სილამაზის ფილტრები სოციალურ მედიაში

გააზიარე:

შესავალი

ბოლო ხანს უამრავ დროს ვატარებ სოციალურ მედიაში, რადგან ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფი საშუალება ჩემთვის ფეისბუკი აღმოჩნდა. ვირტუალურ სამყაროში გადასახლებისას დავაკვირდი, როგორ ვცდილობთ ყველა საკუთარი თავის წარმოჩენას, როგორ გამოხატავს ფორმა, რომლითაც სათქმელს ვაზიარებთ (სიტყვები იქნება ეს, სურათები თუ ანიმაცია), ჩვენს ემოციებსა და ღირებულებებს.

რაკი გარემოდან მოდის ძლიერი სოციალურ-კულტურული დაკვეთა, მუდამ კარგად გამოვიყურებოდეთ და წარმატებული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებდეთ, ჩვენც ვცდილობთ, ჩვენი საუკეთესო ონლაინ ვერსია ავაგოთ, თუმცა, ამავე დროს, ვგრძნობთ, რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას. ამას მოწმობს უამრავი კვლევაც.

სილამაზის ფილტრების ეფექტი

განვიხილოთ სურათების რედაქტირების  ყველაზე მარტივი საშუალება – სილამაზის ფილტრები.

ფილტრებს სხვადასხვა ეფექტი აქვს. მაგალითად, გამხდარი ფილტრი სახეს უფრო გამხდარს წარმოაჩენს, სრულყოფილი სახის ფილტრი სახის ნაკვთებს “იდეალური” პროპორციების მიხედვით “ასწორებს”.

მრავალი კვლევა მოწმობს, რომ ახალგაზრდები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ფილტრებს: კბილების გასათეთრებლად, კანის გასარუჯად, სხეულის ფორმების კორექტირებისთვის... უკვე ყველამ ვიცით, როგორ გავათანაბროთ სახის ფერი, სიგლუვე შევმატოთ ლოყებს და გავიდიდოთ თვალები. იმავდროულად, ყველა ვხვდებით, რომ ეს ერთგვარი თამაშია, რადგან ნამდვილ ცხოვრებაში ასე არ გამოვიყურებით, მაგრამ ფილტრების გამოყენებას მაინც ვაგრძელებთ. რატომ?

როდესაც ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, რატომ იყენებდნენ ფილტრებს, 94%-მა თქვა, რომ წნეხს გრძნობდნენ და ეს წნეხი ძნელი ასატანი იყო.

სხვა კვლევამ ცხადყო, რომ ფილტრების მოყვარულ ახალგაზრდებს სხეულის ფორმების გამო შფოთვა და დაბალი თვითშეფასება ახასიათებთ. ფილტრების გამოყენება, ერთი მხრივ, გამოსავალია, მეორე მხრივ კი განამტკიცებს იმ განცდას, რომ როგორებიც ვართ, საკმარისი არ არის.

საგანგაშოა, რომ ფილტრების გამოყენების ასაკმაც დაიწია – მათ აქტიური მოხმარებას 13 წლიდან იწყებენ. სილამაზის ფილტრებით განსკუთრებით ხშირად სარგებლობენ გოგონები.

მენტალური გამოწვევები

სილამაზის ფილტრები სილამაზის მიუღწეველ სტანდარტებს აწესებს. თუ წინათ ამ სტანდარტებს გლამურული ჟურნალები გვკარნახობდა, ახლა მიუღწევლად ლამაზები გვეჩვენებიან არა მხოლოდ მოდელები და მსახიობები, არამედ ყველა სხვა ქალი ჩვენ გარდა. ეს მუდმივი შეჯიბრება და შედარება ძირს უთხრის სხეულის პოზიტიურ შეფასებას და თვითშეფასებას. ამასთან, ახალგაზრდა ქალები საკუთარ თავს არა მხოლოდ სხვა ქალებს, არამედ საკუთარ ფილტრდადებულ სელფისაც ადარებენ. შედეგად ახალგაზრდებს საკუთარი თავის გაორებული აღქმა უყალიბდებათ – როგორები არიან სინამდვილეში და როგორები არიან ონლაინ. საკუთარი თავის ობიექტად წარმოსახვამ კი შესაძლოა ისეთ მძიმე აშლილობამდე მიგვიყვანოს, როგორიც არის, მაგალითად, დისმორფია, რომლის დროსაც იკარგება სხეულის რეალისტური შეფასების უნარი.

რეკომენდაციები

იმის ძახილი, რომ ფილტრი “ბუაა”, სურათს ვერ შეცვლის. იქნებ ფილტრების დემონიზების გარეშე შევძლოთ მათთთან გამკლავება?

ფილტრებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლისას პირველ ნაბიჯს საკუთარი ქცევის გაცნობიერება წარმოადგენს. დაფიქრდით, რამდენად ახდენს გავლენას თქვენს განწყობაზე ფილტრების გამოყენება, ხომ არ მოაქვს სხვებთან შეჯიბრებას საკუთარი სხეულის შესახებ უარყოფითი ემოციები, ხომ არ მოქმედებს ეს თქვენს ყოველდღიურ კეთილდღეობაზე.

თუ კი, შესაძლოა, ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაგეხმაროთ:

  • დააკვირდით, რამდენ ხანს უთმობთ სელფის გადაღებას, ფილტრის შერჩევას და გამოქვეყნებას, როგორ გრძნობთ თავს სურათის რედაქტირების შემდეგ. როდესაც სელფის გამოაქვეყნებთ, დააკვირდით, რამდენად ხშირად ამოწმებთ გამოხმაურებას, ადარებთ თუ არა სხვა ადამიანების სელფის საკუთარს, შედარების შემდეგ თავს უკეთესად გრძნობთ თუ უარესად.
  • ყოველთვის, როდესაც სელფის ფილტრს ვადებთ, საკუთარ თავს ვეუბნებით: “შენ არ ხარ საკმარისად კარგი”. როგორ შეიძლება, კმაყოფილებას გვგვრიდეს ქსელში ჩვენი სურათის მიმართ გამოხატული აღფრთოვანება, თუ ის ეკუთვნის ადამიანს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს?! თუ ჩვენი ონლაინ ხატი ძლიერ განსხვავდება ჩვენი ნამდვილი სახისგან, შესაძლოა, არაციფრულ სივრცეში ადამიანების გაცნობისა მოგვერიდოს კიდეც. შესაბამისად, ფილტრების გამოყენება სოციალური შფოთვის გამაძლიერებელი ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა სოციალური იზოლაციაც გამოიწვიოს.
  • თუ სოციალურ ქსელში ნაკლებ დროს გავატარებთ, გამოგვითავისუფლდება დრო ნამდვილი, ცოცხალი ინტერაქციისთვის. დაფიქრდით, იმიტომ ხომ არ ატარებთ ამდენ დროს სურათების გამოქვეყნებასა და თვალიერებაში, რომ რაღაცას გაურბიხართ? საკუთარი ონლაინ ხატის მართვა კონტროლისა და უსაფრთხოების განცდას გვანიჭებს. ცოცხალი ურთიერთობისას ასეთი განცდა არ ჩნდება, რადგან ამ დროს ადამიანი საკუთარი მე-თი არ შემოიფარგლება; ცოცხალი კომუნიკაცია მოიცავს სხვა ადამიანის ქცევებსა და ემოციებსაც, რომელთა კონტროლი ჩვენ არ შეგვიძლია. და მაინც: მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ურთიერთობა უფრო მოწყვლადს გვხდის, სწორედ ის ქმნის სიღრმისეული, მნიშვნელოვანი კავშირის განცდას. ციფრული კონტროლი ილუზორული კონტროლია და უსაფრთხოების განცდა, რომელიც მას მოაქვს, ცრუ უსაფრთხოების განცდაა, რადგან სოციალური ქსელი სინამდვილეში საკმაოდ სახიფათო ადგილია და ის ადამიანები, რომლებიც თქვენს სათუთად აგებულ იმიჯს ალაიქებენ, ხვალ ასეთივე ენთუზიაზმით უარგყოფენ, თუ ამ იმიჯის შექმნისას შეცდომა დაუშვით.

მივიღოთ ჩვენი თავი

სათქმელად ადვილია, შესასრულებლად – ძნელი... სანამ სახეს და სხეულს ფილტრს დაადებდეთ, გაიხსენეთ, რომ სწორედ ჩვენი არასრულყოფილება, ჩვენი თავისებურებები, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების ერთობლიობა გვაქცევს უნიკალურ, სხვებისთვის საინტერესო პიროვნებად. ჩაიხედეთ სარკეში და ეცადეთ შეამჩნიოთ ყველა ის ხაზი, ხალი თუ ნაოჭი, რომელიც თქვენს ინდივიდუალურობას ქმნის. თუ ამ დროს სევდა იგრძენით, იქნებ ამის შესახებ ვინმეს ესაუბროთ ან თერაპევტს მიმართოთ. ყველა ჩვენგანი იმსახურებს მიღებასა და მოწონებას, უპირველეს ყოვლისა – საკუთარი თავის მიერ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: