ჭინჭარი (Urtica urens)

გააზიარე:

ამ მცენარის ხსენებაც კი კმარა, რომ მთელ ტანში ჭიანჭველებმა დაგვირბინოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ნივთიერებას, რომელსაც ჭინჭარი ასე უხვად შეიცავს 
და რომელიც გვსუსხავს, სწორედ ჭიანჭველას მჟავა ეწოდება.

ჭინჭარს, გარდა იმისა, რომ გვსუსხავს, მეტად სასარგებლო თვისებებიც აქვს. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ უხსოვარი დროიდანვე ალაპარაკდნენ. ავიცენა მისი მეშვეობით სისხლდენას აჩერებდა. XV საუკუნიდან ამ მცენარეს ფართოდ იყენებდნენ ფილტვისმიერი, კუჭნაწლავისმიერი და საშვილოსნოსმიერი სისხლდენის შესაჩერებლად. ამ უნიკალურ ეფექტს ჭინჭარი მასში უხვად შემავალ K ვიტამინს უნდა უმადლოდეს (ეს ვიტამინი ბევრია წაბლსა და ისპანახშიც). გარდა ამისა, შეიცავს C ვიტამინს, კაროტინს (A ვიტამინის წინამორბედს), B ჯგუფის ვიტამინებსა და ორგანულ მჟავებს.
სამკურნალოდ მცენარის ფოთლებს იყენებენ. მათი მოკრეფა სასურველია ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. ასე რომ, უკვე დროა შეათვალიეროთ ადგილები, სადაც ჭინჭარი ხარობს.
ჭინჭრის ნაყენი მარგებელია ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, ღვიძლისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადების, ბუასილის დროს. მეტად ეფექტურია ლაქტაციის გასაძლიერებლადაც.

ჭინჭრის ნაყენი ასე მოამზადეთ:
 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.
გარდა დასალევი ნაყენებისა, ჭინჭარი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში – იგი თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.  მართლაც, თუკი დაჰკვირვებიხართ, ყველა შამპუნი, რომელსაც თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ჭინჭარს ან ქინაქინას შეიცავს.

გააზიარე: