გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

შეხვედრა 25 წლის შემდეგ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტის 1993 წლის კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტის დამთავრების 25–ე წლისთავი აღნიშნეს.

შეკრების ინიციატორი და სულისჩამდგმელი კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე გახლდათ:

- ოცდახუთი წლის შემდეგ თანაკურსელების ნახვამ ძალიან გამახარა. ზოგი მათგანი „ავერსში“ მუშაობს, ზოგთან კომპანიის გარეთაც მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ზოგი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღარ მინახავს. დღევანდელმა შეხვედრამ საოცრად დადებითი მუხტი მოიტანა, რომელიც დიდხანს გამყვება.

- ადვილი არ იყო სამასამდე ადამიანის შეკრება, მაგრამ პაატამ არქივში მოიძია თითოეული მათგანის საცხოვრებელი ადგილი, იმათიც კი, ვისაც პირადად არ იცნობდა. სწორედ ასეთი სიყვარულისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად. მეამაყება, რომ ასეთი მეგობარი მყავს, - აღნიშნა სუფრის განუმეორებელმა თამადამ, საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.

ბანკეტი რესტორან „ბაბილოში“ გაიმართა. სიყვარულით სავსე დარბაზში ყოფილი თანაკურსელები ემოციებს ვერ მალავდნენ.

ქეთი გოგოლაშვილი:

- ეს შეკრება ყველასთვის სიურპრიზი იყო. პაატას შესანიშნავ იდეას დიდი სიხარულით გამოვეხმაურეთ. თავი ისევ სტუდენტებად ვირძენით, ახალგაზრდობის მოგონებები, ერთმანეთის სიყვარული გაგვიახლდა.

დავით ბერუაშვილი:

- 25 წელი მთელი თაობაა... ერთმანეთს მონატრებულები, მთელი საათი დარბაზის ფოიეში ვსაუბრობდით. ჩვენ შორის ბევრი კარგი ექიმი თუ სხვა საქმეში წარმატებული ადამიანია, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩვენი კურსი პატიოსნად ემსახურება სამშობლოს.

დავით ციკოლია:

– როცა პაატამ ერთ-ერთი შეხვედრის დროს თავისი იდეა გამიზიარა, ძალიან გამიხარდა. ჩვენი კურსის ყველა ჯგუფი პერიოდულად იკრიბება, ჩემი ჯგუფელები კი დღემდე არ შეკრებილან. ვცადე მათი თავმოყრა, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ვიპოვე. ამ დროს პაატამ მოახერხა საოცარი რამ – მთელი კურსი შეგვკრიბა, ერთმანეთს შეგვახვედრა. უცხოეთში მყოფებსაც მივაწვდინეთ ხმა და ზოგიერთი მათგანი სპეციალურად ჩამოვიდა  ამ შეკრებაზე.

სოსო დანიელაშვილი (ჯოზეფ დანიელი), ბავშვთა კარდიოლოგი, თანაკურსელებთან შესახვედრად საგანგებოდ ჩამოვიდა ისრაელიდან:

- ამ ადამიანების გვერდით ცხოვრების საუკეთესო წლები მაქვს გატარებული. მინდა, ისრაელში მყოფი ჩვენი კურსელების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო შეხვედრის ორგანიზატორებს. ვამაყობ, რომ საქართველოში მიღებული ცოდნით დღეს ისრაელის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ვმუშაობ ჩემი საყვარელი პროფესიით. მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ და ვიმედოვნებ, უნივერსიტეტის დამთავრების 50–ე წლისთავსაც ერთად აღვნიშნავთ.

ანა ვაჩეიშვილი:

- ერთადერთი ადამიანი, ვინც ამის ორგანიზებას შეძლებდა, პაატაა. ყოველთვის ასეთი იყო, ეხერხებოდა ზეიმების მოწყობა, მეგობრების გაბედნიერება. ისედაც ძალიან გვანებივრებს მთელ ჯგუფს და ყოველ წელს გვეპატიჟება სამოგზაუროდ. უკვე ცხრაჯერ ვიყავით სხვადასხვა ქვეყანაში, ახლაც იაპონიაში მივდივართ.

შეხვედრაზე ყოფილი ლექტორებიც მოიწვიეს.

ირაკლი ქართველიშვილი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის ლექტორი:

- ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ერთნაირად მიზანსწრაფულები და მეგობრულები. პაატა თავიდანვე ჯგუფის სული და გული გახლდათ. რასაც ის აკეთებს მეგობრებისთვის, თითოეული ადამიანისთვის მაგალითად უნდა იქცეს.

ნუგზარ უბერი, თსსუ-ს პროფესორი:

– ძალიან სასიამოვნო მისია დამეკისრა – მივულოცო დამთავრების 25–ე წლისთავი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს. მრავალი მათგანი ცნობილი, წარმატებული ადამიანია, ქართულ და არამარტო ქართულ სამედიცინო საზოგადოებას ამშვენებს. კარგად მახსოვს პაატას სტუდენტობის პერიოდი, მისი მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, ხშირად მიფიქრია, რომ აუცილებლად მიაღწევდა მიზანს, რომელიც სტუდენტობის დროიდანვე დაისახა. მიხარია, რომ არც მეგობრებს ივიწყებს და მათზე ასე ზრუნავს.

გიორგი ლაჭყეპიანი, ნევროლოგი:

- მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ამ შესანიშნავი ხალხის ლექტორი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო კურსი, რომელმაც თავი დამამახსოვრა. მაშინდელი ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდებიდან ბევრი დღეს ბრწყინვალე პროფესიონალი და სხვადასხვა დარგის წარმატებული სპეციალისტია. პაატამ კი სტუდენტობის პერიოდშივე დაიწყო ფიქრი ბიზნესზე. მაშინ მედიცინა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე დღეში იყო. თამამად ვიტყვი, რომ ასეთმა პიროვნებებმა გადაარჩინეს ის და მოიყვანეს აქამდე. მათი დამსახურებაა, რომ დღეს მედიცინა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დარგია.

კომპანია „ავერსი“ საუკეთესო სურვილებით უერთდება ამ დღეს და შეხვედრის თითოეულ მონაწილეს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და უფრო დიდ წარმატებას უსურვებს.

ზემოთ