გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

მახინჯაურში „მედალფას“ კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა

მახინჯაურში „მედალფას“ კლინიკა გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობაზე ამიერიდან უკვე თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება იზრუნებს.

დაბაში პირველი პოლიკლინიკა 1973 წელს გაიხსნა, თუმცა წლების განმავლობაში შენობა სრულიად გაპარტახდა, სამედიცინო აპარატურა მოძველდა და მწყობრიდან გამოვიდა. 2016 წელს პოლიკლინიკა „ავერსმა“ შეიძინა და ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფამ“ ვალდებულება აიღო, ის მაღალი სტანდარტების, თანამედროვე ამბულატორიულ კლინიკად ექცია.

ახალი სამედიცინო დაწესებულება საზოგადოებას 22 ნოემბერს წარუდგინეს და კლინიკამ პირველი პაციენტებიც მიიღო.

განახლებულ კლინიკაში 30 სპეციალისტია დასაქმებული: ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, ალერგოლოგი, პროქტოლოგი, ტრავმატოლოგი, რევმატოლოგი, ქირურგი... სერვისების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტის ლაბორატორია. კლინიკა აღჭურვილია უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატურით, მათ შორის – ულტრასონოგრაფებითა და რენტგენოგრაფით. უახლეს სტანდარტს შეესატყვისება ოფთალმოლოგიური კაბინეტის მხედველობისა და თვალის პათოლოგიების სადიაგნოსტიკო აღჭურვილობაც.

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა. დღეს ის მთელ საქართველოში შვიდ სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და კასპის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებს, თბილისისა და მახინჯაურის ამბულატორიულ კლინიკებს და ბათუმის ბონის კლინიკას, რომელიც სულ მალე მიიღებს პირველ პაციენტებს.

„ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ კლინიკის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში 520 ათასი ლარის ინვესტიცია იქნა დაბანდებული.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ. ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

– დავათვალიერეთ „მედალფას“ კლინიკა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ავერსისთვის“ ხარისხი მთავარი კრიტერიუმია. მოსახლეობას ჩვენს რეგიონში მაღალტექნოლოგიური და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება. მახინჯაურის „მედალფას“ კლინიკა რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული, რაც მოსახლეობისთვის სახელმწიფო პროექტების მაღალ დონეზე შეთავაზების გარანტად შეიძლება ჩავთვალოთ. მით უფრო, რომ პაციენტებისთვის სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიწოდება სახელმწიფოსთვისაც პრიორიტეტული მიმართულებაა.

კლინიკის უპირატესობებზე ვესაუბრეთ „მედალფას“ გენერალურ დირექტორს გიორგი ამბროლიანს:

– ყველამ იცის, რომ თანამედროვე აღჭურვილობა ჩვენი ქსელისთვის პრიორიტეტია. „მედალფას“ მახინჯაურის კლინიკის რადიოლოგიური განყოფილება და ლაბორატორიაც უახლესი უცხოური აპარატურით გახლავთ აღჭურვილი, ოფთალმოლოგიურ კაბინეტში კი შეგიძლიათ, თვალის გამოკვლევათა სრული სპექტრი ჩაიტაროთ. ვგეგმავთ, განყოფილებას დავამატოთ დღის სტაციონარის ფუნქციებიც, რომ თვალის ოპერაციები ადგილზევე ჩატარდეს.

კლინიკა უკვე ჩაერთო სახელმწიფო პროგრამებში - მოვაწყვეთ შესანიშნავი კაბინეტი ბავშვთა კალენდარული აცრებისთვის, ვაპირებთ დიაბეტისა და პერინატალურ პროექტებში ჩართვას. იგეგმება აუტისტური სპექტრის ბავშვთა ადრეულ ასაკში რეაბილიტაციის ცენტრის გახსნაც.

მოგეხსენებათ, კადრების პროფესიონალიზმი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უმთავრესი პირობაა. მახინჯაურის კლინიკაში დასაქმებულია ყოფილი კლინიკის მთელი პერსონალი, რომელსაც რამდენიმე ახალი თანამშრომელი დაემატა. კლინიკაში მოეწყო ორი სასტუმრო ოთახიც, რათა ჩამოსულ და მოწვეულ სპეციალისტებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. მუდმივი გადამზადება და პროფესიონალიზმის ამაღლება მედიცინისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხია, რადგან ეს დარგი სწრაფად ვითარდება. თანამედროვე მიდგომები, გაიდლაინები და მკურნალობის უახლესი მეთოდები ჩვენს კლინიკებში განუწყვეტლივ ინერგება. კადრების კვალიფიკაციაც მუდმივად მაღლდება.

მახინჯაურის „მედალფას“ კლინიკა რაიონის ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ადგილობრივ მოახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესატყვის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

ზემოთ