მედიცინის სიახლეები

გააზიარე:

 

ოზონის ჭარბ ზემოქმედებას შეუძლია, გაზარდოს ნაადრევი სიკვდილის რისკი

British Medical Journal-ში გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ოზონის ჭარბ ზემოქმედებასა და ნაადრევი სიკვდილის რისკის მატებას შორის კავშირს ადასტურებს. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება საგრძნობლად შეამცირებს ამ ტიპის სიკვდილიანობას.

ოზონი აირია, რომელიც ჟანგბადის სამი ატომისგან შედგება. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, ჯანმრთელობაზე ოზონის გავლენას მისი წარმომავლობა განსაზღვრავს. სტრატოსფეროს ოზონი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს დედამიწას და, ამდენად, დადებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მიწის დონეზე არსებული ოზონი კი პრობლემების წყაროა. ის განსაკუთრებით მავნეა მოხუცებისთვის, ბავშვებისა და ფილტვის დაავადებათა (მაგალითად, ასთმის) მქონე პირებისთვის. ის წარმოიქმნება დაბინძურებული ჰაერის მზის სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად. ჰაერის დაბინძურების წყარო კი უმთავრესად სატრანსპორტო საშუალებებისა და ელექტროსადგურების გამონაბოლქვია.

კვლევის ავტორების თქმით, ოზონის დონე გლობალურ დათბობასთან ერთად იზრდება. არაერთი კვლევა მიეძღვნა ოზონის გრძელვადიან უარყოფით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, მოკლევადიან ეფექტებს კი ნაკლები ყურადღება ექცევა, არადა მათი შეფასება აუცილებელია ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის პოლიტიკის დასახვეწად, მით უმეტეს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ის სხვადასხვანაირია. მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ოზონის დასაშვებ დონედ მიიჩნევს 100 მკგ-ს ატმოსფერული ჰაერის 1 კუბურ მეტრზე, ევროკავშირი – 120 მკგ-ს, აშშ – 140 მკგ-ს, ჩინეთი 160 მკგ-ს.

კვლევის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მიწის დონეზე არსებული ოზონის მოკლევადიანი უარყოფითი ეფექტების შესწავლა ბევრ ადამიანს გადაარჩენს.

 

მოზრდილებს შესაძლოა აღარ დასჭირდეთ ტეტანუსის საწინააღმდეგო დამატებითი ვაქცინაცია

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ტეტანუსისა და დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა ხანგრძლივ იმუნიტეტს ტოვებს, თუმცა ახლახან დასრულდა კვლევა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი სამუდამო იმუნიტეტს უზრუნველყოფს.

Clinical Infectious Disease-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, ტეტანუსისა და დიფტერიის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ იმ მოზრდილებს უნდა ჩაუტარდეთ, რომლებსაც ბავშვობაში ვაქცინაციის სრული კურსი არ ჩატარებიათ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კი 10 წელიწადში ერთხელ აცრას უწევს რეკომენდაციას. ამერიკის შტატ ორეგონის მედიცინის სკოლის მკვლევართა გუნდმა, რომელსაც პროფესორი მარკ სლიფკა ხელმძღვანელობს, შეისწავლა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 31 ქვეყნის მილიონობით ადამიანის 2001-2016 წლების მონაცემები და ერთმანეთს შეადარა მოზრდილთა ავადობის სიხშირე  სავალდებულო და არასავალდებულო აცრის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა. დასკვნის თანახმად, ტეტანუსის ვაქცინაციის სრული კურსი სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს.

ტეტანუსი ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს დაავადება ყოველწლიურად დაახლოებით 30 ადამიანს ემართება. დიფტერიაც ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ასევე შეუძლია ფატალურ შედეგთან მიგვიყვანოს. გასული ათწლეულის განმავლოობაში აშშ-ში მისი ხუთამდე შემთხვევაა გამოვლენილი.

ევროპის ათ ქვეყანაში ზრდასრულებს ტეტანუსზე არ ცრიან, თუ მათ ბავშვობასა და მოზარდ ასაკში სრული ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული. ესენია: გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, პოლონეთი, ირლანდია, ისლანდია და სხვა. სლიფკას თქმით, ცალკე ყურადღება სჭირდებათ აივ დადებით პირებს, რომლებიც კარგად კონტროლირებული დაავადების შემთხვევაშიც კი განიცდიან “იმუნურ ამნეზიას”, რაც ნიშნავს იმუნიტეტის სწრაფ დაქვეითებას, მიუხედავად ბავშვობაში ჩატარებული აცრებისა.

 

რა კავშირი აქვს საოჯახო ქიმიას ჩვილთა ასთმასთან

ტიმ ტაკარო, კანადის საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა პროფესორი, ამბობს, რომ სახლებში, სადაც რეგულარულად იყენებენ ქიმიურ საწმენდ საშუალებებს, სამი წლისთვის გაცილებით მეტ ბავშვს უვლინდება ასთმა და მსტვენი სუნთქვა.

ტაკაროს გუნდმა გამოკითხა 2000 ისეთი ბავშვის მშობლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ქიმიურ საწმენდ საშუალებებთან დაბადებიდან სიცოცხლის მე-4 თვემდე. ბავშვების უმრავლესობას თამბაქოს კვამლთან 3-4 თვის ასაკამდე არ ჰქონია კონტაქტი. მათ 70%-ს არ ჰქონია ასთმის ოჯახური ისტორია. მიუხედავად ამისა, 3 წლისთვის მათ შორის ასთმის, ალერგიის, განმეორებითი მსტვენი სუნთქვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ მათ სახლში უფრო ხშრად მოიხმარდნენ ჭურჭლისა და ქსოვილის სარეცხ, ავეჯისა და შუშის საწმენდ საშუალებებს. სასუნთქი სისტემის დაზიანების ყველაზე დიდი პოტენციალი არომატულ და შესასხურებელ საწმენდ სითხეებს აღმოაჩნდა.

გარემოს სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი საწმენდი საშუალებების 53% ფილტვებისთვის ზიანის მომტანია. ისინი შეიცავს ქიმიურ ნაერთებს – ფორმალდეჰიდს და 1,4 დიოქსანს. ორივე კანცეროგენია. ასთმას კი ანტიბაქტერიულ აეროზოლებსა და სარეცხის დამარბილებელ საშუალებებში შემავალი ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს.

ტაკაროს თქმით, ახალშობილები უფრო ხშირად სუნთქავენ და აქვთ უფრო მოკლე რესპირატორული ტრაქტი, ამიტომ უფროსი ასაკის ბავშვებთან შედარებით მოწყვლადნი არიან.

 

ძაღლები ტვინის სიმსივნის განვითარების მექანიზმის ამოცნობაში დაგვეხმარებიან

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ძაღლების შესწავლა ადამიანის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის ახალ ერას დაუდებს სათავეს.

დიფუზური გლიომა გავრცელებული სიმსივნეა, რომელიც თავის ტვინის გლიურ უჯრედებს აზიანებს. სიმსივნე ძნელად ემორჩილება მკურნალობას და დაბალი გადარჩენადობა ახასიათებს. მეცნიერებს ვერ აუხსნიათ, როგორ ხდება გლიური უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარება.

ბოლო დრომდე დიფუზურ გლიომებს in vivo თაგვების მოდელებზე შეისწავლიდნენ, მაგრამ თაგვის ტვინში გლიომის განვითარების მექანიზმი საგრძნობლად განსხვავდება ადამიანის ან ძაღლის ტვინში მიმდინარე იმავე პროცესისგან. აქამდე ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ზრდასრულ ძაღლებს ეს სიმსივნე დაახლოებით იმ ასაკში უვითარდებათ, რომელიც ადამიანის ბავშვობის ასაკს შეესაბამება, ხოლო ვინაიდან ადამიანისა და ძაღლის გლიომების პათოგენეზს ბევრი საერთო აქვს, ძაღლი შესაძლოა საუკეთესო ნიმუში აღმოჩნდეს ამ ტიპის სიმსივნის შესასწავლად.

Cancer Cell-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მეინის შტატში მდებარე ჯექსონის ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფმა მიზნად დაისახა, ძაღლებში გლიომის განვითარების მექანიზმი ადამიანისთვის შეედარებინა. მკვლევრებმა პროფესორ როელ ვერჰააკის ხელმძღვანელობით შეისწავლეს გლიომით გარდაცვლილი 83 ძაღლის მოლეკულური ნიმუშები და შეადარეს ადამიანებისგან მიღებულ ბიოფსიურ მასალებს. აღმოჩნდა, რომ საერთო იყო რამდენიმე გენური მუტაცია. მეცნიერებმა შეამჩნიეს ისიც, რომ ძაღლის გლიომა ძალიან ჰგავდა ადამიანისას, ოღონდ ბავშვობაში და არა ზრდასრულ ასაკში განვითარებულს.

მეცნიერებს სჯერათ, რომ ძაღლების მოდელების გამოყენება მათ საშუალებას მისცემს, დახვეწონ მკურნალობის ახალი მეთოდი, იმუნოთერაპია, ადამიანებისთვის. თუ მომავალში გამომჟღავნდება კავშირი ადამიანისა და ძაღლის სხვა ტიპის სიმსივნეებს შორისაც, ორივე სახეობის მკურნალობის მექანიზმები დაიხვეწება. ასე რომ, ძაღლები კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ ადამიანს ერთგულ მეგობრობას.

მოამზადა მარიამ რამაზაშვილმა

გააზიარე: