შროშანი (Convallaria transcaucasica)

გააზიარე:

შროშანი გაზაფხულის მომასწავებელია, ამიტომ წარმართულ ეპოქაში მას იმ ქალღმერთებს უკავშირებდნენ, რომლებიც წელიწადის ამ მშვენიერ დროს მფარველობდნენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც, როგორც ჩანს, ქრისტიანულად სახეცვლილი მითია, შროშანად ქცეულა წმინდა გიორგის
გველეშაპთან შერკინებისას მიწაზე დაცემული სისხლის წვეთები. მეორე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ანალოგიური მეტამორფოზა განუცდია ბერძენთა ნადირობის ქალღმერთის ოფლს, როდესაც არტემიდა მტერს თავქუდმოგლეჯილი გაურბოდა.
მრავალ ქვეყანაში შროშანს განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან. საფრანგეთში მას დღესასწაულიც კი, რომელიც ყოველი წლის მაისის პირველ კვირას იმართება. 1967 წელს კი შროშანი ფინეთის ეროვნულ სიმბოლოდ იქნა აღიარებული. ამ ყვავილის გამოსახულება ამშვენებს გერმანიის ქალაქ ვეილერის, ნორვეგიის ქალაქ ლუნერისა და შვედეთის ქალაქ მელერუდის გერბებს.

შროშანი მდიდარია სხვადასხვა ნივთიერებით: ფლავონოიდებით, საპონინებით, ალკალოიდებით, ვაშლის, ლიმონის, ასპარაგინის მჟავებით, – მაგრამ მასში ყველაზე მეტი მაინც საგულე გლიკოზიდია. ეს ქიმიური ნაერთი განსაზღვრული დოზით სამკურნალო თვისებების მატარებელია, სიჭარბე კი ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
საგულე გლიკოზიდების წყალობით შროშანის ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები გულის ისეთი დაავადებების დროს გამოიყენება, როგორიც არის მიოკარდიტი, გულის უკმარისობა, კარდიოსკლეროზი. შროშანზე დამზადებული ზოგიერთი პრეპარატი დამამშვიდებელ ეფექტსაც ახდენს. გლიკოზიდების მცირე დოზა გულის მუშაობას ასტიმულირებს, მაგრამ მათი სიჭარბის დროს ვითარდება ძლიერი არითმია და გულის ელექტრული გამტარობის ბლოკადა.
ასე რომ, შროშანის ნაყენისა თუ ნახარშის მომზადებისა და მიღებისას ყურადღებასა და სიფრთხილეს გირჩევთ. შროშანის გლიკოზიდებით მოწამვლის ნიშნებია: გულისრევა და ღებინება, ფაღარათი, თავის ძლიერი ტკივილი, პულსის შესუსტება, მხედველობის გაუარესება, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მცენარის შხამი საკმაოდ ბევრია იმ წყალშიც, რომელშიც შროშანი დევს.
შროშანის ნაყენი ასე მზადდება:
. აიღეთ 10 გ შროშანის ყვავილი, 20 გ კამის ნაყოფი, 30 გ პიტნის ფოთოლი და 40 გ კატაბალახას ფესვი. 10 გ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურული მომინანქრებული ჭურჭლით 15 წუთი ადუღეთ წყლის ორთქლზე. გადაწურეთ და კვლავ წამოადუღეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 1/4-1/3 ჭიქის გულის იშემიური დაავადების დროს.
. აიღეთ 1 ს. კ. შროშანის ღერო (ფოთლებითურთ), დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ნახევარი საათი და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ს. კ. დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე ნერვული აშლილობის, ჩიყვის, საერთო სისუსტის დროს.
სპირტხსნარის მომზადების წესი კი ასეთია: დააყენეთ მცენარე 70%-იან სპირტზე თანაფარდობით 1:5. მიიღეთ 15 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ჩიყვის დროს. ის ეფექტური შარდმდენი და მომაძლიერებელი საშუალებაც არის.

დაბოლოს, ერთი საინტერესო ინფორმაცია: რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო დონის სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა გერმანელი პროფესორების დასკვნა, რომ შროშანის სურნელი ორჯერ აჩქარებს სპერმატოზოიდის მოძრაობას. აქედან გამომდინარე, თუ სქესობრივი აქტის დროს ქალი მისი ექსტრაქტის შემცველ საცხს გამოიყენებს, ჩასახვის ალბათობა გაიზრდება.

გააზიარე: