ნიკაპის კორექცია ჰარმონიული სახისთვის

გააზიარე:

იდეალური გარეგნობის სტანდარტი, მართალია, ხშირად იცვლება, მაგრამ ქალების უმეტესობა ცდილობს, საკუთარ გარეგნობასთან ჰარმონიაში იყოს. დღეს ეს ადვილი მისაღწევია – თანამედროვე ესთეტიკურ ქირურგიას ხომ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, თითქმის ყველაფრის გამოსწორება შეუძლია.

მეტისმეტად პატარა ან, პირიქით, ზომაზე მეტად გამოწეული ნიკაპი გაქვთ? ადვილად გამოსწორდება.

რა მეთოდებს იყენებენ ნიკაპის მოდელირებისთვის, რა რისკი ახლავს მათ გამოყენებას და როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი? ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი, პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კუზანოვი  გვესაუბრა.

– ბატონო ალექსანდრე, რა არის გენიოპლასტიკა და როდის მიმართავენ მას?

გენიოპლასტიკა, იგივე მენტოპლასტიკა, ნიკაპის კორექციას გულისხმობს. ეს არის ესთეტიკური ქირურგიული პროცედურა, რომელიც ფორმის, ზომის ან პოზიციის შეცვლით ნიკაპის შესახედაობას აუმჯობესებს. ნიკაპი, ისევე როგორც შუბლი, ცხვირი, თვალები და ტუჩები, დიდ როლს ასრულებს მთელი სახის ჰარმონიული ხაზის შექმნაში, ამიტომ ესთეტიკურად დახვეწილი იერისთვის აუცილებელია, ნიკაპის პროპორციები სახის დანარჩენი ნაწილებისას  ეთავსებოდეს.

ამ პროცედურას მაშინ მიმართავენ, როცა ნიკაპი  ზედმეტად წინ არის გაწეული, უკან არის შევარდნილი ან ნაკლებად განვითარებულია და სახის ბუნებრივ პროპორციებს არღვევს.

გენიოპლასტიკა, როგორც გითხარით, ესთეტიკური პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ნიკაპის ფორმის კორექციას. ქვედა ყბის დაპატარავება ან გადიდება, რაც შესაძლოა საჭირო გახდეს ქვედა ყბის ტრავმის, ქვედა ყბის ჰიპერტროფიის და სხვა შემთხვევებში, ყბა-სახის ქირურგის პრეროგატივაა.

მეთოდები

– არსებობს ნიკაპის კორექციის ორი ძირითადი მიმართულება – დაპატარავება და  გაზრდა.

დაპატარავების დროს ხდება ძვლოვანი ქსოვილის რეზექცია, ანუ ზედმეტი ნაწილი ამოიკვეთება და ნიკაპის ძვალი პატარავდება.

ნიკაპის გაზრდა შესაძლებელია ორი მეთოდით:

1. იმპლანტით. იმპლანტი შესაძლოა იყოს სილიკონის ან სხვა მასალის. მთავარია, იყოს ხარისხიანი და გამოცდილი მწარმოებლის მიერ დამზადებული. იმპლანტს შეცვლა არ სჭირდება, ის სამუდამოა.

2. აუტოქსოვილით. ლიპოსაქციის საშუალებით ვიღებთ ცხიმს მუცლიდან, ბარძაყებიდან ან სხვა ისეთი ადგილიდან, სადაც ის ბევრია და  ნიკაპში შეგვყავს. ამ მეთოდის გამოყენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ორი ან სამი პროცედურა, რადგან ნიკაპში შეყვანილი ცხიმის დაახლოებით 40 პროცენტი გაიწოვება და დამატებას მოითხოვს.

ნიკაპის გაზრდა შესაძლებელია არაქირურგიული მეთოდითაც, მაგალითად, ფილერით (ამ მომსახურებას ექიმი კოსმეტოლოგი გაგიწევთ), მაგრამ რამდენიმე თვეში ან წელიწადში ერთხელ შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დამატება. არაქირურგიული მეთოდებისგან განსხვავებით, გენიოპლასტიკას სამუდამო შედეგი აქვს და პერიოდულ ჩარევას არ ითხოვს.

ოპერაციამდე

– ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციამდე ტარდება ნიკაპის კომპიუტერული მოდელირება და პაციენტი საკუთარი თვალით ხედავს სავარაუდო შედეგს. გარდა ამისა, ინიშნება შესაბამისი გამოკვლევები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. თავად პაციენტმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც რეგულარულად იღებს. მაგალითად, თუ სისხლის გამათხელებლით მკურნალობს, აუცილებელია, ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე მისი მიღება შეწყდეს.

ოპერაციის მსვლელობისას

– გენიოპლასტიკა ნაკლებად ტრავმულ ოპერაციად მიიჩნევა, ხანმოკლეა და ეფექტსაც მოკლე ხანში ავლენს. ნიკაპის რედუქცია სრული ნარკოზის ფონზე ტარდება, რადგან ძვლოვან ქსოვილზე შეხება ძალიან მტკივნეულია, თუმცა შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიითაც, თუ ამას პაციენტი ითხოვს.

განაკვეთი პირის ღრუდან კეთდება.  ნიკაპის ძვალი ჯერ შრევდება, მერე კი იკვეთება დასახული მიზნის (წინასწარ შექმნილი მოდელის) შესაბამისად. პროცედურა 30-60 წუთს გრძელდება. ვინაიდან ჭრილობა პირის ღრუშია, მას ნახვევი არ ედება. იკერება სპეციალური გაწოვადი ძაფით, რომელსაც უმეტესად არ სჭირდება მოხსნა, თუმცა 10-14 დღე აუცილებელია ნაოპერაციები ნიკაპის დაფიქსირება სპეციალური პლასტერით ან ფიქსატორით.

ნიკაპის გადიდება, თუ ის აუტოსხეულით ტარდება, შეიძლება ადგილობრივი ანესთეზიითაც განხორციელდეს, მაგრამ თუ პაციენტს სრული ნარკოზი უნდა, არ ვზღუდავთ. ამ შემთხვევაში განაკვეთი არ კეთდება – მხოლოდ იქ, საიდანაც ცხიმს ვიღებთ და სადაც შეგვყავს, რჩება პატარა, 0,5 სმ-იანი პუნქციის კვალი. მათ თითო ნაკერი ედება. ნიკაპი ლეიკოპლასტირით ფიქსირდება. ოპერაციის ხანგრძლივობა 30-60 წუთია.

იმპლანტის ჩადგმისას სრული ნარკოზი აუცილებელია. არსებობს ორი მიდგომა: პირველის თანახმად, განაკვეთი კეთდება პირის ღრუში და იმპლანტიც იქიდან იდგმება, მეორე მიდგომით კი განაკვეთი კეთდება ნიკაპის ქვეშ. ჩვენ უპირატესობას ამ უკანასკნელს ვანიჭებთ, რადგან შედარებით უსაფრთხოა. პირის ღრუ ინფექციის ძლიერი წყაროა. თუ უცხო სხეულზე ზედმეტი ნერწყვი მოხვდა, შესაძლოა, ინფექცია განვითარდეს და ვითარება ისე გართულდეს, რომ საჭირო გახდეს იმპლანტის ამოღება. ოპერაცია 30-60 წუთს გრძელდება.

ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული პროცედურის შემდეგ პაციენტს იმავე დღეს უშვებენ სახლში, სრული ნარკოზის შემთხვევაში კი მეორე დღემდე სტაციონარში ტოვებენ.

ოპერაციის შემდეგ

– რეაბილიტაცია ორ კვირამდე გრძელდება. ამ ხნის შემდეგ იხსნება ფიქსატორი ან ლეიკოპლასტირი, თუმცა შეშუპება შესაძლოა რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.

პაციენტს შეუძლია, იმავე დღეს დაუბრუნდეს ყოველდღიურ ცხოვრებას, ოღონდ აუცილებლად უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები: თუ განაკვეთი პირის ღრუშია, ინფექციის თავიდან ასაცილებლად ზედმიწევნით დაიცვას პირის ღრუს ჰიგიენა, მაგალითად, დღეში ორჯერ გამოივლოს ანტიბაქტერიული სავლები. პირველ დღეებში არ არის რეკომენდებული სახისა და ქვედა ყბის კუნთების ზედმეტად დაჭიმვა, ამიტომ პაციენტი უნდა ერიდოს ძნელად დასაღეჭ საკვებს, ცხელსა და ცივს, ცხარესა და მარილიანს, გაზიან სასმელებს, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას და აქტიურ სპორტს.

როდის არ შეიძლება ოპერაცია

– ნებისმიერი გეგმური ოპერაცია, მით უმეტეს ესთეტიკური, იმ დროს უნდა ჩატარდეს, როცა რისკი მინიმალურია. პაციენტი უნდა იყოს ჯანმრთელი. თუ რომელიმე დაავადება აქვს, აუცილებელია, პრობლემა ჯერ შესაბამის სპეციალისტთან მოგვარდეს. გენიოპლასტიკა არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, თუმცა ნებადართულია ლაქტაციის პერიოდში.

რისკები და გართულებები

– გენიოპლასტიკა არცთუ ისე სარისკო ოპერაციაა, თუმცა, ნებისმიერი ქირურგიული პროცედურის მსგავსად, შესაძლოა მოჰყვეს გართულებები. მაგალითად, ჭარბი სისხლდენის განვითარების შანსი ნებისმიერი ოპერციის დროს ერთი პროცენტია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჭრილობის გახსნა, ჰემატომის ევაკუაცია, მერე კი ყველაფრის თავიდან აწყობა და ჭრილობის დახურვა. არსებობს ინფექციით გართულების ნახევარპროცენტიანი შანსიც. მისი მკურნალობა განსაკუთრებით რთულია. იმპლანტის დაჩირქების შემთხვევაში აუცილებელია მისი ამოღება. პაციენტი 2-6 თვე უნდა დაელოდოს, ვიდრე ყველაფერი არ ალაგდება, მერე კი ოპერაცია თავიდან უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება ლიპოფილინგს, ინფექციამ შესაძლოა ცხიმის დაშლა გამოიწვიოს და საჭირო გახდეს მისი ხელახლა გადანერგვა.

ოპერაცია შესაძლოა გართულდეს საანესთეზიო საშუალებაზე ალერგიული რეაქციით, ცუდი ნაწიბურით, თუ პაციენტს მიდრეკილება აქვს კელოიდის (ნაწიბუროვანი წარმონაქმნის) ან ჰიპეტროფირებული (შეუსაბამოდ დიდი) ნაწიბურის განვითარებისკენ, ქვედა ყბის ნერვის დაზიანებით – ამან შესაძლოა გამოიწვიოს ქვედა ტუჩის მიდამოს დაბუჟება და დისკომფორტი, თუმცა,  როგორც წესი, გარკვეული ხნის შემდეგ თავისთავად ქრება.

ღაბაბის მოსაცილებლად

– ორმაგი ნიკაპი ანუ ღაბაბი ნიკაპის ქვეშ ჭარბი ცხიმის დაგროვების ან ქსოვილების მოდუნების შედეგად ჩნდება. მისი გამოხატულება ასაკსა და წონაზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ასე რომ, შესაძლოა, ახალგაზრდა ან ძალიან გამხდარ ადამიანსაც კი ჰქონდეს.

ღაბაბის ქირურგიული მოცილების სწრაფი და ნაკლებად სარისკო მეთოდია ლიპოსაქცია, რომლის დროსაც ცხიმი სპეციალური ბლაგვთავიანი კანულებით, ვაკუუმური საქაჩით ამოიტუმბება მცირე, 0,3–0,5 სმ–იანი განაკვეთებიდან. ეფექტი პროცედურის დასრულებისთანავე შესამჩნევია.

ლიპოსაქცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიით. ოპერაციის დროს არ ზიანდება სისხლძარღვები, ლიმფური სადინარები და ნერვული დაბოლოებები, მინიმალურია ტრავმა და დისკომფორტი.

ოპერაცია დაახლოებით 30-60 წუთს გრძელდება. მისი დასრულებისას ნიკაპის ქვეშ კანის დასაფიქსირებლად კეთდება ნახვევი, რომელიც ერთი კვირის შემდეგ იხსნება. შედეგი სამუდამოა. მოდუნებული კანის შემთხვევაში საუკეთესო ეფექტს გვაძლევს ლიფტინგის პროცედურა.

საერთო ჯამში, გენიოპლასტიკას შეუძლია, შესამჩნევად გააუმჯობესოს ნიკაპის ფორმა, მოარგოს ის სახის სხვა ნაკვთებს. ჰარმონიული პროპორციები კი  თავდაჯერებას მატებს და თვითშეფასებას უმაღლებს ადამიანს.

კარგი შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სანდო პროფესიონალის შერჩევა, რომელსაც გამოცდილება აქვს სახის პლასტიკურ ქირურგიაში. პაციენტმა კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი ქირურგთან, მასთან ერთად განიხილოს ოპერაციის მიზანი და გააცნობიეროს მისი რისკები და სარგებელი.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: