სავალდებულო კვლევები ორსულებში

გააზიარე:

იყო დრო, როდესაც ქალების უმეტესობა ერთ ან ორ შვილს სჯერდებოდა. საბედნიეროდ, დღეს გაცილებით ხშირად შეხვდებით მესამე და მომდევნო ბავშვის მომლოდინე დედას. ორსულობის მონიტორინგისთვის საჭირო გამოკვლევების ნაწილს სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს.
    გვესაუბრება სამედიცინო ცენტრი “ესთერის” ექიმი გინეკოლოგი ნონა ქუშაშვილი:
   
პირველი ვიზიტი ქალს ორსულობის მე-12 კვირას უწევს, როდესაც ორგანოგენეზი (ორგანოების ფორმირება) უკვე დასრულებულია და ნაყოფი, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, ვიზიტი უფრო ადრეც შედგეს. ორსულობის დადასტურება 3-4 კვირის ვადაზე შეიძლება. მენსტრუაციის გადაცდენისას ქალები უმთავრესად თვითონვე იტარებენ ორსულობის დამადასტურებელ ტესტს და თუ ტკივილს, ღებინებას ან გამონადენს არ უჩივიან, ექიმთან კიდევ რამდენიმე კვირას არ მიდიან. არადა, სჯობს, ადრევე მოგვმართონ, ვინაიდან არსებობს პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომლებიც ორსულმა მე-12 კვირამდე უნდა ჩაიტაროს, მაგალითად, მიიღოს ფოლიუმის მჟავა, რომელიც აუცილებელია ნაყოფის  ნერვული ღეროს ჩამოყალიბებისთვის.    ორსულისთვის სავალდებულო პირველ ვიზიტზე (ის მე-13 კვირას არის გათვალისწინებული) კეთდება აუცილებელი ანალიზები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის გამოკვლევა რეზუსფაქტორზე, შიდსზე, ვასერმანზე (სიფილისის დიაგნოსტიკისთვის). ამ ჩამონათვალს ბოლო დროს დაემატა გამოკვლევა B ჰეპატიტზე. ასევე, ტარდება საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია და შარდის საერთო ანალიზი. ამავე ვიზიტზე ორსული იღებს თერაპევტისა და, რაღა თქმა უნდა,  ექიმ გინეკოლოგის კონსულტაციას, იხსნება ანკეტა და პოლისი. როდესაც ყველა ანალიზის პასუხი ცნობილია, ორსულს, საჭიროებისამებრ, ვაძლევთ დანიშნულებას. 
   
ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა პირველი ვიზიტის დროს სამწუხაროდ, უფასო არ არის, თუმცა ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად პაციენტს ამ კვლევას მაინც ვუტარებთ. უფასო ექოსკოპიური კვლევა ქალს მეორე ვიზიტზე ეკუთვნის, რომელიც ორსულობის მეოცე-ოცდამეორე კვირას არის გათვალისწინებული. მეორე ვიზიტის დროს უფასოა ასევე ექიმის კონსულტაცია. ერთხანს სახელმწიფო სტანდარტი სისხლში შაქრის განსაზღვრასაც ითვალისწინებდა, რაც ნამდვილად საჭირო კვლევაა, მით უმეტეს, როდესაც ქალი გენეტიკურად არის განწყობილი შაქრიანი დიაბეტის მიმართ, მაგრამ ახლა ამ კვლევის თანხას ორსული იხდის. ასევე, საჭიროა სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა, ვინაიდან მე-12 დან 30-ე კვირამდე (სწორედ ამ პერიოდში ფინანსდება ეს გამოკვლევა) მრავალ ორსულს ანემია უვითარდება. ასე რომ, ქალს ამ კვლევასაც ვუნიშნავთ.
   მესამე ვიზიტი ორსულობის 30-ე კვირაზე მოდის. ამ დროს, გარდა ჰემოგლობინისა, უფასოა შარდში ცილის განსაზღვრაც, ვინაიდან მესამე ტრიმესტრში მეტია პრეეკლამფსიის განვითარების რისკი. ასევე, აუცილებელია პროთრომბინის განსაზღვრა, თუმცა ეს კვლევა ფასიანია.
   მეოთხე ვიზიტი ქალს ორსულობის 36-ე კვირას უწევს. ამ დროს სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს სისხლის ანალიზს ჰემოგლობინზე და შარდის ანალიზს.
ჩვენთან მრავალშვილიან (4 და მეტი შვილის პატრონ) დედებს გამონაკლისის სახით ეკუთვნით დამატებითი უფასო ექოსკოპია მათთვის საჭირო დროს. ასევე უფასოდ ვუკეთებთ სისხლის გამოკვლევას შაქარსა და პროთრომბინზე. იმავე გამონაკლისს ვუშვებთ სოციალურად დაუცველი ორსულებისთვისაც.
  რაც შეეხება ვაუჩერს, ორსულობის 22-ე კვირიდან ქალს ვაძლევთ ფორმა №27-ს და ვგზავნით დასაქმების ცენტრში, საიდანაც მოაქვს ფორმა №2, რომელსაც სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად სადაზღვევო კომპანიას ვაწვდით. დაახლოებით 2 კვირაში იქიდან გვიგზავნიან 200-ლარიან ვაუჩერს. ქალებს, რომლებიც სიღატაკის ქვედა ზღვარზე  იმყოფებიან და აქვთ სპეციალური პოლისი, სამშობიარო სახლში პირდაპირ ის პოლისი და პირადობის მოწმობის ქსეროასლი მიაქვთ.

გააზიარე: