პეტრე უბერი – ექიმთა დინასტიის ფუძემდებელი

გააზიარე:

საქართველოში ოდითგანვე არსებობდა მკურნალთა სახელგანთქმული დინასტიები, რომელთა ღვაწლი ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც არაერთხელ ასახულა: თურმანიძეები, ციციშვილები, კვეზერელები, ფიფიები, საყვარელიძეები, ალადაშვილები... ამჯერად გვინდა, მრავალი ადამიანისთვის პატივსაცემ პიროვნებაზე, ცნობილ პედიატრზე, საქართველოს სსრ დამსახურებულ ექიმზე, უბერთა სამედიცინო დინასტიის ფუძემდებელზე მოგითხროთ.

მე-19 საუკუნეში საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსული პრინცი მიურატის ამალაში პიერ უბერიც ყოფილა. ის ზუგდიდში დასახლებულა და თათია დარასელიაზე დაქორწინებულა. სწორედ მისგან იღებს სათავეს საქართველოში უბერების გვარი, რომელმაც ქვეყანას არაერთი უბადლო მკურნალი აჩუქა.

ნუგზარ უბერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ ემერიტუსი, მოგვითხრობს:

– მამაჩემი პეტრე უბერი ზუგდიდის რაიონში ისტორიულად პირველი პედიატრი გახლდათ. მისი ძმისშვილი ლუდმილა უბერი, ჯანდაცვის სისტემის ცნობილი ორგანიზატორი, წლების განმავლობაში ბავშვთა მეცხრე პოლიკლინიკისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. მეორე ძმისშვილი, ლევან უბერი, სპეციალობით კარდიოლოგი, თბილისში და შემდეგ გაგრაში მოღვაწეობდა. ეკატერინე უბერი, იმ დროს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისში, შემდეგ კი მოსკოვში მუშაობდა. ჩემი ძმებიც, პეტრე, ზურაბი და კონსტანტინე, ასევე სამედიცინო სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან. ექიმი იყო დედაც – გოგოლა ძაძამიძე, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და, სამწუხაროდ, არ მახსოვს.

პეტრე უბერის ოთხივე შვილს მეუღლეებიც ექიმები გვყავს: დოდო თორდია – თერაპევტი, მარინა ჩიქავა – ნევროპათოლოგი, ქეთევან ლეჟავა – პედიატრი, მარინა ეგუტია – თერაპევტი. ჩემს მეხსიერებაში მთელი ჩვენი ოჯახი პაციენტების სამედიცინო ისტორიების განხილვით, მათზე ფიქრით ცხოვრობდა. ასეთი პროფესიული პასუხისმგებლობის მაგალითზე ვიზრდებოდით მე და ჩემი ძმები.

ადრეული წლები

პეტრე უბერი 1908 წელს ზუგდიდში, ხელოსნის ოჯახში დაიბადა. შრომისმოყვარეობა ბავშვობიდანვე დაჰყვა. ექიმის სათუთი და რთული პროფესია ყრმობიდან იზიდავდა. ოცნებობდა, მთელი სიცოცხლე პატარების ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგარიყო.

1928 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. ჯერ კიდევ სტუდენტი, ორი წელი ლაბორანტად მუშაობდა დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის კვლევით ინსტიტუტში, სადაც პროფესიული ნათლობა მიიღო. უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მშობლიურ ზუგდიდს მიაშურა  და პოლიკლინიკაში პედიატრად დაიწყო მუშაობა. ასე გახდა ახალგაზრდა პეტრე უბერი ზუგდიდის რაიონის პირველი პედიატრი.

იმ პერიოდში საბჭოთა მედიცინა უწყვეტი სამედიცინო განათლების პრინციპებით ხელმძღვანელობდა. პეტრე უბერიც 1938 წელს კოლეგებთან ერთად  დახელოვნების მიზნით საქართველოდან მივლინებულ იქნა ქალაქ ლენინგრადში (ამჟამად – სანკტ-პეტერბურგი), სახელგანთქმული აკადემიკოსების ვ. მასლოვისა და ა. ტურის კლინიკაში. იმავე წელს, მისი ინიციატივით, ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გაიხსნა ბავშვთა განყოფილება, რომელსაც თვითონვე ჩაუდგა სათავეში და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

სამამულო ომის დაწყებისთანავე პეტრე უბერმა ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვა და ქვეყნის დამცველთა რიგებში ჩადგა. ჯარში ყოფნის პერიოდშიც ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას. დემობილიზაციის შემდეგ კვლვავ დაუბრუნდა საყვარელ საქმეს, ზუგდიდს და ზუგდიდელებს.

პეტრე უბერი-უმცროსი, ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი სპეციალისტი, ოტორინოლარინგოლოგი:

– მუდმივი სამედიცინო განათლება იყო მისი მრავალი ინოვაციური ინიციატივის დანერგვის საფუძველი. აღნიშვნის ღირსია, რომ მისი ძალისხმევით ბავშვთა განყოფილებაში გაიხსნა ინტენსიური თერაპიის პალატა. ამ პირობებში წარმატებით მიმდინარეობდა მძიმე პნევმონიების, კუჭ-ნაწლავის სისტემისა და სხვა ინფექციების მართვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეტად მძიმე და იმ დროისთვის აქტუალური ინფექციით, ტუბერკულოზით, დაავადებულ ბავშვთა მკურნალობა. სწორედ ეს გახდა  პეტრე უბერის როგორც პროფესიონალის ცნობადობის საფუძველი. 1961 წელს მას მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმის წოდება და გადაეცა ჯანდაცვის საკავშირო სამინისტროს სამკერდე ნიშანი „ჯანმრთელობის წარჩინებული“ – იმ დროისთვის ექიმის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო. მიღებული ჰქონდა სხვა ჯილდოებიც. არჩეული იყო საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოების წევრად და ზუგდიდის პედიატრთა საზოგადოების თავმჯდომარედ.

იოსებ კვაჭაძე, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

– პეტრე უბერი საქართველოს პედიატრთა  სახელოვანი კოჰორტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. ის იყო პედიატრთა რესპუბლიკური თუ საკავშირო, სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კონფერენციებისა და ყრილობების უცვლელი დელეგატი. ამ შეხვედრებზე გულუხვი მასპინძლის როლშიც ხშირად გამოდიოდა. აქტიურად იყო ჩართული კლინიკური თუ პრაქტიკული საკითხების განხილვაში. ზეიმით აღნიშნავდა თანამშრომელთა სამეცნიერო თუ ორგანიზაციულ წარმატებებს. ხშირად იმეორებდა დიდი ილიას სიტყვებს: ქვეყანა ტაძარი კი არ არის, სადაც კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, სადაც მუხლჩაუხრელად უნდა მუშაობდესო.

პეტრე უბერი, ბრწყინვალე სპეციალისტი და მაღალი სამედიცინო ეთიკით გამორჩეული პიროვნება, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, არა მარტო ზუგდიდის, არამედ მეზობელი რაიონების სამედიცინო საზოგადოებასა და მოსახლეობაშიც. ადგილობრივ პრესაში ის ხშირად აქვეყნებდა წერილებს ბავშვთა დაავადებების მკურნალობისა და პრევენციის საკითხებზე, სისტემატურად კითხულობდა ლექციებს ფართო აუდიტორიის წინაშე, მონაწილეობდა რადიოგადაცემებში.

მარინე კვეზერელი-კოპაძე, თსსუ პროფესორი:

– ბავშვობიდან მესმოდა პეტრე უბერის შესახებ. ჩემი ოჯახი სოხუმში ცხოვრობდა, მამა, პროფესორი ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე, იმ პერიოდში აფხაზეთის მთავარი პედიატრი იყო და ბატონ პეტრესთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ხშირად უთქვამს, იმდენი ბავშვი ჰყავს გადარჩენილი, მარტო ზუგდიდი კი არა, მთელი დასავლეთ საქართველო მის მზეს იფიცებსო.

ზურაბ უბერი, ქუთაისის საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების გამგე:

– ამავე დროს, მამა მეტად ქარიზმატული პიროვნება იყო, ყველასთან კეთილი ურთიერთობის მოსურნე, ქალაქში ჩამოსული სტუმრების მასპინძლობას თავის თავზე იღებდა, მეგობრობდა არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოების, არამედ კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებთანაც, მაგალითად, ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძე და აკაკი ხორავა ზუგდიდში ჩვენი სახლის ხშირი სტუმრები იყვნენ. უყვარდა ქართული და რუსული პოეზია. ციტირებდა პუშკინს, ესენინს...

რუსუდან ბერულავა, პედიატრი:

– ყველას, კოლეგებსა თუ პაციენტებს, ასე მიმართავდა: "მამა". ამ სიტყვას ისეთი სითბოთი წარმოთქვამდა, ადამიანს მაშინვე გამარჯვების იმედს ჩაუსახავდა. ვინ მოთვლის, რამდენი ღამე უთენებია ბატონ პეტრეს ავადმყოფის სასთუმალთან და რამდენჯერ დაუმარცხებია ვერაგი სენი... ამოუწურავი ენერგიით დაჯილდოებულ ამ ბრწყინვალე პროფესიონალს ადამიანები უყოყმანოდ ანდობდნენ ყველაზე სანუკვარს – შვილს. თავისი განყოფილების ექიმებთან ერთად თითოეულ შემთხვევას სკრუპულოზურად განიხილავდა და სათანადო რჩევებსაც გვაძლევდა. მან ზუგდიდს ექიმების დიდი პლეადა აღუზარდა. მეც მხვდა წილად დიდი პატივი, მისი მოსწავლე მერქვას.

კონსტანტინე უბერი:

– ახალბედა ექიმმა ზუგდიდში რომ დავიწყე მუშაობა, მამამ დამიძახა, გვერდით დამისვა და თავისი პროფესიული ცხოვრებიდან ერთი შემთხვევის შესახებ მიამბო:

ზამთრის სუსხიან საღამოს ერთ კაცს შვილის სანახავად წაუყვანია, სახლიდან დაახლოებით 7-8 კმ-ის მოშორებით. მამას გაუსინჯავს ბავშვი, დაუნიშნავს მკურნალობა და წამოსულა. უკვე შინ მოსულს, გახსენებია, რომ პაციენტის ყელში ჩახედვა დავიწყებოდა. იმის შიშით, რამე მნიშვნელოვანი არ გამომეპაროსო, ფეხით გაბრუნებულა უკან, ბავშვის ხახა კარგად დაუთვალიერებია და, დამშვიდებული, ნაშუაღამევს დაბრუნებულა შინ. იმ პერიოდში ტელეფონიც იშვიათი იყო და არც მანქანა შეგხვდებოდათ ყოველ ნაბიჯზე, ამიტომ ასეთი გულმავიწყობა ექიმს ძვირად უჯდებოდა. ჩემს ახალგაზრდობაში კომუნიკაციის უფრო მეტი საშუალება არსებობდა, მაგრამ მამის უკიდეგანო პასუხისმგებლობის გრძნობა მემკვიდრეობად მერგო და ეს ამბავიც ჩემი ცხოვრების ლეიტმოტივად იქცა.

პეტრე უბერი–უმცროსი:

– ზუგდიდის ის ქუჩა, რომელიც ახლა პეტრე უბერის სახელს ატარებს, მამაჩემის სიცოცხლეში მუდამ ხალხმრავალი იყო, მისი პროფესიული თუ ადამიანური თანადგომის მომლოდინე ხალხით სავსე...

ეკატერინე უბერი, თსსუ პედიატრიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი, თსსუ აკ. გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკის თერაპიული სამსახურის უფროსი:

– სანამ პატარა ვიყავი, ბაბუას დატვირთული სამუშაო რეჟიმი ნორმალური მეგონა. ის, რომ მასთან ბევრ დროს ვერ ვატარებდი, არ მიმაჩნდა რაღაც უჩვეულოდ, პირიქით, სხვანაირად ვერც წარმომედგინა.

მას შემდეგ, რაც თავად გადავწყვიტე ექიმობა, მივხვდი, რაოდენ მნიშვნელოვანია, შენს საქმეში იყო ნოვატორი, ერთი ნაბიჯით გაასწრო სხვებს. ამ გადმოსახედიდან უკეთ ვხვდები, რატომ იყო ბაბუა ასეთი ცნობილი და რატომ ჰყავდა ამდენი მადლიერი პაციენტი: იმიტომ, რომ მან დასავლეთი საქართველოს რეგიონში არაერთი სიახლე შემოიტანა, დანერგა ტუბერკულოზური მენინგიტის და მრავალი სხვა დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

ცოდნასთან ერთად პეტრეს საოცარი სამედიცინო ალღოც ჰქონდა. როცა ვინმე მეუბნება, ბაბუაშენის გადარჩენილი ვარო, დაწვრილებით ვიწყებ მის გამოკითხვას, რათა გავიგო, რა სჭირდა, როგორ მივიდა ბაბუა სწორ დიაგნოზამდე პრაქტიკულად შიშველი ხელებით, ყოველგვარი ლაბორატორიული ანალიზისა თუ კვლევის თანამედროვე მეთოდების არარსებობის პირობებში. მეამაყება, რომ იმ ადამიანის შვილიშვილი ვარ, რომელიც მხოლოდ გასინჯვით და დათვალიერებით სვამდა უტყუარ დიაგნოზს  და საყვარელ პროფესიას სიცოცხლის ბოლომდე პირნათლად ემსახურა.

პეტრე უბერი 1985 წლის 10 დეკემბერს მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა. მის სამგლოვიარო პროცესიას საქართველოში მცხოვრები უამრავი მადლიერი დედა და ბებია მიჰყვებოდა, რომელთა შვილები და შვილიშვილები ბატონი პეტრეს მადლიანმა მარჯვენამ გადაარჩინა.

ასეთი იყო პეტრე უბერის ცხოვრების გზა, რომელიც მაგალითია იმისა, როგორ უნდა უყვარდეს ექიმს თავისი პროფესია, ოჯახი და ხალხი. ამ ღირებულებებით აგრძელებს ცხოვრებას მისი შთამომავლობაც.

მარი მარღანია

გააზიარე: