შოკი და უგონო მდგომარეობა: როგორ შევაფასოთ და რით დავეხმაროთ

გააზიარე:

ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება უბედური შემთხვევის ადგილას აღმოჩნდეს. კარგი იქნება, შეგვეძლოს იმის გარკვევა, რამდენად სერიოზულად დაშავდა ადამიანი, რათა სათანადო დახმარებაზე ვიზრუნოთ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, როგორ მოვექცეთ უგონოდ მყოფს, რადგან, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლს დახმარების ნაცვლად ვნებენ. ამ საკითხების შესახებ მ. იაშვილის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი გიორგი ჩოჩია გვესაუბრება.
პირველადი დათვალიერება
პირველადი დათვალიერების დროს ვადგენთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა ფუნქციურ მდგომარეობას: სუნთქავს თუ არა დაშავებული, უცემს თუ არა გული, – მაგრამ მანამდე გარემოს უსაფრთხოებაში უნდა დავრწმუნდეთ. თუ მივიჩნევთ, რომ შემთხვევის ადგილას დარჩენა საშიშია, დაშავებული უსაფრთხო ადგილას უნდა გადავიყვანოთ.
თუ ძლიერი გარეგანი სისხლდენა შევამჩნიეთ (ამ შემთხვევაში სამოსი სისხლით იქნება გაჟღენთილი), ჭრილობა ტანსაცმლისგან უნდა გავათავისუფლოთ და, უპირველეს ყოვლისა, სისიხლდენა შევაჩეროთ (იხ. “ავერსი” #108).
ამის შემდეგ ვამოწმებთ ცნობიერებას. ვეკითხებით დაშავებულს: “როგორ ხარ?” თუ ის უგონოდაა, პირის ღრუს ვუთვალიერებთ – ვუღებთ პირს, ჩავხედავთ და თუ პირნაღები მასა, მოტეხილი კბილი, სისხლის კოლტი, ნერწყვი დავუნახეთ, მოკაუჭებული თითით ამოვუსუფთავებთ. სასურველია კბილის მოსახსნელი პროთეზის ამოღებაც.
შემდეგ თავის უკან გადაწევით ვუხსნით სასუნთქ გზებს (იხ. “ავერსი” #106) და ვუმოწმებთ პერიფერიულ პულსს მაჯაზე (ცერა თითის გასწვრივ (სურ. 1)). თუ დაშავებული არ სუნთქავს და პულსი არ ესინჯება, გულ-ფილტვის რეანიმაციას ვიწყებთ (იხ. “ავერსი” #106), ხოლო თუ სუნთქვა და პულსი შენარჩუნებულია, გადავდივართ მეორეულ დათვალიერებაზე.

მეორეული დათვალიერება
მეორეული დათვალიერების დანიშნულებაა მოტეხილობის, დამწვრობის ან სხვა დაზიანების აღმოჩენა. გონზე მყოფი ადამიანი თავად გვეტყვის, რა სტკივა და პირდაპირ დაშავებულ ადგილს დავუთვალიერებთ, უგონოდ მყოფს კი დაზიანების აღმოსაჩენად სხეულის თითოეულ ნაწილს ვუმოწმებთ. ვიწყებთ თავიდან, რომელსაც ორ – ქალას და სახის – ნაწილად ვყოფთ. ჯერ თვალით ვაფასებთ: თუ ქალას ძვლები არათანაბარია, ჩანს მოტეხილობა, ტვინის ქსოვილი, ხელით არ ვეხებით, თუ არადა თმაში ფრთხილად შევუცურებთ ხელებს და ასე ვიკვლევთ. თუ რაიმე დაზიანებას წავაწყდით, ვჩერდებით.
მერე ჩამოვყვებით სახეს: შუბლს, წარბებს, თვალებს. დავაკვირდებით, ხომ არ დის სისხლი ცხვირიდან, თვალებიდან, მოტეხილი ხომ არ არის ზედა ან ქვედა ყბა.
ამის შემდეგ ხელს კისრის ქვეშ შევაცურებთ. თუ მალების დეფორმაცია იგრძნობა, ვინმეს ვთხოვთ, სასწრაფოს მოსვლამდე თავი დაუფიქსიროს დაშავებულს (სურ. 2), ჩვენ კი გასინჯვას განვაგრძობთ. თუ მარტონი ვართ, თავს ფეხებით ვუფიქსირებთ, რომ ხელები გაგვითავისუფლდეს (სურ. 3). ვიდრე ტრავმა რენტგენით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურდება ან არ გამოირიცხება, თავის განძრევა არ არის სასურველი.
კისრის უკანა ნაწილის შემდეგ ვამოწმებთ ყელს. აქ გადის მაგისტრალური სისხლძარღვები – საძილე არტერია, საუღლე ვენა – და არსებობს სისხლდენის საფრთხე. უნდა გამოირიცხოს ტრაქეის დაზიანებაც. საშიში პნევმოთორაქსის ნიშნებია ტრაქეის გადანაცვლება ცალ მხარეს და ჰაერი კანქვეშ (ემფიზემა).
ვაშიშვლებთ გულმკერდს, სადაც შეიძლება იყოს ღია ჭრილობა, შემავალი ჭრილობა, მოტეხილობა.
გადავდივართ მუცელზე. ჭიპზე გავლებული წარმოსახვითი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით მას ოთხ ნაწილად ვყოფთ და ფრთხილად ვსინჯავთ (სურ #4). მუცელი რბილი უნდა იყოს. მისი თითოეული ნაწილის დაჭიმულობა და მტკივნეულობა სხვადასხვა დაზიანებაზე მიუთითებს.
მენჯის ღრუში ბევრი მსხვილი სისხლძარღვი გადის და მათ დაზიანებას, წესისამებრ, ძლიერი სისხლდენა მოჰყვება. მენჯის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში მისი შეხება ზრდის სისხლძარღვების დაზიანების რისკს, ამიტომ, თუ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მენჯი დეფორმირებულია, მას არ ვეხებით.
ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს სასქესო ორგანოები. მათგან სისხლდენა მენჯის ღრუდან სისხლდენაზე მიუთითებს, პრიაპიზმი – ხანგრძლივი, მტკივნეული ერექცია – კი ზოგჯერ ხერხემლის დაზიანების ნიშანია.
ერთმანეთთან შედარების მიზნით ორივე ფეხი ერთდროულად ისინჯება. მივყვებით ზემოდან ქვემოთ. პულსს ტერფის შიგნითა ზედაპირზე, პირველი თითის გასწვრივ ვამოწმებთ (სურ#5). 
ფეხები სიმეტრიული უნდა იყოს; არ უნდა შეინიშნებოდეს დეფორმაცია, შეშუპება, კიდურის გვერდზე გადავარდნა. 
ფრჩხილზე თითის დაჭერით ვამოწმებთ კაპილარულ ავსებას – თითის აშვებიდან ორ წამში ფრჩხილმა ფერი უნდა დაიბრუნოს. ამაზე მეტი დრო მიკროცირკულაციის დარღვევაზე მიუთითებს და შოკის ნიშანია.
ფეხები თბილი უნდა იყოს და მათზე უნდა ისინჯებოდეს პულსი. ცივი კიდური გამქრალი პულსით მოტეხილობას ახასიათებს და იმაზე მიუთითებს, რომ კიდურს მოტეხილობის ქვემოთ სისხლი აღარ მიეწოდება. ეს მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
ასევე ვამოწმებთ ზედა კიდურებსაც. 
რაც შეეხება ზურგს, მისი დეტალური დათვალიერება პაციენტის საკაცეზე გადაყვანისას ხდება.
შოკი
შოკი დაბალი წნევით გამოწვეული მდგომარეობაა. დაბალი წნევის გამო ქსოვილებს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი, შესაბამისად, აკლდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებებიც, რაც სასიცოცხლო ორგანოების სიკვდილს იწვევს.
გამომწვევი ფაქტორის მიხედვით განასხვავებენ შოკის შემდეგ სახეობებს:
1. კარდიოგენულს – გულიდან გამომდინარეს. გამოწვეულია რთული არითმიით ან გულის კუნთის კუმშვადობის დაქვეითებით (დიდი ზომის ინფარქტი);
2. ჰიპოვოლემიურს – სითხის კარგვით განპირობებულს. ჰემორაგიული შოკი გარეგანი ან შინაგანი სისხლდენის შედეგად ვითარდება, არაჰემორაგიული – სხვა სითხის კარგვის შედეგად (დიარეისას, ღებინებისას, გაძლიერებული შარდვისას (მაგალითად, უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში), დამწვრობისას, როდესაც ორგანიზმიდან დიდი რაოდენობის სითხე ორთქლდება და სხვა);
3. ვაზოგენურს – სისხლძარღვოვან უკმარისობასთან დაკავშირებულს. წნევა სისხლძარღვების შევიწროება-გაფართოებით იქმნება. როცა სისხლძარღვები მასობრივად ფართოვდება, მთელი სისხლი პერიფერიისკენ მიედინება და ორგანოები მის დეფიციტს განიცდის. ამავე ჯგუფს მიაკუთვნებენ ნეიროგენულ შოკს (ვითარდება ხერხემლის დაზიანებისას), ინფექციურ-ტოქსიკურ შოკს, სეპტიკურ შოკს (სეფსისის ან სხვა მძიმე დაავადების დროს სისხლში მოცირკულირე ტოქსინები სისხლძარღვის კედელზე მოქმედებენ და აფართოებენ მას), ანაფილაქსიურ შოკს, რომელსაც ორგანიზმში მოხვედრილი ალერგენები იწვევს.
შოკის მკურნალობა
შოკი სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს. ერთადერთი, რაც არაპროფესიონალმა შეიძლება გააკეთოს, გარეგანი სისხლდენის შეჩერებაა. შოკის დროს ადამიანი უნდა წამოვაწვინოთ, მივუშვათ მასთან ჰაერი, შევუხსნათ ჰალსტუხი, ქამარი და დაველოდოთ სასწრაფო დახმარებას, რომელიც გადასხმებს დაიწყებს და პაციენტს შესაბამის სტაციონარში გადაიყვანს.
კოლაფსი – “გულის წასვლა”
კოლაფსი წნევის მსუბუქი ვარდნაა, რომელსაც სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება. ადამიანი ამ შემთხვევაშიც უნდა წამოვაწვინოთ და მასთან ჰაერი მივუშვათ (ფანჯარა გამოვაღოთ, ირგვლივ მყოფები მოვაშოროთ). ნახევარი წუთიდან ორ წუთამდე პერიოდში ყველაფერი გაივლის. წინათ ფეხებსაც აწევინებდნენ მაღლა; თანამედროვე გაიდლაინების თანახმად, ეს საჭირო არ არის.
უგონო მდგომარეობები
შოკისგან განსხვავებით, ამ დროს ადამიანი გონს კარგავს. უგონო მდგომარეობას ბევრი რამ იწვევს: ტვინის ქსოვილის უჟანგბადობა, საკვები ნივთიერებების დეფიციტი, მაღალი ტემპერატურა, კოლაფსი, ქალა-ტვინის ტრავმა, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, სტენოკარდია და სხვა.
ინსულტი 
განასხვავებენ ინსულტის ორ ტიპს – იშემიურსა და ჰემორაგიულს. პირველ შემთხვევაში სისხლძარღვის სპაზმის შედეგად თავის ტვინს ნაკლები სისხლი მიეწოდება, მეორეში – მაღალი არტერიული წნევის ფონზე სისხლძარღვი სკდება. არსებობს ტრანზიტორული ინსულტიც – გარდამავალი, ხანმოკლე სპაზმი, რომელიც მალე გაივლის და სისხლის მიმოქცევა აღდგება.
ინსულტის დროს ხშირად ჭირს ყლაპვა. ნერწყვი სასუნთქ გზებში რომ არ მოხვდეს, გონზე მყოფ ადამიანს სანახევროდ წამოვსვამთ და თავს გვერდზე გადავაწევინებთ, უგონოდ მწოლიარეს კი გვერდზე გადავაბრუნებთ.
შაქრიანი დიაბეტი
უგონო მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებამ ან მომატებამ – ჰიპოგლიკემიურმა ან ჰიპერგლიკემიურმა კომამ. თუ ადამიანი გონზეა და ყლაპვა შეუძლია, მდგომარეობიდან მის გამოსაყვანად ყველაზე ეფექტური საშუალებაა შაქრიანი წყალი (2-3 კოვზი შაქარი 1 ჭიქა წყალზე). გამორიცხული არ არის, ადამიანს ჰიპერგლიკემია ჰქონდეს, მაგრამ თავის დასაზღვევად შაქრიან წყალს მაინც ვასმევთ, რადგან დაბალი შაქარი გაცილებით საშიშია (იწვევს ტვინის ქსოვილის კვდომას), ვიდრე მაღალი, რომელიც ასეთ მოკლე ხანში არ იძლევა გართულებებს.
თუ ადამიანი უგონოდაა, შეგიძლიათ, თითზე წაისვათ მურაბა და პირში გამოუსვათ.
თუ გლუკომეტრი გაქვთ, გაუზომეთ სისხლში გლუკოზის დონე; თუ არა, ამას სასწრაფო გააკეთებს და პაციენტს სათანადო დახმარებას გაუწევს. მაღალი შაქრის შემთხვევაში თვითნებურად არ გაუკეთოთ ინსულინის დიდი დოზა! სასწრაფოც კი არ აკეთებს ამას, რადგან მონიტორინგის, გლუკოზის ტიტრაციის გარეშე ინსულინის შეყვანა საშიშია, ეს კი საავადმყოფოში კეთდება.

გულყრა
გულყრას (კრუნჩხვას) იწვევს ეპილეფსია, ქალა-ტვინის ტრავმა, შაქრიანი დიაბეტის დროს – დაბალი შაქარი, მოწამვლა, ბავშვებში – მაღალი ტემპერატურა.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირში რაიმე საგნის (მაგალითად, კოვზის) ჩადება, ადამიანის გაკავება – სავსებით შესაძლებელია, ამ დროს რამე დაუზიანოთ, მოსტეხოთ. გულყრის დროს თავის ტვინი ქაოსურად, ყველა (მომხრელ, გამშლელ) კუნთში ერთდროულად გზავნის იმპულსებს და მათ შეკუმშვას იწვევს. შემთხვევითი ადამიანი (არასამედიცინო პერსონალი) ამ პროცესს ვერ შეაჩერებს; საჭიროა ანტიკონვულსიური პრეპარატი, რომელსაც პაციენტს სასწრაფო გაუკეთებს.
გულყრის დროს ადამიანს ნუ შეეხებით, თუ გარემოდან რაიმე საფრთხე არ ემუქრება, მაგალითად, არ წევს მანქანის სავალ გზაზე, საშიშ სიმაღლეზე, ცეცხლის ან მახვილი საგნების ახლოს. ამ შემთხვევაში ფრთხილად უნდა გასწიოთ განზე. კარგი იქნება, თუ ირგვლივ რბილ საგნებსაც შემოულაგებთ, რათა თავი არ დაიზიანოს. გულყრა, მიზეზის კვალობაზე, უმეტესად ნახევრიდან ორ წუთამდე გრძელდება, თუმცა არსებობს სერიული გულყრები, როდესაც შეტევა სრულდება და ხელახლა იწყება. ეს მდგომარეობა საკმაოდ რთული და საშიშია.
გულყრას ძილის პერიოდი მოჰყვება, რაც დაახლოებით 5-15 წუთს გასტანს. ნებისმიერმა გამღიზიანებელმა (სინათლემ, მკვეთრმა ხმაურმა) შესაძლოა გულყრის გამეორება გამოიწვიოს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, მძინარესთან ნაკლები სინათლე და ხმაური მივუშვათ.
აუცილებელია სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფაც, რათა პირნაღები მასებით არ დაიხშოს. თუ პაციენტს ტრავმა არ მიუღია, უმჯობესია, ის გვერდზე დავაწვინოთ და გაღვიძებამდე ვადევნოთ თვალყური, მერე კი, თუ გულყრა ეპილეფსიით არ არის გამოწვეული, აუცილებლად გადავიყვანოთ საავადმყოფოში. ექიმის დახმარება საჭიროა ეპილეფსიის შემთხვევაშიც, თუ კრუნჩხვა გაგრძელდა ორ წუთზე მეტხანს ან შემდგომი (ძილის) პერიოდი – 10-15 წუთზე მეტხანს. ეს შესაძლოა ღრმა დაზიანებაზე მიუთითებდეს.
მოწამვლა
უგონო მდგომარეობას მოწამვლაც იწვევს. განსაკუთრებით ხშირია ალკოჰოლური და ნარკოტიკული მოწამვლა. ალკოჰოლური მოწამვლისას არასამედიცინო პერსონალს მხოლოდ სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა და პირნაღები მასებით მათი დახშობის თავიდან აცილება შეუძლია, მერე კი საჭიროა პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, სადაც მას მონიტორინგს გაუწევენ და გადასხმებს ჩაუტარებენ.
ნარკოტიკული საშუალებებით მოწამვლა იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სუნთქვის გაჩერებას, რასაც რამდენიმე წუთში გულის გაჩერებაც მოჰყვება, ამიტომ, თუ ნარკოტიკულ კომასთან გვაქვს საქმე, აუცილებელია ხელოვნური სუნთქვის ჩატარება.
მეთილისა და ხის სპირტით მოწამვლა სასწრაფო სტაციონარიზაციას მოითხოვს, რადგან მალე იწვევს სიკვდილს.
გახსოვდეთ:
* ნებისმიერი უგონო მდგომარეობა საგანგაშოა; უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
* უგონოდ მყოფ ადამიანს არაფერი ჩაუდოთ პირში, არც სითხე ჩაასხათ. ამ მდგომარეობაში ყველა კუნთი მოდუნებულია და შესაძლოა, თქვენი  მიცემული ტაბლეტი თუ წყალი ადამიანს სასუნთქ გზებში გადასცდეს და დაახრჩოს.
* ერთადერთი, რაც ამ დროს მოგეთხოვებათ, ის არის, რომ გაუხსნათ სასუნთქი გზები, უზრუნველყოთ ჟანგბადის მოდინება, პაციენტის უსაფრთხოება და დაელოდოთ სასწრაფოს.
* მნიშვნელოვანია გარემოს დათვალიერებაც – შესაძლოა, ისეთი რამ შეამჩნიოთ, რაც ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება. მაგალითად, უგონოდ მყოფი ადამიანის გვერდით შპრიცის დანახვა გვაფიქრებინებს, რომ მან ნარკოტიკი მიიღო ან შაქრიანი დიაბეტი აქვს, ალკოჰოლიანი სასმლის ბოთლისა ან საკვებისა – რომ მოიწამლა.
* უგონოდ მყოფი ადამიანის თანდასწრებით ნუ გამოთქვამთ არაკეთილსაიმედო პროგნოზს მისი ჯანმრთელობის შესახებ – შესაძლოა, მას ყველაფერი ესმოდეს.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: