სარეველა წყალმცენარეები აკვარიუმში

გააზიარე:

თუ სახლში აკვარიუმი გაქვთ, თქვენთვის აბეზარი სარეველა წყალმცენარეების პრობლემაც ნაცნობი იქნება. ვეტერინარის კაბინეტში ამჯერად სწორედ ამ პრობლემასა და მისი მოგვარების გზებზე ვისაუბრებთ.

რა იწვევს წყლის ამღვრევას? როგორ ვებრძოლოთ აკვარიუმის კედლებს მოდებულ სარეველებს? საშიშია თუ არა ჩვენი საყვარელი წყლის ბინადრებისთვის ალგე? ვეცდებით, ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაგცეთ.

 

რა არის ალგე

აკვარიუმისტები და აკვარიუმის თევზების მოყვარულები ასე უწოდებენ სარეველა წყალმცენარეებს. ეს სასიცოცხლო პირობების მიხედვით გაერთიანებული ეკოლოგიური ჯგუფია და, ფაქტობრივად, ყველა აკვარიუმში გვხვდება. მის გამრავლებას არაერთი მიზეზი აქვს, რომლებზეც დაწვრილებით ვისაუბრებთ.

უნდა ითქვას, რომ მწვანე აკვარიუმებისთვის ალგე ბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა წყალმცენარეების სიჭარბე აკვარიუმს შესამჩნევად აუსახურებს. რაც მთავარია, მათმა უკონტროლო გამრავლებამ შესაძლოა წყლისთვის საჭირო მცენარეებსაც მიაყენოს ზიანი. აკვარიუმის მინას ფიფქისებურ ალგეს იოლად მოაშორებთ ღრუბლით, მაგნიტიანი საწმენდით ან საფხეკით. ვერ ნახავთ აკვარიუმს, რომელსაც ეს პროცედურა ორ კვირაში ერთხელ მაინც არ სჭირდებოდეს. თუმცა არსებობს ალგეს ისეთი სახეობებიც, რომლებიც უფრო სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. ასეთებია შავწვერა, ძაფისებური და თმისებური წყალმცენარეები, ციანობაქტერიები და წყლის სარეველების მრავალი სხვა სახეობა, რომლებიც ინტენსიურად მრავლდება აკვარიუმში არასასურველი პროცესების შედეგად. მათი უკონტროლო გამრავლება შესაძლოა თევზების ხშირი ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზად იქცეს.

 

აბეზარი წყალმცენარეების წარმოშობის მიზეზები

ალგეს გამრავლების მთავარი მიზეზი წყალში არასასურველი ქიმიური ნივთიერებების დონის მომატებაა, ამიტომ სასურველია, წყლის პარამეტრები რეგულარულად შეამოწმოთ. ნიმუში სასუქისა და საკვების დამატებამდე უნდა აიღოთ. თუ წყალში ჭარბად აღმოჩნდა ამიაკი, რკინა ან ფოსფატი, მათი რაოდენობა უნდა დაარეგულიროთ. თევზების სხვადასხვა სახეობისთვის ნორმა სხვადასხვაა. გაითვალისწინეთ თქვენი აკვარიუმის ბინადრების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მაჩვენებლები და საჭიროებისამებრ აკონტროლეთ წყლის ქიმიური შემადგენლობა.

სპეციალისტთა დაკვირვებით, მავნე წყალმცენარეების გამრავლებას ხელს უწყობს თევზების ხშირი კვებაც. რეკომენდებულია, თევზებს დღეში ერთხელ, დღის საათებში ვაჭამოთ (სახეობათა გათვალისწინება ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია). საკვები იმდენი უნდა იყოს, რომ თევზებმა 1-2 წუთის განმავლობაში მთლიანად შეჭამონ. კვირაში ერთ დღეს აკვარიუმის ბინადრები შეიძლება ვაშიმშილოთ კიდეც _ ამით არ ავნებთ, პირიქით, განტვირთავთ მათ ორგანიზმს და წყლის ქიმიური ბალანსის შენარჩუნებასა და ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობთ ხელს. ჭარბი კვება წყალში ნიტრატის, ნიტრიტისა და ამონიუმის დაგროვების მთავარი მიზეზია.

ძალიან მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი. უხარისხო საკვები ხშირად სასურველზე გაცილებით მეტ ფოსფატს შეიცავს, ამიტომ, უმჯობესია, გამოვიყენოთ ცოცხალი, მყისიერი გაციებით ცოცხლად გაყინული ან გაყინვის მეთოდით გამომშრალი ცოცხალი საკვები.

მშრალი საკვების შერჩევისას კი უპირატესობა მიანიჭეთ მაღალი (პრემიუმ) ხარისხის ნაწარმს. ამასთან, ერიდეთ დიდი ქილისა თუ პაკეტის შეძენას, რადგან გახსნილ კონტეინერში ჰერმეტულობა დარღვეულია, ჰაერის ზემოქმედებით კი საკვები იცვლის ქიმიურ შემადგენლობას და სასარგებლო თვისებებს კარგავს. მარაგი მაქსიმუმ 2-3 თვე უბდა გეყოთ. კიდევ ერთი: შეიძინეთ მხოლოდ დალუქულ ქილებში ან გაუმჭვირვალ პაკეტებში დაფასოებული საკვები და მზით განათებულ ადგილას ნუ შეინახავთ.

ალგეს გამრავლების მიზეზად შეიძლება გრუნტის დაბინძურებაც იქცეს. ფეკალიების ნაწილი ბაქტერიების ზემოქმედებით სასარგებლო ნიტრატებად გადამუშავდება და სასუქის სახით მოიხმარება, ნაწილი კი გრუნტის სიღრმეში რჩება. ნარჩენები ჟანგბადის სიმცირის გამო იწყებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას, რაც მავნე წყალმცენარეების გამრავლებას აჩქარებს.

ჭარბი ფეკალიები ნიტრატების დაგროვებასაც უწყობს ხელს.

დაბინძურების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა მცენარეთა მკვდარი ფოთლები და ფესვები. ასეთ ნარჩენებს ვერც სასარგებლო მცენარეები ერევა (რომლებსაც “გამწმენდი” ფუნქცია აკისრიათ) და ვერც ფილტრი. თევზების ზომიერ კვებასა და კარგ ფილტრაციასთან ერთად აუცილებელია აკვარიუმის გრუნტის პერიოდული დასიფონებაც (სპეციალური ხელსაწყოთი, სიფონით, დასუფთავება). სიფონი მტვერსასრუტის ფუნქციას ასრულებს, გრუნტს ზედმეტ ნივთიერებებს აცილებს და სარეველა წყალმცენარეებს ხელსაყრელ პირობებს უზღუდავს.

 

 

მავნე წყალმცენარეთა სახეობები

თმისებური ალგე

მრავლდება ქვებზე, ფესვებსა და გრუნტზე. განსაკუთრებით კარგად ხარობს იქ, სადაც წყლის მოძრაობა ნაკლებია. მომწვანოა და ნაზი, რბილი სტრუქტურით გამოირჩევა და ადვილად სცილდება ზედაპირს.

 

ძაფისებური ალგე

ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სახეობაა. ადვილად ედება გრუნტს, დეკორაციებს. აქვს ძაფისებრი სტრუქტურა, ფეხს იკიდებს ფსკერთან ახლოს, ბოლოები კი წყლის ზედაპირამდეც აღწევს. მას მხოლოდ მექანიკური საშუალებებით უმკლავდებიან.

 

შავწვერა

ყოველგვარი ტიპის აკვრიუმში მრავლდება და ყველაზე ხშირად სხვა წყალმცენარეების ფესვებს, ქვებსა და ნელა მზარდ მცენარეებს ედება. აქვს რუხი, შავი ან მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობა და ჯაგრისისებრი სტრუქტურა. მისი აღმოჩენისთანავე აუცილებელია წყლის ბალანსის შემოწმება. დაბალანსებული წყალი შავწვერას გამრავლებისთვის არასასურველი გარემოა. უკვე არსებული წყალმცენარეები კი ხელით უნდა მოაშოროთ აკვარიუმს.

 

მწვანე ფიფქები

მწვანე ფიფქები სარეველა წყალმცენარეების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ადვილად მრავლდება და უმეტესად აკვარიუმის მინის კედლებს, დეკორაციულ ქვებს და მცენარეთა ფოთლებს ედება. აქვს მკვრივი სტრუქტურა, თუმცა ადვილად შორდება ზედაპირს. მისი გაჩენისას სასურველია აკვარიუმის კედლების ღრუბლით ან საფხეკით დამუშავება, დეკორაციების ჯაგრისით გაწმენდა და სპეციალური ქიმიური საშუალებების გამოყენება. მწვანე ფიფქების გამრავლებას ხელს უწყობს განათება (როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური), ამიტომ აკვარიუმისთვის ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მზის სხივები მას პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს.

 

როგორ გავუმკლავდეთ აბეზარ წყალმცენარეებს

აკვარიუმის ეკოსისტემის სისუფთავესა და სიჯანსაღეზე გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ. აბეზარ წყალმცენარეებთან გასამკლავებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აკვარიუმის ყოველკვირეული მოვლა. ისეთი პროცედურები, როგორებიცაა წყლის შეცვლა, სპეციალური საშუალებებით მინისა და ფილტრების გაწმენდა, თევზებისა და წყალმცენარეების დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ზომების მიღება, ალგეს გამრავლებას ხელს შეუშლის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თევზების საკვების სწორად შერჩევა და დოზირება. კონკრეტული სახეობების კვების რეჟიმის თაობაზე კონსულტაციას სპეციალისტი გაგიწევთ, ჩვენ კი შეგვიძლია გირჩიოთ საკვების დღიურ ნორმებად წინასწარ დაფასოება ჰერმეტულ პაკეტებში – ამით ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

საჭიროა წყლის ქიმიური შემადგენლობის გაკონტროლება თვეში ან ორ თვეში ერთხელ მაინც.

თევზების მოყვარულებმა იციან, რომ გრუნტის წმენდა და აკვარიუმის პერიოდული გენერალური დასუფთავება წყლის ბინადრების ჯანმრთელობის საწინდარია. ნუ დაიზარებთ ამ პროცედურების ჩატარებას.

ზოგჯერ წყალმცენარეებისგან დაზიანებული სააკვარიუმო მოწყობილობები და სხვა აქსესუარები სათანადოდ აღარ იწმინდება. ამ შემთხვევაში ისინი დაუნანებლად უნდა შეცვალოთ ახლით.

აუცილებელია მკვდარი წყალმცენარეებისგან აკვარიუმის გაწმენდა და ეკოსისტემისთვის მარგებელი წყალმცენარეების გამრავლება.

სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება წყლის სისუფთავეზე “ცოცხალი ძალის” გამოყენებით ზრუნვაც. არსებობენ წყლის ბინადრები, რომლებიც მავნე წყალმცენარეებით იკვებებიან. თქვენი თევზების სახეობათა გათვალისწინებით, სპეციალისტი ასეთი არსებებისგან დაკომპლექტებულ “დესანტს”შეგირჩევთ.

 

ნინო ლომიძე

 

 

 

 

გააზიარე: