ვირჩევთ თხილამურებს

გააზიარე:

თხილამური გაცილებით ადრე გამოიგონეს, ვიდრე მიხვდებოდნენ, რამხელა სიამოვნებაა სრიალი. შვედეთში არქეოლოგებმა 4500 წლის წინანდელი სათხილამურო აღჭურვილობა აღმოაჩინეს, თუმცა გამოქვაბულების მოხატულობა გვაფიქრებინებს, რომ თოვლზე სასიარულო მოწყობილობას უფრო ადრეც
იყენებდნენ. ქვეყნებში, სადაც დედამიწას თეთრ საბანში გახვეულს თვეობით სძინავს, მონადირეებსა თუ მოგზაურებს გადაადგილებაში ეს ფართო და მოკლე დაფები და ერთი დიდი ჯოხი ეხმარებოდა. სათხილამურო სპორტის ზუსტ ასაკს კი ვერავინ გვეტყვის, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს – ეს უკვე კლასიკაა.

სად ვიპოვოთ სასრიალო ადგილი, როგორ გავხედნოთ ეს ორი ურჩი ფიცარი, როგორ შევარჩიოთ შესაბამისი აღჭურვილობა და როდიდან ვაზიაროთ შვილები თხილამურებით სრიალის ხელოვნებას? – აი, ამ კითხვებით მივმართეთ მსოფლიოში ცნობილი ფირმების “ელანის”, “ფიშერის”, “დალბელოს”, “ბრიკოს” ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია “მოგზაურის” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერსდავით ჩხეიძეს.

სად ვსრიალებთ
ქართველებს საკმაოდ კარგი სათხილამურო ტრადიციები გვაქვს, არც სახელოვანი ოსტატები გვაკლია და არც ბრწყინვალე კურორტები. ბაკურიანმა ნაძვნარის, მზისა და თოვლის შერწყმით უკვე რა ხანია მიიქცია ზამთრის სპორტის მოყვარულთა ყურადღება. არც ისე დიდი ხნის წინ მთელი საბჭოთა კავშირის ნაკრები სწორედ აქ ემზადებოდა მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის.
ბუნებამ კიდევ ერთი უნიკალური კურორტით დაგვაჯილდოვა. ეს გუდაურია. მსოფლიოში  ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება 3000 მეტრის სიმაღლეზე ისრიალოთ და დედაქალაქს 100 კმ-ითაც კი არ დაშორდეთ. გერმანიაში უახლოესი სამთო-სათხილამურო კურორტი დედაქალაქიდან 500 კმ-ზეა, შვეიცარიაში – 200 კმ-ზე.
ამხელა სიმდიდრეს, სასურველია, მეტი ყურადღება ექცეოდეს. აქ ჩამოსული უცხოელები აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის თოვლი ევროპაშიც კი ძნელი მისაგნებია, თუმცა ტრასების კეთილმოწყობისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. საბედნიეროდ, სასიკეთო ძვრებიც შეიმჩნევა, თუნდაც  გუდაურში ახლახან გახსნილი ღამის ტრასა. საზღვარგარეთის ზამთრის კურორტებმა დიდი ხანია, ასეთი ტრასები მოაწყვეს. მართლაც, როცა დასასვენებლად ხარ ჩასული, სასურველია, ღამითაც შეგეძლოს არ მოწყდე საყვარელ გასართობს.
სათხილამურო ტრასები, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შესაბამისად არის კლასიფიცირებული. მათ რუკებს სასტუმროებში მოგაწვდიან.
მწვანე ტრასა დამწყებთათვის და სწავლის მსურველთათვის არის განკუთვნილი. უკეთ, ეს ტრასა კი არა, ფართო, გაშლილი, ოდნავ დაქანებული ფერდობია მონიშვნების გარეშე. ლურჯი ფერით იოლი ტრასა აღინიშნება, წითლით – საშუალო სირთულის, შავი ფერით აღნიშნული ფერდობი კი მხოლოდ ექსპერტებისთვისაა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სათხილამურო სპორტი საკუთარი თავის მაქსიმალურად ზუსტ შეფასებას მოითხოვს. ეს საკმაოდ ტრავმული სპორტია, ამიტომაც დაივიწყეთ ტრადიციული ქართული ქედმაღლობა და რთულ ტრასებს მხოლოდ მაშინ შეეჭიდეთ, როცა საკუთარ თავში საამისო ძალას და ოსტატობას იგრძნობთ.
სრიალის სწავლა არასდროს არის გვიან. პირადად მე სულ რამდენიმე წლის წინ დავდექი თხილამურებზე. თუმცა უდავოა, რომ ეს სპორტი ნებისყოფას, ინსტიქტური შიშის გადალახვას მოითხოვს. ამიტომაც ლოგიკურია, პირველი ნაბიჯები გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით გადადგათ. ახალბედასთვის ჩვეულ სირთულეებს ასე უფრო სწრაფად გადალახავთ. სხვაგვარად შეიძლება საშვილიშვილოდ დაკარგოთ თხილამურებზე დადგომის ხალისი.
რაც შეეხება აღჭურვილობას, სწავლისას ნაქირავებიც გამოგადგებათ, ოღონდ აუცილებლად ხარისხიანი. საკუთარი აღჭურვილობის დაკომპლექტება მერეღა დაიწყეთ, როცა მწარე მოგონებები უკან დარჩება და გადაწყვეტთ, თხილამურებს თქვენს ცხოვრებაში სამუდამო ადგილი მიუჩინოთ.

ვირჩევთ თხილამურს
ბევრი პირდაპირ ყველაზე ძვირფას თხილამურებს ყიდულობს, ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ფინანსური დანახარჯები იქით გადავდოთ; ვთქვათ, მანქანის მართვის შესწავლა გადაწყვიტეთ; უსწრაფეს სპორტულ ავტომობილზე ხომ არ შეაჩერებთ არჩევანს?
პირველ ყოვლისა, საკუთარი ოსტატობის დონის შეფასება მოგიწევთ: ახალბედა ხართ, საშუალო დონის მოყვარული თუ ექსპერტი, თუმცა ეს ქართველებისთვის საკმაოდ რთულია – ჩვენ ხომ ყველაფერი “ძალიან კარგად” ვიცით.
 დამწყებთა კატეგორიაც რამდენიმე სეგმენტად არის დაყოფილი. განსხვავება თხილამურების სიხისტეშია. რაც უფრო რბილია თხილამური, მით უფრო იოლად გვპატიობს შეცდომებს, ნაკლებად ტვირთავს სახსრებსა და კუნთებს და, შესაბამისად, ნაკლებად სწრაფია.
პროფესიონალიზმთან ერთად იმატებს თხილამურის სიხისტეც. ამის კვალობაზე, იზრდება დატვირთვა და სახსრებს, ამ შემთხვევაში – მუხლებს, მეტი ბიძგის ამორტიზება უხდებათ. სამაგიეროდ, ასეთი თხილამურები მეტ თავდაჯერებას გვძენს, მეტი სისწრაფისა და უკეთესი მანევრირების საშუალებას გვაძლევს.
ყურადღება მიაქციეთ სამაგრებსაც. ისინიც რამდენიმე კატეგორიისაა: სამოყვარულო, ნახევრად პროფესიონალური და პროფესიონალური. რაც უფრო იმატებს მოთხილამურის ოსტატობა, მით უფრო იზრდება დატვირთვა სამაგრზე და მოთხოვნა, დაცემის შემთხვევაში მეტ დატვირთვას გაუძლოს.
ძალიან კარგი ხარისხის კომპლექტის (თხილამურების, სამაგრების, ჯოხების) ღირებულება დამწყები მოთხილამურისთვის 700 ლარიდან იწყება, პროფესიონალისა კი სამჯერ და მეტად ძვირიც შეიძლება ღირდეს.
ყველა კატეგორიის თხილამურს თავისი ფეხსაცმელი შეესაბამება. ზოგიერთი კომპანია, მაგალითად, “დალბელო”, მხოლოდ ფეხსაცმელს აწარმოებს, ზოგი კი, მათ შორის – “ფიშერი”, “ატომიკი” – ორივეს ერთად. ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს შეგრძნებებზე. ზოგიერთი კომპანიის ფეხსაცმელი სამოყვარულოც კი ხისტია, ზოგისა, პირიქით, პროფესიონალისაც რბილი. ამიტომ სჯობს, თვითონვე შეარჩიოთ, მოირგოთ და რამდენიმე ხანს გეცვათ, რათა ზუსტად გაარკვიოთ, რომელი გჭირდებათ. ერთი კლიენტისთვის ფეხსაცმლის შერჩევას საშუალოდ 30-40 წუთს მაინც ვანდომებთ. ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა არ დაიზიანოთ.
თხილამურების მოყვარულებს არ უნდა დაგავიწყდეთ სათვალე. არსებობს სათვალეები ღამით, ნისლში თუ მზეზე სასრიალოდ. არსებობს უნივერსალური სათვალეც. ყველას სხვადასხვა ფილტრი აქვს. ფასიც, შესაბამისად, სხვადასხვაა.
უსათვალოდ სრიალი უბრალოდ არ შეიძლება. სრიალის დროს ჰაერში ტრიალებს ყინულის უწვრილესი კრისტალები, რომლებსაც ვერ ვგრძნობთ, მაგრამ 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოხვედრისას თვალის რქოვანას აზიანებს. აღარაფერს ვიტყვი ულტრაიისფერ სხივებზე, რომელთაგან დაცვა მხოლოდ კანს კი არა, თვალსაც სჭირდება. შუშის სათვალის ხმარება არაფრით არ შეიძლება – ერთი წაქცევა და შეიძლება, თვალი დავკარგოთ.
გასათვალისწინებელია ტანსაცმელიც. ბებიის მოქსოვილი წინდების დრო წავიდა. სერიოზული და ხანგრძლივი სრიალისთვის ყველაფერი, რაშიც სხეული სველდება, უნდა გამოვრიცხოთ – მზეც რომ კაშკაშებდეს, კურორტზე ტემპერატურა, ჩვეულებრივ, -7ºC-ია. გაოფლიანებული და გახურებული ამას ვერ იგრძნობთ, სახსრებისა თუ სხვა რამის ტკივილი მერეღა შეგახსენებთ თავს.
მოთხილამურის თანამედროვე ტანსაცმელი მსუბუქია, ოფლს აორთქლებს, თანაც ტენი მასში გარედან ვერ აღწევს. 

ნორჩი მოთხილამურენი
სრიალის შესასწავლად 3-4 წელი საუკეთესო ასაკია. პატარები ადვილად ეუფლებიან ახალ ილეთებს, არ ეშინიათ, თავიანთ ინსტინქტებს კი არ ეჭიდავებიან, მიჰყვებიან. 20-25 წლის ადამიანი იმაზე ფიქრობს, არ წაიქცეს, ამიტომაც დაძაბული და დაჭიმულია, ბავშვი კი წონასწორობას ადვილად ინარჩუნებს. ცოტა უფრო მოზრდილებისთვის სპორტსკოლები შეკრებებს აწყობენ. ეს შესანიშნავი გზაა, რომ ბავშვი გაკაჟდეს, სრიალი ისწავლოს, თანატოლებთან ურთიერთობას, დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. თანაც ეს ყველაფერი – შედარებით მოკრძალებულ ფასად. (თორმეტდღიანი შეკრება სამჯერადი კვებით და სრული ეკიპირებით 220 დოლარი ღირს).
იმის წყალობით, რომ რამდენიმე კომპანიის დისტრიბუტორები გავხდით, შევძელით, სპორტსკოლებისთვის კარგი პირობები შეგვეთავაზებინა. ჩვენი მიზანი იყო, ბავშვებს კარგ თხილამურებზე დადგომა შესძლებოდათ და არა რამდენიმე წლის ნახმარსა და გაცვეთილზე, რომელსაც რესურსი უკვე ამოწურული აქვს და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას არ გვაძლევს. მწვრთნელებიც აღნიშნავენ, რომ ახალთახალი თხილამურებით ბავშვები სულ სხვა შედეგებს გვაჩვენებენ.
დაბოლოს, ყველა მშობელს მსურს ვთხოვო, დაიცვას სიფრთხილის ერთი აუცილებელი ზომა: როგორც კი ბავშვი მეტ-ნაკლებად სწრაფად დაიწყებს სრიალს,  აუცილებლად დაახუროს ჩაფხუტი (მოზრდილს რისკის შეფასება თავად შეუძლია). დამერწმუნეთ, ამ დროს წაქცევა ან ვინმესთან დაჯახება მოტოციკლეტიდან ჩამოვარდნას უდრის. რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ბავშვებს ჩაფხუტი არ ეხურათ.

გააზიარე: