მავნეა თუ არა ქოლესტეროლი

გააზიარე:

ალბათ მიეჩვიეთ, რომ ყოველ გაზაფხულს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებზე საუბრით ვხვდებით. ეს არც არის გასაკვირი: თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი ყველაზე მეტად სწორედ წელიწადის ამ დროს ხშირდება. სისხლძარღვებზე საუბრისას კი უმალვე ის ბერძნული სიტყვა წამოყოფს ხოლმე თავს, არავისთვის რომ აღარ არის უცხო და ექიმები რამდენიმე წელია ისევე გვაშინებენ, როგორც ბავშვობაში გუდიანი კაცით.
პირველ რიგში სახელთან დაკავშირებულ დავიდარაბაში გავერკვიოთ. ვაჟბატონი 200 წლის წინათ აღმოაჩინეს 
ნაღველში და ადგილის პატივსაცემად ქოლესტერინი უწოდეს. მოგვიანებით გაირკვა რომ, სპირტების კლასს ეკუთვნის, ამიტომაც, ყველა წესის თანახმად, მისი სახელი -ოლზე უნდა მთავრდებოდეს. 1900 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ლიტერატურაში ასეც იხსენიებენ. გამონაკლისი მხოლოდ რუსულენოვანი (უფრო ზუსტად, საბჭოთა) სკოლა აღმოჩნდა, თუმცა დღეს უკვე რუსულ და, სხვათა შორის, ქართულ ლიტერატურაშიც ისმის მოწოდებები, შევუერთდეთ მსოფლიოს და მოძველებულ და არაკორექტულ ტერმინზე უარი ვთქვათ.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც მანქანებით ორგანიზმიდან მთელი ქოლესტეროლი გავაქრეთ. იმავე წუთში, არც მეტი, არც ნაკლები, სრული ქაოსი დაისადგურებს  აღარ გვექნება არც ერთი ჰორმონი – არც სტეროიდული, არც ანტისტრესული, არც ანთების საწინააღმდეგო, არც წყალმარილოვანი ცვლის მარეგულირებელი და არც, თქვენ წარმოიდგინეთ, სასქესო. შეწყდება ესოდენ აუცილებელი D ვიტამინის სინთეზი. ცხიმებს საერთოდ ვეღარ ავითვისებთ, ვინაიდან ნაღვლის მჟავები აღარ გვექნება. ნერვულ სისტემაში რა მოხდება, ღმერთმა იცის. იმპულსის გატარება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოლესტეროლის დონის შემცირებისას IQ 49%-ით მცირდება. პირველი სიგნალი მხედველობის გაუარესება იქნება – ტვინი ბუნდოვან, თითქოსდა გადარეცხილ სურათს მიიღებს, რადგან კოლბებს, ჩხირებს (თვალის მგრძნობიარე რეცეპტორებს) და მხედველობის ნერვს ქოლესტეროლის გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ, ამას კი დარღვევების მთელი კასკადი მოყვება. ქოლესტეროლის დაბალი დონე სეროტონინის – დადებით ემოციებზე პასუხისმგებელი ჰორმონის – გამომუშავების შემცირებასაც იწვევს, ისე რომ, აპათია, მელანქოლიის შეტევები, დეპრესია შესაძლოა ქოლესტეროლის უკმარისობის გამოვლინებაც იყოს.
საბედნიეროდ, უკიდურესზე უკიდურესი ვეგეტარიანული დიეტაც რომ დავიცვათ, ამ დღეში მაინც არ ჩავცვივდებით. ქოლესტეროლის  80%-ს ორგანიზმი თვითონვე ასინთეზებს. თვითრეგულაციის მექანიზმიც ენერგიულად მუშაობს: თუ საკვებს ზომაზე მეტი ქოლესტეროლი მოჰყვა, ორგანიზმში მისი წარმოქმნა შემცირდება და პირიქით. ამითაც აიხსნება, რომ ყველაზე მკაცრი ანტიათეროგენული დიეტაც კი ქოლესტეროლის დონეს სულ 10-12%-ით თუ ამცირებს. აღარაფერს ვიტყვით ქოლესტეროლის სხვადასხვა ფრაქციაზე. ესეც თვითრეგულაციის დახვეწილი მექანიზმი გახლავთ. მოკლედ, ქოლესტეროლი ყველაფერს აკეთებს, ჯანის სიმრთელე რომ შეგვინარჩუნოს, ვიდრე ჩვენ თვითონ არ გადავალთ ყოველგვარ ზღვარს. 
მთავარი ბრალდება, რომელსაც ქოლესტერინს უყენებენ, ათეროსკლეროზია. შეგახსენებთ: ამ დროს უადგილო ადგილას, არტერიების კედლებზე, ჩნდება ცხიმოვანი ფოლაქები. თუმცა სისხლძარღვის შევიწროებული სანათური პრობლემის მხოლოდ ნაწილია. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი მთლიანად დაახშოს. თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ინფარქტი განვითარდება, თუ ტვინის სისხლძარღვებში – ინსულტი.
თუმცა მთელი ამ უსიამოვნების მხოლოდ ქოლესტერინისთვის დაბრალება დაახლოებით იგივეა, ხანძრის გაჩენაში კვამლი დავადანაშაულოთ. დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ ათეროსკლეროზი ორგანიზმის ცვლილებათა შედეგია, რომლებსაც გენეტიკური და აუტოიმუნური ბუნება აქვს. თანაც ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ათეროსკლეროზზე ბევრი რამ ვიცით. ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები გვაუწყებს, რომ საწყის სტადიებზე თვითონ ფოლაქიც დამცველობით ფუნქციას ასრულებს და ლორწოვანის დაზიანებული უბნის ერთგვარი საკერებლის როლშიც კი გამოდის (სენსაციად ნუ ჩათვლით. ამ ნაშრომისთვის ავტორმა 1985 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო).
ნამდვილად არ ვაპირებთ, ქოლესტერინი, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გავამართლოთ. ხორცის მოყვარულ ქვეყნებში ინფარქტიც და ინსულტიც ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე იქ, სადაც მცენარეული საკვები უფრო უყვართ. სტატისტიკოსებმა ისიც გამოთვალეს, რომ სისხლში 200მგ/დლ-ის შემდეგ ქოლესტეროლის დონის ყოველი 50 მგ/დლ-ით გაზრდისას ინფარქტის საფრთხე ორჯერ იმატებს.
რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ისიც ფაქტია, რომ ქოლესტეროლის დონის მომატება ათეროსკლეროზის მხოლოდ ერთ-ერთი რისკფაქტორია. სისხლძარღვებს არანაკლებ აზიანებს თამბაქოს კვამლი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, რკინის სიჭარბე, A და D ვიტამინების დეფიციტი... აღარაფერს ვამბობთ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე.

როგორც ხედავთ, ექიმებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ დასადგენი და გასარკვევი, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ და გულისა და სისხლძარღვების დასაცავად არაფერი ვაკეთოთ. თუ დავაკვირდებით, ათასგვარი კვლევა-ძიების შემდეგ კვლავ საწყისს ანუ ცხოვრების ჯანსაღ წესს ვუბრუნდებით. სტრესთან ბრძოლა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობა, ნორმალური წონის შენარჩუნება – ეს ის აგურები გახლავთ, ჯანის სიმრთელისთვის რომ არის საჭირო. ხაზს განსაკუთრებით ამ უკანასკნელს გავუსვამთ. ჭარბი წონა და ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა ხშირად მხარდამხარ დადიან, ასე რომ, მაინცდამაინც ამ უკანასკნელს ნუ გამოვეკიდებით. ხშირად ზეთის ქილაზე თავს იწონებს წარწერა “ქოლესტეროლი – 0%”. არადა რა უნდა ამ ქიმიურ ნივთიერებას მცენარეულ პროდუქტში?! იმავე წარმატებით შეგვიძლია, შაქარს, ბანანსა თუ კარტოფილს ანალოგიური წარწერა გავუკეთოთ.
საჭიროა თუა არა სიფრთხილე ქოლესტეროლთან? რა თქმა უნდა. ისე კი, ახლა, დიდმარხვის წინ, თავისთავად გვახსენდება, რომ ჩვენი ეკლესიაც წელიწადში დაახლოებით 200 დღის განმავლობაში სრულიად უქოლესტერინო საკვებზე გადასვლას გვირჩევს. უამრავი კირკიტისა და უკიდურესობის გადალახვის შემდეგ, სავარაუდოდ, მედიცინაც იმავე დასკვნამდე ანუ ბალანსის დაცვასა და ოქროს შუალედამდე მივა.

გააზიარე: