პროფესიული გადაწვა

გააზიარე:

პროფესიული გადაწვა სამსახურთან დაკავშირებული სტრესის შედეგია. ეს არის ფიზიკური ან ემოციური გადაღლილობის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს პესიმიზმი, უხალისობა, იდენტობის მორღვევა, მარცხის განცდა, ფარული დეპრესია. პროფესიული გადაწვა არა მხოლოდ საქმით, არამედ მთლიანად ცხოვრებით უკმაყოფილებას იწვევს.

როგორ ამოვიცნოთ პროფესიული გადაწვის ნიშნები საკუთარ თავში?

ამისთვის თავს რამდენიმე კითხვა უნდა დავუსვათ, მაგალითად:

* სამსახურში ცინიკური, კრიტიკული ან დისტანცირებული ხომ არ გავხდით?

* დილით გაღვიძება და სამსახურში წასვლა ხომ არ გვიჭირს?

* გაღიზიანებულები ხომ არ ვართ სამსახურში, უმიზეზოდ ხომ არ ვეჩხუბებით თანამშრომლებს, კლიენტებს, მომხარებლებს? ხომ არ გვაღიზიანებენ ისინი იმითაც კი, რომ ჩვენს სივრცეში არიან?

* ხომ არ იკლო ჩვენი შრომის ნაყოფიერებამ?

* მუდმივ დაღლილობას და ენერგიის ნაკლებობას ხომ არ ვგრძნობთ?

* ხომ არ გვიჭირს კონცენტრაცია?

* ხომ არ გაუფასურდა ჩვენი სამსახურებრივი მიღწევები? რამეს რომ დავამთავრებთ, კმაყოფილების ნაცვლად განურჩევლობის შეგრძნება ხომ არ გვეუფლება?

* სამსახურის შესახებ მხოლოდ ცუდი ხომ არ გვახსენდება?

* ხომ არ ვცდილობთ საჭმლით, ალკოჰოლით და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებებით სტრესის მოხსნას?

* გამუდმებით ხომ არ გვეძინება ან, პირიქით, ჩაძინება ხომ არ გვიჭირს?

* ხომ არ დაგვეწყო თავის ტკივილები, საჭმლის მონელების პრობლემები ან სხვა ფიზიკური ჩივილები?

რამდენიმე კითხვას მაინც თუ დადებითი პასუხი გაეცით, შესაძლოა, პროფესიულ გადაწვას განიცდიდეთ. ამ დროს აუცილებელია, მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავზე ზრუნვას.

რა იწვევს პროფესიულ გადაწვას?

* თავისუფლების ნაკლებობა – როდესაც დასაქმებულს არ აქვს საშუალება, თავად მიიღოს სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, მაგალითად, მის აზრს არ ითვალისწინებენ, როდესაც უდგენენ სამუშაო გრაფიკს, შესასრულებელ დავალებებს, ურჩევენ მეწყვილეს და სხვა;

* გაუგებარი მოლოდინები – როდესაც დასაქმებულმა არ იცის, რას მოელიან მისგან, რა პასუხისმგებლობა აკისრია, უფროსი კი კარგად არ უხსნის;

* არაჯანსაღი სამუშაო გარემო – როდესაც კოლეგებს შორის ურთიერთობები ტოქსიკურია, ჩვეულებრივი ამბავია არაჯანსაღი კონკურენცია, მანიპულაციები, ერთმანეთის ჩაძირვა;

* რთული გრაფიკი – როდესაც სამსახური მეტისმეტად მონოტონური ან, პირიქით, ქაოსურია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მუდამ ენერგიის მობილიზების რეჟიმში ვართ;

* ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა – როდესაც მარტოსულები ვართ როგორც სამსახურში, ისე სამსახურის გარეთ;

* პირადი ცხოვრების სიმწირე – როდესაც ჩვენი დროის უმეტესი ნაწილი სამსახურს ეთმობა და პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ ვიცლით.

რა მოსდევს პროფესიულ გადაწვას?

* მუდმივი სტრესის განცდა;

* მუდმივი დაღლილობა;

* უძილობა;

* სევდა;

* ბრაზი;

* გაღიზიანებადობა;

* გულ-სისხლძარღვთა პრობლემების დამძიმება;

* დიაბეტის რისკი;

* დაავადებებისადმი მოწყვლადობა;

* დეპრესიის რისკი.

რით შეიძლება შევამციროთ პროფესიული გადაწვის საფრთხე?

* შევცვალოთ სამუშაო გარემო. თუ შესაძლებელია, დაველაპარაკოთ უფროსს და ვცადოთ კომპრომისის პოვნა. დიდ კომპანიებში მსგავს სიტუაციებში Hღ სპეციალისტი ერთაგვარ მედიაციას უნდა უწევდეს ხელმძღვანელებისა და ხელქვეითების ურთიერთობას.

* ვეძებოთ მხარდაჭერა. მოვუყვეთ ჩვენი პრობლემის შესახებ ახლობლებს, გავიგოთ მათი გამოცდილება, გამოვხატოთ ჩვენი ემოციები. საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ თერაპევტს.

* მოვიძიოთ და გამოვიყენოთ სარელაქსაციო ტექნიკები, მედიტაცია იქნება ეს, სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა თუ უბრალოდ პარკში სეირნობა.

* დავიწყოთ ვარჯიში მეტი ენერგიისა და უკეთესი კონცენტრაციისთვის. კოფეინის შემცველ არცერთ პროდუქტს არ მოაქვს იმდენი ენერგია, რამდენიც რეგულარულ ვარჯიშს.

* მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი და ჰიგიენა. შევიმუშაოთ დაწოლისა და ადგომის რუტინა, გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვა, შევზღუდოთ გაჯეტების მოხმარება. 

დასკვნა

პროფესიული გადაწვა არც სისუსტეა, არც ჩვენი ბრალია. თუ სამსახური ქრონიკული სტრესის წყაროდ გვექცა, აუცილებელია ცვლილებები: ან სამსახურს ვიცვლით, ან იქვე ვცდილობთ უკეთესი პირობების შექმნას, ან სამსახურის გარეთ ვიცვლით ცხოვრების წესს. რასაკვირველია, იდეალური ვარიანტია, სამსახურში უკმაყოფილების გამოხატვის, მოლაპარაკების და კონფლიქტის მოგვარების საშუალება გვქონდეს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ეს ყოველთვის არ გამოდის. გვახსოვდეს, რომ პირველ ადგილზე ჩვენი კეთილდღეობა დგას და თუ სამსხურში თავს უბედურად ვგრძნობთ, დავფიქრდეთ: ხომ არ დადგა წამოსვლის დრო? სამსახურის შეცვლა რთულია, სამაგიეროდ, მეტ-ნაკლებად ჩვენს ხელთაა ცვლილებები სამსახურის გარეთ.

ყველამ ვიცით, რომ ვარჯიში, სწორი კვება, სუნთქვითი ვარჯიშები, კარგი ძილი მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. როდესაც პროფესიული გადაწვის საფრთხე გვემუქრება, მათი მნიშვნელობა კიდევ ურო იზრდება. უფრო დაბალანსებული ცხოვრება, სამსახურის გარეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, ემოციების ურთიერთგაზიარება, სამსახურთან დაუკავშირებელი მიზნების დასახვა და მიღწევა, რელაქსაცია და დასვენება აუცილებელია იმ სტრესის დასაბალანსებლად, რომელსაც სამსხურში განვიცდით.

ძალიან ადვილია, სტრესს ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ან თუნდაც ტკბილეულით დავუპირისპირდეთ, მაგრამ სტრესისგან თავის დაღწევის ეს მარტივი გზა დროთა განმავლობაში თვითონვე იქცევა პრობლემად, უფრო მეტად დააქვეითებს შრომის ნაყოფიერებას, უფრო მეტ ენერგიას წაგვართმევს, ჯანმრთელობის მეტ პრობლემას შეგვიქმნის და მოდუნების ჯანსაღ გზებს გააუფასურებს. საბოლოო ჯამში, გადაწვასთან ერთად არაჯანსაღ დამოკიდებულებასაც შევიძენთ და მოგვიწევს, ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც ვხარჯოთ დრო და ენერგია.

პირადისა და სამსახურებრივის დაბალანსება მოითხოვს ცვლილებებს, მოითხოვს ცხოვრების უფრო ჯანსაღ წესს, რაც თავდაპირველად ძალიან რთულია, თუმცა საბოლოო ჯამში გაძლიერების ერთადერთი გზაა.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: