სოკოვანი დაავადებები

გააზიარე:

სოკოვან ინფექციას წლის ნებისმიერ დროს შეხვდებით. სოკოს განსაკუთრებით უყვარს სითბო და ნესტი.
ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებების შესახებ საუბარი შპს კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის დირექტორს სამეცნიერო და სასწავლო დარგში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დ. ტვილდიანის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, დერმატოვენეროლოგ თინა ქიტუაშვილს ვთხოვე.

 
ტერფის მიკოზი
– ყველა სოკო, რომელიც კანის დაავადებას იწვევს, ზაფხულობით, სითბოსა და ნესტში, განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს. ამ პერიოდში ადამიანი ოფლიანობს, საქართველოში კი არ არსებობს სეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კულტურა, მამაკაცების უმეტესობა მთელ ზაფხულს დახურული ან სპორტული ფეხსაცმლით ატარებს. სწორედ ეს გახლავთ ტერფის მიკოზის ფართო გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

 
როგორ გადაედება
– ტერფის მიკოზით დაავადება შესაძლებელია დაავადებულის ფეხსაცმლის ხმარებისას, იმ ადგილებში ფეხშიშველა სიარულისას, სადაც შეიძლება ბინადრობდეს სოკო: აუზზე, აბანოში, ზღვის სანაპიროზე, ასევე – საერთო აბაზანაში ბანაობისას, თუ სახლში ვინმე სოკოთია დაავადებული.
ტერფის მიკოზს სხვადასხვა სოკო იწვევს (უმთავრესად – ტრიქოფიტონებისა და ეპიდერმოფიტონების სხვადასხვა სახეობა), მაგრამ პარაზიტის კანზე მოხვედრისას დაავადება ყოველთვის არ ვითარდება, ამისთვის ხელშემწყობი პირობებია საჭირო. მაგალითად, სოკო ადვილად იკიდებს ფეხს ფეხსაცმელში ჩახურებულ, ოფლისგან მაცერირებულ, მექანიკური ტრავმისგან ან მჭიდრო ფეხსაცმლის ტარებისგან დაზიანებულ კანზე.
გარკვეული ხნის შემდეგ ტერფის მიკოზი ხშირად ფრჩხილების დაავადებით – ონიქომიკოზით მძიმდება.
სოკოს უყვარს დახშული სივრცე და ნაოჭები, ამიტომ ხშირად ვრცელდება საზარდულის ნაოჭებში, ქალებთან – მკერდქვეშა ნაოჭებში, ჭარბი წონის შემთხვევაში – მუცლის ქვედა ნაოჭში, იღლიებში.


– რის საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ ტერფის მიკოზი?
– დაავადების სიმპტომების ცოდნა მართლაც მნიშვნელოვანია. თითებს შორის კანის დახეთქვა და შეწითლება ადამიანს შესაძლოა ჩაოფვლის შედეგი ეგონოს, სინამდვილეში კი სოკოვანი დაავადების გამწვავების ნიშანი იყოს. ამ დროს სიწითლესა და კანის დახეთქვას თან ახლავს სისველე და შემაწუხებელი ქავილიც. ზოგჯერ იგივე სიმპტომები ფეხისგულებზეც იჩენს თავს.
ზამთარში, როცა სოკო “იძინებს”, დაავადებაზე შესაძლოა მხოლოდ თითებს შორის კანის აქერცვლა მიუთითებდეს.
საინტერესოა, რომ სხვადასხვა სოკო სხვადასხვა ადგილს ირჩევს, მაგალითად, წითელ ტრიქოფიტონს მესამე-მეოთხე თითებს შუა არე მოსწონს.
გამწვავებისას სოკოვან დაავადებას შესაძლოა დაერთოს მეორეული ინფექცია. ზოგჯერ ტერფი სივდება, ანთებითი პროცესი ვრცელდება წვივზე, არის შემთხვევები – საზარდულზეც კი. ექსუდაციით (გამონადენით) მიმდინარე მწვავე სოკოვანი დაავადება ორგანიზმის ალერგიზაციას განაპირობებს, რაც მიკიდების – კერიდან მოშორებული ალერგიული გამონაყარის, მაგალითად, ხელებზე დისჰიდროზული ეგზემის – მიზეზად იქცევა, ამიტომ ეგზემის გამო მოსულ პაციენტებს აუცილებლად ვუმოწმებთ ტერფებს, რათა გავიგოთ, ტერფის მიკოზის გამწვავებასთან ხომ არ გვაქვს საქმე.
სხვათა შორის, არსებობს ტერფის მიკოზის დისჰიდროზული ფორმაც. მას ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს, ამიტომ გვიხდება ალერგიული პროცესისგან მისი დიფერენცირება. გვხვდება ჰიპერკერატოზული ფორმაც ქუსლების დახეთქვითა და გაუხეშებით, ფეხისგულების გასქელებით.


– როგორ დავიცვათ თავი ტერფის მიკოზისგან?
– მართალია, სოკოვანი ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება, მაგრამ მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში, მაგალითად, ცოლქმრული თანაცხოვრებისას, დაავადების გადადების ალბათობა დიდია.
საზოგადოდ, ტერფის მიკოზის ოჯახური შემთხვევები ჩვეულებრივი რამაა, ამიტომ თუ ოჯახის ერთ წევრს ეს დაავადება აღმოაჩნდა, სხვებიც უნდა შემოწმდნენ. ტერფის მიკოზი და ონიქომიკოზი უმეტესად აქვთ ბებიებსა და ბაბუებს; მათგან ინფექცია გადაედება შვილს, მერე კი შვილიშვილს. ამ შემთხვევაში ინფექციის წყარო მუდმივია, შესაძლოა, ადამიანმა იმკურნალოს და განიკურნოს, მაგრამ ხელახლა დასნებოვნდეს, თუნდაც მკურნალობის დამთავრების დღესვე, რადგან პარაზიტული დაავადებების მიმართ ორგანიზმი იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ოჯახში მისი აღმოჩენა და ყველა დაავადებული წევრის ერთდროული მკურნალობა.
მსგავს შემთხვევებს ვაწყდებით სპორტსმენებთანაც, როდესაც გუნდის კუთვნილი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით რამდენიმე წევრი სარგებლობს.
დაავადებისგან თავი რომ დავიცვათ, არ უნდა ჩავიცვათ სხვისი ფეხსაცმელი. უკიდურეს შემთხვევაში, წინასწარ დავამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით.
აუცილებელია ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვაც: ნესტიან ადგილებში – საცურაო აუზზე, აბანოში, საუნაში, პლაჟზე – ნუ ივლით ფეხშიშველი; ნუ ჩაიცვამთ სხვის აბანოს ქოშებს; წყლის გადავლების დროსაც ქოშები გეცვათ. რაც მთავარია, კარგად გაიმშრალეთ ფეხის თითები, თითებს შორის არეები, საზარდული, იღლია და სხეულის სხვა ნაოჭები.
თუ ინფექციის რისკჯუფში ბრძანდებით, ზაფხულობით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, პროფილაქტიკისთვის შეიძლება წაისვათ რომელიმე ანტიმიკოზური კრემი, ოღონდ გაითვალისწინეთ: იმავე მიზნით სისტემური პრეპარატების მიღება არ შეიძლება.


– როგორ იკურნება ტერფისა და ფრჩხილის მიკოზი?
– არსებობს უამრავი ადგილობრივი საშუალება, რომლებიც, განსაკუთრებით – დაავადების დასაწყისში, სრული განკურნების გარანტიას გვაძლევს. ადგილობრივი პრეპარატები გამოიყენება მაშინ, როდესაც პროცესი არ არის გავრცობილი, დაავადება არ არის გადასული საზარდულზე, ონიქომიკოზის შემთხვევაში მხოლოდ ფრჩხილის დისტალური (კიდურა) ნაწილია დაზიანებული და არა მთელი ფრჩხილი და ა.შ.
თუ პროცესი გენერალიზებულია, აუცილებელია სისტემური მკურნალობა. არსებობს სისტემური ანტიმიკოზური პრეპარატების ფართო არჩევანი. მათ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი აქვთ, თუმცა ყველა მათგანი მოქმედებს სოკოს მემბრანის აუცილებელ კომპონენტზე – ერგოსტეროლზე, ხელს უშლის მის სინთეზს. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.
იმისდა მიხედვით, თრგუნავენ სოკოს გამრავლებას თუ ანადგურებენ მას, განვასხვავებთ ფუნგისტატიკურ და ფუნგიციდურ პრეპარატებს. მეტ-ნაკლებად ყველა მათგანი ჰეპატოტოქსიკურია – მომწამვლელად მოქმედებს ღვიძლზე, ამიტომ რისკისა და სარგებლობის გათვალისწინებით ინიშნება.
ტერფის მიკოზისა და ონიქომიკოზის სამკურნალოდ უმთავრესად რამდენიმე წამალს იყენებენ. ფართო სპექტრის მედიკამენტია კეტოკონაზოლი, თუმცა შედარებით ძველია, ტოქსიკური და სადღეისოდ თითქმის ამოღებულია ხმარებიდან. იტრაკონაზოლი შედარებით ახალია; ისიც ტოქსიკურია, მაგრამ მოქმედების განსაკუთრებით ფართო სპექტრით გამოირჩევა. ტერბინაფინი კარგად მოქმედებს დერმატოფიტებზე, რომლებიც კანს, ფრჩხილსა და თმას აზიანებენ, თუმცა სუსტია კანდიდა სოკოს მიმართ. კანდიდას წინააღმდეგ საუკეთესოა ფლუკონაზოლი, თუმცა იგი ვერ ერევა დერმატოფიტებს.


– ფეხსაცმლის დამუშავება ახსენეთ. როგორ უნდა დამუშავდეს ის, რომ აღარ იყოს დაავადების წყარო?
– ფეხსაცმლის დამუშავება შეიძლება ქლორის შემცველი ხსნარით. მას იმავე ოდენობის წყალში გააზავებთ, დაასველებთ ამ ნაზავში ქსოვილის ნაჭერს და გაწმენდთ ფეხსაცმელს; შემდეგ სხვა ნაჭეერს დაასველებთ, ხელით მოწურავთ, ჩადებთ ფეხსაცმელში, ფეხსაცმელს – პოლიეთილენის პარკში, მოუკრავთ თავს და 24 საათით ასე დატოვებთ. ბოლოს გაანიავებთ და გააშრობთ.
ასევე აუცილებელია სადეზინფექციო ხსნარით სააბაზანოს გაწმენდა დაავადებული ადამიანის მიერ მისი ყოველი გამოყენების შემდეგ, თუნდაც მკურნალობის პერიოდში. 

სხვადასხვაფერი პიტირიაზი
– სხვადასხვაფერი პიტირიაზი განსაკუთრებით ახალგაზრდებშია გავრცელებული. იგი გაზაფხულზე იწყებს გააქტიურებას (აყვავებას) და გამოიხატება კანზე სხვადასხვაფერი – ვარდისფერი, მოყავისფრო, თეთრი – მომრგვალო ლაქების გაჩენით. ეს ლაქები უმთავრესად სხეულის ზედა ნაწილზეა ლოკალიზებული, იმ ადგილებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ოფლიანდება, მაგალითად, იღლიებთან. სხვადასხვაფერი პიტირიაზი თითქმის არ აწუხებს ადამიანს. თავდაპირველად კერა ერთეულია, შემოფარგლული, მერე და მერე კი, პროცესის გავრცელებისა და გახანგრძლივებისდა კვალად, შესაძლოა სხეულის მთელ ზედა ნაწილს მოედოს და დიდი გეოგრაფიული ლაქები შექმნას.
სხვადასხვაფერი პიტირიაზი იოლად რჩება, რადგან აზიანებს კანის მხოლოდ ზედა, რქოვანა შრეს. განკურნებისთვის ზოგჯერ საკმარისია რქოვანას ჩამოფცქვნა (ექსფოლიაცია), ასე რომ, სამკურნალოდ წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ექსფოლიანტს. პიტირიაზის გავრცობილი ფორმების დროს ინიშნება სისტემური პრეპარატები და ანტიმიკოზური დასაბანი გელიც, რადგან ადგილობრივი პრეპარატის წასმისას პაციენტს შესაძლოა გამორჩეს ზოგიერთი ადგილი ან ჯერ არ იყოს ხილული დაავადებული ზონა.
საზოგადოდ, მიდგომა ასეთია: თუ შესაძლებელია, არ დაინიშნოს ზოგადი თერაპია, ინიშნება მხოლოდ ლოკალური, ადგილობრივი საშუალებები. უმეტესად – მონოთერაპიის სახით, თუმცა კომბინირებული მკურნალობაც მისაღებია. მკურნალობის შერჩევისას ითვალისწინებენ პროცესის ლოკალიზაციას, გავრცელებას, ხანგრძლივობას, პაციენტის პროფესიას, ცხოვრების სტილს... მაგალითად, სპორტსმენს, თუნდაც დაავადება სუსტად ჰქონდეს გამოხატული, ზოგად მკურნალობას ვუნიშნავთ, თუ შედეგის მიღება მოკლე ხანში გვინდა. 


– როგორ გადაედება ეს დაავადება?
– სხვადასხვაფერი პიტირიაზი უმთავრესად ოფლიანობისკენ მიდრეკილი ადამიანების დაავადებაა. საინტერესოა, რომ ოჯახის წევრებიდან ის უფრო სისხლით ნათესავებს ემართებათ. მაგალითად, იშვიათად ავადდება მეუღლე, ხოლო შვილი – ხშირად. გადაედება დაავადებულის ტანსაცმლით, წყლით.
მოსახლეობაში გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ სოკოვანი დაავადება განუკურნებელია. საქმე ის არის, რომ თუ ადამიანმა მკურნალობასთან ერთად პირადი ნივთების დეზინფექციაც არ ჩაატარა, შესაძლოა, თავისივე ტანსაცმელმა ხელახლა დააავადოს. ტანსაცმელთან ერთად დეზინფექცია სჭირდება საწოლის თეთრეულს, პირსახოცს, ღრუბელს. ტანსაცმლის დეზინფექცია შეიძლება მისი გამოხარშვით, ასევე – გაყინვით, რაც სოკოს მყისიერად კლავს. 
სინთეზური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელსაც ვერ გამოვხარშავთ, უნდა გავრეცხოთ, გავაშროთ, შემდეგ დავაფინოთ ზედ სველი ბამბის ქსოვილის ნაჭერი და გავაუთოოთ. წყლის აორთქლების ტემპერატურა დუღილის ტემპერატურის ტოლია. ასევე ტარდება დეზინფექცია კანის სხვა პარაზიტული დაავადების, მაგალითად, მუნის, დროსაც.

კანდიდოზი
– თეთრი კანდიდა (კანდიდა ალბიკანსი) ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ცხოვრობს. იგი საფუარა სოკოების რიცხვს ეკუთვნის და პირობითპათოგენურია – დაავადებას მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორების, მაგალითად, ცუდად მორგებული პროთეზის, შაქრიანი დიაბეტის, ანტიბიოტიკებით ან ციტოსტატიკებით მკურნალობის ფონზე იწვევს.
კანდიდა სოკოს გავრცელების საკმაოდ ფართო არეალი აქვს – ფაქტობრივად, ყველა ორგანოს აზიანებს, გარდა თმისა; პარაზიტობს ლორწოვანზე, კანზე, ფრჩხილებზე.
სოკო კანდიდას “უყვარს” კანის მსხვილი ნაოჭები – მკერდქვეშა და საზარდულისა; პირის ღრუს ლორწოვანი გარსი (ამ დროს მასზე შეინიშნება ჟოლოსფერი და თეთრი ნადები, რასაც ხშირად თან ახლავს ანგულიტიც – ტუჩის კუთხეების სიწითლე და დახეთქვა); ფრჩხილები, მაგრამ უფრო ხელისა, ვიდრე ფეხისა. ხშირია გენიტალიუმის კანდიდოზი, რომელიც ხაჭოსებრი გამონადენითა და ქავილით ვლინდება.
საზოგადოდ, კანის სოკოვანი დაავადების თითქმის ყველა სახეობას ახასიათებს ქავილი და მკვეთრი საზღვრები – აქტიური ქობა პერიფერიაზე. შესაძლოა, დაზიანებული უბანის ცენტრში კანი ფერმკრთალი და მშვიდი იყოს, პერიფერიაზე კი მკვეთრად ჰიპერემიული და ზედაპირიდან წამოწეული. დამახასიათებელია კერის რადიალური ზრდაც.
კანდიდოზის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმეტესად ჩვენივე გააქტიურებული სოკოა, თუმცა არც ინფიცირებაა გამორიცხული. დასნებოვნების ერთ-ერთი გზაა სალონში ფრჩხილის ნუნების არაჰიგიენური დამუშავება, საკონდიტროში ცომთან (საფუართან) კონტაქტი და სხვა.


– როგორ და რა შემთხვევაში ისმება დაავადების დიაგნოზი?
– ყველა სოკოვანი დაავადების დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს ვიზუალური დათვალიერება. დერმატოლოგს ხშირად მხოლოდ ამ გზითაც შეუძლია სოკოვანი დაავადების დიაგნოზის დასმა. სამკურნალოდ კი აუცილებელია იმის ცოდნა, სახელდობრ რომელ სოკოვან ინფექციასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, გამოცდილ ექიმს კლინიკური ნიშნების მიხედვით შეუძლია გამომწვევიც ივარაუდოს, დიაგნოზის დაზუსტებაში კი ლაბორატორიული კვლევის მეთოდები გვეხმარება. მიღებულია მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა. კერიდან აღებულ კანის ანაფხეკს KOH-ით (კალიუმის ჰიდროქსიდით) ამუშავებენ, რის შემდეგაც მასში მიკროსკოპით ნახულობენ სოკოს. გამომწვევის აღმოჩენა შესაძლებელია დათესვითაც. სპეციალურ ნიადაგზე გაზრდილი კოლონიების ფორმების მიხედვით ვადგენთ, რომელ სოკო-პარაზიტს მიუძღვის ბრალი დაავადების განვითარებაში.
პირის ღრუში, გენიტალიუმში, განავალში სოკო კანდიდა ბუნებრივად ცხოვრობს, ამიტომ, თუ არ არსებობს სოკოვანი დაავადების კლინიკური ნიშნები, ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ამ ადგილებიდან აღებულ მასალაში კანდიდას აღმოჩენისას კანდიდოზზე არ ვსაუბრობთ. მარტივად რომ ვთქვათ, სადაც არ არის კლინიკური ნიშნები, იქ არც კანდიდოზია. ამ შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.


– როგორ მკურნალობენ კანდიდოზს?
– კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც გითხარით, საუკეთესოა ფლუკონაზოლის პრეპარატები. მათ იყენებენ პროფილაქტიკის მიზნითაც – ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის ან ანტიბიოტიკების დიდი დოზებით მკურნალობის დროს კანდიდას გააქტიურების თავიდან ასაცილებლად. პროფილაქტიკური დოზაა 150 მგ კვირაში ერთხელ. ფლუკონაზოლი ნაკლებად ჰეპატოტოქსიკურია, იმდენად, რომ გენიტალიუმის კანდიდოზის შემთხვევაში ორსულებსაც კი უნიშნავენ, ხოლო ბავშვებისთვის მისი დანიშვნა ნებადართულია ექვსი თვიდან.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: