როდის არის ორსულობა სარისკო

გააზიარე:

ზოგი ქალისთვის ორსულობა დიდი რისკია. მართლაც რომ დიდი. არა იმიტომ, რომ მშობიარობა მოულოდნელობებით არის აღსავსე. არც იმიტომ, რომ ზოგჯერ ორსულობა რთულდება...
ხდება ხოლმე, რომ მძიმედ (ან არცთუ ისე მძიმედ) დაავადებული ქალი ერთ მშვენიერ დღეს შეიტყობს, რომ მალე დედა გახდება. როგორ მოიქცეს? ინერვიულოს? გარისკოს? ამ კითხვებზე პასუხი გინეკოლოგს უთუოდ ექნება, მანამდე კი ამაზე ჩვენ გესაუბრებით.

გაუფრთხილდით გულს
ფეხმძიმობა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მეტისმეტი დატვირთვაა, თანაც სტრესი მთელი ცხრა თვე გრძელდება. სისხლის მოცულობა მთელი 40%-ით იზრდება, გული წუთში 30%-ით მეტ სისხლს გადატუმბავს. წარმოიდგინეთ, რამხელა ჯაფა დაადგება გულსა და სისხლძარღვებს, რომლებსაც მანამდეც ჰქონდა პრობლემები! რა ვიღონოთ ამ შემთხვევაში?
გულის მანკი სახიფათო დიაგნოზთა რეიტინგში ლამის პირველობს. მიუხედავად ამისა, მრავალი ქალი არად აგდებს ამ პრობლემას და დედობისთვის ემზადება. არსებობს ამ პათოლოგიის სხვადასხვა ნაირსახეობა. შესაბამისად, განსხვავებულია მიმდინარეობაც და პროგნოზიც. რიგ შემთხვევაში, როდესაც გულის ნაკლოვანება მეტისმეტად მძიმეა, ორსულობა დაუშვებელია, მსუბუქი დეფექტის დროს კი მოლოდინის ცხრა თვე სპეციალისტის მეთვალყურეობით, როგორც წესი, უსიამოვნებათა გარეშე ჩაივლის.
უთუოდ მიმართეთ სპეციალისტს, თუ: . იგრძენით, რომ სუნთქვა გიჭირთ;
. თავი იჩინა ძლიერმა შეშუპებამ;
. სწრაფად მოიმატეთ წონა;
. რამდენიმე დღეა (ან რამდენიმე საათია), გულისცემის აჩქარებას, ცვალებად პულსს მძაფრად შეიგრძნობთ;
. მოდუნებული ხართ, თვლემა გერევათ (თუმცა ძილი არ გაკლიათ), სწრაფად იღლებით;
. გულმკერდის არეში ტკივილს შეიგრძნობთ.
გულის მანკის არსებობისას ქალი უმეტესად ბუნებრივი გზით მშობიარობს – სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საკეისრო კვეთა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვაა, მაგრამ თუ რიგი გართულების გამო პაწია ქვეყნიერებას ბუნებრივი გზით ვერ მოევლინება, აუცილებლად ტარდება საკეისრო კვეთა.
არტერიული წნევის მომატება ორსულისთვის სასურველი რომ არ არის, იოლი მისახვედრია. ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვის განმავლობაში) არტერიული წნევა მეტწილად თავისთავად იწევს დაბლა და ქალს, რომელსაც დაორსულებამდე ჰიპერტენზია აწუხებდა, ეს პრობლემა დროებით ეხსნება, ორსულობის მეორე ნახევარში კი ჰიპერტენზია კვლავ იჩენს თავს. შესაძლოა, მძიმე გესტოზიც კი ჩამოყალიბდეს, რომელიც არა მარტო არტერიული წნევის მატებას, არამედ სხვა პათოლოგიურ ცვლილებებს, მაგალითად, შეშუპებას, შარდში ცილის გაჩენასაც იწვევს. მაღალი არტერიული წნევის ფონზე შესაძლოა დაირღვეს თავის ტვინის სისხლით მომარაგება. ეს მეტად საშიში მდგომარეობა, ამიტომ ორსულს, რომელსაც არტერიული ჰიპერტენზია აქვს, წნევის ხშირ კონტროლს ვურჩევთ.
ორსულობის დროს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა აუცილებელია, ხოლო მშობიარობა, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა სხვა პრობლემამ არ იჩინა თავი, ბუნებრივი გზით ხდება.

თუ გული გაწუხებთ:
. ნუ გადაიღლებით, ხშირად დაისვენეთ, წამოწექით და ეცადეთ, სასიამოვნო ფიქრებს მისცეთ თავი.
. აკონტროლეთ წონა – ზედმეტი კილოგრამები ხომ გულისთვის ექსტრა-დატვირთვაა!
. ერიდეთ მეტისმეტად ჩახუთულ გარემოს – სიცხე სისხლძარღვებს აფართოებს.
. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, მაგალითად, მოწევაზე.
. დაიცავით მედიკამენტის ის დოზა და მიღების ჯერადობა, რომელიც სპეციალისტმა შეგირჩიათ.
. კონსულტაციისთვის ხშირად ეწვიეთ ექიმს.

არტერიული ჰიპოტენზია ქალს პრობლემებს უმეტესად ორსულობის პირველ ნახევარში უქმნის, როდესაც  არტერიული წნევა ისედაც იწევს დაბლა. მისი გართულებები ჰიპერტენზიისას ჰგავს. ხშირია ვადაგადაცილებული ორსულობისა და  სამშობიარო ძალების სისუსტის შემთხვევები.
ორსულთა ჰიპოტენზიის დროს უმნიშვნელოვანესია ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგება, ვიტამინების მიღება. მშობიარობა ამ შემთხვევაშიც ბუნებრივი გზით ხდება. ვენების ვარიკოზული გაგანიერება ხშირად სწორედ ორსულობისას იჩენს თავს. ქვედა კიდურებზე გამოხატულ ვენურ ქსელს, ფეხების დაღლას, ტკივილს ორსული ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს, იმედი აქვს, რომ მშობიარობის შემდეგ ყველაფერი გაივლის და ყურადღებას თითქმის არ აქცევს. სინამდვილეში ვენების ვარიკოზული გაგანიერება ხელწამოსაკრავი დაავადება არ გახლავთ, დაბერილ სისხლძარღვებს სათანადო ყურადღება სჭირდება.
თუ ვარიკოზისკენ ბრძანდებით მიდრეკილი, გირჩევთ, ორსულობის დადგენისთანავე შეიძინოთ და მშობიარობამდე ატაროთ სპეციალური ელასტიკური, კომპრესიული ტრიკოტაჟი (გეტრები, წინდები), ერიდოთ დიდხანს ჯდომას და ფეხზე დგომას, ჯდომისას კი ფეხები მაღლა შემოაწყოთ. რაც მთავარია, არამც და არამც არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.


სხვა რისკები

ბრონქული ასთმა. ზოგჯერ დაავადება ორსულობისას უფრო მეტად მძიმდება, თუმცა ხშირად პირიქითაც ხდება – მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

სტატისტიკის მიხედვით, ასთმიან ქალთა მეოთხედს ორსულობის დროს მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნება, ხოლო ამდენივეს – გაუარესება.

მკურნალობა ორივე შემთხვევაში იმავე სქემით მიმდინარეობს, როლითაც ორსულობამდე (ძირითადად – ინჰალაციის სახით).
ასთმური შეტევა ნაყოფის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, არ იწვევს მის ჰიპოქსიას (ჟანგბადოვან შიმშილს). ჟანგბადის დეფიციტს მხოლოდ მომავალი დედის ორგანიზმი განიცდის.
თუ ორსულის მდგომარეობა შესამჩნევად დამძიმდა და ასთმური შეტევები გახშირდა, შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობა დაიწყოს.

პიელონეფრიტი თირკმლის ფიალების ანთებაა, რომელსაც მათში ჩასახლებული მიკროორგანიზმები იწვევენ. თუ თირკმელებიდან შარდის გადინება რაიმე მიზეზით შეფერხდა, ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური პირობები იქმნება. სწორედ ასე ხდება ორსულობისას: ნაყოფი აწვება შარდსაწვეთებს, რომლებითაც თირკმელებიდან, უფრო ზუსტად, თირკმლის ფიალებიდან შარდი შარდის ბუშტში ჩაედინება. შედეგად შარდი ფიალებში გუბდება და ბაქტერიებიც მრავლდება. 
თუკი ქალს ქრონიკული პიელონეფრიტი აქვს, ორსულობისას მის გამწვავებას უნდა ელოდოს, რეგულარულად იკეთოს ანალიზები და თვალყური ადევნოს საკუთარ ჯანმრთელობას: ტკივილი წელის არეში, სხეულის ტემპერატურის მატება, შარდში ცილისა და ბაქტერიების მომრავლება თირკმლის ანთებით ცვლილებაზე მეტყველებს.
ადეკვატური მკურნალობის ფონზე ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, უყურადღებობის შემთხვევაში კი მოსალოდნელია ნაყოფის ინფიცირება.
მეტად საშიშია მდგომარეობა, როდესაც  პიელონეფრიტთან ერთად  ქალს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა ან სულაც ერთადერთი თირკმლის პიელონეფრიტი. ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები ქალს ორსულობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

შაქრიანი დიაბეტი – ორსულობისას ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელ თავისებურებათა შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ ამჯერად ამ საკითხს ორიოდე სიტყვით შევეხებით.
გინეკოლოგები განასხვავებენ დიაბეტის ორ ფორმას: პრეგესტაციურს, რომელიც დაორსულებამდე ვლინდება და გესტაციურს, რომელიც მხოლოდ ორსულობისას იჩენს თავს და ამიტომ ორსულთა დიაბეტსაც უწოდებენ.
დიაბეტიანი ქალისთვის დაორსულება ერთგვარი რისკია, მაგრამ მუდმივი კონტროლის პირობებში სავსებით შესაძლებელია, ორსულობა ნორმალურად წარიმართოს. რაც შეეხება მშობიარობას, ასეთ ქალებს ხშირად საკეისრო კვეთას ურჩევენ, რათა დაზოგონ თვალი (ამ პათოლოგიის დროს ხშირად ყალიბდება დიაბეტური რეტინოპათია, რაც ბადურის ჩამოშლის საშიშროებას ქმნის), თირკმელები და, რაც მთავარია, ნაყოფი, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დროს მეტწილად ნორმაზე დიდია და ტრავმირების საფრთხე ემუქრება. 

გააზიარე: