საშიში არ არის, მაგრამ მეშინია...

გააზიარე:

  თუ ეს სიტყვები ხშირად გითქვამთ, ჩანს, რომელიმე ფობიით ხართ შეპყრობილი. ფობიებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველყოფილ ადამიანებზე ვერაფერს გეტყვით, ჰიპოკრატესთან კი უკვე აღწერილია ფობიით დავადებული ადამიანის ქცევა. 
ინტერვიუს მომზადებისას ინტერნეტში ფობიების ვრცელ ჩამონათვალს გადავაწყდი... ვგონებ, არ არსებობს საგანი თუ მოვლენა, რისი ფობიაც არ იყოს აღწერილი. ყველაზე გავრცელებულ ფობიებსა და მათი მკურნალობის უახლეს მეთოდებზე სასაუბროდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის მიმართულების ხელმძღვანელს, ფსიქიატრ თეიმურაზ სილაგაძეს ვესტუმრეთ:
– ტერმინი “ფობია” დასაბამს იღებს ბერძნული სიტყვიდან “ფობოს”, რაც შიშს ნიშნავს. მითოლოგიიდან ვიცით, რომ ომის ღმერთ არესს ორი თანამგზავრი ჰყავს – ფობოსი და დეიმოსი ანუ შიში და ელდა. სწორედ ფობოსის სახელი დაედო საფუძვლად აღნიშნულ ტერმინს. ფობია ჩვეულებრივი შიშისგან განსხვავდება. ჩვეულებრივი ანუ რაციონალური შიში ნორმალური მოვლენაა, განსაზღვრულ სიტუაციებში ის გვეხმარება კიდეც. ჩვენ ირგვლივ უამრავი ისეთი რამ ხდება, რაც ჯანმრთელ, გონიერ ადამიანს უნდა აშინებდეს. მაგალითად, როცა ვიცით, რომ რადიაციის დონე ან გარემოს დაბინძურების ხარისხი მაღალია, შიში ადეკვატური რეაქციაა. ამას შეგვიძლია სიფრთხილეც დავარქვათ.
ფობია კლინიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მოვლენაა – ადამიანმა იცის, რომ ესა თუ ის საგანი ან მოვლენა არ არის საშიში, მაგრამ მაინც ეშინია. ყველაზე გავრცელებული სიმაღლის შიშია. არსებობს საინტერესო ცდა: შეგვიძლია, განიერი ფიცარი იატაკზე დავდოთ – სიმაღლის შიშით შეპყრობილი ადამიანი მასზე თამამად გაივლის, ისე, რომ კიდეს არც კი გადმოსცდება; საკმარისია, ფიცარი მაღლა გავდოთ, რომ ცდისპირი ფეხსაც ვეღარ შედგამს, თუმცაღა იცის, რომ ფიცარი იმდენად განიერია, გადმოვარდნის საშიშროება არ არსებობს. თუ ფიცარს მოაჯირს გავუკეთებთ, თუნდაც ბუტაფორიულს (ოღონდ ამის შესახებ პაციენტმა არ უნდა იცოდეს), მას უკვე აღარ შეეშინდება.
გარდა იმისა, რომ თავად შიშის გრძნობაა არასასიამოვნო, პაციენტები შიშის ობიექტის პირისპირ რეალურ დისკომფორტს განიცდიან. ეს გამოიხატება ვეგეტატიური ნერვული სისტემის გააქტიურებით – პაციენტი შფოთავს, თავბრუ ეხვევა, პულსი უჩქარდება, სუნთქვა უჭირს, ოფლი ასხამს...
– რა სახის ფობიები არსებობს?
– სამედიცინო ლიტერატურაში უამრავი ფობიაა აღწერილი. ისინი პირობითად შეგვიძლია აქტუალურ და არააქტუალურ შიშებად დავყოთ. კლინიკურად მნიშვნელოვანი სწორედ აქტუალური ფობიებია. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს სიმაღლის შიში, მაგრამ არ იცოდეს ამის შესახებ, რადგან არასოდეს მოუხდება სიმაღლეზე ასვლა. შესაძლოა, ერთხელაც, სიმაღლეზე მოხვედრისას, აღმოაჩინოს, რომ ეშინია, მაგრამ თუ მთამსვლელი არ არის ან ხარაჩოზე არ უწევს მუშაობა, მისთვის ეს ფობია უმნიშვნელოა, დეზაქტუალიზებულია. იგივე შეიძლება ითქვას კლაუსტროფობიაზე – დახურული სივრცის შიშზე: თუ არ სარგებლობთ მეტროთი ან ლიფტით, ცხოვრობთ საკუთარ სახლში და დადიხართ საკუთარი მანქანით, არც კი გეცოდინებათ, რომ დახურული სივრცისა გეშინიათ; თუ ოდესმე მოხვდით ასეთ გარემოში, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ეს ფობია გაქვთ, მაგრამ არც კი მიაქციოთ ყურადღება, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ის ხელს არ შეგიშლით.
გაშლილი სივრცის შიშს აგორაფობია ჰქვია. აგორა ძველ საბერძნეთში ერქვა ადგილს, სადაც ხალხი იკრიბებოდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა, იმართებოდა სასამართლოები, ხდებოდა დამნაშავეთა დასჯა. აგორაფობიას ზოგიერთი ხალხმრავლობის შიშსაც უწოდებს. ვერ ვიტყვი, რომ ის ძალიან გავრცელებულია.
სამწუხაროდ, ისეთი შიშებიც არსებობს, რომლებიც, გინდა თუ არა, აქტუალური ხდება. მათგან ყველაზე გავრცელებულია ნოზოფობია – ავად გახდომის შიში. არცთუ იშვიათია კარდიოფობია – შიში იმისა, რომ გული არ გაგიხდეს ცუდად, კანცეროფობია – კიბო არ დაგემართოს, სიფილისოფობია – რაიმე გადამდები დაავადება არ შეგხვდს. ბევრს აქვს ჭუჭყისა და მიკრობების შიშიც.
მართალია, ეს ფობიები სიმაღლის შიშივით გავრცელებული არ არის, მაგრამ ხშირად გვხვდება და, რაც მთავარია, კლინიკურად აქტუალურია. მკითხველმა უკეთ რომ გაიგოს საქმის არსი, მაგალითს მოვიყვან. დავუშვათ, ადამიანს აქვს კარდიოფობია – ეშინია, გული არ გაუხდეს ცუდად. მავანი იტყვის: დავაცადოთ და როცა დაინახავს, რომ არაფერი დაემართება, ამაზე ფიქრს თავს დაანებებსო. ეს არასწორი მიდგომაა. სწორედ ეს არის ფობიის განმასხვავებელი ნიშანი – პაციენტმა კარგად იცის, რომ ავად არ არის, გული ჯანმრთელი აქვს, მაგრამ მაინც ინვალიდია, რადგან არ შეუძლია, ამაზე არ იფიქროს. აღნიშნული ფობიის გამო მისი ცხოვრება არასრულფასოვანია. არსებობს ასეთი ცნება – დომინირებადი აზრი. ეს არის ადამიანისთვის ყველაზე აქტუალური აზრი მოცემულ მომენტში. კარდიოფობიით შეპყრობილისთვის ცხოვრების ყველა ეტაპზე ამ დაავადებაზე ფიქრია დომინირებადი აზრი. სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობს, ნორმალურად ვერ მუშაობს, გონება ეფანტება, ყველაფერი ავიწყდება, რადგან მისი გონება მხოლოდ იმაზე ფიქრითაა მოცული, როგორ დაიცვას თავი, როგორ მოიქცეს, თუ უცბად გულის შეტევა დაემართა. ის ყველა შესაძლო ვარიანტს გათვლის, ფიქრობს, რით უშველოს თავს, თუ ცუდად გახდა, ტელეფონი ხომ არის ჩართული, რომ სასწრაფოს დაურეკოს, ყოველი შემთხვევისთვის სათადარიგო ტელეფონიც ხომ წესრიგშია. გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ვინმე, რომ გასაჭირში დაეხმაროს... ეს ხდება ქალაქის პირობებში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი ჟურნალისტია და ინტერვიუს ასაღებად სხვა ქალაქში, მაგალითად, გორში გაუშვეს. ამ დროს ის ინტერვიუსთვის კი არ ემზადება, იმაზე კი არ ფიქრობს, ფოტოაპარატი, დიქტოფონი ან სხვა საჭირო ნივთები არ დაავიწყდეს, არამედ იმაზე, ცუდად რომ გახდეს, ვინ დაეხმარება, რამდენ ხანში მოვა სასწრაფო, შინ ხომ არ დარჩა ნიტროგლიცერინი... შესაძლოა, ვინმეს ეს სასაცილო მოეჩვენოს, მაგრამ კარდიოფობიით დაავადებულისთვის ეს განცდა სავსებით რეალურია. ცხადია, ამ მდგომარეობაში დავალებას ის კარგად ვერ შეასრულებს.
რამდენიც არ უნდა ვარწმუნოთ კარდიოფობიით შეპყრობილი ადამიანი, რომ არაფერი დაემართება, ვერაფერს გავხდებით. როდესაც ასეთი პაციენტი ექიმთან მიდის, ეუბნება: იმას კი ნუ ამიხსნით, რომ ჯანმრთელი გული მაქვს და არაფერი მომივა, – ეს ისედაც ვიცი; დამეხმარეთ ვიცხოვრო ისე, რომ ამაზე არ ვიფიქროო.
დაახლოებით ასევე ვლინდება კლინიკურად კანცეროფობია და სიფილისოფობია. ამ ფობიებით შეპყრობილები უამრავ ფულს ხარჯავენ, იტარებენ ყველა შესაძლო გამოკვლევას, ნერვიულობენ ყოველ დაკლებულ კილოგრამზე და ამას ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომად მიიჩნევენ, პათოლოგიურად იცავენ ჰიგიენას, წყალს არ დალევენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ჭიქა სუფთაა და რაიმე მიკრობით დასნებოვნების რისკი არ არსებობს. თუ ასეთმა ადამიანმა დროულად არ მიმართა ექიმს, პრობლემები შეექმნება სამსახურში, ოჯახში, ნელ-ნელა დაენგრევა ცხოვრება.
– რა უდევს საფუძვლად ფობიას? მართალია, რომ მისი მიზეზი ბავშვობაში უნდა ვეძებოთ?
– ფობიის განვითარების მიზეზების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ფსიქოანალიზის თეორიის თანახმად, მიზეზად შეიძლება იქცეს ბავშვობისდროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმა, თუმცა დღეს უკვე უჯრედულ დონეზე ვიცით, რა ხდება ამ დროს პაციენტის ტვინში. მოგეხსენებათ, ადამიანის ნერვული უჯრედები, ნეირონები, ერთმანეთს სინაფსების მეშვეობით უკავშირდება. სინაფსურ ჭრილებში ნერვული იმპულსების გადაცემას რამდენიმე ნირომედიატორი უზრუნველყოფს: სეროტონინი, დოფამინი, ადრენალინი, ნორადრენალინი. აღმოჩნდა, რომ ფობიის მქონე ადამიანების სინაფსურ ჭრილებში ნეირომედიატორების ბალანსი ირღვევა. სწორედ ეს არის პათოლოგიური შიშის მიზეზი. მართალია, ფობიები მრავალფეროვანია და მათი განვითარება სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ძირითადი მექანიზმი ეს გახლავთ. 
– როგორია ფობიების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? ფსიქოთერაპია აუცილებელია?
– დღეისთვის მკურნალობის მთავარი მეთოდი მედიკამენტურია, პრინციპი კი დარღვეული ნეირომედიატორული ბალანსის აღდგენაა, რაც წარმატებით ხერხდება ნერომედიატორების – სეროტონინის, დოფამინის, ადენალინისა და ნორადრენალინის – შემცველი მედიკამენტების მეშვეობით. ფსიქოანალიზმა და შთაგონებითმა თერაპიამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. თანამედროვე გაიდლაინებშიც სწორედ მედიკამენტური თერაპიაა მიჩნეული პირველადი არჩევის მეთოდად. მოგეხსენებათ, ოცდამეერთე საუკუნის მედიცინა ძალზე პრაგმატულია. ექიმსაც და პაციენტსაც სურთ, მკურნალობა ეფექტური და იმავდროულად ხელმისაწვდომი იყოს, ფსიქოთერაპია კი ძვირად ღირებული, თანაც ხანგრძლივი პროცესია. პაციენტმა ყოველდღიურად უნდა იაროს სეანსებზე, რასაც ბევრი ვერ ახერხებს, სხვა მიზეზებთან ერთად – დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამოც. გაცილებით სწრაფად ვიღებთ შედეგს მედიკამენტებით. პაციენტი მოდის, ვუსვამთ დიაგნოზს, ვუნიშნავთ მკურნალობას და მერე უკვე ხანმოკლე და იშვიათი ვიზიტებიც საკმარისია. პროგნოზიც მედიკამენტური მკურნალობის დროს უკეთესია, ვიდრე ფსიქოანალიზის დროს. ასიდან 95 პაციენტი იკურნება, დანარჩენ 5%-თან კი სხვა, მეორე რიგის არჩევის პრეპარატები მოქმედებს ეფექტურად.
– ხშირად მშობლები ფობიის დაძლევის მიზნით შვილს აიძულებენ, კონტაქტში შევიდნენ შიშის ობიექტთან, მაგალითად, ხელი მოჰკიდონ მათთვის საშიშ მწერს ან ცხოველს. გამართლებულია ასეთი მიდგომა?
– ეს ძალზე ინდივიდუალურია. საქმე ის არის, რომ ბავშვს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ასეთი შიში. რატომ ეშინიათ ბავშვებს ამა თუ იმ არსების? უმეტესად იმიტომ, რომ თავად უფროსები აშინებენ მათ, ძირითადად – იმ მიზნით, რომ თეფში მოასუფთაონ ან არ იცელქონ. ბავშვები იჯერებენ უფროსების ნათქვამს და ფობიები უვითარდებათ. სხვა საქმეა, რომ ზოგიერთ არსებას თავდაცვისთვის მიმიკრიის უნარი აქვს – სინამდვილეში უწყინარია, მაგრამ მტრის დასაფრთხობად აგრესიულ შესახედაობას იღებს.
ბავშვს კარგად უნდა ავუხსნათ, რა არის საშიში და რა – არა. ზოგიერთ საშიშ მწერს მართლა უნდა ერიდოს.
– სოციოფობიის შესახებ რას გვეტყვით? 
– სოციოფობია ხალხთან ურთიერთობის სირთულეა. ეს ხასიათობრივი ანომალია უფროა, ვიდრე ფობია. ზოგიერთს არ უყვარს აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, რადგან მორცხვია. ზოგიერთი, პირიქით, ყურადღების გარეშე ვერ ძლებს... ამგვარ შემთხვევებს, მით უმეტეს – თუ ეს ანომალია კომპენსირებულია, მკურნალობა საერთოდ არ სჭირდება. 
– პანიკურ შეტევებზე რას გვეტყვით? როგორ დავეხმაროთ ამ დროს ადამიანს?
– პანიკური შეტევა ფსიქონევროლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს ძლიერი, უკონტროლო შიში ეუფლება. ასეთი რამ უმეტესად ისტერიული ტიპის ადამიანებს მოსდით. პანიკური შეტევა შეიძლება უცაბედად, აშკარა მიზეზის გარეშე განვითარდეს, თუმცა უმეტესად მას ერთგვარი ფსიქოემოციური სტრესი უძღვის წინ. პანიკური შეტევის ამოცნობა რთული არ არის, ის იმდენად მკაფიოდაა მანიფესტირებული, შეუძლებელია გამოგვრჩეს. მას კლინიკური პოლიმორფიზმი ახასიათებს, თუმცა პაციენტების უმრავლესობას უჭირს სუნთქვა, ეუფლება მოხრჩობის, შფოთვის შეგრძნება, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, ითხოვს შველას. რა შეიძლება ვიღონოთ ამ დროს? უნდა ვეცადოთ, ჩვენც არ გადმოგვედოს პანიკა, ზედმეტი ხალხი გავარიდოთ, – რაც უფრო მეტად მოექცევა ადამიანი ყურადღების ცენტრში, მით მეტ სტიმულს იღებს და მისი მდგომარეობაც მით უფრო მძიმდება, – შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ექიმი გამოვიძახოთ. ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატს ადამიანი სწრაფად გამოჰყავს ამ მდგომარეობიდან.
პანიკურ შეტევებს ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვს, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია მათ პროფილაქტიკაზე ზრუნვა, ამისთვის კი ფსიქოთერაპია და აუტოტრენინგია საჭირო.


თამარ არქანია

გააზიარე: