არავითარი “კურდღლის ტუჩი” და “მგლის ხახა”

გააზიარე:

ამ პათოლოგიებს არაფერი აქვთ საერთო ხსენებულ ცხოველებთან, არც ტუჩის ნაპრალი ჰგავს კურდღლის ტუჩს და არც სასისა – მგლის ხახას. ჩვენი რესპონდენტი, თსსუ-ის კლინიკის ქირურგიული განყოფილების ბავშვთა ყბა-სახის ქირურგი ნინო (ფისო) ხვედელიანი, და მისი კოლეგები ძალიან განიცდიან, რომ ამ სახელების გამო ხსენებული დეფექტები ხალხში ცხოველებთან ასოცირდება. მშობლებისთვის ეს ძალზე მტკივნეულია; გაცილებით მისაღებია, შვილს სასის ან ტუჩის თანდაყოლილი ნაპრალი ჰქონდეს, ვიდრე “მგლის ხახა” ან “კურდღლის ტუჩი”. ქალბატონი ნინოს თხოვნაა, ამ მეტსახელებს განსაკუთრებით სამშობიარო სახლების მომსახურე პერსონალი ერიდოს, რათა ისედაც შეწუხებულ დედას უფრო მეტად არ ატკინონ გული.
ტუჩისა და სასის ნაპრალი ადრეული მუცლად ყოფნისას ნაყოფის არასრული განვითარების შედეგია. ინტერვიუს მომზადებამდე მასალის ძიებისას წავაწყდი ინფორმაციას, რომ აშშ-ში ეს დეფექტი 1000-დან ერთ ბავშვს აღენიშება, საქართველოში კი ამ პათოლოგიების გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.
მშობლებისთვის კარგი ამბავიც გვაქვს: ეს დეფექტები იკურნება, ოღონდ ქირურგიული ჩარევა სიცოცხლის პირველ თვეებში ან წლებში უნდა მოხდეს. ქალბატონ ნინოს ძალიან უყვარს ამ პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, რადგან უდიდესი ბედნიერების მონაწილე ხდება – მასთან მისული დათრგუნული მშობლები მისგან ბედნიერები და გახარებულები მიდიან.
– მუცლად ყოფნის პირველ პერიოდში ტუჩისა და სასის ნაპრალი ბუნებრივად არსებობს. თუ რაიმე მიზეზით ის სამ თვემდე არ დაიხურა, მერე აღარ იხურება. ზოგი ბავშვი ერთი დეფექტით იბადება, ზოგი – ერთდროულად ორივეთი (კომბინირებული ნაპრალი). განსხვავებულია ნაპრალის ზომებიც – ტუჩი ზოგჯერ ოდნავ არის გაპობილი, ზოგჯერ კი ნაპრალი ცხვირამდე გრძელდება (ზოგ შემთხვევაში იპობა ღრძილიც). ასევე სხვადასხვა ზომისაა სასის ნაპრალიც. 
ნაპრალი ცალმხრივი ან ორმხრივია. ტუჩის ნაპრალი ბიჭებს უფრო ხშირად აქვთ, სასისა – გოგონებს. 

  • რა იწვევს ამ პათოლოგიებს?

– მიზეზი ძნელი დასადგენია. შესაძლოა, ნაპრალი რომელიმე დაავადების ერთ-ერთი სინდრომი იყოს. ხშირად ის გენეტიკურად გადაეცემა. ამ დეფექტების განვითარების რისკი მაღალია, თუ ისინი და-ძმას, მშობლებს ან სხვა ნათესავებსაც ჰქონიათ. ტუჩის ან სასის ნაპრალის გამომწვევი გენი შთამომავლობას გადაეცემა როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან.
ზოგჯერ ტუჩისა და სასის ნაპრალის განვითარება დაკავშირებულია ეკოლოგიურ ფაქტორებთან, ქალის მიერ განსაზღვრული მედიკამენტების მიღებასთან, თამბაქოსთან (თუ ორსული აქტიური ან პასიური მწეველია), ორსულობის დროს სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტთან. 

  • როდის იგებენ მშობლები ამ მანკების არსებობის შესახებ? შესაძლებელია თუ არა მათი აღმოჩენა წინასწარი კვლევებით?

– ტუჩისა და სასის ნაპრალს ორსულობისას ულტრაბგერითი კვლევით აღმოვაჩენთ. წინასწარ განისაზღვრება მისი მდებარეობაც, ისიც, დეფექტი ცალმხრივია თუ ორმხრივი და სხვა. ბუნებრივია, ტუჩის ნაპრალი უფრო ადვილი შესამჩნევია.

  • ხომ არ ამბობენ მშობლები ბავშვზე უარს დიაგნოზის გაგების შემდეგ?

– ჩვენთან დიაგნოზი უმეტესად ორსულობის მეოთხე-მეხუთე თვეს ისმება, როდესაც ნაყოფი უკვე საკმაოდ დიდია, მაგრამ არც ერთ ორსულს, რომელიც ჩემთან ამ პრობლემით მოსულა, თუნდაც მცირე ვადაზე, შვილზე უარი არ უთქვამს. მართალია, პირველი ინფორმაცია შოკის მომგვრელია, მაგრამ, სამაგიეროდ, მშობიარობის შემდეგ უკვე მზად არიან ასეთი ბავშვის მისახედად.

  • სახელდობრ, რა პრობლემებს აწყდებიან სასისა და ტუჩის დეფექტების მქონე ბავშვთან?

– ტუჩისა და სასის ნაპრალი იწვევს კვების პრობლემებს, სტომატოლოგიურ ანომალიებსა და მეტყველების დარღვევას, იშვიათად – შუა ყურში ექსუდატის დაგროვებას და სმენის დაქვეითებას.
სასა ერთგვარი საზღვარია პირისა და ცხვირის ღრუებს შორის. სასის ნაპრალის მქონე ბავშვებს უფრო მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე ტუჩის ნაპრალის მქონეებს. ასეთ პატარებს უჭირთ წოვა, რადგან პირის ღრუში ჰერმეტული გარემო ვერ იქმნება. მათ სპეციალური საწოვარათი კვებავენ, რომელიც ღრმად თავსდება პირის ღრუში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ტრაგედია, ჯანმრთელი ბავშვების უმეტესობაც საწოვარათი იზრდება. მნიშვნელოვანია, დედამ, ვიდრე სამშობიაროდან გაეწერება, ისწავლოს კვების სწორი ტექნიკა, ექიმმა კი ბავშვის წონა აკონტროლოს. 
ტუჩისა და სასის დეფექტს ხშირად ახლავს თან კბილების პრობლემებიც: თანკბილვის ანომალია, პატარა კბილები, ზოგიერთი კბილის არარსებობა, დამატებითი კბილი, კბილების არასწორი განლაგება, ღრძილის ან ალვეოლური მორჩის დეფექტი. ამ პრობლემებს ორთოდონტი აგვარებს. 
მეტყველების პრობლემები უმთავრესად სასის ნაპრალის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ. ასიდან 15-20 შემთხვევაში დარღვევა შესაძლოა პლასტიკური ჩარევის შემდეგაც დარჩეს. უმთავრესად ეს არის ცხვირისმიერი ბგერები, რასაც ლოგოპედიური ჩარევა გამოასწორებს. 

  • განსაკუთრებულად ხომ არ უძნელდებათ ასეთ ბავშვებს მეტყველების გამართვა?

– ეს თავად ბავშვზეა დამოკიდებული, თუმცა უმეტესად პრობლემა სასკოლო ასაკამდე გვარდება.

  • ტუჩისა და სასის ნაპრალი გონებრივ განვითარებასთანაც ხომ არ არის ასოცირებული?

– თუ ნაპრალი სხვა დაავადებას (მაგალითად, ცერებრულ დამბლას) არ ახლავს, გონებრივ განვითარებას ის არ აფერხებს. პირიქით, ბავშვები, რომლებსაც ჩვენ ხელში გაუვლიათ, საკმაოდ გონიერები არიან და, ჩვენი დაკვირვებით, ხშირად სიმღერისა და უცო ენებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებაც აქვთ.
მინდა, თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ ეს თანდაყოლილი დეფექტები გაცილებით ნაკლებსაშიშია, ვიდრე გულის თანდაყოლილი მანკები, მაგრამ ვიზუალური ეფექტისა და ხალხში დამკვიდრებული სტიგმის გამო მათ განსაკუთრებით უფრთხიან. მშობლებს რცხვენიათ ბავშვის შინიდან გამოყვანა, სანამ პლასტიკურ ოპერაციას არ გაუკეთებენ.

  • რა ასაკში ტარდება პლასტიკური ოპერაცია?

– ტუჩის ნაპრალის აღსადგენი ოპერაცია უმეტესად უკეთდებათ სამიდან ექვს თვემდე ასაკის ბავშვებს. სასის ნაპრალის აღმოსაფხვრელად ქირურგიულ ჩარევას, ტრადიციისამებრ, წლინახევრის ასაკში მიმართავენ. მშობელს, ცხადია, ეჩქარება, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზოგჯერ ოპერაციის გადადება გვიხდება. ორნახევარი წლისთვის ყველა ჩარევა დამთავრებულია. თუმცა ასაკი მკაცრად არ არის განსაზღვრული, საჭიროების შემთხვევაში ოპერაცია უფრო დიდი ბავშვებისთვისაც გაგვიკეთებია. ის ზოგადი ანესთეზიის ფონზე კეთდება და მისი ხანგრძლივობა არ აღემატება 2-2,5 საათს. 

  • რაკი ოპერაციას ასეთ პატარებს უეკთებთ, ალბათ, მშობლებს ანესთეზიისა ძალიან ეშინიათ...

– რა თქმა უნდა, ეშინიათ. ჩვენც ვშიშობთ და ვფრთხილობთ, ამიტომ წინასწარ ყველა შესაძლო გამოკვლევას ვატარებთ, თანაც საქმეს ძალიან გამოცდილ ანესთეზიოლოგს ვანდობთ. 

  • სახელდობრ, რა კეთდება პლასტიკის დროს და როდის არის საჭირო განმეორებითი ოპერაცია?

– იმის მიხედვით, როგორია ტუჩის ნაპრალი – ცალმხრივი თუ ორმხრივი, მთლიანი თუ ნაწილობრივი, სხვადასხვაგვარია ოპერაციული მიდგომაც. არსი ის გახლავთ, რომ ნაკვთის მთლიანობას აღვადგენთ, თუმცა ოპერაციის შემდეგ ზედა ტუჩზე რჩება ნაწიბური, ზოგჯერ – ნაზი, ზოგჯერ – უხეში, კანის ინდივიდუალური თვისებების კვალობაზე. სასის ნაპრალის პლასტიკის დროს სასის კუნთების შეკავშირებით ვქმნით საზღვარს სასასა და ცხვირს შორის. 
რთული დეფექტის დროს ხშირად შეუძლებელია ოპერაციის ერთ მომენტად წარმოება. ამ შემთხვევაში მშობლებმა იციან, რომ ბავშვს რამდენიმე რეკონსტრუქციული ოპერაცია დასჭირდება. 
პლასტიკური ოპერაცია ბავშვს შეუძლია მერეც გაიკეთოს, როდესაც გაიზრდება და მოისურვებს, ნაწიბური ნაკლებშესამჩნევი გახადოს, შეიცვალოს ტუჩისა თუ ცხვირის ფორმა ან მიმართოს ექიმს ორთოდონტიული საჭიროების გამო.

  • როგორი რეაბილიტაცია სჭირდებათ ბავშვებს ოპერაციის შემდეგ?

– მოზრდილებისგან განსხვავებით, ბავშვები კარგად იტანენ ყოველგვარ ოპერაციას, მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროა სარეაბილიტაციო ღონისძიებებიც. უპირველესად – იმისთვის, რომ სახეზე ნაწიბური ნაკლებად შესამჩნევი იყოს. კელოიდების ჩამოყალიბების პრევენციისთვის ვნიშნავთ გამწოვ საშუალებებს. 
საყურადღებოა კვება, ოპერაციის შემდეგ ბავშვი კოვზით უნდა ვკვებოთ, 7-10 დღე არ შეიძლება საწოვარას გამოყენება. დედებს ვურჩევთ, პატარა ოპერაციამდე მიაჩვიონ კოვზით კვებას, რომ არ იუცხოონ და არ გაღიზიანდნენ. 

  • კორექციის შემდეგ, გარდა ნაწიბურისა, სხვა ნაკვალევიც ხომ არ რჩება? 

– არა, მაგრამ დატვირთული რჩება ასეთი ბავშვების გენეტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს მანკები მომდევნო თაობებსაც გამოაჩნდეთ – მეორეს, მესამეს, მეოთხეს მაინც. წინათ ასეთ ბავშვებს ხშირად ტოვებდნენ ბავშვთა სახლებში, რცხვენოდათ მათი, ოპერაციის შემდეგ კი მათ სხვები იშვილებდნენ ხოლმე. ახლა ამ მიზეზით იშვიათად ტოვებენ, თუმცა თითო-ოროლა შემთხვევა მაინც არის. მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც, სირთულეთა მიუხედავად, ასეთი ბავშვების შვილად აყვანაზე უარს არ ამბობენ. 
***
თუ თქვენი შვილი ნაპრალით დაიბადა
პლასტიკური ჩარევის მიუხედავად, ვიდრე ბავშვი სრულყოფილად ამეტყველდება, ზოგჯერ თავს იჩენს სოციალური, ფსიქოლოგიური თუ განათლების პრობლემები, მაგრამ მათაც ისევე უნდა მოექცეთ, როგორც სხვა ბავშვებს:

  • ნუ დასვამთ აქცენტს ნაპრალზე, ნუ ჩათვლით, რომ ბავშვს “დაღი” აქვს.
  • ეცადეთ, თქვენს სახლში მუდამ იყოს თბილი, კეთილგანწყობილი, სასიამოვნო ატმოსფერო, სადაც თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ ღირსებებს დაუფარავად აღინიშნავთ.
  • დაეხმარეთ მეგობრების შეძენაში, მიეცით პირადი მაგალითი.
  • აღნიშნეთ სხვა ადამიანების დადებითი თვისებები, რომლებიც გარეგნობას არ უკავშირდება.
  • მიეცით ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა. თუ მცირე ასაკში თვითონ შეარჩევს ტანსაცმელს, მომავალში მზად იქნება უფრო სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

თუ ბავშვს აბრაზებენ და დასცინიან არასწორი გამოთქმისა თუ ნაწიბურის გამო, მოუსმინეთ მის გულისწუხილს, მასთან ერთად შეიმუშავეთ ურთიერთობის დამყარების სტრატეგია. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი გულახდილი იყოს თქვენთან. ხოლო თუ მას თვითშეფასების ან სხვა ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, ჯობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: