ბრონქიტი, პნევმონია

გააზიარე:

რა უნდა ვიცოდეთ ბრონქიტის შესახებ

თუკი ამ სტატიის სათაურს მოჰკარი თვალი, გონებაში ალბათ ასეთი პასუხი ამოგიტივტივდება: ”განსაკუთრებული არაფერი, ამ დაავადებას ხომ ყველა 
კარგად იცნობს”. კიდევ უფრო უკეთესად “იცის” ჩვენმა საზოგადოებამ ბრონქიტის მკურნალობა: “რამდენიმე დღეა, ხველა გაწუხებს?! მიიღე ამოსახველებელი და ბრონქიტს დიდი ხნით დაემშვიდობე”. ერთი სიტყვით, ბრონქიტი მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ნაცნობ და იოლად განსაკურნებელ დაავადებად მიაჩნია. მაგრამ თუ სპეციალისტებს დავეკითხებით, საპირისპიროს აღმოვაჩენთ: ბრონქების ანთება საკმაოდ მძიმე ავადმყოფობაა, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.

მაშ ასე, რას წარმოადგენს ბრონქიტი? რა ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს ან რა პრინციპით მკურნალობენ მას? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება თერაპევტი გოგი სარიშვილი.

-ბატონო გოგი, გახშირდა თუ არა სასუნთქი გზების დაავადებები?

– სასუნთქი გზების დაავადებები წლიდან წლამდე უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამ პათოლოგიათა ასეთი გავრცელება უმთავრესად გარემოს აგრესიულობის მატებას უნდა დავაბრალოთ. უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობ არასახარბიელო ეკოლოგიურ მდგომარეობას, ტოქსიკური ნივთიერებების, ალერგენებისა და სხვა მავნე ფაქტორების მოჭარბებას.

გარდა გარემო პირობებისა, სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების გახშირებას განაპირობებს ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება, დაავადების გამომწვევი ბაქტერიების რეზისტენტობის ცვლილება, რაც ანტიბაქტერიული პრეპარატებისადმი მათი მომატებული მდგრადობით გამოიხატება; უთუოდ აღსანიშნავია საერთო პოპულაციაში გენეტიკურ (მათ შორის – სასუნთქი სისტემის) დაავადებათა წილის გაზრდა. მართლაც, იმატა სასუნთქი გზების პათოლოგიებმა (ბრონქიტის, ტრაქეიტის, ალვეოლიტის შემთხვევებმა), რომლებიც ალფა-ტრიფსინის დეფიციტით არის პირობადებული. პათოლოგიის ჩამოყალიბების სიხშირის ზრდაში არანაკლებ მნიშვნელოვანია რესპირატორული სისტემის თანდაყოლილი ნაკლოვანებების როლიც. 

-მოარული აზრის თანახმად, ბრონქიტი მეტად მარტივი დაავადებაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება არც კი სჭირდება…

–  მართალს ბრძანებთ, ბევრი ბრონქიტს ზერელედ ეკიდება და გახანგრძლივებული  ხველის დროს საკუთარ ჯანმრთელობას ჯეროვან ყურადღებას არც კი აქცევს. ბრონქიტის მიმართ ესოდენ გამარტივებული დამოკიდებულება სრულიად გაუმართლებელია – უყურადღებოდ მიტოვებული ეს დაავადება ბევრ მეტად არასასურველ გართულებას (ფილტვ-გულის უკმარისობას და ა.შ.) იწვევს. ყოველივე ეს კი საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

-ექიმებისგან ხშირად გვესმის ტერმინი “მწეველთა ბრონქიტი”...

– ბრონქიტი მრავალი სახისაა, თუმცა შეიძლება, გამოვყოთ ორი დიდი ჯგუფი: მწვავე, რომელიც პირველადად აღმოცენებული მწვავე ანთებითი პროცესია და უმთავრესად ბავშვებში იჩენს თავს, და ქრონიკული, რომელიც უპირატესად ზრდასრულ პირებს ემართებათ. 

-უპირატესად რომელი ფაქტორები განაპირობებს ქრონიკული ბრონქიტის ჩამოყალიბებას?

– ქრონიკული ბრონქიტის რისკფაქტორები გახლავთ:
* ზოგიერთი პროფესია. პათოლოგია უპირატესად ემუქრებათ მეტალურგებს, მაღაროს მუშებს, მინის მბერავებს – პირებს, რომელთაც მავნე გარემოში უხდებათ ყოფნა. ქრონიკული ბრონქიტის განვითარების ალბათობა მაღალია მათთვისაც, ვისაც  კონტრასტულ ტემპერატურულ რეჟიმში უწევს მუშაობა: ხშირად ხვდება ცხელიდან ცივ გარემოში;
* ფიზიკური თუ ქიმიური აგენტები: ვირუსები, ბაქტერიები, ტოქსინები, ალერგენები, მტვრის ნაწილაკები და ა.შ.;
* სასუნთქი გზების თანდაყოლილი ნაკლოვანებები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის  ბრონქიტისა თუ სხვა რესპირაციული პათოლოგიების ჩამოყალიბების რისკს.

რითაც არ უნდა იყოს განპირობებული დაავადება, ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბების უმთავრესი პირობა ბრონქებზე მავნე აგენტების ხანგრძლივი მოქმედებაა.

-ბრძანეთ, ბრონქიტის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობსო, თუმცა მკურნალობის ტაქტიკა ნებისმიერი ხველის შემთხვევაში ერთნაირია. გამართლებულია თუ არა დაავადებისადმი ამგვარი მიდგომა?

– ბრონქიტის მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაგვარი ეტიოლოგიისაა (რომელი პათოგენური ფაქტორით არის განპირობებული) პათოლოგია. თერაპიის კურსის შერჩევამდე უთუოდ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მიზეზით ჩამოყალიბდა პათოლოგიური კერა, ბრონქების თანდაყოლილი მანკია დამნაშავე, ვირუსი, ალერგენი თუ სხვა მავნე აგენტი. ერთი და იმავე გეგმით ყველა შემთხვევის მკურნალობა არ შეიძლება. მაგალითად, თუ ადამიანს ალფა-ანტიტრიფსინის თანდაყოლილი დეფიციტი აქვს (ის მორეციდივე ბრონქიტით ვლინდება), ამოსახველებელი საშუალებების მიღება ელასტიურობადაქვეითებულ ბრონქებს კიდევ უფრო გააღიზიანებს და დააზიანებს. ქრონიკული ბრონქიტის დროს პირველ რიგში პათოლოგიური ფაქტორი უნდა გამოვავლინოთ და მას ვებრძოლოთ. სხვაგვარად მკურნალობას შედეგი არ ექნება.

იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. მწეველთა ბრონქიტზე: თუკი თავს არ დავანებებთ მავნე ჩვევას, რა სახის მედიკამენტებითაც არ უნდა ვიმკურნალოთ, შედეგს ვერ მივიღებთ – ბრონქიტი მალე ხელახლა შეგვახსენებს თავს.

რაც შეეხება სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ხველის დროს თითქმის ყოველთვის ინიშნება, მათი მიღება მიზანშეწონილია მწვავე ან გამწვავებული პროცესის შემთხვევაში.

-გახანგრძლივებული ხველის დროს ზოგი ანტიბიოტიკების მიღებას იწყებს. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

– ბრონქიტისგან განკურნების მიზნით ანტიბაქტერიული პრეპარატების თვითნებური მიღება არამც და არამც არ შეიძლება. მართებული თერაპიის დანიშვნისთვის ხელთ სწორი დიაგნოზი უნდა გვქონდეს, ამისთვის კი დამატებით რენტგენოლოგიური კვლევა, ნახველის ბაქტეროლოგიური ანალიზია აუცილებელი.

უმართებულო ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიღოს. მაგალითად, უმართებულო ანტიბაქტერიული მკურნალობის შემდეგ ბევრს სოკოვანი დაავადება უყალიბდება.
სწორად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტის გართულების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.

-ამრიგად, მწვავე ბრონქიტი მხოლოდ ბავშვებს ემართებათ?

– ვინაიდან მოზრდილებს ხანგრძლივად, წლების განმავლობაში უხდებათ აგრესიულ გარემოში არსებობა (დაბინძურებულ ატმოსფეროსთან, ალერგენებთან, ტოქსინებთან ხშირი შეხება და ა.შ.), გასაკვირი არც არის, ბრონქების ქრონიკული დაავადება ჩამოუყალიბდეთ. ამდენად, მწვავე, პირველად არმოცენებული ბრონქიტი უპირატესად მცირე ასაკის ბავშვებში  იჩენს თავს.

-რა თავისებურება ახასიათებს ბავშვთა ასაკში ბრონქიტს?

– ბავშვებს ხშირად უვითარდებათ მორეციდივე ბრონქიტი, რომლის მიზეზიც მეტწილად ალფა-ტრიფსინოგენის დეფიციტია. დაავადების პირველი გამოვლენისას ექიმი შესაძლოა შეცდეს და მწვავე ბრონქიტის მკურნალობა დანიშნოს, თუმცა ხველის ეპიზოდების განმეორების შემთხვევაში და გაღრმავებული გამოკვლევის შედეგად სწორი დიაგნოზის დასმა ადვილია და მკურნალობის ტაქტიკაც იცვლება.

-ბოლო დროს ალერგიული პათოლოგიები საგრძნობლად გახშირდა. იმატა თუ არა ბავშვებს შორის ალერგენებით განპირობებული ბრონქიტის სიხშირემ?

– ალერგიულმა ფონმა ბოლო დროს მართლაც მოიმატა. შესაბამისად, გახშირდა ალერგიული წარმოშობის ბრონქიტიც, რომლის დროსაც ბრონქოსპაზმი ვითარდება.

მრავალრიცხოვანი ალერგიული აგენტებიდან უთუოდ უნდა დავასახელოთ ახალი ქიმიური ნაერთები, საკვების დანამატები (კონსერვანტები, არომატიზატორები...), რომლებიც მეტად ნეგატიურად მოქმედებს ბრონქულ ხეზე. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ბავშვთა ასაკში უმეტესად არა ალერგიული, არამედ ინფექციურ-ალერგიული წარმოშობის ბრონქიტები გვხვდება.

-ხშირად რთულდება ბრონქიტი პნევმონიით? თუ ხველებას ტემპერატურის მატება დაერთო, უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ ავადმყოფს ფილტვების ანთება ჩამოუყალიბდა?

– თავდაპირველად გეტყვით, რომ ბრონქიტი იზოლირებულიც არსებობს, თუმცა უმეტესად მაინც კომბინირებულია – სასუნთქის სისტემის სხვა უბნების ანთებით დაზიანებას ერწყმის. ტრაქეიტი, ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ალვეოლიტი ხშირად ერთდროულად მიმდინარეობს. ბრონქიტსა და პნევმონიას შორის ზღვარის გავლება ძნელია. შესაძლოა, ანთების კერა უპირატესად ერთ ადგილას იყოს ლოკალიზებული, შესაძლოა, სხვაგანაც ვრცელდებოდეს. ამგვარად, სწორი დიაგნოზის დასასმელად ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის – ტემპერატურული რეაქციის სახე, ხველის ხასიათი, ზოგადი თვითშეგრძნება. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური კვლევა, ნახველის ანალიზი.

ნაცნობი დიაგნოზი

ფილტვების ანთებაზე ახალი რა შეიძლება ითქვას? ტერმინ “პნევმონიას” ბავშვებიც კი იცნობენ. მაღალი სიცხე, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში – თუკი ამ სიმპტომებს ჩამოუთვლით, დიაგნოზს ლამის ნებისმიერი გამვლელი დაგისვამთ. მაგრამ გამეორება ხომ ცოდნის დედაა. ჰოდა, მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი ჩვენს ცოდნას, გავიხსენოთ დაავადების მიზეზები და მასთან გამკლავების ეფექტური ხერხებიც “გადავიმეოროთ”.

ერიდეთ გაციებასა და გრიპს

რამდენიც უნდა ვისაუბროთ პნევმონიის მიზეზებზე, ფაქტი ერთია: ის მეტწილად წელიწადის ცივ დროს იჩენს თავს. ამრიგად, გაციება ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომლებიც ხელს უწყობს ფილტვების ანთების ჩამოყალიბებას. მთავარი დამნაშავეები კი ინფექციური აგენტები – ბაქტერიები და ვირუსები ბრძანდებიან, თუმცა პნევმონია ორგანიზმში მათი შეჭრისთანავე როდი იჩენს თავს; როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფილტვის ქსოვილის ანთება რომ ჩამოყალიბდეს, ორგანიზმის თავდაცვითი ძალები ძალზე დასუსტებული უნდა იყოს. ასეთი რამ კი, როგორც წესი, ზამთრის მიწურულს და გაზაფხულის დასაწყისში ხდება, როდესაც ორგანიზმს ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები აკლია.

მაშველი ანტიბიოტიკები

ფილტვების ანთების სამკურნალოდ ანტიბაქტერიულ პრეპარატებზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონიათ.  მედიკამენტს იმის გათვალისწინებით არჩევენ, თუ რომელ მიკროორგანიზმს მიუძღვის ბრალი ანთებით ცვლილებებში. შეიძლება, ექიმმა ერთი ანტიბიოტიკის მეორით შეცვლა მიიჩნიოს საჭიროდ. ასეა თუ ისე, მკურნალობა სპეციალისტის ზედამხედველობით უნდა მიმდინარეობდეს. არამც და არამც არ შეიძლება ანტიბიოტიკების თვითნებურად, თქვენივე შერჩეული დოზებით მიღება. ასე შეიძლება, მდგომარეობა უფრო მეტად დაიმძიმოთ და შემდეგ სპეციალისტის მიერ შერჩეულმა თერაპიამ შედეგი აღარც კი გამოიღოს.

გაუფრთხილდით იმუნიტეტს

როგორც უკვე ვთქვით, პნევმონიის გამომწვევები ყველაზე მეტად მათ ემტერებიან, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. ასე რომ, დამცველობითი ძალების მომაგრება ურიგო არ უნდა იყოს. ამისთვის გამოგადგებათ ექინაცეის, ელეუტეროკოკის, ჟენშენის ნაყენი. შესანიშნავი საშუალებაა ეხინასალი, რომელიც მოზრდილებსაც და ბავშვებსაც ეფექტურად უმაღლებს იმუნიტეტს.

მხოლოდ მედიკამენტებით იმუნიტეტის ამაღლებას ვერ შეძლებთ – სრულფასოვანი კვებაც აუცილებელია. დასუსტებული ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა ცილოვანი საკვები: ხორცი, კვერცხი, ხაჭო და იოგურტი. თუკი მაღალი სიცხის გამო მადა დაკარგეთ, ნუ იჯავრებთ, ცოტ-ცოტა მიირთვით და დანაკლისი (ყუათიან საკვებს ვგულისხმობთ) გამოჯანმრთელების შემდეგ აღიდგინეთ.

ახველეთ, რამდენიც გინდათ

პნევმონიას მალევე რომ დააღწიოთ თავი, უთუოდ მოგიხდებათ ამოსახველებელი საშუალებების (მაგალითად, ლაზოლვანის) მიღება. ჩვენი მიზანი ასეთია: ნახველი ჯერ უნდა გავათხიეროთ, შემდეგ კი სასუნთქი გზებიდან გამოვდევნოთ.

ბევრი ჯანმრთელობას მცენარეებს ანდობს. თავისთავად, მხოლოდ ფიტოთერაპიის იმედზე ყოფნა, მით უფრო – ფილტვების ანთებისას, არამც და არამც არ შეიძლება, მაგრამ თუ მაინც ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას ამჯობინებთ, ამოსახველებლად იის, ძირტკბილას, ვირისტერფას, მრავალძარღვას ნაყენს გირჩევთ. 


ბრონქიტი თუ ასთმა

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ბრონქიტი ბავშვთა ასაკში საგრძნობლად გახშირდა. განსაკუთრებით ხშირად ავადმყოფობენ პაწიები მსტვენი ბრონქიტით – ასეთი უცნაური სახელი შეარქვეს მშობლებმა მდგომარეობას, როცა პატარა ხველასთან ერთად ხმაურით, სტვენით სუნთქავს, სამედიცინო წრეებში კი მას მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტის სახელით იცნობენ.

რისი ბრალია სტვენა

სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ბავშვთა ბრონქიტი ასიდან 25 შემთხვევაში მსტვენი ანუ მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტის სახით მიმდინარეობს. სტვენის მიზეზი ბრონქების სანათურის შევიწროებაა, რასაც მათი ანთებითი დაზიანება იწვევს. შევიწროებულ ბრონქში ჰაერს გავლა უჭირს. სწორედ ამის გამო წარმოიქმნება ამოსუნთქვისას სტვენისმაგვარი ხმიანობა.

მწვავე ობსტრუქციულ ბრონქიტს ორასამდე ვირუსი და ორმოცდაათამდე ბაქტერია იწვევს. ადრეული ასაკის ბავშვებში მისი გამომწვევი მეტწილად რესპირაციულ-სინციტიური, გრიპის, პარაგრიპის ვირუსები, ციტომეგალოვირუსი და რინოვირუსი გახლავთ. სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებში ჭარბობს ადენოვირუსით, მიკოპლაზმით გამოწვეული ფორმები.

ობსტრუქციული ბრონქიტის მიზეზად შეიძლება იქცეს ბაქტერიებიც: პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა.
ბავშვთა ასაკში მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტის განვითარებას ხელს უწყობს:

. გაციება – ცივ შენობაში დიდხანს ყოფნა, ცივ წყალში ჭყუმპალაობა, შიშველი ხელებით დიდხანს გუნდაობა;
. სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ოთახში დიდხანს ყოფნა – მსტვენი ბრონქიტი უმეტესად სწორედ იმ ბავშვებს ემართებათ, ვისი მშობლებიც შინ ეწევიან;
. მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
. დიათეზი;
. დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო – ბრონქიტის ამ ფორმით უპირატესად ქალაქის მოსახლეობა ავადდება. აქვე უნდა ვახსენოთ გამათბობლების როლიც, რომელთა წვის პროდუქტები სახლში გროვდება და ძალზე ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ყველაზე მეტად კი სასუნთქი სისტემის ფუნქციაზე.

ნიშნები

მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტის საწყის სტადიაზე პატარას ისეთივე სიმპტომები აწუხებს, როგორიც უბრალო გაციებისას: ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, სისუსტე, სურდო, სასუნთქი გზების კატარი (ყელის სიწითლე), შედარებით იშვიათად – ხმის ჩახლეჩა, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება). მთავარი ნიშანი, რომელიც პათოლოგიას სხვა ბრონქიტებისგან განასხვავებს, გახანგრძლივებული და მსტვენი ამოსუნთქვაა. ეს სიმპტომი  ზოგჯერ დაავადების პირველსავე დღეს ვლინდება, ზოგჯერ კი მესამე-მეხუთე დღეს იჩენს თავს.
დაავადების პირველ დღეებში პატარას მშრალი ხველა აწუხებს. მეოთხე დღიდან ხველა რბილდება, ჩნდება ნახველი. ზოგჯერ პატარა გულმკერდის ტკივილს უჩივის. ხველის დროს ტკივილის შეგრძნება კიდევ უფრო ძლიერდება.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს პათოლოგია. თუ მშობლებმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს, გამორიცხული არ არის, პატარას სუნთქვის უკმარისობის ნიშნებიც განუვითარდეს: სუნთქვის გაძნელება, ციანოზი (სილურჯე) ცხვირ-ტუჩის არეში, კანის სიფერმკრთალე და ა.შ. თუ პაწიას დროულად მივხედავთ, სულ რაღაც 7-12 დღეში ბრონქიტი უკვალოდ გაივლის.

ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტი უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება ბრონქულ ასთმაში გადაიზარდოს.
მსტვენი ბრონქიტი ზოგჯერ მეტისმეტად ჰგავს ბრონქულ ასთმას და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი კვლევების საშუალებით შეიძლება.

როგორ ჩავახშოთ სტვენა

. ცხელების პერიოდში პატარა საწოლში ჩააწვინეთ. წოლითი რეჟიმის შენარჩუნება სიცხის დაწევიდან კიდევ 1-2 დღეს არის სასურველი.
. განსაკუთრებული დიეტის დაცვა საჭირო არ გახლავთ, მაგრამ თუკი მენიუდან მცირე ხნით ამოიღებთ ალერგიულ (ციტრუსს, შოკოლადს), ემულგატორებისა და კონსერვანტების შემცველ პროდუქტებს, პატარას ჯანმრთელობას ეს ნამდვილად წაადგება.

ავადმყოფობის პერიოდში სასურველია ბავშვს კალორიული, ვიტამინებით მდიდარი საკვები მიაწოდოთ, ხშირად ასვათ თბილი კომპოტი, ჩაი, ასკილის ნახარში.
. ერიდეთ თვითმკურნალობას. უთუოდ გაითვალისწინეთ პედიატრის რჩევები და ბავშვს მედიკამენტები (ეხინასალი, ლაზოლვანი და სხვა) დანიშნულებისამებრ მიეცით.

გააზიარე: