გენმოდიფიცირებული პროდუქტები

გააზიარე:

X produqcts
რას გვიქადის გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები
სულ ათიოდე წელია, გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები ბაზარზე გამოჩნდა, მაგრამ მასზე უკვე იმდენი ტყუილ-მართალი ითქვა, რომ თავსა და 
ბოლოს ვერ გაუგებ. მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ლამის ხელჩართული ომი გამართეს. ზოგი დამშეული აფრიკელი ბავშვების სურათებს გვიტრიალებს ცხვირწინ და გვპირდება, რომ ამ გზით ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის სასურსათო პრობლემას, ზოგი კი გვაშინებს, ისინი თვით ჩვენს არსებობას ემუქრება და ცოტა ხანში მიწის პირიდანაც კი გაგვაქრობსო.

ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკულ გასტრონომებში პროდუქტების 70-75% ასეთ მცენარეთა ინგრედიენტებს შეიცავს, ჩვენს რაციონში მათ წილის შესახებ კი მიახლოებითი მონაცემებიც არ არსებობს. და მაინც, მოდით ვცადოთ და გავარკვიოთ, რას წარმოადგენს გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები, როგორ ქმნიან მათ ან რა სიკეთეს თუ სიავეს გვიქადიან ისინი.

გზა ძველი და ნაცადი
სელექცია – სასურველი თვისებისა თუ ატრიბუტის მქონე მცენარისა თუ შინაური ცხოველის გამოყვანა – ადამიანმა, ვგონებ, გამოქვაბულიდან გამოსვლისთანავე დაიწყო. თუნდაც ცნობილი მიჩურინის ვაშლი გავიხსენოთ: გირვანქანახევრიანი იყო თუ ნახევარგირვანქიანი, ისტორიაში სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი თავის გამომყვანს. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, ამ ხილის დნმ (ნივთიერება, რომლითაც ბუნება ჩვენს მემკვიდრეობას წერს და რომელიც გენების მთავარი კომპონენტია) მისი წინაპრების გენეტიკური კოდისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ასეთი ცვლილების მისაღწევად მრავალწლიანი შრომა, სხვადასხვა ჯიშის შეჯვარება და სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური ზემოქმედების შედეგად შემთხვევით მომხდარი მუტაციის (ცვლილების) ლოდინი იყო საჭირო. ეს მეთოდი რუსული რულეტის თამაშს ჰგავს – სასურველი გენები არასასურველთან ერთად გადაეცემა, რაიმე თვისების შეძენას შეიძლება მეორის დაკარგვა სდევდეს თან, ზოგჯერ კი გენები ისეა ერთმანეთთან გადახლართული, რომ ღირსებათა და ნაკლოვანებათა ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან ჭირს.

მემკვიდრეობის ინჟინრები
დიდი ხანია, ამ წმინდა ტექნიკურმა პროფესიამ მედიცინასა და ბიოლოგიაშიც მოიკიდა ფეხი. მიღწევებიც თვალსაჩინოა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მილიონობით დიაბეტიანი ხარისხიან ინსულინს გენურ ინჟინერიას უნდა უმადლოდეს. ახალი მემკვიდრეობა არც მცენარეებს დაამადლეს – 1977 წლიდან მოყოლებული, როცა პირველად მოახერხეს, სასურველი გენი მშობლების გვერდის ავლით ეჩუქებინათ მცენარისთვის, ბიოლოგები საკმაოდ გაიწაფნენ. მიჩურინისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ, ცდის ობიექტს პირდაპირ, წინაპრების შეუწუხებლად შესძინონ ესა თუ ის თვისება. თევზის გენები მცენარეებს ციმბირის ყინვების გაძლებას ასწავლის, ბაქტერიებისა – ქიმიკატებისა და მავნებლების მიმართ გამძლეს გახდის და ასე უსასრულოდ... თანაც გვიმტკიცებენ, ძველი სელექციონერების გზას განვაგრძობთ, ეს არის, თუ მათ შემთხვევითი მუტაციების ლოდინი და მათი გამყარება უწევდათ,  ჩვენი სავალი ბევრად უფრო მოკლე და პირდაპირიაო. თუმცა ამ პირდაპირ და მოკლე გზაზეც  უამრავი დაბრკოლებაა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი უჯრედი ყველა გენს შეიცავს. ცისფერი თვალების განმსაზღვრელ გენს კანშიც წააწყდებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, თმის ღერშიც, მაგრამ თავის მოვალეობას ის მხოლოდ თვალის ფერად გარსში ასრულებს, ყველა სხვა უჯრედში კი მშვიდად განისვენებს და კანის ან ღვიძლის ცისფრად შეღებვა აზრადაც არ მოდის. ასე რომ, სასურველ გენთან ერთად მცენარეს მისი გამოყენების ინსტრუქციაც სჭირდება. უფრო ზუსტად, საჭიროა გენები, რომლებიც ორგანიზმს ახალი ცილის სინთეზის დაწყებასა და დამთავრებას უბრძანებს. ამ ჩამრთველ-გამომრთველს მეცნიერები პრომოტორსა და ტერმინატორს უწოდებენ. ამჟამად ყველაზე ცნობილი პრომოტორი ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკის ვირუსი გახლავთ (სწორედ მისი ლაბორატორიული აღმოჩენა მიუთითებს ამა თუ იმ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის არსებობაზე. მეთოდი საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ ტექნიკურად შესაძლებელი), თუმცა არც ეს არის საკმარისი; პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება შესაძლებელი რომ იყოს, ამ სამეულს მარკერიც უნდა დაუმატონ. ეს უფრო ხშირად ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიმართ გამძლეობის გენი გახლავთ. ყველა ეს აგრეგატი საკმაო რაოდენობით სჭირდებათ, ამიტომაც კლონირებისთვის მათ ბაქტერიებს გადასცემენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ისინი მცენარის გენეტიკურ კოდში ჩანერგონ.


+/- არითმეტიკა

გენური ინჟინერიის მომხრეთა მთავარი არგუმენტი მშიერთა დაპურებაა. ხუმრობა ხომ არ არის – XX საუკუნის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა 1.5-დან 6 მილიარდამდე გაიზარდა, 2020 წელს კი 8 მილიარდს მიაღწევს. სახნავ-სათესად გამოსადეგი და ასათვისებელი მიწები თანდათან ილევა. სხვა გზა არ არის, გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი სიმინდი ყოველთვის შვიდ-შვიდ ტაროს გამოისხამს. სწორედ ასეთ გარანტიას გვაძლევს გენეტიკური ინჟინერია (თუ, საერთოდ, შეიძლება, ცოცხალ სამყაროში რამეში 100%-ით ვიყოთ დარწმუნებულნი). 
თუმცა სხვაგვარი გამოთვლებიც არსებობს. აი ერთ-ერთი მათგანი: 1994 წელს სასურსათო მრეწველობა დღეში 2350 კალორიით 6,4 მილიარდი კაცის გამოკვებას შეძლებდა, თუმცა 1 მილიადზე მეტს საკვები აკლია. ასე რომ, დროა გავარკვიოთ, რა ხდება: შიმშილობა არსებობს, პროდუქტების დეფიციტი კი არა. თანაც ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ მოსავლიანობის გაზრდის ტრადიციულ მეთოდებს შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავს.
გეცოდინებათ, როგორ ავლებს მუსრს კოლორადოს ხოჭო ჩვენს საყვარელ კარტოფილს. წარმოიდგინეთ, რომ მივიღეთ ისეთი ჯიში, რომელიც ამ მავნებელს მშიერს დატოვებს. პრეცედენტი უკვე არსებობს – ჰავაელ ფერმერებს სწორედ ასე გადაურჩინეს პაპაიას მოსავალი. თანაც მხოლოდ მავნებლებზე როდია საუბარი; შეიძლება გამოვიყვანოთ მცენარეები, რომლებიც გაუძლებს ტემპერატურის ცვალებადობას, გვალვას, ტრანსპორტირებას, უფრო მეტხანს გაძლებს დახლზე, უფრო მდიდარი იქნება ვიტამინებით, შეწვისას ნაკლებ ცხიმს შეიწოვს და წერწეტა წელს არ გაგიფუჭებთ...
სამწუხაროდ, სინამდვილე ხშირად გვიცრუებს იმედს. მეთოდის მოწინააღმდეგენი ერთხმად ამტკიცებენ, ტრანსგენური პროდუქტების მოყვანა უფრო ძვირი ჯდება (თუნდაც იმიტომ რომ თესლის ყოველწლიურად ყიდვაა საჭირო), ნაკლებად მომგებიანი და საიმედოაო. ამერიკული სტატიკის მონაცემებზე დაყრდნობით იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ჰერბიციდ გამძლე სოიას ამერიკის 6 შტატში 30%-ით მეტი ჰერბიციდი დასჭირდა. სარეველებიც მალევე იძენენ გამძლეობას ამ ქიმიკატის მიმართ. თანაც ასეთი მცენარეები ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანია, ამიტომაც შეიძლება, ეკოსისტემათა წონასწორობა დაარღვიოს და ზოგიერთი მცენარე თუ ცხოველი გადაშენების პირას მიიყვანოს.

ყველაზე მტკივნეული საკითხი
ეკოსისტემა ეკოსისტემად, მაგრამ ჯერ თავო და თავოო... ჩვენც ყველაზე მეტად ის გვადარდებს, როგორ გავლენას მოახდენს ეს პროდუქტი ჩვენს ჯანმრთელობაზე. აშშ-ში, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების მოყვანისა და გასაღების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს  (პირველი ნებართვა აქ 1994 წელს გასცეს), საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ (FDA) 50 ასეთი პროდუქტი ისევე უსაფრთხოდ მიიჩნია, როგორც მათი ტრადიციული გზით მოყვანილი ნათესავები. იმდენად უსაფრთხოდ, რომ ეტიკეტზე შესაბამისი წარწერის გაკეთებასაც კი არ მოითხოვს (განსხვავებით ევროკავშირისგან, სადაც თუ GM ინგრედიენტების რაოდენობა 0.9%-ს აღემატება, ეტიკეტზე აღნიშვნა აუცილებლად უნდა იყოს). თუმცა, ოპონენტების აზრით, სიმშვიდის საფუძველი მაინც არ გვაქვს. გრძელვადიანი მიზანმიმართული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა მოსალოდნელ რისკზე საუბარი უკვე შეიძლება:
ალერგიული რეაქციები. თუ, ვთქვათ, ალერგიული ბრძანდებით არაქისის მიმართ, დაავადება შეიძლება გამოიწვიოს პომიდორმაც, რომლის გენომშიც არაქისის გენები შეიყვანეს. მეტიც – გენეტიკური მოდიფიკაციების დროს ხშირად იყენებენ ისეთი ორგანიზმების პროტეინებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა ჩვენი კვებითი ჯაჭვის ნაწილი და, ამის კვალობაზე, არც მათი ალერგენული თვისებების შესახებ ვიცით რამე.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა. მარტივად რომ ვთქვათ, არის საშიშროება, რომ მოსანიშნად განკუთვნილმა გენებმა ერთხელ უკვე გავლილი გზა გაიარონ და მცენარიდან ჩვენს ნაწლავებში ჩაბუდებულ ბაქტერიებში ამოყონ თავი.
მთვლემარე ვირუსების გააქტიურება. მოგეხსენებათ, საკვები ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შემადგენელ აგურებამდე უნდა დაიშალოს. სწორედ ამის იმედი აქვთ ტრანსგენური პროდუქტების მწარმოებლებს. საქმე ის არის, რომ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, დნმ-ს შემადგენლობა ყველა ორგანიზმს ერთნაირი აქვს. მემკვიდრეობას მხოლოდ მისი ცალკეული მონაკვეთების თანმიმდევრობა ქმნის. რა საშიშიც არ უნდა მოგეჩვენოთ სიტყვა, მისი ცალკეული ასოები ჩვენში არავითარ ემოციას არ ბადებენ. მაგრამ საქმე არც ისე მარტივად ყოფილა. ორიოდე წლის წინ ნორვეგიელმა მეცნიერებმა ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკის ვირუსი შეუცვლელი სახით იპოვეს საცდელი ცხოველების ქსოვილთა უჯრედებში. შეგახსენებთ, ეს მძლავრი პრომოტორია, რომელსაც თითქმის ყველა გენმოდიფიცირებულ პროდუქტში უცხო გენის ასამუშავებლად იყენებენ.  ესე იგი, მას ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი უმოქმედო დნმ-ის გააქტიურება შეუძლია, ეს კი შეიძლება სხვადასხვა საშიში ვირუსი ან ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები აღმოჩნდეს...

ასეა თუ ისე, სადღეისოდ არსებული მონაცემებით ვერც ხელაღებით უარვყოფთ ასეთ პროდუქტებს და ვერც მშვიდად შევეგუებით მათ ფართო გავრცელებას. დროა საჭირო, რომ უფრო მეტი მონაცემი დაგროვდეს, მანამდე კი სჯობს, ის მაინც ვიკითხოთ, რას ვჭამთ ანუ იმპორტირებულ გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს ეტიკეტზე შესაბამისი აღნიშვნა ჰქონდეს.

გააზიარე: