ბავშვები და წიგნები

გააზიარე:

საზაფხულო არდადეგებზე ბავშვებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ და მშობლებმა ამ დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარებაზე უნდა იზრუნონ. საინტერესო და სასარგებლო დროსტარების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ნაცადი ხერხი კი წიგნის კითხვაა. გვინდა, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგცეთ იმის შესახებ, როგორ დააინტერესოთ ბავშვი წიგნით და როგორ შეურჩიოთ ასაკისა და ინტერესების შესაბამისი ლიტერატურა.

ბოლო ხანს წიგნს ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდა: ტელეფონი, კომპიუტერი, ვირტუალური თამაშები აქტიურად იჭრება ჩვენი შვილების ყოველდღიურობაში და ჩვენი, მშობლების საზრუნავია, ბავშვებმა კომპიუტერთან თამაშს და ტელევიზორის ყურებას, მათი ჯანმრთელობისთვის ესოდენ მავნეს, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ.

მაშ ასე, ჩვენი მიზანია, ბავშვებს შევუქმნათ წიგნიერი გარემო, შევაყვაროთ კითხვა და მივაღწიოთ იმას, რომ საზაფხულო არდადეგები რაც შეიძლება სასარგებლოდ გამოიყენონ.

დავიწყოთ სულ თავიდან.

წიგნების შერჩევა

წიგნების შერჩევის რამდენიმე ხერხი არსებობს. შეგიძლიათ, ერთად გადაათვალიეროთ და გადაახარისხოთ საოჯახო ბიბლიოთეკა, ესაუბროთ ბავშვებს იმ წიგნების შესახებ, რომლებითაც თავად ყოფილხართ აღრთოვანებული ბავშვობაში, მოუყვეთ რომელიმე საინტერესო ეპიზოდს, რათა დააინტერესოთ, ესაუბროთ ავტორზე. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე ბავშვების გემოვნება, მისწრაფებები, ინტერესები განსხვავდება წინა თაობების გემოვნებისგან. ბავშვებს დღეს გაცილებით ფართო თვალსაწიერი აქვთ და მოთხოვნებიც სხვაგვარი ექნებათ, ასე რომ, რამდენიმე ათეული წლის წინ გამოცემული წიგნის გარეკანმა ან ილუსტრაციებმა, შესაძლოა, სულაც არ აღუძრათ წიგნთან ურთიერთობის სურვილი. ნუ უსაყვედურებთ და ნუ შემოფარგლებით სტერეოტიპული ფრაზით “შენ ხომ არაფერი გაინტერესებს”. ცოტა ხნით განზე გადადეთ საყვარელი ძველი გამოცემა და დაელოდეთ, როდის ჩამოყალიბდება ბავშვი ისეთ მკითხველად, რომლისთვისაც შინაარსი ფორმაზე საინტერესო და მიმზიდველი იქნება. ეს დრო აუცილებლად დადგება, თუ თავიდანვე სწორად წარმართავთ ბავშვის და წიგნის “დამეგობრების” პროცესს.

ასეთ ვითარებაში შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს წიგნების მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში წასვლა. ბიბლიოთეკების უმრავლესობა დღეს განუწყვეტლივ ივსება ახალი გამოცემებით.

თუ დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ ბავშვისთვის წიგნის შერჩევა, ყურადღება მიაქციეთ გამოცემის ხარისხს, ყდას, შრიფტსა და ილუსტრაციებს. ბავშვებს, განსაკუთრებით – მცირე ასაკში, ყველაზე მეტ სიამოვნებას ისეთი წიგნის კითხვა ანიჭებთ, რომელშიც მეტი ილუსტრაციაა, რადგან ეს წარმოსახვას უღვიძებს მათ და წაკითხულის შინაარსის გააზრებაში ეხმარება. პატარა ბავშვს, რომელმაც ახლახან ისწავლა კითხვა, შეურჩიეთ წიგნი, რომელიც მსხვილი შრიფტითაა ნაბეჭდი და სადაც ტექსტზე მეტი ადგილი ილუსტრაციებს ეთმობა. არც ნაწარმოების სიუჟეტი დაგავიწყდეთ – ის ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს. შეაფასეთ ლექსიკური მხარეც – ბავშვმა დამოუკიდებლად რომ იკითხოს, სიტყვათა უმრავლესობა მაინც მისთვის გასაგები უნდა იყოს. საბედნიეროდ, ახლა ბევრი გამომცემლობა ახარისხებს წიგნებს ასაკის მიხედვით და მაღაზიებში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა.

გახსოვდეთ, წიგნების გენდერული ნიშნით დაყოფა (წიგნები ბიჭებისთვის ან წიგნები გოგონებისთვის) მართებულად არ მიიჩნევა. გოგონებს ისევე შეიძლება აინტერესებდეთ ფანტასტიკური, სათავგადასავლო თუ დეტექტიური ჟანრის ლიტერატურა, როგორც ბიჭებს.

 

არა დაძალებას

სპეციალისტების დაკვირვებით, წიგნის იძულებით შეყვარების შანსი მცირეა. ბავშვისთვის კითხვა სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს. არ დააძალოთ, არ განუსაზღვროთ წასაკითხი გვერდების რაოდენობა, ნუ შეევაჭრებით (“წაიკითხე ათი გვერდი და ნაყინს გიყიდი”). ეცადეთ, ისეთი გარემო შეუქმნათ, რომ თვითონ მოუნდეს კითხვა. მაგალითად, თავად დაიკავეთ ხელში საინტერესო წიგნი და მის დასანახად ინტერესით დაიწყეთ კითხვა, თან შთაბეჭდილებები გაუზიარეთ. შეგიძლიათ, ერთად კითხვა ძილისწინა რიტუალად აქციოთ. მთავარია, კითხვის პროცესი სასიამოვნო ასოციაციებს იწვევდეს. ნუ აჩქარდებით და ნუ მოინდომებთ, ბავშვი ერთ დღეში ან ერთ კვირაში ჩამოყალიბდეს კარგ მკითხველად და წიგნის მოყვარულად. თავდაპირველად მთავარია, კითხვა ტანჯვად არ ექცეს.

 

ადრეული განვითარება

პატარა მკითხველი ნაბიჯ-ნაბიჯ მიაჩვიეთ ტექსტის დამოუკიდებლად კითხვას. დაიწყეთ მაშინვე, როგორც კი ბავშვი ყველა ასოს ისწავლის. მანამდე კი თავად უკითხეთ ზღაპრები, საბავშვო მოთხრობები, ლექსები. კარგი იქნება, მოსმენილის შესახებ აზრიც ჰკითხოთ, თუნდაც ამა თუ იმ პერსონაჟის ან მისი საქციელის შესახებ თავისი დამოკიდებულების გამოხატვა სთხოვოთ.

სანამ ბავშვი დამოუკიდებლად კითხვას მიეჩვევა, ერთობლივად კითხვა სცადეთ: ერთი აბზაცი თქვენ წაიკითხეთ, ერთი აბზაცი მას წააკითხეთ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა არც მაშინაა ზედმეტი, როცა მას უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლია კითხვა. ის ბევრ სასარგებლო რამეს გაიგებს თქვენი წაკითხულიდან. გარდა ამისა, მოსმენა წარმოსახვის უნარსაც ავითარებს. ასე რომ, რა დაკავებულიც უნდა იყოთ, რეგულარულად გამონახეთ დრო ბავშვისთვის წიგნის წასაკითხად. შესთავაზეთ იმ ზღაპრის გაგრძელება, რომლის კითხვაც გუშინ დაიწყეთ. ჰკითხეთ, მიზი აზრით, რა ბედი ეწევა ამა თუ იმ პერსონაჟს, მერე კი წაკითხულს შეადარეთ.

 

დადებითი განმამტკიცებელი

განურჩევლად იმისა, როგორ წაიკითხა, ბავშვი აუცილებლად შეაქეთ. სთხოვეთ წაკითხულის მიხედვით ილუსტრაციების დახატვა, მეტყველებით მათი “გაცოცხლება” – ბავშვმა დეტალურად უნდა აღწეროს ნახატი და ის, რისი გამოსახვაც ვერ შეძლო, სიტყვიერად “შეავსოს”. მოაწყვეთ ილუსტრაციების გამოფენა, გაითამაშეთ დიალოგები. კითხვის თანმხლები ეს სასიამოვნო აქტივობები დადებითი განმამტკიცებლის როლს შეასრულებს და ბავშვს წიგნისა და კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება.

 

ტექნიკა ჩვენს სამსახურში

უამრავი მულტფილმი თუ საბავშვო მხატვრული ფილმია გადაღებული წიგნების მიხედვით ან მათ მოტივებზე. თუ ბავშვი მეტისმეტადაა მიჯაჭვული ტელევიზორს ან კომპიუტერს, შეგიძლიათ, ასეთი ხერხიც გამოიყენოთ: ერთად უყუროთ წიგნის მიხედვით გადაღებულ მულტფილმს ან ფილმს, მერე კი ერთად წაიკითხოთ მხატვრული ტექსტი; იმსჯელოთ დეტალებზე, ერთმანეთს შეადაროთ წიგნისა და ეკრანიზაციის შინაარსები, ხაზი გაუსვათ წიგნის უპირატესობას (კითხვის დროს ჩვენ თავად შეგვიძლია ვიყოთ რეჟისორებიც, მსახიობებიც, მხატვრებიც, ფილმებსა და მულტფილმებში კი ეს ყველაფერი ვიღაცამ ჩვენ მაგივრად გააკეთა).

შეგიძლიათ, სხვა დროსაც გამოიყენოთ ტექნიკური საშუალებები, ოღონდ როგორც დამხმარე და არა მთავარი (წარმმართველი) ძალა. მაგალითად, მოასმენინოთ ბავშვს წიგნის აუდიოჩანაწერი, თავად ჩაწეროთ აუდიოტექსტი – მოგვიანებით ბავშვი სიამოვნებით მოისმენს საკუთარ ჩანაწერს.

 

წიგნებთან ურთიერთობის კულტურა

ბავშვებისთვის, განსაკუთრებით – მცირე ასაკში, წიგნი ისეთივე გასართობი უნდა იყოს, როგორიც სათამაშოებია. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, წიგნებს ჩვეული ხერხებით “გაუსინჯონ გემო”. ეს უჩვეულო განცხადება ნუ გაგაკვირვებთ. ამისთვის ისეთი წიგნები უნდა შევურჩიოთ, რომლებიც არ ზიანდება (სპეციალური მასალისგანაა დამზადებული – არ იხევა, არ სველდება და არ ისვრება). ძვირფას გამოცემებს მანამდე ნუ მისცემთ, სანამ არ გაიგებენ, რა დანიშნულება აქვს წიგნს. უგუნურება იქნება, გავუჯავრდეთ ბავშვს, რომელმაც ძვირფასი წიგნი ფურცვლისა და თვალიერების დროს დააზიანა. გავა დრო და ის აუცილებლად მიხვდება, რომ წიგნიდან ფურცლების ამოხევა, ყდის დაზიანება და დაჯღაბნა ცუდი საქციელია. საზოგადოდ, წიგნი სამუზეუმო ექსპონატად არ უნდა ვაქციოთ. კითხვის დანიშნულება ახალი სამყაროების აღმოჩენა და იქ გადასახლებაა. ცხადია, არსებობს იშვიათი და ძვირფასი გამოცემები, მაგრამ ისინი ბავშვების ხელში, უბრალოდ, არ უნდა მოხვდეს. საკუთარ წიგნებში კი ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საყვარელი ადგილების მონიშვნის და წიგნთან “გაბაასების” უფლებაც (არშიებზე კომენტირებით ან სხვადასხვა სიმბოლოს დართვით).

 

საზაფხულო საკითხავის სარეკომენდაციო სია ასაკის გათვალისწინებით:

 

10 წლამდე

მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

იგავები

საბავშვო ლექსები

კენეტ გრემი – “ტირიფებში მოშრიალე ქარი”

სულხან-საბა ორბელიანისა და ეზოპეს იგავები

ფელიქს ზალტენი – “ბემბი”

რიჩარდ და ფილიპ ეტუოტერები – “მისტერ პოპერის პინგვინები”

ასტრიდ ლინდგრენი – “ემილის თავგადასავალი”, “ბიულერბიელი ბავშვები”

“ტოპო-ტიპი“

დონალდ ბისეტი – “ყველაფერი ყირამალა”, “ძია ტიკ-ტაკის მოგზაურობა”

ჯოელ ჰარისი – “ძია რიმუსის ზღაპრები”

ტარიელ ხავთასი – “ზოოპარკის ბინადართა თავგადასავლები”

ნინო ნაკაშიძე – “უღუ და თეთ”, “მახობელა და სხვა მოთხრობები”

ფრენკ ბაუმი – “ოზის ჯადოქარი”

საავტორო ზღაპრები (ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ძმები გრიმები...)

ჯანი როდარი – “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”, “ჩიპოლინოს თავგადასავალი

ანტუან დე სენტ ეგზიუპერი – “პატარა პრინცი”

ჯეიმს მეთიუ ბარი – “პიტერ პენი”

 

15 წლამდე

ასტრიდ ლინდგრენის წიგნები – ყველაფერი, რაც ქართულ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული

ლუის კეროლი – “ალისა საოცრებათა სამყაროში”

მარკ ტვენი – “ტომ სოიერის თავგადასავალი”, “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”

დანიელ დეფო – “რობინზონ კრუზო”

როალდ დალი – “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”

კლაივ სტეპლზ ლუისი – “ნარნიის ქრონიკები”

რადიარდ კიპლინგი – “ჯუნგლების წიგნი”

პამელა ტრევერსი – “მერი პოპინსი”

რობერტ ლუის სტივენსონი – “განძის კუნძული”

ჟიულ ვერნი – “საიდუმლო კუნძული”, “კაპიტან გრანტის შვილები”

 

ნინო ლომიძე 

გააზიარე: