კუჭ-ნაწლავის პრობლემები ორსულებში

გააზიარე:

კუჭ-ნაწლავის ცხრათვიანი პრობლემები
ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის ნამდვილი გამოცდაა. ამ დროს გულიც რაღაც სხვაგვარად ძგერს, თითქოს სუნთქვის რიტმიც იცვლება... ერთისიტყვით, ორგანიზმი ერთობ დაძაბულ რეჟიმში მუშაობს. ცვლილებებს განიცდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიც. გულძმარვა, ყაბზობა ან დიარეა, მუცლის ტკივილი – აი, რა აწუხებს ორსულს, რომელსაც ამ ცხრა თვის განმავლობაში კომფორტი ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
გვესაუბრება ჩაჩავას სახელობის პერინატოლოგიური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ლია ფანჩულიძე

. ქალბატონო ლია, რამდენად ხშირია კუჭ-ნაწლავის პრობლემები ფეხმძიმობისას?
 – პრობლემა უდავოდ აქტუალურია. ჩვენი დაკვირვებით, ორსულთა ნახევარს ყაბზობა აწუხებს, შედარებით მცირე ნაწილს – დიარეა, ხოლო ორსულობის მესამე ტრიმესტრში ხშირია ბუასილის შემთხვევები.
 . რა იწვევს ყაბზობას ორსულობის დროს?
– ამ პერიოდში კუჭ-ნაწლავის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია მსხვილი ნაწლავის დისკინეზია გახლავთ. ზოგჯერ მას შეცდომით სპასტიკურ კოლიტსაც უწოდებენ, რაც სრულიად გაუმართლებელია, რადგან ამ დროს ნაწლავის ანთება კი არ მიმდინარეობს, არამედ მისი ფუნქციური დარღვევა ვითარდება.
განასხვავებენ დაავადების ანატომიურ და ფსიქოლოგიურ მიზეზებს.
ორსულობისას საშვილოსნო დიდება და ერთი მხრივ ნაწლავებს აწვება, ხოლო მეორე მხრივ – მცირე მენჯის ღრუს სისხლძარღვებს. ვითარდება ვენური 
სტაზი. ეს მსხვილი ნაწლავის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას აქვეითებს და პერისტალტიკას აუარესებს. შედეგად ვითარდება ყაბზობა, მწვავდება ჰემოროი.
როგორც აღვნიშნეთ, ყაბზობის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს ფსიქოგენური ფაქტორიც ასრულებს.
ორსულობას ყოველთვის სდევს თან გარკვეული ნერვული დაძაბულობა, მღელვარება, ემოციური ლაბილურობა, ფობია, ეს ყოველივე კი ნაწლავთა მოტორულ ფუნქციაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მსურს, თქვენი ყურადღება კიდევ ერთ თავისებურებაზე შევაჩერო. ნაწლავს ნეიროჰუმორული რეგულაციის სპეციფიკური აპარატი აქვს. ორსულობის დროს იმატებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით (სეროტონინით, აცეტილქოლინით, პროსტაგლანდინებით) ნაწლავთა რეცეპტორების გაღიზიანებადობის ზღურბლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნაწლავი ამ ნივთიერებათა ფიზიოლოგიური კონცენტრაციის მიმართ ტოლერანტული ხდება. ეს ყოველივე ბიოლოგიურად გამართლებულია, რადგან ნაწლავსა და საშვილოსნოს საერთო ინერვაცია აქვთ და ნებისმიერი ფაქტორი, რაც ნაწლავის პერისტალტიკას აძლიერებს, შეიძლება ორსულობის თავისთავადი შეწყვეტის მიზეზად იქცეს. ამგვარად, ნაწლავთა ჰიპოტონია ორსულისთვის ერთგვარი თავდაცვითი რეაქციაა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მას პათოლოგია – ნაწლავთა დისფუნქცია – მოჰყვება.
გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ალერგიულ, აუტოიმუნურ და ენდოკრინულ პროცესებს.
. კუჭ-ნაწლავის ფუნქციის კიდევ რა სახის დარღვევამ შეიძლება იჩინოს თავი ფეხმძიმობის დროს?
– ვებერის კლასიფიკაციით, გამოყოფენ კუჭ–ნაწლავის ფუნქციის მოშლის სამ კლინიკურ გამოვლინებას: ფუნქციურ ყაბზობას, ფუნქციურ დიარეასა და მტკივნეულობის სინდრომს. ყაბზობაზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება დიარეას, ის უმთავრესად ფერმენტოპათიით არის განპირობებული.
მტკივნეულობის სინდრომის დროს მთავარია დაავადების სწორი დიფერენცირება – მისი განსხვავება სხვა ექსტრაგენიტალური პათოლოგიებისგან. მაგალითად, ილიოცეკალურ მიდამოში ტკივილისას დიფერენციალური დიაგნოზი აპენდიციტთან ტარდება, ეპიგასტრიუმის არეში ტკივილისას – გასტრიტთან, პანკრეატიტთან, ქოლეცისტიტთან; თუ ქალს ბოქვენის მიდამოში აქვს ტკივილი – საშვილოსნოს ჰიპერტონუსთან.
. რა პრინციპით მკურნალობენ ორსულთა ყაბზობას?
– ნებისმიერი წარმოშობის ყაბზობის შემთხვევაში უმთავრესი მნიშვნელობა დიეტას ენიჭება. სასურველია, ორსულმა საკვები ძირითადად დღის პირველ ნახევარში მიიღოს, ხოლო ექვსი საათის შემდეგ, თუ მაინცდამაინც შიმშილმა თავი შეახსენა, მსუბუქად ივახშმოს: მიირთვას ხაჭო, ვაშლი და ა.შ.
საკვების მიღება საჭიროა მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად. ამავე დროს, შეეცადეთ, მენიუში უხვად იყოს მცენარეული საკვები (უმთავრესად – ხილი და ბოსტნეული). ის უჯრედისით არის მდიდარი და პერისტალტიკას უწყობს ხელს.
ზოგადად, ყაბზობის დროს მეტად ეფექტურია რძემჟავა პროდუქტები, მაგალითად, მაწონი, კეფირი. სასარგებლოა ჩირი, მისი ნაყენი (200 გ შავი ქლიავის ჩირს დაასხით 400 გ წყალი, მთელი ღამით დატოვეთ და უზმოზე მიიღეთ).
თუ პრობლემა ფსიქოგენურია, უთუოდ უნდა გამოვიყენოთ მცენარეული წარმოშობის სედაციური პრეპარატები.
. რას გვეტყვით დიარეის მკურნალობაზე?
– ამ შემთხვევაში უპირატესად ნაწლავთა ფლორის კორექციას ვახდენთ, ვმკურნალობთ მეტეორიზმს, ფართოდ ვიყენებთ ფერმენტულ პრეპარატებს.
. ცნობილია, რომ საჭმლის მონელების დარღვევა ორსულთა ტოქსიკოზის დროსაც იჩენს თავს. რას ურჩევდით ქალებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს?
– ტოქსიკოზი უპირატესად პირველ ტრიმესტრში – ორსულობის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საფეხურზე – გვხვდება. ამ პერიოდში მიმდინარეობს ნაყოფის ორგანოგენეზი (ორგანოთა ფორმირება), ამიტომ მედიკამენტების დანიშვნა რეკომენდებული არ არის. პრობლემას უპირატესად ვიტამინოთერაპიით ვაგვარებთ.
. დასასრულ, რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან?
 – ორსული უნდა ერიდოს უარყოფით ემოციებს, შეიქმნას მშვიდი გარემო, კარგი განწყობა,ზუსტად შეასრულოს ექიმის მითითებები კვებისა თუ ცხოვრების რეჟიმის შესახებ. პრობლემების შესახებ დროულად აცნობოს მკურნალ ექიმს, რომელიც ყველაფერს იღონებს მოსალოდნელ გართულებათა თავიდან ასაცილებლად.
დედობა ღვთისგან ბოძებული დიდი ნიჭია, რომლისთვისაც მრავალ ცდუნებაზე უარის თქმა ნამდვილად ღირს.

გააზიარე: