მშობიარობის შემდგომი დეპრესია

გააზიარე:

სტატიას ტოპ-ნიუსით დავიწყებთ: ექვსი შვილის დედას, ქალბატონ ანჯელინა ჯოლი-პიტს, მშობიარობის შემდგომი დეპრესია ტანჯავს. მას შემდეგ, 
რაც ტყუპი – ვივიენ მარშელინი და ნოკს ლეონი შვა, საწოლიდან თავს ვეღარ სწევს. მცირე ხნით თუ წამოდგება და იმ დროსაც ჩხუბში ატარებს. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად წევს, როდი სძინავს – დაუძლეველი უძილობა აწუხებს. როგორც თვითონ ამბობს, ისე დასუსტდა, რომ ძლივსღა ახერხებს, პაწიებს ძუძუ აწოვოს და რძე რომ არ გაუშრეს, ცოტაოდენი სითხეც მიიღოს.
მშვენიერი ანჯელინას მშობიარობის შემდგომი დეპრესია მეუღლესთან ურთიერთობაზეც აისახა, თუმცა ქალების რისხვა შეგნებულად მიუდგა ცოლის ჭირვეულობას, მისთვის საზრუნავი რომ მოეკლო, დაავლო ორ შვილს – პაქსსა და მედოქსს ხელი და ვენეციის კინოფესტივალზე თან წაიყვანა.
სტატიას ამსიგრძე შესავალი ტყუილად როდი გავუკეთეთ. იმის თქმა გვინდა, რომ არსებობს ვერაგი პათოლოგია, რომელსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია ეწოდება. კაცმა რომ თქვას, რა დროს ცხვირის ჩამოშვებაა, როდესაც ქვეყნიერებას უსაყვარლესი ნამცეცა მოევლინა, მაგრამ…

როდის გვიტევს სევდა
ორსულის ჭირვეულობა ჰორმონებს ბრალდება და ნორმალურად ითვლება. მშობიარობის შემდეგ დეპრესია მეტწილად თავისთავად გაივლის, მაგრამ არც ის  არის გამორიცხული, სწორედ ამ დროს იჩინოს  თავი, უმეტესად – ბავშვის დაბადებიდან ოთხიოდე კვირაში, იშვიათად – მშობიარობისთანავე, ზოგჯერ კი – რამდენიმე თვის შემდეგ.
სპეციალისტთა მონაცემებით, მელოგინე (ახალნამშობიარევ) ქალთა  50-70%-ს დეპრესიის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება: იოლად ღიზიანდებიან, ჭირვეულობენ, ტირიან, უღონობას უჩივიან, _ მაგრამ სევდა რამდენიმე კვირაში თავისთავად გაივლის, რასაც მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ვერ ვიტყვით – მას მკურნალობა ნამდვილად სჭირდება.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების ალბათობა მეტია, თუკი:
. მრისხანების შეტევები, განწყობის უეცარი ცვალებადობა ორსულობამდეც გაწუხებდათ (უფრო სწორად, აწუხებდათ თქვენს ახლობლებს);
. მშობიარობის შემდგომი დეპრესია წინა ორსულობის შემდეგაც გქონდათ;
. თქვენს რომელიმე ნათესავს დეპრესია ტანჯავს;
. ორსულობის ან მშობიარობის დროს სტრესი განიცადეთ, მაგალითად, გადაიტანეთ ახლობლის ავადმყოფობა, გქონდათ მძიმე ან ნაადრევი მშობიარობა;
. ჯერ არ გამხდარხართ 20 წლის;
. ორსულობა მოულოდნელი და დაუგეგმავი აღმოჩნდა;
. ეწევით, თვითნებურად იღებთ ტრანკვილიზატორებს, ეტანებით ალკოჰოლს (თუნდაც სუსტ ლიქიორს);
. მარტოხელა დედა ბრძანდებით, მშობლების მხარდაჭერა გაკლიათ;
. განიცდით ფინანსურ ხელმოკლეობას.

დაფიქრდი, რას სჩადი!
უგუნებობასთან ერთად შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა ნიშნებმა:
. პაწიას მოვლა სიხარულს არ გგვრით, მისი მოფერების სურვილი არ გიჩნდებათ;
. არაფერი გახარებთ, მათ შორის – არც ის საჩუქარი, რომელიც აქამდე გულით გინდოდათ;
. ხელი დაგრიათ უმადობამ, სისუსტემ;
. ხალხთან კონტაქტს გაურბიხართ, უმეტეს დროს განმარტოებით ატარებთ;
. გაწუხებთ დანაშაულის განცდა;
. ფიქრობთ, რომ ჯანმრთელობა საკმაოდ შეგერყათ;
. ყველაფერი გაღიზიანებთ;
. ძილი დაგერღვათ – ან გამუდმებით გეძინებათ, ან რული არ გეკარებათ;
. საგრძნობლად გაქვთ დაქვეითებული მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი;
. ხშირად ფიქრობთ სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.

ვიდრე გადაწყვეტდეთ, რომ დეპრესია გტანჯავთ, კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ. მხოლოდ მას შეუძლია, მიაგნოს თქვენი უგუნებობის ნამდვილ მიზეზს და მკურნალობა დაგინიშნოთ. ხშირად დეპრესიის მსგავს ნიშნებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, მაგალითად, ჰიპოთირეოზი იწვევს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სისხლის გამოკვლევა ჰორმონულ ცვლაზე.

არსებობს კი გამოსავალი?
რა თქმა უნდა, არსებობს. მკურნალობა უმთავრესად მედიკამენტურია. შესაძლოა, ფსიქოთერაპიის სეანსებმაც გაჭრას.
გაითვალისწინეთ: თუ პაწიას ძუძუს აწოვებთ, არავითარი ანტიდეპრესანტის მიღება  არ შეიძლება.  

გააზიარე: