გადატვირთული ბავშვი

გააზიარე:

ყველა მშობელს სურს, შვილებს რაც შეიძლება მრავალფეროვანი განათლება მისცეს, ხელი შეუწყოს მათი პიროვნების განვითარებას, დაეხმაროს იმის აღმოჩენაში, რისი კეთებაც ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებთ, ამიტომ კლასგარეშე აქტივობებს მრავალი ბავშვის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. რომელ ჩვენგანს არ უნდა, მისმა შვილმა ცურვაც იცოდეს, პიანინოზე დაკვრაც და ფეხბურთსაც თამაშობდეს?

ამასთან, ბევრს მიაჩნია, რომ აუცილებელია, ბავშვის დღის ყოველი წუთი გაწერილი იყოს და მას დრო არ რჩებოდეს უსაქმოდ ყოფნისთვის. ჩვენი სტატია სწორედ ასეთი მშობლებისთვისაა.

თუ ბავშვი მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობებით არის დაკავებული, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოს, რადგან ამას შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.

რა მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი გადაღლილი და გადატვირთულია?

* ძილის დარღვევა. ბავშვს, რომელსაც ერთი წრიდან მეორეზე, ერთი მასწავლებლისგან მეორესთან უწევს სიარული ყოველგვარი შესვენებისა და გონების განტვირთვის გარეშე, უჭირს ღამით ჩაძინება. მისი გონება ტემპის შენელებას ვეღარ ახერხებს. ადრენალინი, რომელსაც დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისას გამოყოფს ორგანიზმი, ხელს უშლის მას დასვენებაში. ასეთ ბავშვებს ზოგჯერ მაღვიძარაზე ადრე ეღვიძებათ და შფოთავენ, ჰგონიათ, რომ რაღაც გამორჩათ, სადმე აგვიანდებათ, ზპგჯერ კი, პირიქით, ისე არიან დაქანცულები, რომ მაღვიძარაც კი ვერ აღვიძებთ. ხშირად აწუხებთ კოშმარები, განსაკუთრებით შფოთავენ უქმეებზე, როდესაც მათ დატვირთულ გრაფიკს დღესასწაულებთან დაკავშირებული არეულობაც ემატება.

* მომატებული ემოციური ფონი. ბავშვებს, რომლებიც დღის განმავლობაში დასვენებას ვერ ახერხებენ, არ აქვთ საშუალება, მარტო დარჩნენ თავიანთ ემოციებთან, გაიაზრონ, გააანალიზონ და სწორად გამოხატონ ისინი. თანდათან, ყოველდღიური სტრესის ფონზე, ეს ემოციები გროვდება და შესაძლოა, მოულოდნელად ამოხეთქოს ტირილის, ყვირილის, პანიკური შეტევის, აგრესიის სახით. შფოთვა იმატებს, როდესაც ბავშვს პირველივე ცდაზე არ გამოსდის რაღაც – ამ დროს მას ცაიტნოტის შეგრძნება აქვს, ჰგონია, რომ შეცდომის გამოსწორებას ვეღარ მოასწრებს.

შფოთვა ბავშვებში სხვადასხვანაირად ვლინდება: ზოგს შესაძლოა სკოლაში, მერხთან ჩამოეძინოს, ზოგი თანაკლასელს ეჩხუბოს, მაგიდა ააყირავოს, ზოგიერთთან კი ის ჯანმრთელობის პრობლემებით, თავის, მუცლის ან სახსრების ტკივილით გამოიხატება.

* ოჯახისა და მეგობრების მონატრება. თუ გაწერილი გრაფიკი ბავშვს საშუალებას არ აძლევს, სასიამოვნოდ გაატაროს დრო ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, ისე, რომ არავინ არსად აჩქარებდეს, – ეს მასში ძლიერ მონატრების გრძნობას აჩენს. ამ დროს ბავშვი შესაძლოა გაუუცხოვდეს ოჯახს და მეგობრებს, საკუთარ თავში ჩაიკეტოს. დილით სკოლაში წაყვანა, საღამოს გამოყვანა, ერთი წრიდან მეორეზე ტარება და ძილის წინ შუბლზე კოცნა ბავშვს არ ჰყოფნის. აუცილებელია, ყოველდღე გამოძებნოთ ერთი-ორი საათი მაინც, როდესაც აუჩქარებლად, მშვიდად დაელაპარაკებით მის ემოციებზე ან ეთამაშებით, წაუკითხავთ, დაკავდებით მისთვის სასურველი აქტივობით.

* რომელიმე აქტივობის სიხარულით გაცდენა. თუ აღმოაჩენთ, რომ ფორტეპიანოს მასწავლებლის ავად გახდომა ბავშვს უხარია, რადგან გაკვეთილი არ ჩაუტარდება, ესე იგი დროა ჰკითხოთ, ნამდვილად სურს თუ არა ფორტეპიანოზე სიარული. იქნებ სურს კიდეც, უბრალოდ გადაიღალა და პაუზა სჭირდება. ხანმოკლე შესვენება ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვი მიხვდეს, ენატრება თუ არა ეს აქტივობა, უნდა თუ არა გაგრძელება.

* სკოლაში ჩამორჩენა. ზოგჯერ კლასგარეშე აქტივობები ბავშვისგან იმხელა ფიზიკურ და გონებრივ ენერგიას მოითხოვს, რომ მას სასკოლო დავალებების შესრულების თავი აღარ აქვს.

როგორ მოვიქცეთ

თუ ამჩნევთ, რომ ბავშვი გადატვირთულია, აუცილებლად გაესაუბრეთ მას, ჰკითხეთ, რომელი აქტივობა ანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას და რომელს არ დათმობდა არაფრის ფასად, რომელი არ მოსწონს, რატომ არ მოსწონს, რომელი ართმევს ყველაზე დიდ ენერგიას, რომელს დაანებებდა თავს დაუფიქრებლად. საუბარი ბავშვისთვის კომფორტული უნდა იყოს, მას არ უნდა ეშინოდეს სიმართლის თქმის, გრძნობების გამოხატვის, გულწრფელად აზრის გაზიარების, სურვილის შემთხვევაში – უფროსისთვის რჩევის კითხვის.

ჩამოწერეთ მისი კლასგარეშე აქტივობების სია და დაალაგეთ მნიშვნელობის მიხედვით: ყველაზე მნიშვნელოვანიდან ყველაზე უმნიშვნელომდე. ერთად განიხილეთ თითოეული მათგანი. თუ რომელიმე აქტივობა, მაგალითად, ცურვა, ბავშვს მნიშვნელოვნად არ მიაჩნია, აუხსენით, რამდენად დადებით გავლენას ახდენს ის მის ჯანმრთელობაზე, რომ ეს აქტივობა აუცილებლად უნდა იყოს პრიორიტეტული, თუ, რა თქმა უნდა, მას სხვა დისკომფორტის გამო არ სურს ცურვისთვის თავის დანებება.

არ არსებობს აქტივობების განსაზღვრული რაოდენობა ასაკის მიხედვით, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას ცალ-ცალკე მას უნდა მოარგოთ ყოველდღიური გრაფიკი, თუმცა არსებობს ზოგადი მითითებები იმის თაობაზე, როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვი არ გადაიტვირთოს:

* სკოლასა და კლასგარეშე აქტივობებს შორის ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს, დაისვენებს და განიტვირთება.

* რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლები ადგილი უნდა ეკავოს მის ყოველდღიურ რეჟიმში დაგეგმილ აქტივობებს. მცირე ასაკში 1-2 საათი ამისთვის სავსებით საკმარისია, მეორე მესამე-კლასიდან კი შეგიძლიათ, ეს დრო ნელ-ნელა გაზარდოთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: