გავიცნოთ ქვემო ქართლი

გააზიარე:

მართალია, ზამთარმა უკვე კარზე მოგვიკაკუნა, მაგრამ სალაშქრო აღჭურვილობის შენახვას ნუ იჩქარებთ. საქართველოში ბევრია ისეთი ადგილიც, რომელთა დალაშქვრა ზამთრისპირზეც სასიამოვნოა. ერთი მათგანია ალგეთის ეროვნული პარკი.

პარკი თბილისიდან სამოციოდე კილომეტრზე, ქვემო ქართლში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ალგეთის ხეობასა და თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს მოიცავს. თუ ალგეთისკენ გალაშქრებას გადაწყვეტთ, ნაკრძალის მონახულებით ნუ შემოიფარგლებით – ქვემო ქართლი სხვა ღირსშესანიშნაობებითაც მდიდარია. აქ არის დმანისის ნაქალაქარი, ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავი, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი... თუმცა, მოდი, თავიდან დავიწყოთ.

 

ალგეთის ნაკრძალის დაარსების მთავარი მიზანი აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის უიშვიათესი ჯიშების დაცვა გახლდათ, თუმცა ამ არემარეზე მხოლოდ ნაძვი და სოჭი როდი ხარობს – აქ შეგხვდებათ 1600-ზე მეტი სახეობის მცენარე, 250-მდე სახეობის სოკო (ათი მათგანი პირველად სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი), უამრავი ჯიშის ცხოველი და ფრინველი, რომელთაგან ზოგი წითელ წიგნშია შეტანილი.

ალგეთის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის დალაშქვრა დაბა მანგლისიდან უნდა დაიწყოთ. გზას მართალხევისკენ უნდა გაუყვეთ, რომლის გავლითაც სოფელ დიდ ნამტვრიანში მოხვდებით. ნამტვრიანიდან სამეფო ქედამდეც არ არის შორი. აქ თვალწინ საოცარი ხედები გადაგეშლებათ და თუ ყურადღებით იქნებით, შესაძლოა, შველს, კურდღელს ან გარეულ ღორსაც კი შეასწროთ თვალი. თუ დაიღალეთ, შეგიძლიათ მანგლისში დაბრუნდეთ, მაგრამ გირჩევთ, დაღლილობას არ შეუშინდეთ, შეისვენოთ, ცოტა დანაყრდეთ და გზა განაგრძოთ. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც და მის მიმდებარედაც უხვადაა კულტურულ-ისტორიული ძეგლები. სწორედ ალგეთის ნაკრძალშია ცნობილი „არსენას გამოქვაბული“, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, თავს აფარებდა არსენა ოძელაშვილი. პარკშია კლდეკარის ციხესიმაგრეც, მაგრამ იქამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით ან ფეხით არის შესაძლებელი. ეროვნული პარკის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომლის პირველი სახე IV საუკუნით თარიღდება.

ნუ იფიქრებთ, რომ ქვემო ქართლში ლაშქრობა ამ ძეგლების მონახულებით სრულდება – აქ კიდევ ბევრი რამაა სანახავი. ნაკრძალის შემდეგ შეგიძლიათ დიდგორის ველს ეწვიოთ. სწორედ აქ მოხდა 1121 წელს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბრძოლა. დიდგორის ველი დაბა მანგლისიდან 25 კმ-ზე მდებარეობს.

თუ მანგლისიდან სოფელ ფარცხისისკენ გაუყვებით გზას და 30 კმ-ს გაივლით, XI საუკუნის ძეგლს – ბირთვისის ციხესიმაგრეს მიადგებით. გაითვალისწინეთ: ციხემდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდის.

ქვემო ქართლიდან ბოლნისის სიონის უნახავად წამოსვლა დანაშაულია. ეს სამნავიანი ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული საკულტო ნაგებობაა საქართველოში. ბოლნისის სიონი 478-
493 წლებით თარიღდება. ის სოფელ ბოლნისში, მდინარე ფოლადაურის ნაპირზე მდებარეობს. ბაზილიკა ნაგებია მომწვანო ფერის თლილი ქვით, თუმცა დასავლეთი კედლის სამშენებლო მასალაში აგური ჭარბობს, რაც გვიანი ხანის რესტავრაციის შედეგი უნდა იყოს.

სწორედ ბოლნისის სიონის კედელზეა გამოსახული წრეში ჩახაზული ბოლოებგაფართოებული ჯვარი, რომელსაც ბოლნური ჯვრის სახელწოდებით ვიცნობთ.

 

თუ არქეოლოგია გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ დმანისს. დაბის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი აქ 1983 წელს დაარსდა, 2006 წლიდან კი ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის. ამ ხნის განმავლობაში დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არაერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს. მათ შორის – შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის ნაშთები. ეს ქალაქი თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია იყო. მასზე გადიოდა საქარავნო გზაც. დმანისში აღმოჩენილია თითქმის ორი მილიონი წლის წინანდელი გეოლოგიური ფენა, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები, ადრეპალეოლითის პერიოდის ძეგლი... თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა 1999-2001 წლებში მოხდა, როდესაც დმანისის ტერიტორიაზე 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანების თავის ქალები აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ სრულიად შეცვალა წარმოდგენა კაცობრიობის ისტორიასა და ადამიანის ევოლუციაზე.

დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენები არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. მუზეუმი მხოლოდ ორშაბათობით იკეტება, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით კი 11:00-დან 17:00 საათამდე მუშაობს.

 

ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების გასაყარზე, იქ, სადაც მდინარე მაშავერა კაზრეთის წყალს უერთდება, მდებარეობს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს საბადო, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება. კაზრეთის ტერიტორიაზე ოქროს დღესაც მოიპოვებენ, თუმცა თავად მაღარო აღარ არსებობს, მასში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები კი კაზრეთშივე, არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.

 

თეთრი წყაროს ჩრდილოეთით, 8 კილომეტრზე, სოფელ გუდარეხის შემოგარენში, მდებარეობს გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი. გათხრებმა დაადასტურა, რომ XII-XIII საუკუნეებში მას კერამიკული წარმოება ჰქონდა. აქვეა აღმოჩენილი 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის) და ერთი მონღოლური მონეტა, რაც XIII საუკუნეში გუდარეხის ინტენსიურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე მიუთითებს. სამონასტრო კომპლექსში შედის ერთნავიანი ეკლესია, სამრეკლო, სასახლე, კლდეში ნაკვეთი ოთახები. ეკლესია რუსუდანის მეფობის დროს – 1222-1245 წლებშია აგებული, ორსართულიანი სამრეკლო კი დემეტრე თავდადებულის ეპოქით, 1278 წლით, თარიღდება. ეს უძველესი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში.

მარტყოფის მამათა მონასტერი თბილისიდან აღმოსავლეთით, 25 კილომეტრზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იალნოს ტყიან ქედზეა განლაგებული. ის ცამეტიდან ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – ანტონ მარტყოფელმა დააარსა VI საუკუნეში. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად, ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი – “ქვიანი ადგილი” – რქმევია. გადმოცემით, ტაძარი აქ ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. VI ს-ის პირველ ნახევარში აკრიანის მთებში ასურელი მამა ანტონი დამკვიდრდა. ის განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მარტომყოფელი, მარტყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სასწაულმოქმედის სახელი, ამიტომ მის გარშემო თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მარტყოფში სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე სათხის ეკლესია რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. მდიდარია მორთულობითა და წარწერებით. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტებიც. თავის დროზე ინტერიერს შესანიშნავი კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, სულხან-საბას მშობლიურ სოფელში მდებარეობს. აქვეა ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაც, რომელიც 1683 წელსაა აგებული. თავის დროზე ის ორბელიანების კარის ეკლესია გახლდათ.

 

დამეთანხმებით, ქვემო ქართლის ღირსშესანიშნაობათა მხოლოდ ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. ერთი რამ ცხადია – ამ მხარის დალაშქვრა ნამდვილად ღირს. ასე რომ, ნუ შეუშინდებით ნოემბრის სუსხს, მოიკიდეთ ზურგჩანთები, ჩაიცვით თბილი, მოხერხებული ფეხსაცმელი და საქართველოს უკეთ გასაცნობად გასწიეთ.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: