რბილი იატაკის ღირსებები და ნაკლოვანებები

გააზიარე:

სწორად შერჩეული იატაკი დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია. რაც მთავარია, მასზე ბევრად არის დამოკიდებული კომფორტი. პარკეტი, ლამინატი, ხალიჩა – არჩევანი დიდია, მაგრამ იცით თუ არა, რომელ ოთახს რომელი ტიპი შეეფერება ყველაზე მეტად?

მოდი, გავიგოთ, რა პლუსები და მინუსები აქვს რბილ იატაკს, სად უფრო მიზანშეწონილია მისი დაგება და რამდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისი მოვლა.

ღირსებები

  • მყუდროებას მატებს ოთახს – შთანთქავს ხმაურს, ახშობს ნაბიჯების ხმას.
  • აქვს თბოიზოლაციის ეფექტი. ხელს უშლის სითბოს გაცემას და, ამის კვალობაზე, ენერგიის დაზოგვის საშუალებასაც გვაძლევს. განსაკუთრებით კარგია პირველ სართულზე, რადგან აქ იატაკი შედარებით ცივია, ვიდრე სხვა სართულებზე.
  • მოქნილი და ელასტიკურია, სიარულისას თქვენი წონისა და ტერფის ფორმის შესაბამისად ჩაიდრიკება, რაც ძალიან სასარგებლოა ძვალსახსროვანი სისტემისთვის.
  • გამძლეა. გამძლეობის მიხედვით ხალიჩები კლასებად იყოფა. შედარებით ადვილად მოსავლელია 21-ე, 22-ე და 23-ე. ამასთან, 21-ე კლასი შედარებით ნაზია და უფრო საძინებელს შეეფერება, 23-ე კი უფრო გამძლეა და რეკომენდებულია მისაღები ოთახისთვის ან დერეფნისთვის, სადაც ხშირად დავდივართ.
  • ჯანსაღია, თუ ბუნებრივი მასალისგან, მაგალითად, მატყლისგან, აგავას ბოჭკოებისგან ან აბრეშუმისგან არის დამზადებული.
  • საუკეთესოა მათთვის, ვისაც ალერგია აქვს ოთახის მტვერზე. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, იქ, სადაც რბილი იატაკია, ჰაერში წვრილი მტვრის რაოდენობა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იქ, სადაც სხვა ტიპის იატაკია. თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი რბილი საფარი რამდენიმე შრისგან შედგება. მტვერი შიდა შრეებში გროვდება და ჰაერში აღარ იფანტება. თუმცა ასეთ იატაკს რეგულარული ღრმა წმენდა სჭირდება (ზოგჯერ – ქიმიურიც), რათა მასში მტვრის ტკიპებმა არ დაიბუდონ.
  • უსაფრთხოა. რბილ იატაკზე არ არსებობს მოცურების საფრთხე, შესაბამისად, ნაკლებია დაცემის ალბათობაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანში შესულთათვის. ხის იატაკისგან განსხავვებით, ძნელად ეკიდება ცეცხლი.
  • ადვილი დასაგებია. იგება მოჭიმულ იატაკზე  წებოს ან წებოვანი ლენტის საშუალებით. ასე რომ, თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ, საკუთარი ხელითაც დააგოთ.
  • გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინით.
  • გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა ბუნებრივი მასალის, მაგალითად, ხის იატაკი.

ნაკლოვანებები

  • მოითხოვს ხშირ მოვლას. ჭუჭყი რბილ იატაკში უფრო ადვილად ჯდება, ვიდრე პარკეტის ან ლამინატის გლუვ ზედაპირზე, ამიტომ ყოველდღე უნდა მოუსვათ მტვერსასრუტი, რათა თავიდან აიცილოთ ჭუჭყის ქვედა ფენებში გადასვლა.
  • ადვილად ემჩნევა ლაქები. მათ მოსაცილებლად ლაქის ამომყვანი სპეციალური საშუალებები  და დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
  • არ უყვარს სისველე.
  • თუ შინაური ცხოველი გყავთ, სისუფთავის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. გარდა ამისა, კატის ბრჭყალები ადვილად აზიანებს.
  • აქვს ექსპლუატაციის ვადა. 5-10 წელიწადში ერთხელ რეკომენდებულია მისი შეცვლა. განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ალერგიული ადამიანი ცხოვრობს, რადგან დროთა განმავლობაში რბილ იატაკში გროვდება მტვერი და ჭუჭყი, რომელშიც შეიძლება მტვრის ტკიპებმა დაიბუდონ.

რომელ ოთახში

რბილი იატაკი შეგიძლიათ დააგოთ ნებისმიერ ადგილას, სადაც სისველე არ მოხვდება. მაგალითად, მისაღებში, საძინებელში, საბავშვო ოთახში, დერეფანში. სამზარეულოსა და აბაზანაში დაგებას კი არ გირჩევთ.

რბილი იატაკის ტიპები

რბილი იატაკები ერთმანეთისგან განსხვავდება კონსტრუქციით, მასალით, ქსოვით, სტრუქტურითა და ცვეთისადმი გამძლეობით.

რბილი იატაკი იყიდება როგორც რულონებად, რომლებიც სასურველ ზომაზე უნდა დაიჭრას, ისე ფილებად. დასაჭრელი უფრო მოხერხებულია, რადგან სიარულის დროს გადაბმის ადგილები არ იგრძნობა. შესაძლებელია სხვა ტიპის იატაკთან მისი კომბინირებაც, თუმცა შესაძლოა, ბევრი უსარგებლო ნარჩენი მოგრჩეთ.

ფილების უპირატესობა კი ის არის, რომ სწრაფად და მარტივად იგება.  შესაძლებელია ერთი და იმავე ზომის სხვადასხვა დიზაინის ფილების გაერთიანებაც. გარდა ამისა, დაზიანებული ან ძალიან ჭუჭყიანი ფილა ადვილად იცვლება ახლით. 

არსებობს რბილი იატაკის სპეციალური, ოფისებისა და სასტუმროებისთვის განკუთვნილი ხაზი, რომელიც დიდ დატვირთვაზეა გათვლილი.

მასალა

რბილი იატაკის მასალად გამოიყენება როგორც ბუნებრივი მცენარეული ბოჭკო: ბამბა, ჯუთი, სელი, ქოქოსი, კანაფი, სიზალი, – ისე ბუნებრივი ცხოველური მასალა: მატყლი, აბრეშუმი, – და სინთეზური ბოჭკო, მაგალითად, პოლიამიდი და პოლიესტერი, შედარებით იაფ სეგმენტში – პოლიაკრილი და პოლიპროპილენი.

პოლიამიდის ბოჭკოები გამძლეობით გამოიჩევა და ადვილი მოსავლელია, ამიტომ რეკომენდებულია ოფისებისთვის, საბავშვო და მისაღები ოთახებისთვის. მოდიფიკაციის მიხედვით, შესაძლოა წარმოადგენდეს აბრეშუმის ან მატყლის იმიტაციას.

აგავას ფოთლებისგან დამზადებული სიზალის ხალიჩას  მყარი სტრუქტურა აქვს და  ასევე დიდ დატვირთვას უძლებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასველდეს.

ნეილონი ანტისტატიკური თვისებებით გამორჩევა. მატყლთან კომბინაციაში ის გამძლე და ელასტიკურ საფარს ქმნის.

მატყლის საფარი საუკეთესოა საცხოვრებელი გარემოსთვის. ის ძალიან გამძლეა და შედარებით მდგრადია ჭუჭყისა და წყლის მიმართ. გვხვდება მატყლისა და სხვა ბუნებრივი ბოჭკოს, მაგალითად, სელის, სიზალის, ჯუთის, თხის ბეწვის კომბინაციაც. სხვადასხვაა თავად მატყლიც. მერინოსის მატყლის იატაკი ყველაზე კომფორტული და ძვირად ღირებულია.

სუფთა მატყლის იატაკი ოთახში სასიამოვნო შიდა კლიმატს უზრუნველყოფს. მას შეუძლია, ჰაერიდან შთანთქას ზედმეტი ტენი, საჭიროების შემთხვევაში კი კვლავ გამოათავისუფლოს. ცხიმის შემცველობის წყალობით მატყლის იატაკი განსაკუთრებით კარგად იკრავს მტვერს და ჭუჭყიც არც ისე მყარად ჯდება მასში, როგორც სინთეზური ბოჭკოს იატაკში.

როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ბოჭკოს იატაკები სხვადასხვა ტექნოლოგიით იქსოვება. მჭიდროდ ნაქსოვი უფრო მდგრადია ჭუჭყისა და დატვირთვის მიმართ. არსებობს მსხვილი და მარყუჟისებრი ნაქსოვიც. ეს უკანასკნელი სახლში განსაკუთრებით მყუდრო და თბილ ატმოსფეროს ქმნის.

როგორ მოვუაროთ

იმისთვის, რომ ოთახში ჯანსაღი შიდა კლიმატი შეინარჩუნოთ, იატაკი რეგულარულად უნდა წმინდოთ. იმ ოთახებში, სადაც ხშირად ხართ, რეკომენდებულია, ყოველდღე ან დღეგამოშვებით მაინც მოუსვათ მტვერსასრუტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მტვერი და ჭუჭყი იატაკში ღრმად ჩაჯდება და  მისი გაწმენდა უფრო გაგიძნელდებათ. დაბალხაოიანი საფარის გასაწმენდად უმჯობესია, მტვერსასრუტს ჯაგრისის პირი გაუკეთოთ, რათა მიკრული ნარჩენები და მტვერი ერთდროულად მოაცილოთ, მაღალხაოიანის ჯაგრისით დასუფთავებას კი არ გირჩევთ.

ექსპერტები გვირჩევენ, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ჩავატაროთ იატაკის ღრმა წმენდა, მაგალითად, ორთქლით (ამისთვის არსებობს სპეციალური მოწყობილობა).

ორთქლი ადვილად აშორებს ჭუჭყსა და ცხიმს, არ მოითხოვს ქიმიის გამოყნებას და, ქიმიური საწმენდი საშუალებებისგან განსხვავებით, არ ტოვებს  ნარჩენებს.

მნიშვნელოვანია, წმენდისას ძლიერ არ დაასველოთ ხალიჩა. თუ შეამჩნიეთ, რომ დასველდა, ზედმეტი სითხე მაშინვე ამოაშრეთ ხელსახოცებით ან ბამბის ქსოვილით. სამშენებლო მარკეტში სპეციალურ სითხის შემწოვი გრანულებიც იყიდება, რომლებიც  ტენს შთანთქავს.

იქ, სადაც ხშირად დადიხართ, მაგალითად, დერეფანში, მისაღებში ან საბავშვო ოთახში, იატაკს ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაუტარდეს ინტენსიური წმენდა. მასალისა და დაბინძურების ხარისხის მიხედვით, რეკომენდებულია ქიმწმენდა, სველი წმენდა ან წმენდა ქაფით.

ქაფით წმენდა

ქაფით წმენდისთვის საჭიროა სპეციალური ხალიჩის ქაფი და მტვერსასრუტი. ქაფი პირდაპირ იატაკზე დაასხურეთ და ფრთხილად გახეხეთ ჯაგრისით. ადროვეთ გაშრობა. ეცადეთ, გაშრობამდე ზედ არ იაროთ.  ბოლოს საფუძვლიანად გაწმინდეთ მტვერსასრუტით.

სველი წმენდა

სველი წმენდა უმჯობესია სპეციალისტს მიანდოთ. სპეციალური მანქანით ის კარგად ააქაფებს იატაკის ზედაპირს და ჯაგრისით გაასუფთავებს, მერე კი მტვერსასრუტით შეიწოვს ქაფს. კარგად რომ გაშრება, მტვერსასრუტით კიდევ ერთხელ უნდა მოსუფთავდეს.

ამგვარი წმენდა მიზანშეწონილია მხოლოდ ხელოვნური ბოჭკოსგან დამზადებული და მჭიდროდ ნაქსოვი იატაკისთვის.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: