინი ქმნის. იგი მინანქარზე რბილია, რადგან მყარი მინერალური ნივთიერება მასში უფრო ნაკლებია. ამიტომაც არის, რომ თითქოსდა დაუზიანებელი მინანქრის ქვეშ დენტინი ხშირად სრულიად დაშლილია ხოლმე – შედარებით რბილი ქსოვილი ადვილად და სწრაფად ზიანდება.
ტკივილი კი არც დაზიანებული მინანქრის ბრალია და არც დაშლილი დენტინისა. დისკომფორტის მიზეზი დენტინის შუაგულში (კბილის არხში) მოთავსებული ნერვი გახლავთ. 
ერთ მშვენიერ დღეს (უფრო მეტად – ღამეს) დაწყებული კარიესი განვითარების რამდენიმე სტადიას გაივლის. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ რაც უფრო ღრმაა ხვრელი, მით უფრო შორს არის წასული კარიესული პროცესი ან, სხვაგვარად, კბილის ქსოვილის დემინერალიზაცია.
საწყისი კარიესი – ასე უწოდებენ მინანქრის დაშლის პირველ სტადიას, როდესაც კბილზე მხოლოდ პაწაწინა მუქ ლაქას თუ შეამჩნევთ. ამ დროს მინანქარი ზედაპირულად არის დაზიანებული.
საშუალო სტადიაზე კარიესული ღრუ უფრო ღრმაა – დენტინამდე აღწევს.
ღრმა კარიესის დროს პროცესი დენტინსაც მოიცავს და ღრმული პულპამდე (არხში მდებარე რბილ ქსოვილამდე) ჩადის. სწორედ აქ მდებარეობს ნერვი.
როგორც სტომატოლოგები გვარწმუნებენ, პაწაწინა დაზიანებული უბნიდან ღრმა კარიესი რომ ჩამოყალიბდეს, საკმაოდ დიდი დრო – წელიწადი-წელიწადნახევარი მაინც არის საჭირო. თუ პროცესს საწყის ეტაპზე აღმოვაჩენთ და სათანადო ზომებსაც მივიღებთ, ჭიანი კბილი კარგა ხანს აღარ შეგვაწუხებს.

რატომ იშლება კბილი
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი: პირის ღრუ უამრავი ბაქტერიით არის დასახლებული, რომელთაც, ჩვეულებრივ, არავითარი ზიანი არ მოაქვთ (თუ, რაღა თქმა უნდა, საამისო მიზეზს არ მივცემთ). მიკროორგანიზმები ცხოველმყოფელობის პერიოდში გამოიმუშავებენ მჟავებს (ყველაზე აგრესიული მათ შორის რძემჟავაა), რომლებიც კბილის ქსოვილს შლის. ვინაიდან პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები უმთავრესად ნახშირწყლებით იკვებებიან და სწორედ მათი დაშლის შედეგად წარმოქმნიან მავნე მჟავებს, ტკბილეული კბილების დაუძინებელ მტრად შერაცხეს, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ ის კი არ არის მთავარი, რამდენ ნახშირწყლებს მივიღებთ, არამედ ის, თუ რამდენ ხანს დავაყოვნებთ მათ პირის ღრუში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მალე მოვაცილებთ კბილებს ტკბილეულის ნარჩენებს, მით უფრო მეტად შევამცირებთ კარიესის განვითარების რისკს. ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს: ჯაგრისი, ფლოსი (სპეციალური ძაფი), საღეჭი რეზინი...
ალბათ არაერთხელ გსმენიათ (განსაკუთრებით – სატელევიზიო რეკლამებიდან), რომ კბილზე ნადები ჩნდება. იგი სხვა არაფერია, თუ არა კბილის დასაზიანებლად შემართულ ბაქტერიათა კოლონიებისა და მათ მიერ გამოყოფილი მჟავების ერთობლიობა. ახლა ალბათ იოლად მიხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს კბილების რეგულარულ წმენდას და არც დედიკოს ბავშვობისდროინდელი ჩიჩინი, კბილები დილა-საღამოს გამოიხეხე, თორემ ინანებო, მოგეჩვენებათ მთლად უსაფუძვლოდ.
როგორც ჩანს, ფინელები ნადებმა განსაკუთრებით შეაწუხა და მათაც მის აღმოსაჩენად სხვადასხვა საშუალება გამოიგონეს: თურმე საკმარისია, 30 წამით ჩაღეჭო სპეციალური საღეჭი რეზინი ან გამოივლო სითხე, რომ ნადებით დაფარული უბნები ფერად-ფერად კუნძულებად შეიღებება.

კარიესს არ სძინავს

…ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. საქმე ის გახლავთ, რომ ღამით კბილის მინანქრის დაშლის საფრთხე  იზრდება. ეს იმიტომ, რომ ძილის დროს ნერწყვის გამოყოფა ფერხდება, ნერწყვი კი კბილის ქსოვილის განახლებას უწყობს ხელს. ასე რომ, ძილის წინ პირის ღრუს გასუფთავება მეტად მნიშვნელოვანია.
ნერწყვის გამომუშავებას ზოგიერთი პრეპარატიც აფერხებს. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ.
პირის ღრუს მეტისმეტი სიმშრალისას ურიგო არ იქნება, მინერალური წყალი ატაროთ თან. იგივე შეიძლება ითქვას ზაფხულის პაპანაქებაზეც.

ბოთლისმიერი კარიესი
სხვაგვარად მას საწოვარას კარიესსაც უწოდებენ. როგორც სახელწოდებითაც მიხვდებით, კარიესი მხოლოდ უფროსების ხვედრი არ არის. კბილის ქსოვილის დაშლა სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შორისაც ხშირად შეინიშნება. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი  ბოთლზე წამოცმული საწოვარაა. როგორც ჩანს, მასზე მავნე მიკრობები სახლდებიან (აქ ხომ უხვად ხვდებათ საკვები!), წოვის დროს პაწიას პირის ღრუში გადაინაცვლებენ და ჯერ ამოუსვლელი კბილის ჩანასახებს ემტერებიან.
საწოვარასმიერი კარიესის დროს ბავშვებს პირველად წინა ზედა საჭრელი კბილები უჭიანდებათ, შემდეგ კი კარიესი ყველა კბილს მოედება ხოლმე. ქვედა კიჭები ყველაზე გვიან ზიანდება. შესაძლოა, სრულიად უვნებელიც კი დარჩეს. ამას, როგორც ჩანს, წოვის თავისებურება განაპირობებს: წოვის დროს პაწია ქვედა კბილებს ენას აფარებს და სითხისგან იცავს.
დაიხსომეთ: ყოველგვარი სითხე (წყლის გარდა), რომელსაც პაწიას ბოთლში უსხამთ და ასმევთ, შაქარს შეიცავს და ამის კვალობაზე, მხოლოდ ბავშვისთვის კი არა, ბაქტერიებისთვისაც იდეალური საკვებია. პატარა კარიესისგან რომ დაიცვათ, არამც და არამც არ დაუტოვოთ ღამით საწოვარიანი ბოთლი, დასამშვიდებლად არ მისცეთ ტკბილ სითხეში ამოვლებული მატყუარა.

საჭიროა თუ არა F
სტომატოლოგები გვირჩევენ, ფტორის შემცველი კბილის პასტები გამოვიყენოთ – ეს ნივთიერება კბილის მინანქარს აგრესიული მჟავებისგან იცავს (თუკი სასმელი წყალი ფტორირებულია, კარიესის განვითარების ალბათობა 40-70%-ით მცირდება).
ფტორის მარგებლობის შესახებ არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის – აშშ-ში (ზოგიერთ შტატში), სასმელ წყალში 0,7-1,0 მგ/ლ ფტორის დამატება აუცილებელია. ცნობისმოყვარეებმა ისიც კი გამოთვალეს, რომ ადამიანს დღეში კილოგრამზე 0,05-0,07 მგ ფტორი სჭირდება. ასე რომ, თუკი 60-70 კგ-ს იწონით,  დღე-ღამეში 3-5 მგ ფტორი უნდა მიიღოთ.
ორგანიზმისთვის საჭირო ფტორის 99%-ს სასმელი წყლიდან და საკვებიდან ვიღებთ. იგი უხვადაა მწვანე ჩაიში, ზღვის პროდუქტებში (თევზში, ზღვის კომბოსტოში), სტაფილოში, ოხრახუშში, ხაჭოში.
ფტორი იმ ელენეტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა მცირედი სიჭარბეც კი ჯანმრთელობისთვის (და გარეგნობისთვის!) არცთუ სახარბიელოა. ჭარბმა ფტორმა შეიძლება ფლუოროზი გამოიწვიოს – ძვლებსა და კბილებში საჭიროზე მეტი დაგროვდეს და მათი სტრუქტურა დაარღვიოს. ფლუოროზის პირველი ნიშანი კბილის მინანქარზე  ყვითელი ლაქების გაჩენაა. თუკი ორგანიზმში მეტისმეტად ბევრი ფტორი მოხვდა, ლაქები ყავისფერს მიიღებს.
ასე რომ, თუმცაღა ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარი სასმელი წყლის ფტორით გამდიდრებას ემხრობა, როგორც ჩანს, ეს არცთუ უსაფრთხო არ უნდა იყოს: თუ ადამიანს ფტორი არ აკლია და წყლის მეშვეობით დამატებით იღებს ამ ელემენტს, შესაძლოა ფლუოროზის მსხვერპლადაც კი იქცეს.
 
პირველი კიჭი
სარძევე კბილების ჩანასახი ბავშვს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, უფრო ზუსტად,  მეექვსე-მერვე კვირას უყალიბდება, ამიტომ მომავალმა დედიკომ პაწიას კალციუმი არამც და არამც არ უნდა მოაკლოს. ეს ელემენტი განსაკუთრებით ბევრია რძის ნაწარმში (მაწონში, კეფირში, იოგურტში, ყველში, ხაჭოში), ბარდაში, მწვანე ბოსტნეულში, ჩირში, თევზში. ამგვარად, ეს პროდუქტები ორსულის მენიუს განუყოფელ ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.
პირველი საჭრელი კიჭი 6-7 თვის ასაკში წამოყოფს თავს. მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება: ზოგჯერ კბილი ამოსვლას იგვიანებს ან, პირიქით, სულსწრაფობს და დროზე ადრე ამოდი. ძალზე იშვიათად პაწია უკვე ორიოდე კბილით დამშვენებული იბადება. ამაში შესაშფოთებელი არაფერია. გაიკითხეთ,  თავად თქვენ ან თქვენს მშობლებს როდის ამოგივიდათ პირველი კბილი – ამაში ბრალი, როგორც წესი, გენებს მიუძღვის.
თუ ბავშვი უკვე წლინახევრისაა, ნანატრი კიჭი კი ჯერ არსად ჩანს, აუცილებლად ეწვიეთ სტომატოლოგს. სარძევე კბილების დაგვიანების მიზეზად შეიძლება იქცეს დღენაკლულობა, ახალშობილის მცირე მასა, ხშირი ავადობა, რაქიტი.


Print Page Digg Twitter Google სტომატოლოგიური პრობლემები




ზემოთ