შტოში (Oxycoccus quadripetalus Gilib)

გააზიარე:

ეს მცენარე ყვავილობას მაის-ივნისში იწყებს. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება და მისი მოკრეფა მომდევნო გაზაფხულამდე შეიძლება. 
შტოში უხვად (90%-მდე) შეიცავს წყალს, თუმცა მის სამკურნალო თვისებებს სხვა ნივთიერებები განაპირობებს. ესენია: ვიტამინები (C, B ჯგუფის 
თითქმის ყველა ვიტამინი, PP), მიკროელემენტები (ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი) და, რაღა თქმა უნდა, ცილები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, პექტინი, საპონინი, გლიკოზიდები.
შტოში დაბალკალორიული პროდუქტია, ასე რომ, კულინარიაში მისი გამოყენება თამამად შეგიძლიათ.
შტოში, გარდა იმისა, რომ წონის დაკლებაში გვეხმარება, ავლენს მადის მომგვრელ, ანტიბაქტერიულ, შარდმდენ, მატონიზებელ თვისებებს. მარგებელია გაციების, ანგინის, ბრონქიტის, მაღალი არტერიული წნევის, გლაუკომის, რევმატიზმის, ანემიის, კანის სხვადასხვა დაავადების, მაგალითად ფსორიაზის, ალერგიული გამონაყარის, ეგზემის დროს.
გაითვალისწინეთ: შტოშისგან მომზადებული სასმელები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდებული არ არის.
სამკურნალო მიზნით შტოში შეგიძლიათ ამგვარად მიიღოთ:
. შარდსასქესო სისტემის ინფექციის შემთხვევაში დღეში 3-ჯერ სვით 1-2 ს.კ. შტოშის ახალგამოწურული წვენი. 
. მაღალი სიცხის დროს მიირთვით შტოში ან სვით მისი წვენი.
. ანგინის დროს შტოშის წვენში გახსენით თაფლი და ყელში გამოივლეთ.
. თუ კანის დაავადებები, მაგალითად, შემომსარტყვლელი ლიქენი ან ეგზემა გაწუხებთ, კანზე შტოშის წვენის საფენების დადებას გირჩევთ. ეს მეთოდი ჭრილობის მოსაშუშებლადაც გამოგადგებათ.
. ფაღარათის დროს მოამზადეთ ასეთი ნახარში: აიღეთ შტოშის ფოთლებისა და ნაყოფის 2 ს.კ. ნარევი, დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი, მცირე ხანს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ და გაწურეთ. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ. 
შტოშის წვენი ასე მზადდება: ცოცხალი ან გაყინული ნაყოფი ხის კოვზით მსუბუქად დაჭყლიტეთ, მოათავსეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში ან თხელ ტომარაში და კარგად გაჭყლიტეთ. წვენი მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაწურეთ. დაამატეთ შაქარი (1 ლიტრზე – 200 გრამი), შედგით ნელ ცეცხლზე და წამოდუღებისთანავე გადმოდგით. გააგრილეთ, ბოთლებში გადაასხით და მჭიდროდ დაუცეთ თავი. გამოყენების წინ დაამატეთ შაქარი (3 ს.კ. წვენზე – 1 ს.კ.) ან თაფლი და დაასხით ცხელი ანადუღარი წყალი, კარგად მოურიეთ და გაგრილდება აცადეთ.
შტოშის სიროფი კი ასე შეგიძლიათ მოამზადოთ: ჩაყარეთ ნაყოფი მომინანქრებულ ჭურჭელში და მცირე ხნით შედგით ოდნავ გახურებულ ღუმელში. შემდეგ გაცერით. მოამზადეთ შაქრის სიროფი – 800 გ შაქარი 5-6 ჭიქა წყალზე – და ჩაასხით მასში შტოშის წვენი. შემდეგ 5-7 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე. პერიოდულად მოხადეთ ქაფი. როგორც კი გაგრილდება, ჩაასხით ბოთლებში და მჭიდროდ დაუცეთ თავი. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. 

გააზიარე: