ყველაზე მამაკაცური დანაკლისი

გააზიარე:

ყველაფრის აღნუსხვის მოყვარულმა ამერიკელებმა გამოთვალეს, რომ 4-დან 5 მილიონამდე მათ თანამემამულეს (ბუნებრივია, მხოლოდ ძლიერ სქესს ვგულისხმობთ) უმნიშვნელოვანესი მამაკაცური ჰორმონი საკმარისი ოდენობით არ მოეპოვება.
რა ხდება საქართველოში, ამის თაობაზე ზუსტი ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ მსოფლიო პრობლემა გვერდს აგვივლიდა და ჩვენებურ მამაკაცებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ მეტი ეცოდინებათ, ვიდრე ბრიტანელებს ან იაპონელებს, ამიტომ დღეს მამაკაცურ ჰორმონზე, მის ნაკლებობასა და დანაკლისის შევსების გზებზე ვისაუბრებთ.
ტესტოსტერონი მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონი გახლავთ. მისი დამსახურებაა, ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც ძლიერ სქესს სუსტისგან განასხვავებს. ყმაწვილკაცობისას სათესლეებისა თუ სასქესო ასოს გადიდებას, სახესა და ბოქვენზე თმის ამოსვლას, ხმის დაბოხებას, სიმაღლეში ზრდას, კუნთოვანი მასისა და ძალის მატებას სწორედ იგი განაპირობებს, გარდა ამისა, მამაკაცს მთელი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე უნარჩუნებს სქესობრივ ლტოლვას, სპერმატოზოიდების წარმოქმნას, თმიანობის მამაკაცურ ტიპს, კუნთოვან და ძვლოვან მასას.
ყოველივე ამის შემდეგ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რით ვლინდება ჰორმონის ნაკლებობა. ეს შეიძლება აღმოჩნდეს სქესობრივი ლტოლვის შემცირება, ერექციული დისფუნქცია (ძველი ტერმინი იმპოტენცია უზუსტობისა და კატეგორიულობის გამო უარყოფილია), სპერმის ხარისხის გაუარესება, უნაყოფობა, მკერდის გაზრდა. არ არის გამორიცხული, ისეთივე სიმპტომებმაც იჩინოს თავი, ქალებს რომ აწუხებთ მენოპაუზის დროს: ალებმა, გაღიზიანებადობამ, კონცენტრაციის დაქვეითებამ, დეპრესიამ.
თუ ტესტოსტერონის წარმოქმნა მეტისმეტად და დიდხანს შეფერხდა, მამაკაცს შესაძლოა სხეულზე ბუსუსები გასცვივდეს, კუნთები დაუპატარავდეს და დაუსუსტდეს, ძვლები უფრო მყიფე და ადვილად მსხვრევადი გაუხდეს, სათესლე ჯირკვლებიც დაუპატარავდეს და დაურბილდეს.
ტესტოსტერონი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში წარმოქმნილი ძალიან მცირე ნაწილის გარდა, სათესლეების შრომის ნაყოფია. რამდენი ჰორმონია საჭირო და როდის, ესეც გულდასმით კონტროლდება. მისი წარმოქმნის გამაძლიერებელ ნივთიერებებს ტვინის ფუძესთან მდებარე პატარა ჯირკვალი ჰიპოფიზი გამოიმუშავებს, მას კი გააქტიურებისა და მოდუნებისკენ მეზობლად მყოფი ტვინის უბანი ჰიპოთალამუსის მიერ წარმოქმნილი ჰორმონები უბიძგებს. ასე რომ, თვითონაც მიხვდებით – ნებისმიერ რგოლში დარღვევა ტესტოსტერონის დონეზე აისახება.
თქვენი ისტორიის მოსმენისა და გასინჯვის შემდეგ ექიმი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტესტოსტერონის დონის დადგენას მოინდომებს. არ გაგიკვირდეთ, თუ ლაბორატორიაში ვიზიტი უჩვეულო დროს დაგიგეგმეს – ჰორმონის დონე დღის განმავლობაში იცვლება. ტესტოსტერონი ორგანიზმში ყველაზე მეტი დილაობით ყოფილა. ექიმები სისხლის აღებას უმეტესად სწორედ ამ დროს ურჩევენ. თუმცა საერთო დონის განსაზღვრა საკმარისი არ გახლავთ. საქმე ის არის, ტესტოსტერონის მხოლოდ 2% პროცენტი დასეირნობს სისხლში თავისუფლად, დანარჩენი კი სისხლის ცილებს ჰყავთ ჩაბღუჯული, ნაწილი – ერთს, ნაწილი – მეორეს. ერთ-ერთი მათგანი, როცა საჭიროა, ჰორმონს ადვილად ელევა, მეორე კი ჯორივით ჯიუტობს, ასე რომ, სასქესო ჰორმონის თითქმის 40%, როგორც იტყვიან, გინდ ყოფილა, გინდ არა – თავის საქმეს ვერ აკეთებს და არაფერში გარგიათ.
ბუნებრივია, ასევე შეამოწმებენ ჰიპოფიზისა და ჰიიპოთალამუსის ჰორმონების ოდენობას. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ დარღვევის მიზეზი სწორედ იქ არის საძებნელი, უფრო მეტი გამოკვლევის ჩატარება დაგჭირდებათ.
მემკვიდრეობითი პათოლოგიის დასადგენად გენეტიკურ გამოკვლევებს ატარებენ.
გჭირდებათ თუ არა ჩანაცვლებითი თერაპია, წამლის რომელი ფორმა (აბები, ნემსები, პლასტირები, გელი, ლოყის ფირფიტები) გირჩევნიათ ან რომელი გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი, ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. მსოფლიოში ასეთი თერაპია უკვე წლებია ტარდება და თუ კვლევებს დავუჯერებთ,
. აუმჯობებს ლიბიდოს;
. ერექციულ ფუნქციას; 
. გუნება-განწყობილებას (მცირდება დეპრესია, დაღლილობა, შფოთვა);
. ზრდის ძვლის სიმკვრივესა და კუნთოვან მასას.

გააზიარე: