რა საჭიროა კობალტი და რა ევალება ქლორს

გააზიარე:

ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისეთი მძიმე ლითონი, როგორც კობალტია და ისეთი მომწამვლელი გაზი, როგორიც ქლორია, აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. მათ შესახებ კლინიკათა ქსელ “მედკაპიტალის” ოჯახის ექიმი თამარ ბარაბაძე გვესაუბრა.

– ქალბატონო თამარ, რა ფორმით არსებობს ეს ორი ელემენტი ჩვენს ორგანიზმში და რა როლს ასრულებს მის ცხოველქმედებაში?

 

კობალტი

რა არის

– კობალტი მძიმე ლითონია, რომელიც ბუნებაში მარილების სახით გვხვდება, უმთავრესად – ქანებსა და ნიადაგში, საიდანაც საკვებში გადადის. ადამიანის ორგანიზმში ის ჰაერიდან, სასმელი წყლიდან, საკვებიდან შეიწოვება, იშვიათად – კობალტის შემცველი მასალებიდანაც მათთან კონტაქტის დროს.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 1,1 მილიგრამ კობალტს შეიცავს. მისი უდიდესი ნაწილი ძვლის ტვინსა და ღვიძლშია თავმოყრილი, დანარჩენი კი თირკმელებში, ელენთასა და პანკრეასში.

მედიცინაში კობალტს სხივურ თერაპიასა და პროთეზების წარმოებაში იყენებენ.

რა საჭიროა

– კობალტი აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინის – B12–ის არსებობისთვის. ის B12-ის ცენტრალური ატომია და გადამწყვეტ როლს ასრულებს მისი ფუნქციების შესრულებაში. ეს ფუნქციები კი საკმაოდ მრავალფეროვანია: ვიტამინ B12-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში; აუცილებელია უჯრედების დაყოფისა და ზრდისთვის, ცილებისა და ცხიმების ცვლისთვის, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის სრულფასოვანი მუშაობისთვის (ვინაიდან ხელს უწყობს ნერვული ბოჭკოების გარსის ფორმირებასა და რეგენერაციას), ზოგიერთი ფერმენტის, მათ შორის – ანტიოქსიდანტურის, გასააქტიურებლად; B6–სა და B9-სთან ერთად ხელს უწყობს ამინმჟავა ჰომოცისტეინის დაშლას, რომელიც მეტაბოლიზმის შუალედური პროდუქტია და რომლის მაღალმა დონემ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას; მონაწილეობს ბედნიერების ჰორმონების სინთეზში; ფოლიუმის მჟავას აქტივაცია მხოლოდ B12-ის მონაწილეობით არის შესაძლებელი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კობალტი ფარისებრ ჯირკვალში იოდის მეტაბოლიზმშიც მონაწილეობს.

რამდენი გვჭირდება

– კობალტის სადღეღამისო მოთხოვნილება უცნობია, შესაბამისად, არც რეკომენდაციები არსებობს მისაღები ოდენობის შესახებ. ვარაუდობენ, რომ ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში 0,2 მკგ კობალტი სჭირდება – დაახლოებით ამდენი შეიწოვება ორგანიზმში ვიტამინ B12-ის რეკომენდებული ოდენობიდან.

გერმანიის კვების საზოგადოება (DGE) რეკომენდაციას უწევს ვიტამინ B12-ის (კობალამინის) შემდეგ სადღეღამისო ოდენობებს ასაკის მიხედვით:

  • დაბადებიდან 4 თვემდე – 0.5 მკგ
  • 4-დან 12 თვემდე – 1.4 მკგ
  • 1-დან 4 წლამდე – 1.5 მკგ
  • 4-დან 7 წლამდე – 2.0 მკგ
  • 7-დან 10 წლამდე – 2.5 მკგ
  • 10-დან 15 წლამდე – 3.5 მკგ
  • 15 წლიდან – 4.0 მკგ
  • ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის – 4,5 – 5,5 მკგ

სად ვიპოვოთ

– ის, რაც მდიდარია ვიტამინ B12-ით, თავისთავად, კობალტითაც მდიდარია. ასეთია უმთავრესად ცხოველური საკვები: ხორცი, განსაკუთრებთ ღვიძლი, თევზი – სკუმბრია, კალმახი, ორაგული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი და რძის ნაწარმი.

მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიტამინ B12-ს შეიცავს ზოგიერთი მცენარეული საკვებიც, მაგალითად, მჟავე კომბოსტო და ზღვის წყალმცენარეები. კობალტი გვხვდება ისპანახში, პომიდორში, ოსპში, სალათის ფურცლებსა და კარტოფილშიც.

რკინის ერთჯერადად დიდი რაოდენობით მიღება კობალტის ათვისებას აფერხებს.

დეფიციტი: რა იწვევს, როგორ ვლინდება

– კობალტის დეფიციტი ვიტამინ B12–ის დეფიციტთან ერთად ვლინდება. იზოლირებული, B12–ის დეფიციტისგან დამოუკიდებელი ნაკლებობა, ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. ამიტომ კობალტის დეფიციტის მიზეზები და სიმპტომები B12–ის დეფიციტის მიზეზებისა და სიმპტომების იდენტურია.

კობალტის დეფიციტი შესაძლოა გამოწვეული იყოს მკაცრი ვეგეტარიანული დიეტით, კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებით (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით, კრონის დაავადებით, წყლულოვანი კოლიტით, ცელიაკიით), ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, მალაბსორბციით, ზოგიერთი ისეთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღებით, რომლებიც ხელს უშლის ვიტამინ B12-ის შეწოვას (ასეთია, მაგალითად ომეპრაზოლი, ანტიბიოტიკები და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები).

კობალტის დეფიციტის რისკი ემუქრებათ:

  • ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს;
  • ორსულებსა და მეძუძურ დედებს;
  • ასაკოვნებს;
  • ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს.

კობალტის დეფიციტის სიმპტომები ვიტამინ B-12–ის დეფიციტის სიმპტომების იდენტურია. პირველი ნიშნები პროცესის დაწყებიდან მხოლოდ 2-5 წლის შემდეგ იჩენს თავს.

დეფიციტი ყველაზე ხშირად ვლინდება დიარეით, ყაბზობით, ინფექციისადმი მგრძნობელობის მომატებით, წონის კლებით, თავის ტკივილით, გაღიზიანებით, ნევროზით, დეპრესიით, კოორდინაციის დარღვევით, მეხსიერების დაქვეითებით, დაბნეულობით, აპათიით, ძილის დარღვევით, დაქანცულობით, სისუსტით.

კობალტის დეფიციტი = ვიტამინ B12-ის დეფიციტს, თუმცა ვიტამინ B12–ის მოთხოვნილება კობალტის მოხმარების გაზრდით ვერ დაიფარება.

სიჭარბე

– ვიტამინ B12-ის თუნდაც ჭარბი მიღებით კობალტით მოწამვლა შეუძლებელია. მისი სიჭარბე შესაძლოა გამოიწვიოს კობალტის შემცველი საკვებდანამატების ჭარბმა და ხანგრძლივმა მიღებამ ან კობალტის შემცველი მტვრის ჩასუნთქვამ, მაგალითად, სამუშაო გარემოში მათთვის, ვინც სამთო მრეწველობაშია დასაქმებული.

გარდა ამისა:

კობალტს იყენებენ ლურჯი საღებავის წარმოებაშიც. მჟავა გარემოში კობალტი გამოთავისუფლდება და, მაგალითად, ლურჯად შეღებილ სამკაულთან ოფლიანი კანით კონტაქტის ან ლურჯად შეღებილი ჭურჭლიდან ღვინის სმის დროს შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს.

სამწუხაროდ, სამომხმარებლო საქონელში კობალტის ზღვრული მაჩვენებელი ჯერჯერობით დაუდგენელია.

კობალტის შემცველ მასალებთან კონტაქტმა შესაძლოა კანის სიწითლე, გამონაყარი, აკნე, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს.

კობალტის დიდი რაოდენობით ერთჯერად მიღებას შესაძლოა მოჰყვეს ღებინება და დიარეა.

დიდი რაოდენობით კობალტის ხანგრძლივი მიღების შედეგად შესაძლოა შეფერხდეს რკინის შეწოვა, მოიმატოს ფარისებრ ჯირკვალში იოდის შემცველობამ, ჭარბად წარმოიქმნას ჰემოგლობინი. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობა, კუჭის დაავადებები, მხედველობისა და სმენის დარღვევები.

ნიკელისა და კობალტის შემცველი მტვრის წლების განმავლობაში სუნთქვა ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.

 ***

ქლორი

რა არის

– ქლორი ადამიანის სხეულში ქლორიდის, ქლორის ანიონის სახით არსებობს. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტროლიტის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 56%, ეგრეთ წოდებულ უჯრედგარე სითხეებში – სისხლის პლაზმაში ან ლიმფაში იყრის თავს, დაახლოებით მესამედი – ძვლებში, მცირე ნაწილი (12%) კი უჯრედებში.

ქლორიდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ნატრიუმის ქლორიდი –სუფრის მარილი.

რა ევალება

– ქლორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ნატრიუმსა და კალიუმთან ერთად ორგანიზმში ოსმოსური წნევისა და წყლის ბალანსის შენარჩუნებაა. ქლორი ქსოვილებში აკავებს წყალს, ორგანიზმში წყლის რაოდენობას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს უჯრედების ნორმალური ფუნქციობისთვის.

ამასთან ერთად ქლორი:

* არეგულირებს მჟავატუტოვან ბალანსს;

* მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში, რაც აუცილებელია კუნთების შეკუმშვისთვის, შესაბამისად, მოძრაობისა და გულისცემისთვის;

* აუცილებელია კუჭში მარილმჟავას (HCL) ფორმირებისთვის, ეს უკანასკნელი კი დიდ როლს ასრულებს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაში, არამედ კუჭში მოხვედრილი მიკრობების უვნებელყოფაშიც. შესაბამისად, ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციისგან იცავს.

შეწოვა და გამოყოფა

– ქლორს უმთავრესად საკვებიდან, კერძოდ, სუფრის მარილიდან იღებს ორგანიზმი. მზა საკვებში ქლორის შემცველობა საკმაოდ მაღალია.

ქლორი თირკმელებით გამოიყოფა. გამოყოფის პროცესი რეგულირდება ალდოსტერონის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის მიერ, რომელიც ქლორის დეფიციტის შემთხვევაში პირველადი შარდიდან მის უკუშეწოვას განაპირობებს.

ოდენობა

– ქლორის სადღეღამისო ნორმა არ არის განსაზღვრული. 25 წლიდან სავარაუდო მინიმუმია 830 მილიგრამი, მაქსიმუმი კი 2300 მილიგრამი ანუ 2.3 გრამი. იგივე ოდენობაა საჭირო ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ქლორის რეკომენდებული მინიმალური ოდენობა დაახლოებით ასეთია:

  • 1 წლამდე – 200-270 მგ
  • 1-დან 10 წლამდე – 450-690 მგ
  • 10-დან 15 წლამდე – 770-830 მგ

თუმცა მარილიანი საკვების წყალობით ჩვენს ორგანიზმში, წესისამებრ, გაცილებით მეტი ქლორი ხვდება.

1 გრამ სუფრის მარილში დაახლოებით 0,6 გრამი ქლორიდი და 0,4 გრამი ნატრიუმია. ჯანმრთელმა ადამიანმა მარილი უნდა მიიღოს არა უმეტეს 5 გრამისა დღეში, რაც დაახლოებით 3,0 გრამ ქლორს შეესაბამება.

როგორ განისაზღვრება

– ორგანიზმში ქლორის კონცეტრაცია, წესისამებრ, მჟავატუტოვანი და წყალელექტროლიტური ბალანსის დასადგენად იზომება. გაზომვა სასურველია თირკმლის ფუნქციის დარღვევისა და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიის დროსაც. ქლორის კონცენტრაციის დასადგენად მოწმდება სისხლი და შარდი.

სისხლში ქლორის დონის საზომი ერთეულია მილიმოლი ლიტრზე (მმოლ/ლ). ნორმად მიიჩნევა:

  • ერთიდან 12 წლამდე – 95-112 მმოლ/ლ
  • 13 წლიდან – 96-110 მმოლ/ლ
  • 18 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის პირებისთვის 24–საათიან შარდში ქლორის ნორმალური მაჩვენებელი 100-დან 250–მდე მმოლ/ლ-ია.

ქლორი საკვებში

– ქლორს მცირე რაოდენობით შეიცავს უმი ბოსტნეული, ხილი, თხილეული, მცენარეული ზეთები, ძირითადად კი მას სწორედ ინდუსტრიულად წარმოებული საკვებიდან იღებს ორგანიზმი. მისი მნიშვნელოვანი წყარო, როგორც გითხარით, მარილია. შესაბამისად, ქლორი ყოველგვარ მზა საკვებში გვხვდება. განსაკუთრებით უხვად შეიცავს მას ძეხვეული, ყველი, სოუსები, ჩიფსები და კრეკერები, კონსერვები, გაყინული საკვები, პური.

როდის გვემუქრება დეფიციტი და როგორ ავიცილოთ თავიდან

– როცა სისხლში ქლორის დონე ძალიან დაბალია, ვითარდება ჰიპოქლორემია – ქლორის დეფიციტი. ჰიპოქლორემია ძალიან იშვიათია, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს ქლორის გაძლიერებულმა კარგვამ სითხის ჭარბი მიღების დროს. მიზეზებად მიიჩნევა ჭარბი ოფლიანობა, ღებინება, ხანგრძლივი დიარეა, კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთება, ექსტრემალური ფიზიკური დატვირთვაც.

ჰიპოქლორემიის განვითარების ალბათობას ზრდის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები მსხვილ ნაწლავში (მსხვილი ნაწლავის ადენომა), თირკმლის დისფუნქცია, ბარტერის სინდრომი, ცისტური ფიბროზი, ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, შარდმდენები.

სიმპტომები

– ქლორის უმნიშვნელო დეფიციტი სიმპტომურად შესაძლოა არ გამოვლინდეს, მაგრამ თუ უკმარისობა დიდხანს გაგრძელდა, მოსალოდნელია: თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა, დეზორიენტაცია, სისუსტის შეგრძნება, გულისრევა, დაღლილობა. ამასთან, ქლორის ნაკლებობას შესაძლოა თან ახლდეს სისხლის პH დონის მატებაც. თუ ეს მაჩვენებელი 7-7.5-ზე მეტია, სისხლი ტუტოვანი ხდება, ვითარდება მეტაბოლური ალკალოზი. ეს, თავის მხრივ იწვევს არითმიას, ნერვკუნთოვან ჰიპერაქტიურობას ანუ კუნთებისა და ნერვების გადაჭარბებულ აქტივობას, რაც კუნთების ტკივილით, შეგრძნებების დარღვევით გამოიხატება.

მსუბუქი ჰიპოქლორემიის დროს ხშირად საკმარისია სითხის შეზღუდვა, გამომწვევი მიზეზის მკურნალობა, არასასურველი ეფექტის მქონე მედიკამენტების შეწყვეტა. მარილიანი საკვებითა და ელექტროლიტებით გაჯერებული სასმელი დეფიციტს სწრაფად ანაზღაურებს.

ქლორის მძიმე დეფიციტის დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ელექტროლიტური ხსნარების ინტრავენური შეყვანა.

სიჭარბე

– ქლორის სიჭარბე ანუ ჰიპერქლორემია შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევის შედეგად. როდესაც სისხლის PH ნაკლებია 7-ზე, სახეზეა აციდოზი – სისხლის ჭარბი მჟავიანობა. ჰიპერმჟავიანობის კომპენსაციის მიზნით მცირდება თირკმელებით ქლორის გამოყოფა, რაც მისი დონის მატებას იწვევს.

ჰიპერქლორემის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:

* თირკმელების დაავადება;

* დიარეა;

* თირკმლის მილაკოვანი აციდოზი (თირკმელებით მჟავას გამოყოფის დარღვევა);

* ნატრიუმის ქლორიდის გადასხმები;

* კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორების (გლაუკომის ან ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები) მიღება;

* დიაბეტური კეტოაციდოზი – შაქრიანი დიაბეტის მწვავე გართულება.

ვინაიდან ქლორის დონე მჭიდროდ არის დაკავშირებული ნატრიუმის დონესთან და ერთი და იმავე სისტემით რეგულირდება, ქლორიდის დონის ცვლილებამ შესაძლოა ნატრიუმის დონის ცვლილება გამოიწვიოს და პირიქით.

ჰიპერქლორემის დროს, უპირველეს ყოვლისა, გამომწვევი მიზეზი უნდა გაირკვეს, რათა შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს.

თქვენივე კეთილდღეობისთვის კი აკონტროლეთ მარილის ოდენობა, ერიდეთ ჭარბად მარილიან საკვებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: