რატომ არის აუცილებელი სოციალიზაცია

გააზიარე:

მართლია, ინტერნეტმა მანძილი გააქრო და ურთიერთობები გაამარტივა, მაგრამ მედალს, როგორც ყოველთვის, მეორე მხარეც აქვს. ჩვენი ცხოვრება რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებთან ყოველდღიურ კონტაქტს მოითხოვს, ბევრი ბავშვი კი ვირტუალურ სამყაროში გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე რეალურში, რადგან იქ ყველაფერი გაცილებით მიმზიდველი და ადვილია. ამ ბავშვებს უჭირთ ინტერნეტის გარეთ ურთიერთობა. ფსიქოლოგების თქმით, ამ დროს ბავშვის ჯანსაღი სოციალიზაციის პროცესი დარღვეულია.

რა არის სოციალიზაცია, რა როლი აკისრია მას პიროვნების ფორმირებაში და როგორ წავახალისოთ ბავშვებში სოციალური ურთიერთობები? ამ ყველაფერზე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკა ნინოშვილი გვესაუბრა:

– ადამიანი სოციალური არსებაა, ამიტომ მისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური გარემო, რომელშიც ის ფორმირდება როგორც პიროვნება.

სოციალიზაცია არის სოციალური ჯგუფის ნორმების, ჩვევების, ღირებულებებისა და იდეალების შესწავლის პროცესი. ამ პროცესის მნიშვნელობაზე მეტყველებს ადამიანების გარეშე ჯუნგლებში გაზრდილი ბავშვების მაგალითებიც. შეუსაბამო გარემომ ვერ უზრუნველყო მათი უნარების სათანადო ფუნქციობა, მოტორიკა ატიპურად განუვითარდათ, ისევე როგორც მეტყველება, ემოციური და კოგნიტიური სფერო. ამ ბავშვების ქცევა ცხოველისას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანისას. სოციალური გარემო მათთვის უცხო და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. მეცნიერთა მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ადაპტირება იმ გარემოსთან, რომელიც მათი განვითარებისთვის დაბადებიდანვე აუცილებელი იყო.

მსგავსი შემთხვევევბი მოწმობს, რომ სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა ხელს უშლის ადამიანის სრულფასოვან განვითარებას.

– რამდენად დიდი წვლილი შეაქვს წარმატებულ სოციალიზაციას ადამიანის თვითრეალიზაციასა და თვითდამკვიდრებაში?

– წარმატებული სოციალიზაციის დროს ბავშვები გამოიმუშავებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ზრდასრულ ცხოვრებაში ავტონომიურობის საშუალებას მისცემს.

სოციალური ინტერაქციის პროცესში ყალიბდება თვითშეფასება, მედეგობა უცნობთა მიმართ, სოციალური კავშირები, რომლებიც ახალ სოციალურ ურთიერთობას უფრო უსაფრთხოს ხდის. ადამიანებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სოციალიზაცია, შეუძლიათ ინიციატივის გამოჩენა, არ უფრთხიან სიახლეებს, იცავენ და ითვალისწინებენ იმ საზოგადოების ნორმებსა და ღირებულებებს, რომელსაც მიაკუთვნებს თავს.

სოციალიზაცია და წარმატება

სოციალიზაციის უნარი მჭიდროდ არის დაკავშირებული წარმატებასთან. სოციალიზაცია ამზადებს ადამიანს სოციალური ჯგუფის ცხოვრებაში მონაწილეობისთვის, ასწავლის მის ნორმებსა და მოლოდინებს. ასე რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლები სოციალურობა გავლენას ახდენს ადამიანის წარმატებაზე. უმცროსი სილვი ტომპსონის თქმით, "რაც უფრო ნაკლებად სოციალური ხართ, მით ნაკლებ დახმარებას იღებთ".

წარმატებული სოციალიზაცია ხელს უწყობს მოსწავლეს სკოლაში მეტი რესურსის მოძიებასა და უკეთესი შედეგის მიღებაში. სოციალიზაციის სასიკეთო ნაყოფს სკოლის დამთავრების შემდეგაც ვიმკით. სამსახურში სოციალიზაცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ გუნდური მუშაობის უნარსა და პროდუქტიულობაზე, არამედ კარიერულ პერსპექტივაზეც. ორ ისეთ თანამშრომელს შორის, რომელთა შრომის ნაყოფიერება ერთნაირია, უფროსი, სავარაუდოდ, დააწინაურებს იმას, რომელსაც უკეთ იცნობს, რომელსაც კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს და კოლეგებიც ენდობიან. “თუ თქვენ ვერ შეძლებთ თანამშრომლებთან როგორც ადამიანებთან დადებით კომუნიკაციას, თქვენს კარიერას ზიანი მიადგება. ადამიანები, რომლებსაც პოზიტიური ურთიერთობები აქვთ, უფრო ბედნიერები, უფრო პროდუქტიულები, უფრო კრეატიულები და, საერთო ჯამში, უფრო წარმატებულები არიან", – ამბობს სპიკერი ალექსანდრ კერულფი.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ კარგი სოციალიზაცია წარმატების გარანტიაა, მაგრამ სოციალურ ცხოვრებაში აქტიურობა ბევრ რამეში ეხმარება ადამიანს და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის.

სოციალიზაციის ეტაპები

– სოციალური და ემოციური სფეროს განვითარება ჩვილობის ასაკშივე იწყება და რამდენიმე ეტაპს გადის. მნიშვნელოვანია, თითოეული ეტაპისთვის ბავშვს სათანადო ასაკობრივი გარემო შევუქმნათ.

პირველადი ეტაპი მოიცავს ბავშვის ცხოვრების პირველ ხუთ წელს. ამ დროს ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანია კავშირი ჩვილსა და დედას ან მასზე მზრუნველ სხვა ადამიანს შორის – ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდის ჩამოყალიბებას.

სკოლამდელ ასაკში გარდა იმისა, რომ   ბავშვი ითვისებს ენას, სწავლობს ურთიერთობის ფორმებს, სოციალურად მისაღებ ქცევებს.

ბავშვს იმიტაციის უდიდესი უნარი აქვს. ის ბაძავს მშობლებისა და მეგობრების ქცევას. ამ ეტაპზე ბავშვის აღმზრდელები მისი ქცევის მოდელებიც ხდებიან. ეს სოციალიზაციის ყველაზე ინტენსიური და მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ბავშვის მომავალ სოციალურ განვითარებას. ამ დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება საკმაოდ რთულია.

სოციალიზაციის მეორეულ ეტაპზე სკოლაში შესვლისას, ბავშვი სახლის მიღმა სამყაროსთან ურთიერთობას და მასთან ადაპტირებას იწყებს. ამ დროს გრძელდება სოციალიზაციის პირველადი ეტაპის ტრაექტორია, თუმცა შესამჩნევად ძლიერდება არასაოჯახო გავლენები. თანატოლთა ჯგუფები, ავტორიტეტული ადამიანები ახალ გამოცდილებას მატებენ ინდივიდის სოციალურ ზრდას. იწყება სოციალური იერარქიის ჩამოყალიბება, ვითარდება სხვისი ვერბალური და არავერბალური ენის უკეთ გაგების უნარი.

მოზარდ ასაკში ბავშვები სწავლობენ უფრო რთულ ნორმებსა და ღირებულებებს. ისინი ემზადებიან მომავალი სოციალური როლებისა და ურთიერთობებისთვის. ამ ეტაპისთვის დამახასიათებელია საკუთარი პოზიციებისა და კონცეფციების ფორმირება. რამდენად წარმატებული იქნება სხვადასხვა ჯგუფთან მათი ურთიერთობა, დამოკიდებულია სწორედ სოციალიზაციის პირველადი და მეორეული ეტაპების განვითარებაზე.

ზრდასრულ ასაკში ადამიანის ცხოვრება სოციალური როლების ერთობლიობას მოიცავს: მეგობარი, თანამშრომელი, პარტნიორი... თითოეულ ამ როლს აქვს წესებისა და უნარების უნიკალური ნაკრები, რომელიც უნდა მოირგოს და გაითვალისწინოს ადამიანმა.

მთლიანობაში, სოციალიზაცია არის უწყვეტი პროცესი, რომელიც ინდივიდის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს. ვინაიდან ადამიანი მუდმივად იძენს ახალ-ახალ სტატუსს, მას გამუდმებით უწევს შესატყვისი როლების მორგება და ადაპტირება ახალ სოციალურ გარემოსთან.

რა ახდენს გავლენას

– სოციალიზაციაზე მოქმედი ყველაზე მძლავრი ფაქტორი ოჯახია. განვითარების ადრეულ პერიოდში ბავშვი ყველაზე ინტენსიურად აღმზრდელთან ურთიერთობს. მშობლების კომუნიკაციის ფორმა, მათ მიერ მიწოდებული სიტყვიერი თუ უსიტყვო მესიჯები, მათი ღირებულებები, ქცევის მათეული მოდელი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე.

სოციალიზაციისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს ბავშვის ბიოლოგიურ სქესს, იმას, თუ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის ოჯახი, მერამდენე შვილია თავად ბავშვი და სხვა. კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა სქესის ბავშვებს მშობლები სხვადსხვაგვარად ზრდიან. გოგონებს "ქალურად" მოქცევას ასწავლიან, ხოლო ბიჭებს – "კაცურად", გოგონებს უფრო ნაზად ეპყრობიან, ვაჟებს – უფრო მკაცრად, სხვადასხვა სქესის ბავშვებისთვის ყიდულობენ განსხვავებულ სათამაშოებს, ამიტომ სოციოლოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ადამიანის სქესობრივი იდენტობა სოციალიზაციაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე სქესთა შორის ბიოლოგიურ განსხვავებებზე.

სოციალიზაციის უნარის ხელშეწყობა ხდება ფორმალური და არაფორმალური სწავლებით. ფორმალურ განათლებას ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, სკოლაში იღებს. ის, წესისამებრ, სტრუქტურირებული და კონტროლირებადია. მას ხელმძღვანელობენ ზრდასრული მასწავლებლები. არაფორმალური განათლება ბავშვმა შეიძლება მიიღოს ნებისმიერ ადგილას. ასევე მოიაზრებს სხვების მიბაძვას, ექსპერიმენტებს და ა.შ.

ასე რომ, სოციალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია სკოლას, სადაც რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს ინდივიდის სოციალური განვითარება. ბავშვი, იმისთვის, რომ საზოგადოების სასარგებლო წევრები გახდეს, იღებს აკადემიურ განათლებას, თუმცა უმნიშვნელოვანესია სასკოლო სივრცეში თანატოლებთან მისი ურთიერთობაც – ეს აუცილებელი პირობაა სოციალური უნარების განვითარებისთვის.

მოსწავლეს სკოლაში ურთიერთობა უწევს მასწავლებლებთანაც, რომლებიც მისთვის ავტორიტეტები არიან. გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ბავშვი იღებს ამ ავტორიტეტულ ფიგურებთან ურთიერთობისას, მისი სოციალიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სოციალიზაციის აგენტად განიხილება მასმედიაც: სატელევიზიო შოუები, ფილმები, პოპულარული მუსიკა, ჟურნალები, ინტერნეტპორტალები და სხვა.

სოციალიზაციის პროცესზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს კულტურათაშორისი განსხვავებები და ამა თუ იმ კულტურისთვის დამახასიათებელი ღირებულებები. ბავშვი ყოველგვარი კულტურის გარეშე იბადება, ის მშობლებმა, მასწავლებლებმა და გარშემო მყოფმა სხვა ადამიანებმა უნდა ჩამოაყალიბონ კულტურულ და სოციალურად კომპეტენტურ პიროვნებად. სწორედ ამას მოიაზრებს სოციალიზაცია.

სოციალიზაცია და სოციალური ქსელები

– სოციალური მედიის მზარდმა პოპულარობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ურთიერთობებზე. ერთი მხრივ, მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ გვაძლევს საშუალებას, გავაფართოოთ ჩვენი სოციალური კონტაქტების არეალი, გვიადვილებს ჩვენი მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების პოვნას, მეორე მხრივ, სოციალურმა ქსელებმა რამდენადმე ჩაანაცვლა ცოცხალი ურთიერთობები. ახალი ტერმინიც კი გაჩნდა – "ონლაინ მეგობარი". სოციალური ქსელების მთავარი საფრთხე ის გახლავთ, რომ შესაძლებელია  მათი იარაღად გამოყენებაც: ჭორების გავრცელება, პირადი ისტორიებისა თუ ინტიმური ფოტოების გაზიარება, დევნა–დამცირება (ბულინგი). ყველაფერი ეს ფსიქოემოციური ტრავმის წყაროა მსხვერპლისთვის, მეტადრე – თუ მსხვერპლი მოზარდია. გარდა ამისა, სოციალური ქსელების ინტენსიური გამოყენება შესაძლოა  უარყოფითად აისახოს    ენა-მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარზე, სოციალურ ურთიერთობათა ხარისხი კი ამ უნარის განვითარებასთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია.

2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში  12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების კვლევამ აჩვენა, რომ მას, ვინც დღეში სამ საათზე მეტხანს იყენებდა სოციალურ მედიას, მომატებული ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი, ხოლო ცხოვრებით კმაყოფილების დონე – დაქვეითებული. სხვა კვლევებმა წარმოაჩინა კავშირი სოციალური მედიის გამოყენებისა და დეპრესიის/შფოთვის სიმპტომების ინტენსივობას შორის.

ასე რომ, დაუწესეთ ბავშვებს გონივრული ლიმიტი და მიზეზიც აუხსენით. ატარეთ სპორტულ და შემოქმედებით წრეებზე, სადაც თავისივე ინტერესების მქონე თანატოლებს გაიცნობენ.

წაახალისეთ მეგობრებთან პირისპირ კონტაქტი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ბავშვი სოციალური შფოთვითი აშლილობისკენ არის მიდრეკილი.

როგორ წავახალისოთ

– როგორ წავახალისოთ სოციალური ურთიერთობები ბავშვებში?

– წარმატებულ სოციალიზაციას ხელს უწყობს კარგი კომუნიკაციის უნარი, ამიტომ ხშირად ესაუბრეთ ბავშვს, რათა ეს უნარი განუვითარდეს. გამართულ მეტყველებას და სწორ კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციუმში ადაპტაციისთვის.

* ადრეული ასაკიდანვე შეუწყვეთ ხელი მისი დამოუკიდებლობის განვითარებას. როგორც კი ბავშვი პირველად წარმოთქვამს ფრაზას "მე თვითონ", მიეცით საშუალება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში – რასაკვირველია, უსაფრთხოების წესების დაცვით – თავად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები და გაართვას თავი საკუთარ საჭიროებებს.

* ჩართეთ სოციალურ შეკრებებში.

* წაახალისეთ სხვა ბავშვებთან სათამაშოდ.

* რეგულარულად ასეირნეთ ისეთ ადგილას, სადაც ბავშვები ერთად თამაშობენ.

* ხელი შეუწყვეთ მისი ემოციური კომპეტენციის განვითარებას – ეს ბავშვს გაუადვილებს სხვების გაგებას და საკუთარი გრძნობების სწორი ფორმით გამოხატვას.

* აუხსენით, მერე კი საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, როგორ დაიწყონ სხვებთან თამაში ან როგორ დაუმეგობრდნენ მათ. ქცევის მოდელის განსამტკიცებლად გამოიყენეთ როლური თამაშები.

თუ ბავშვს ურთიერთობის დასაწყისში ინიციატივის გამოჩენა უჭირს, იქეცით შუამავლად მასა და ახალ გარემოს შორის, აჩვენეთ, ასწავლეთ და როდესაც შეატყობთ, რომ საჭირო უნარები გამოუმუშავდა, დაუთმეთ ასპარეზი დამოუკიდებლად მოქმედებისთვის.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: