მუსიკისა და სიყვარულის თერაპია

გააზიარე:

„შეიძლება, ადამიანთან ერთად დაუკრა და ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ის უფრო უკეთ გაიცნო, ვიდრე რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შედეგად გაიცნობდი“, – მიაჩნია მარინა რაიდტ-ალთუნაშვილს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მძიმე პაციენტებს – ბავშვებსა თუ მოზრდილებს – მუსიკის საშუალებით ეხმარება. თოთხმეტი წელია, მარინა ამ საქმეს მისდევს – ბად ვალდზეეში რეაბილიტაციის სახელმწიფო კლინიკის ხელოვნებითი თერაპიის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ბიბერახის ორ სკოლაში მუსიკათერაპევტად მუშაობს, ეწევა კერძო პრაქტიკას, აქვს ფსიქოთერაპევტისა და ონკოფსიქოთერაპევტის ლიცენზია.

სამუშაოდ მან მუსიკათერაპიის ყველაზე სახალისო და შედეგიანი მიმართულება – პოლ ნორდოფისა და კლაივ რობინსის მეთოდი აირჩია. ის ამბობს, რომ მუსიკათერაპია არათუ საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, არამედ ზოგჯერ სასწაულებსაც ახდენს.

 

ცოტა რამ ისტორიიდან

– მუსიკათერაპიას ადამიანი უძველესი დროიდან მიმართავს. მაგალითად, ცნობილია 4200 წლის წინანდელი რიტუალური ჩანაწერები, რომლებიც ენჰე დუანას – მეფე სარგონის ქალიშვილს – ეკუთვნის. მას 42 ჰიმნის ტექსტი და მუსიკა აქვს დაწერილი. მათი დახმარებით ენჰე დუანას პაციენტები ტრანსში შეჰყავდა და ღმერთებს სნეულების გამომწვევი დემონების დათრგუნვას ევედრებოდა.

რენესანსისა და ბაროკოს ეპოქაში მუსიკის საშუალებით ავადმყოფებზე არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ სომატურ ზემოქმედებასაც ცდილობდნენ. საამისოდ მრავალი მიდგომა შეიმუშავეს.

დღეს არსებობს მუსიკათერაპიის რამდენიმე განხრა. მაგალითად, რეცეფციული. ამ დროს პაციენტი მოხერხებულად წევს, შემსრულებელი კი უკრავს. ფსიქოთერაპიის ზოგიერთ მიმართულებაში დროის უმეტეს ნაწილს საუბარს უთმობენ და მხოლოდ დარჩენილი დროის განმავლობაში უკრავენ. ჰეიდელბერგის ინსტიტუტის მუსიკათერაპიული ტრადიცია გულისხმობს პაციენტისთვის მუსიკის მოსმენინებას და პარალელურად თავის ტვინის აქტივობის გაზომვას, თუმცა ეს უფრო სამეცნიერო მეთოდია. ყველაზე პრაქტიკული მეთოდი, სადაც შედეგს ნებისმიერ შემთხვევაში ვიღებთ, ნორდოფ-რობინსის მეთოდი გახლავთ.

 

წარმატებული ტანდემი

– მუსიკათერაპიამ უფრო სერიოზული სახე XX საუკუნეში მიიღო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იანი წლების დასაწყისში, ამერიკელმა კომპოზიტორმა პოლ ნორდოფმა და ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა კლაივ რობინსმა ლონდონის ერთ-ერთ საბავშვო სკოლა-ინტერნატში, სადაც აუტისტი ბავშვებიც ცხოვრობდნენ, ერთობლივი მუშაობით საოცარი შედეგები მიიღეს. მათ მუსიკა კომუნიკაციის საშუალებად გამოიყენეს.

ნორდოფისა და რობინსის მიერ შემოღებული ტერმინი "მუსიკის ბავშვი" – "music child" – გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური წარმოშობისა, კულტურული კუთვნილებისა, განათლებისა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური შეზღუდვებისა, მუსიკის მეშვეობით თვითგამოხატვა და ურთიერთობა შეუძლია. პაციენტი აღიქმება როგორც აქტიურად მოქმედი პიროვნება. მათ მიერ შემუშავებულ მუსიკალურ ინტერაქციაში “აქ და ახლა” მკაფიოდ ჩანს პაციენტის დაავადებისგან გამომდინარე შეზღუდვები და, ამავე დროს, იკვეთება მისი პოტენციალი.

ბავშვები, რომლებიც საერთოდ ვერ მეტყველებდნენ, ფაქტობრივად, მხოლოდ კიოდნენ, ტიროდენ ან ყვიროდნენ, თერაპიის შემდეგ აალაპარაკეს. ამ გაკვეთილების გენიალურ ჩანაწერებს სტუდენტობის დროს ჩვენც გვასმენინებდნენ. – ბავშვი კივილით შემოდის, ნორდოფი მის მიერ გამოცებულ ბგერას ნოტად იღებს, მის კივილს – მოტივად და ულამაზეს მელოდიას ქმნის... ნორდოფს და რობინსს მიაჩნდათ, რომ ბავშვის ყვირილი მხოლოდ კონტაქტის მცდელობის საშუალება იყო, რადგან მას მეტყველებით კომუნიკაცია არ შეეძლო. არსებობს ჩანაწერი პატარა აუტისტ ბიჭ ედვარდზე: მეორე შეხვედრისას ის ისევე ყვირის, როგორც პირველი შეხვედრისას, ნორდოფიც იმავე მოტივით ეგებება და თან მისალმებას ასწავლის... სამი გაკვეთილის შემდეგ ბავშვმა "ჰელოუ" თქვა, მერე კი ამღერდა, სიმღერით ამეტყველდა...

მუსიკათერაპიის ეს დარგი ნორდოფმა და რობინსმა რამდენიმე ქალაქში დანერგეს. ნიუ-იორკსა და ლონდონში ცენტრები დააარსეს. შემდეგ გერმანიაში მოხვდნენ, სადაც დევიდ ოლდრიჯმა მათი მეთოდი მეცნიერულ დონეზე აიყვანა, დორტმუნდთან ახლოს, Witten-Herdecke-ს ელიტური უნივერსიტეტისა და ანთროპოსოფიული კლინიკის ბაზაზე, ჩატარდა არაერთი გამოკვლევა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მედიცინის სხვადასხვა დარგის დოქტორანტები იკვლევდნენ მუსიკათერაპიის შედეგებს, წერდნენ სადოქტორო დისერტაციებს...

კლაივ რობინსს მეც ვიცნობდი. ასეთი ტრადიცია გვქონდა: სამივე – ვიტენ-ჰერდეკეს, ლონდონის, ნიუ-იორკის – ცენტრის სტუდენტები მესამე სემესტრის დასრულებამდე ლონდონში ვხვდებოდით მას და ისიც ორი თვის განმავლობაში ყოველდღე გვამეცადინებდა. საოცარად თბილი პიროვნება იყო და საოცარი გაკვეთილები ჰქონდა. ჩემთვის დიდი სტიმული გახლდათ მასთან შეხვედრა. მისი წყალობით დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. თითოეულ პაციენტზე, მათ წარმატებებზე იმხელა გრძნობით ჰყვებოდა, რომ ცრემლს ვერ იკავებდა. ამბობდა, ისე უნდა გიყვარდეთ მუსიკაც და პაციენტიც, ისე უნდა გწამდეთ, რომ მისი დახმარება შეგიძლიათ, რომ მას არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ადამიანის სიყვარულიც გადასდოთო.

 

მუსიკათერაპიის ასპარეზი

– გერმანიაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ. მანამდე თუ პოლ ნორდოფისა და კლაივ რობინსის მეთოდს მხოლოდ პედიატრიაში იყენებდნენ, აქ ის სხვა სფეროებშიც მოსინჯეს და დანერგეს. კერძოდ, ნევროლოგიაში – ინსულტგადატანილ, პარკინსონით, გაფანტული სკლეროზით დაავადებულებთან. ფართომასშტაბიანი გამოკვლევები ჩატარდა თავის ქალას ტრავმის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტებზე.

ამჟამად მეთოდს ონკოლოგიური პაციენტების რეაბილიტაციისთვისაც იყენებენ. თავად მეც ვატარებ ბად ვალდზეეს კლინიკაში ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციას.

მეთოდი ძალიან ეფექტურია ალცჰაიმერის დაავადების დროს. წელს განვახორციელე პროექტი მოხუცებულთა სახლში, სადაც ძალიან კარგი შედეგები მივიღე.

პედიატრიაში მუსიკათერაპია მეტად შედეგიანია აუტიზმის, დაუნის სინდრომის, მოტორიკის, კოორდინაციის, მეტყველების, აღქმის, კონცენტრაციის, სხვადასხვა ემოციური დარღვევის დროს.

ბავშვებთან ე.წ. ფლეი-სონგებით – თამაშ-სიმღერებით ვმუშაობთ. ისინი ყველა პაციენტისთვის სპონტანურად იწერება. თერაპიის პერიოდში ერთი ბავშვისთვის, სულ ცოტა, ოთხი სიმღერის დაწერა მიწევს.

სიარულისა და საუბრის უნარის მქონე გონებადაქვეითებულ ბავშვებთან მუშაობისას ჩემი მიზანია მათი მომზადება ინსტრუმენტის დასაუფლებლად. ამ ბავშვებიდან ზოგი უკვე ჩელოზე უკრავს, ზოგი – გიტარაზე. მართალია, ვირტუოზები არ არიან, მაგრამ ჰყავთ ჯგუფები, აქვთ თავიანთი პროგრამები და კონცერტებს მართავენ.

ბავშვებთან ჯგუფური თერაპიის დროს ხშირად ვდგამთ ზღაპრებს, რომლებსაც ნორდოფისა და რობინსის მუსიკით ვაფორმებთ. მაგალითად, ყველა ბავშვს გამორჩეულად უყვარს სამი დათვის ზღაპარი.

 

პირველი კონტაქტი

– როგორ იწყება პრობლემური ბავშვისა და მუსიკათერაპევტის ურთიერთობა?

– პირველი სეანსის დროს ოთახში შემოსულ ბავშვს, ფაქტობრივად, ვერც კი ვხედავ, მაგრამ მესმის მისი ხმა, მისი ნაბიჯები. ამ ნაბიჯების ტემპის, გამოცემული ბგერების მიხედვით სპონტანურად ვწერ და ვუკრავ მისალმების სიმღერას. შემდეგ ეს რიტუალად იქცევა – ყოველ გაკვეთილს ამ სიმღერით ვიწყებ. სიტყვები მარტივია, მაგალითად: “დილა მშვიდობისა, ნაელ, რა კარგია, რომ აქ ხარ, გამარჯობა, გამარჯობა”.

სიმღერის მიზანია, ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს, მიხვდეს, რომ მიხარია მისი მოსვლა. შემდეგ თანდათან ვიწყებთ ერთად მუშაობას, მუსიკას ვქმნით, ვმღერით, – გააჩნია, რა შეუძლია ბავშვს. საზოგადოდ, ხელოვნებითი თერაპიის, კერძოდ კი მუსიკათერაპიის დიდი ღირსებაა ის, რომ ვმუშობთ არა დეფიციტზე, არამედ რესურსზე. აქცენტს მთლიანად პაციენტის შესაძლებლობებზე ვსვამთ. ხშირად ვუსვამთ ხაზს ამ შესაძლებლობებს. სიმღერით ვამბობთ: “შენ შეგიძლია დაკვრა”, “შენ შეგიძლია სიმღერა”. ერთი სიტყვით, ბავშვს პოზიტიური მხრიდან ვაცნობთ საკუთარ თავს. ვიჭერთ მის რესურსს, დიდი იქნება თუ მცირე, და ვცდილობთ, განვავითაროთ. ეს ბავშვს თავდაჯერებას მატებს, აღარ იბუზება, აღარ უჭირს სოციალური კონტაქტი, ეთამაშება სხვა ბავშვებს.

ოთახში შემოსული ბავშვი ჩემ გვერდით, როიალთან ჯდება. მე ვუკრავ და ვაკვირდები, დაამყარებს თუ არა ჩემთან კონტაქტს, მეტყვის თუ არა გამარჯობას. ველოდები მის რექციებს. ზოგჯერ ბავშვები სკეპტიკურად მიყურებენ. მე ვეუბნები: "თუ გინდა, შეგიძლია, შენც დაუკრა..." – და დღემდე არ მყოლია პაციენტი, რომ არ დაეკრას. თვეებისაც კი. დაუნის სინდრომიან ბავშვებს სუსტი თითები აქვთ, მაგრამ მაინც ცდილობენ, ამყვნენ. მათ პატარ-პატარა მოტივები გამოსდით, მე კი ამ მოტივებისგან მუსიკას ვქმნი, ვიმეორებ და ვიმეორებ.

გაკვეთილის ბოლოს დამთავრების სიმღერას ვასრულებთ, რომელიც ასევე ყველა პაციენტისთვის ცალ-ცალკე იწერება.

– აქვს თუ არა მკურნალობის დასაწყებად მნიშვნელობა ბავშვის დიაგნოზს?

– თავდაპირველად დიაგნოზს არ ვკითხულობ. უბრალოდ, მეუბნებიან, რომელმა ექიმმა გამოგზავნა მუსიკათერაპიისთვის. ორი-სამი სეანსი მჭირდება, რომ ბავშვზე საკუთარი წამოდგენა შევიქმნა. მე მინდა, ბავშვი გავიცნო ისეთი, როგორიც არის, თავისი პოზიტივითა და დეფიციტით, დიაგნოზი კი ამაში ხელს მიშლის. შემდეგ ვაყალიბებ სურათს, ვწერ დასკვნას. მხოლოდ ამის შემდეგ ვითხოვ დიაგნოზს და ჩემს დასკვნასთან შევაჯერებ. რა თქმა უნდა, ბავშვის სხვა ექიმებთანაც მაქვს კონტაქტი – ლოგოპედთან, ფსიქოთერაპევთთან. ერთმანეთს მოსაზრებებს ვუზიარებთ და საერთო გამოსავალს ვეძებთ.

 

ხანგრძლივობა

– რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობის კურსი?

– ეს ინდივიდუალურია. საზოგადოდ, რაც უფრო ადრე ჩავერევით, მით უკეთესია შედეგი. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, თორმეტი აუცილებელია. მშობლების სურვილისამებრ, კვირაში ორჯერ ან ერთხელ. შემდეგ 4-6 კვირა ვისვენებთ და ისევ ვაგრძელებთ.

არიან პაციენტები, რომლებსაც შეუსვენებლად უნდათ სიარული, მაგრამ მაინც ვასვენებთ.

პრობლემასაც გააჩნია. მყოლია მეტყველების დარღვევის მქონე პაციენტი, რომლისთვისაც სამი სეანსი საკმარისი აღმოჩენილა.

გაკვეთილი პატარა ბავშვებთან 20 წუთს გრძელდება, ცოტა მოზრდილებთან მაქსიმალური ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს. გაკვეთილი საკმაოდ დამღლელია და მეტს ვერ უძლებენ. ამ ხნის განმავლობაში ვუკრავთ ფორტეპიანოზე, დოლზე, ფლეიტაზე, სხვა ინსტრუმენტებებზე, ინსტრუმენტებს ვშლით და ვაწყობთ.

ინსტრუმენტსაც პაციენტის ხასიათისა და პრობლემის მიხედვით ვარჩევთ. მაგალითად ჩასაბერი ინსტუმენტები ხელს უწყობს ტუჩების, ენის განვითარებას, ამიტომ მეტყველების დარღვევის დროს ვიყენებთ. ჰიპერაქტიურ ბავშვებთან შედეგიანია დასარტყამ ინსტრუმენტებზე მუშაობა – ეს მათ შინაგანი სტრუქტურის, შინაგანი ტაქტის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ჯემბე, აფრიკული დასარტყამი ისნტრუმენტი, ძალიან კარგია მოტორიკის განსავითარებლად.

თავდაპირველად ერთ ინსტრუმენტზე დაკვრას ვიწყებთ, შემდეგ მეორეს ვუმატებთ.

ჰიპერაქტიური ბავშვები, რომლებიც ერთ ადგილზე ხუთ წამსაც ვერ ჩერდებოდნენ, სხედან და ექვსი წუთის განმავლობაში იმპროვიზაციას უკრავენ. ეს დიდი მიღწევაა და, ფაქტობრივად, რიტალინისგან ბავშვის გადარჩენას ნიშნავს. ეს წამალი ჰიპერაქტიურ ბავშვებს ჯერ ძალიან აღაგზნებს, მერე კი თანდათან აწყნარებს. ბავშვები ეჩვევიან წამალს და მასზე დამოკიდებულები ხდებიან... ბავშვი, რომელიც პირველ ხანებში ინსტრუმენტიდან ინსტრუმენტთან გადარბოდა, სკამიდან ხტებოდა, ხან რას მივარდებოდა და ხან – რას, თორმეტი სეანსის შემდეგ იმპროვიზაციას ასრულებს. ეს ნამდვილი სასწაულია და მშობელსაც დიდ სტიმულს აძლევს.

 

როცა პრობლემა მშობლებშია საძიებელი

– ხშირად მშობლებთანაც მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი. მაგალითად, ჰიპერაქტიური ბავშვების პრობლემა, როგორც წესი, ოჯახიდან იღებს სათავეს და ხშირად მას მშობლების ურთიერთდამოკიდებულება განაპირობებს. ამიტომ მშობლებსაც ვიბარებ ხოლმე, ზოგჯერ – ცალ-ცალკე, ზოგჯერ – ორივეს ერთად, რათა მათი ურთიერთობა შევაფასო. თუ პრობლემა აშკარაა, ვთავაზობ, ჯერ ის მოაგვარონ, მიმართონ ფსიქოთერაპევტს, ოჯახის ფსიქოლოგს, მერე კი, თუ არაფერი შეიცვალა, მივხედოთ ბავშვს.

ვაწყდებით სხვა სირთულეებსაც. შესაძლოა, მშობლებმა მთელი შრომა წყალში ჩაგვიყარონ. მაგალითად, ვმუშაობ 14 წლის აუტისტთან, რომელსაც ფრანგი დედა და გერმანელი მამა ჰყავს. მე ბავშვს საკუთარ შესაძლებლობებზე ვუმახვილებ ყურადღებას და მეტს და მეტს ვაღწევთ, დედა კი უფრო მეტს მოითხოვს მისგან. გამუდმებით მიწევს მასთან დავა და მუშაობა, რომ შვილს მეტისმეტად ბევრი არ მოსთხოვოს. იმავე პრობლემებს უქმნის სხვა ექიმებსაც.

საზოგადოდ, მშობლებთან უფრო ძნელია მუშაობა, ვიდრე ბავშვებთან. ბავშვი თავიდანვე გენდობა. ხშირად პატარები თვითონვე უშვებენ ოთახიდან მშობლებს. თერაპიის დროს თითქოს მათი ნაწილი ვხდები, ყველაფერში მათ მხარეს ვიჭერ, იმის კეთების საშუალებას ვაძლევ, რაც მოსწონთ. ისინიც ნდობით განეწყობიან, ხოლო იქ, სადაც ნდობაა, დაბრკოლება აღარ არსებობს.

 

არავითარი საფრთხე

– ხომ არ შეიძლება, მკურნალობის არასწორად შერჩეულმა ტაქტიკამ უკუეფექტი გამოიწვიოს?

– მუსიკათერაპიას უკუეფექტი, ფაქტობრივად, არ გააჩნია. შესაძლოა, უბრალოდ ვერ შეუთანხმდე პაციენტს, წესისამებრ, მოზრდილს, – ბავშვებთან მსგავსი შემთხვევა არ მქონია. ჯერ პატარა პაციენტი არ მყოლია, რომ თერაპია არ მოწონებოდეს – ის ხომ თავიდან ბოლომდე მუსიკაზეა აგებული, მუსიკა კი ყველას მოსწონს. უფროსებს კერძო კაბინეტში სამჯერ ვხვდები და მერეღა ვწყვეტთ, გავაგრძელოთ თუ არა თერაპია.

თეორიულად შესაძლებელია, მუსიკითაც ავნო ადამიანს, მაგრამ აქ პაციენტი ამისგან სავსებით დაზღვეულია. მუსიკათერაპევტი დიპლომს ვერ მიიღებს, თუ უამრავ კრიტერიუმს არ აკმაყფილებს. საკმაოდ რთული სახელმწიფო გამოცდებია ჩასაბარებელი თერაპიის უფლების მოსაპოვებლად. კადრებიც მკაცრად ირჩევა. იქ, სადაც მე ვსწავლობდი, ორმოცდაშვიდი მსურველიდან მხოლოდ სამი მიიღეს და ამ სამიდანაც მხოლოდ ორმა დავამთავრეთ, რადგან მესამემ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო. მუსიკალურად ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ პაციენტებთან ჰქონდა პრობლემა.

გარდა ამისა, უკვე 6-7 წელია, რაც მუსიკათერაპევტი ვალდებულია, გაიაროს ფსიქოთერაპევტის აპრობაცია, მით უმეტეს, თუ კერძოდ, მარტო მუშაობს.

 

ქალები განსაცდელის შემდეგ

– რა საქმიანობას ეწევით სარეაბილიტაციო კლინიკაში?

– პირადად მე ვმუშაობ ქალებთან, რომლებმაც ონკოლოგიური დაავადებების გამო იმკურნალეს. ყველა ონკოლოგიური პაციენტი, განსაკუთრებით – მკერდმოკვეთილი ქალი, ძალიან განიცდის საკუთარ მდგომარეობას.

სამეცნიერო ნაშრომებმა დაადასტურა, რომ ხელოვნებითი თერაპია ძალზე დადებითად მოქმედებს აღდგენით პროცესებზე, ამიტომ ბოლო დროს ჩვენთან ის აუცილებელი თერაპიების ნუსხაში შევიდა და მას სახელმწიფოს საპენსიო ფონდი აფინანსებს. კლინიკაში მოსულ პაციენტს ექიმი ეკითხება ხელოვნებითი თერაპიის რომელი დარგი ურჩევნია: ცეკვითი, ხატვითი თუ მუსიკა. რეაბილიტაცია 3-4 კვირას გრძლდება და ამ ხნის განამვლობაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად პაციენტს ეკუთვნის ხელოვნებითი თერაპიის 270 წუთი.

ვადგენ, მაქსიმუმ, 8 ქალისგან შემდგარ ჯგუფს და ორდღიანი შუალედებით სამ 90-წუთიან ჯგუფურ სეანსს ვუტარებ. ეს უკვე ჩემი შემუშვებული კონცეფციაა, რომელმაც ძალიან გაამართლა.

თავდაპირველად ვუხსნი, რა არის მუსიკათერაპია, მერე – როგორ უნდა დაუკრან ამა თუ იმ მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვარჩევ ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებსაც არ სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკა, რომელზე დაკვრაც ყველას შეუძლია. არც სმენაა საჭირო – საკმარისია მუსიკის სიყვარული .

 

მკურნალი ბენდი

– პაციენტს ვუდგები არა როგორც მუსიკოსს, არამედ როგორც ხელოვანს. მით უმეტეს, ყველა ქალი ხელოვანია. ისინი ხელში იღებენ, მოსინჯავენ ინსტრუმენტებს, უკრავენ... ათი წუთის შემდეგ ვთხოვ გადაწყვიტონ, ვის რომელ ინსტრუმენტზე ურჩევნია დაკვრა.

მხოლოდ იმითაც კი, სპონტანურად რომელ ინსტრუმენტს აირჩევს პაციენტი, მის მდგომარეობაზე მკაფიო წარმოდგენა მექმნება.

ვიწყებ ფორტეპიანოზე დაკვრას, ვუკრავ რვა იმპროვიზაციას, მერე პაციენტებს ვეუბნები, რომ ვქმნით ბენდს. ისინი არჩეულ ინსტრუმენტებს იღებენ. რომელიმე მათგანს მეტალოფონზე ან ქსილოფონზე დაკვრას ვთხოვ, ვეუბნები, რომ ის იქნება ჩვენი ინსპირაციის წყარო. ისიც იწყებს და დანარჩენები თანდათან ვყვებით.

უნდა განახათ, როგორ ახალისებს მათ დაკვრა, რა დაღვრემილები შემოდიან და რა ბედნიერები გადიან, ტაშს უკრავენ, იცინიან... საოცრად ამაღელვებელია.

პირველი გაკვეთილი ინტენსიურია. მეორე – უფრო მეტად. ამ დროს ვცდილობ, უფრო მეტად მივუახლოვდე პაციენტის განწყობას. მესამე გაკვეთილზე კი ტემპერატურას დაბლა ვწევ. არ შეიძლება, ადამიანს შინაგანი სამყაროდან ყველაფერი ამოალაგებინო და მერე ჰაერში გამოკიდებული დატოვო. ამ სამი სეანსის შემდეგ პაციენტი საკუთარ თავთან მარტო რჩება.

ისე მოსწონთ ასეთი თერაპია, რომ ზოგიერთი, თუ მეტისმეტად შორს არ ცხოვრობს, სავალდებულო სეანსების შემდეგ კერძოდაც მაკითხავს. ბოლო ხუთი წელია, ჩვენს კლინიკაში, პაციენტების შეფასებით, მუსიკათერაპია სარეაბილიტაციო თერაპიის ერთ-ერთ საუკეთესო სახეობად ითვლება.

რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთ ახალ მეთოდს მივაგენი. თუ პირველ თერაპიაზე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთთან კარგად დაამყარეს კონტაქტი, ვაძლევ საშინაო დავალებას, დაწერონ პატარა ლექსი, თუნდაც ოთხსტრიქონიანი. გარითმვა აუცილებელი არ არის. აირჩიონ ნებისმიერი თემა – ის, რაც აწუხებთ, რაზეც ფიქრობენ. მომდევნო გაკვეთილზე ექვსს მაინც მოაქვს დავალება. ისეთი ლექსებია, ჟრუანტელი მივლის. ამ ლექსებზე კომპოზიციებს ვწერ და ოთხს მაინც ვუკრავთ. ფანტასტიკურ შედეგს გვაძლევს.

თერაპიის დროს ვგრძნობ, სად დგას, რა ფაზაშია პაციენტი: დასაწყისში, დაავადების გადამუშავების პერიოდში თუ უკვე გადალახული აქვს პრობლემა. მუსიკათერაპიის ერთ-ერთი მიზანი ესეც არის – ადამიანმა იგრძნოს, რომ დაავადება დასრულდა, მის პრობლემას წერტილი დაესვა და ცხოვრების ახალ ფაზას იწყებს.

 

პროფესიული შემოქმედება

– ამდენ მუშაობაში ზოგჯერ საინტერესო რაღაცებს აღმოაჩენ. მაგალითად, ერთი ძალიან ლამაზი სიმღერა დავწერე – წვიმის სიმღერა: წვიმს, ყველა ნაღვლიანად უკრავს, პაციენტები თავიანთ ავადმყოფობას იხსენებენ. მერე – ელვა, ჭექა-ქუხილი, კიდევ ელვა და ჭექა-ქუხილი, რაც მკურნალობის ყველზე ემოციური მომენტებს უკავშირდება. შემდეგ გამოდის მზე, მუსიკა იცვლება. ყველაფერი ცუდი დამთავრდა, ცხოვრება გრძელდება. ამ სიმღერამ მოზრდილებთანაც ძალიან გაამართლა და ბავშვებთანაც.


– შემოქმედებითობასთან ერთად მუსიკათერაპევტს ალბათ ბევრი სხვა რამეც მოეთხოვება. როგორ ეუფლება ადამიანი ნორდოფ-რობინსის მეთოდს?

– მსურველს უნდა ჰქონდეს მუსიკალური განათლება, უკრავდეს ფორტეპიანოზე და მღეროდეს. შეეძლოს იმპროვიზაცია, ჰქონდეს პედაგოგიური გამოცდილება. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა უფლება, ამ მეთოდის შესწავლა დაიწყოს. ეს ყველაფერი როდია: მკაცრად ფასდება პრეტენდენტის პიროვნული მონაცემებიც – მას ხომ პაციენტებთან ურთიერთობას და მათი სიყვარული უნდა შეეძლოს. სწავლება სამწელიწადს გრძელდება, საკმაოდ ძვირად ღირებული და რთულია. ისწავლება პედიატრია, ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ნევროლოგია, ფსიქოსომატიკა და სხვა. ყველა ვერც ამთავრებს კურს. თუ ვინმემ ამ პროფესიის დაუფლება მოინდომა, ლონდონში, ნიუ-იორკში ან ტოკიოში უნდა ისწავლოს. წინათ გერმანიაშიც შეიძლებოდა, ახლა – აღარ.

საქმეც საკმაოდ შრომატევადი და დაძაბულია, მაგრამ როდესაც შედეგს თვალნათლივ ხედავ, როცა პაციენტებთან ერთად ხარობ, როცა მათ სიყვარულს გრძნობ, ყველა სირთულე გავიწყდება.

 

მარი აშუღაშვილი

 

 

 

 

გააზიარე: