როდის არის ბავშვი მზად სოციალური მედიისთვის

გააზიარე:

დღეს ბავშვები მარტივად ითვისებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მშობლებს კი უფრო და უფრო მეტად უჭირთ, დაეწიონ მათ და სათანადოდ აკონტროლონ ის თამაშები, ვიდეოები თუ ფილმები, რომლებზეც მათ შვილებს ხელი მიუწვდებათ.

კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილია სოციალური მედია. როდის არის ბავშვი მზად თუნდაც ფეისბუქისთვის, რა დოზით შეიძლება დავრთოთ ამ პლატფორმასთან ინტერაქციის უფლება და რა დონეზე ვაკონტროლოთ?

ბავშვები, განსაკუთრებით თინეიჯერები, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე ვერ ძლებენ, ამიტომ სოციალური მედია მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ამ პლატფორმაზე წვდომას თან ახლავს საფრთხეც, ამიტომ ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საბაზისო უნარები, რათა სოციალური მედია რაც შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყენეოს.

წნეხი მშობლებზე

ზოგიერთი მშობელი ძალიან ადვილად რთავს შვილს სოციალური მედიის გამოყენების ნებას. ამის შემხედვარე სხვა ბავშვებსაც უჩნდებათ იმავეს სურვილი და ცდილობენ, მშობლებზე ზეწოლით, დაჟინებული თხოვნით მიაღწიონ საწადელს. ზოგიერთი მშობელი ნებდება და უსაფრთხოების ყოველგვარი ზომის გაუთვალისწინებლად რთავს ნებას შვილს, დარეგისტრირდეს ინსტაგრამზე, ფეისბუქსა თუ ტიკტოკზე.

გახსოვდეთ: რაც უფრო გვიან ჩაერთვება ბავშვი სოციალურ მედიაში, მით მეტია შანსი, იმ დროისთვის გააზრებული ჰქონდეს, რას პოსტავს, მოერიოს პლატფორმაზე დამოკიდებულებას და ნაკლებად დაიზიანოს თვითშეფასება.

ვარჩევთ შესაფერის დროს

ვინაიდან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თავისებურად ვითარდება, ის, თუ როდის დავრთავთ მას სოციალურ მედიაზე წვდომის ნებას, დამოკიდებულია არა ბავშვის ასაკზე, არამედ მისი განვითარების დონეზე. შესაძლოა, ცამეტი წლის მოზარდს მთელი სისრულით ჰქონდეს გაცნობიერებული, რა საფრთხე ახლავს სოციალურ მედიაში აქტივობას და მზად იყოს ამ საფრთხესთან შესახვედრად, ჩვიდმეტი წლისას კი ეს არ ესმოდეს, ადვილად მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ და ფსიქიკა დაიზიანოს.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მთლად თექვსმეტ-ჩვიდმეტ წლამდე ლოდინი არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამ ასაკის მოზარდმა, დიდი შანსია, საერთოდ არ მოგცეთ თავისი სოციალური სივრცის კონტროლის უფლება, შესაბამისად, ვერ გაიგოთ, ვის და რა თემებზე ესაუბრება, რამდენად მოქმედებს მასზე მის მიმართ გამომჟღავნებული აგრესია, ვინმე ხომ არ აწუხებს. ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკში კი ჯერ კიდევ შესაძლებელია, ზომიერად ვაკონტროლოთ შვილის სოციალური სივრცე. უკეთესი იქნება, თუ ის ამ სივრცეში ჩვენთან ერთად შეაბიჯებს, ჩვენ კი გზადაგზა საჭირო რჩევებს მივცემთ და ამ პლატფორმის უსაფრთხოდ გამოყენებას ვასწავლით.

დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად

თუ თქვენს შვილს ადვილად უყალიბდება ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულება, ვერ აკონტროლებს დროს და თუ არ შეახსენეთ, შესაძლოა, მთელი დღე თამაშში გაატაროს, სოციალური მედია მისთვის დამატებითი ადიქციის მიზეზად იქცევა.

თავდაპირველად დაუწესეთ ლიმიტი ვიდეოთამაშებზე, როდესაც დარწმუნდებით, რომ ლიმიტს იცავს, თავად გააცანით სოციალური მედია, აუხსენით ამ სივრცეში ქცევის წესები, მისი დაუწერელი კანონები და აქაც მკაცრად აკონტროლეთ დრო, რომელსაც ამ პლატფორმის გამოყენებას დაუთმობს.

თვითშეფასების გადასარჩენად

აუცილებლად გაითვალისწინეთ, როგორ ხვდება თქვენი შვილი კრიტიკას. სოციალურ მედიაში დიდი შანსია, ვინმემ არასასიამოვნო კომენტარი დაუწეროს, თუნდაც გარეგნობის შესახებ. დააკვირდით, რამდენად მგრძნობიარეა ის შეურაცხმყოფელი კომენტარების მიმართ, ხომ არ მოქმედებს ეს მის თვითშეფასებაზე და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღეთ.

პირველი ნაბიჯები

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, რომ ბავშვი მზად არის სოციალური მედიისთვის, წინასწარ ესაუბრეთ იმაზე, რა არის მისაღები და რა – მიუღებელი. ერთად გადაავლეთ თვალი მისი მეგობრების პროფაილებს და გაარჩიეთ პოსტები და კომენტარები. აუხსენით, რა საფრთხე ახლავს სოციალურ მედიაში აქტივობას, როგორ ამოიცნოს ეს საფრთხე და აიცილოს თავიდან.

მაგალითად, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ უცხომ მისწერა, დაუყოვნებლივ გითხრათ. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის ამ ფაქტს არ დაგიმალავთ. უფრო მშვიდად რომ იყოთ, შეგიძლიათ, ჩაწეროთ ბავშვის ტელეფონში სპეციალური პროგრამა, რომელიც საკუთარი გაჯეტიდან მისი პირადი მიმოწერისთვის თვალის დევნების საშუალებას მოგცემთ.

აუხსენით ბავშვს, რომ კი არ აკონტროლებთ, არამედ ასწავლით, აფრთხილებთ, რათა მომავალში თქვენი დახმარება აღარ დასჭირდეს. ისიც უთხარით, რომ მეგობრებთან სოციალური მედიის საშუალებით ურთიერთობა საკმარისი არ არის – აუცილებლად უნდა გავიდეს გარეთ და რეალურ სივრცეშიც დაამყაროს კონტაქტი ხალხთან. მიაჩვიეთ დროის განაწილებას, პირობა ჩამოართვით, რომ სოციალურ მედიას დღის მხოლოდ მცირე ნაწილს დაუთმობს, დანარჩენს კი – ოჯახს, მეცადინეობას, კითხვას, სეირნობას და სხვა იმ საქმიანობებს, რომლებსაც მისდევდა მანამდე, სანამ სოციალური მედიის გამოყენებას დაიწყებდა. 

შეიმუშავეთ წესები

წინასწარ შეთანხმდით იმ წესებზე, რომლებსაც ბავშვი სოციალური მედიის გამოყენებისას დაიცავს და რომელთა დარღვევის შემთხვევაში დაისჯება (რა თქმა უნდა, არა ფიზიკურად):

* არ ესაუბროს უცხოებს;

* თუ უცხო თავს არ ანებებს და საეჭვო მესიჯებს სწერს, დაუყოვნებლივ შეგატყობინოთ;

* თუ ვინმე, თუნდაც ნაცნობი, აწუხებს, ამცირებს, უხამსად ესაუბრება, – გითხრათ თქვენ.

წესების პირველი დარღვევისას მხოლოდ გააფრთხილეთ, თუ კიდევ გაიმეორა იგივე, ცოტა ხნით გაუუქმეთ სოციალური მედიის ანგარიში.

თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი დიდ ყურადღებას აქცევს, როგორ კომენტარებს უწერენ სოციალურ მედიაში, უხეშობა გულს სტკენს და თვითშეფასებას უქვეითებს, აუცილებლად მიიღეთ ზომები. არ გეგონოთ, რომ ავნებთ, თუ ამ სივრცეს ჩამოაშორებთ. სოციალური მედია სრულებით არ სჭირდება ბავშვს, სანამ განვითარების იმ დონეს არ მიაღწევს, რომ ამ პლატფორმამ მასზე გავლენა ვეღარ მოახდინოს, ყოველდღიური ცხოვრების რიტმი და ფსიქოლოგიური წონასწორობა არ დაურღვიოს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: