როდის არის ორსულობა სარისკო

გააზიარე:

ამჯერად გვსურს, იმ ქრონიკულ პათოლოგიებზე გესაუბროთ, რომლებიც ხშირად აწუხებთ შვილოსნობის ასაკის ქალებს, უფრო ზუსტად, თავისებურებებზე, რომლებიც ხსენებული პათოლოგიების ფონზე მიმდინარე ორსულობას ახასიათებს.
      არტერიული ჰიპერტენზია. “წნევა მაქვს!” – ამ ფრაზას მხოლოდ ასაკოვანი ქალბატონებისგან როდი გაიგონებთ; არტერიული ჰიპერტენზია ახალგაზრდა ქალებს შორისაც საკმაოდ გავრცელებულია.
     ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვის განმავლობაში) არტერიული წნევა თავისთავად ქვეითდება და ქალს, რომელსაც დაფეხმძიმებამდე ჰიპერტენზია აწუხებდა, ეს პრობლემა ერთხანს ავიწყდება. ფეხმძიმობის მეორე ნახევარში ჰიპერტენზია კვლავ იჩენს თავს და შესაძლოა, მძიმე გესტოზი ჩამოყალიბდეს, რომელიც, შესაძლოა, არა მარტო არტერიული წნევის მატებით, არამედ სხვა პათოლოგიური ცვლილებებით ― მაგალითად, შეშუპებით, შარდში ცილის გაჩენით და ა.შ. ― გამოვლინდეს.
     მაღალი არტერიული წნევის ფონზე შესაძლოა თავის ტვინის სისხლით მომარაგება დაირღვეს. ეს მეტად სახიფათო მდგომარეობაა. მისგან თავდასაცავად ორსულს, რომელსაც არტერიული ჰიპერტენზია აქვს, წნევის ხშირ კონტროლს ვურჩევთ.
     ორსულობის დროს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა აუცილებელია. ამ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემამ არ შეუშალა ხელი, მშობიარობა ბუნებრივი გზით წარიმართება.
     არტერიული ჰიპოტენზია ქალს უსიამოვნებას უპირატესად ორსულობის პირველ ნახევარში უქადის, როდესაც არტერიული წნევა ისედაც ქვეითდება. გართულებები ამ შემთხვევაში ჰიპერტენზიის ანალოგიურია. ამასთანავე, შეინიშნება ვადაგადაცილებული ორსულობისკენ მიდრეკილება და  სამშობიარო ძალების სისუსტე. ორსულთა ჰიპოტენზიის დროს ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგება, ვიტამინების მიღება. მშობიარობა ამ შემთხვევაშიც ბუნებრივად წარიმართება.
    ვენების ვარიკოზული გაგანიერება ― ხშირად ეს პრობლემა პირველად ორსულობისას იჩენს თავს. ვენური ქსელი ქვედა კიდურებზე, ფეხების სწრაფი დაღლა, ტკივილი ― ამ ყოველივეს ბევრი ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს, დარწმუნებულია, რომ მშობიარობის შემდეგ გაივლის და ჯეროვან ყურადღებას არც კი აქცევს. სინამდვილეში ვენების ვარიკოზული გაგანიერება არცთუ ისე უწყინარი დაავადებაა და სათანადო ყურადღება სჭირდება.
     თუ ვარიკოზისკენ ბრძანდებით მიდრეკილი, გირჩევთ, ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში სპეციალური ელასტიკური, კომპრესიული ტრიკოტაჟი (გეტრები, წინდები) ატაროთ, ერიდოთ დიდხანს ჯდომას და დგომას, ჯდომისას კი ფეხები შემაღლებულ საგანზე (მაგალითად, პუფზე, პატარა სკამზე) შემოაწყოთ და, რაც მთავარია, არამც და არამც არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
   გულის მანკები – ამ პათოლოგიის სხვადასხვა სახეობა არსებობს. განსხვავებულია მათი მიმდინარეობა და პროგნოზიც. როდესაც გულის ნაკლოვანება მეტისმეტად მძიმედ არის გამოხატული, ფეხმძიმობა დაუშვებელია, მსუბუქი დეფექტის დროს კი ექიმის (თერაპევტის, გინეკოლოგის) მეთვალყურეობით ფეხმძიმობა, როგორც წესი, გაურთულებლად მიმდინარეობს.
   მშობიარობა გულის მანკის არსებობისას ბუნებრივი გზით ხდება ― სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საკეისრო კვეთა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის კიდევ უფრო მეტ დატვირთვას წარმოადგენს, მაგრამ თუ გართულებათა გამო პაწიას ბუნებრივი გზით დაბადება შეუძლებელია, საკეისრო კვეთა ყოველთვის ტარდება.
   ბრონქული ასთმა. ორსულობისას მისი მიმდინარეობა ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმდება, ზოგჯერ კი პირიქით ხდება – მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. მკურნალობა ორივე შემთხვევაში ისეთივე სქემით მიმდინარეობს (უმთავრესად ― ინჰალაციის სახით), რომლითაც ფეხმძიმობამდე.
   ასთმური შეტევა ნაყოფს არ ვნებს, არ იწვევს მის ჰიპოქსიას (ჟანგბადოვან შიმშილს). ჟანგბადის დეფიციტს მხოლოდ მომავალი დედის ორგანიზმი განიცდის.
   პიელონეფრიტი თირკმლის ფიალების ანთებაა, რომელსაც მათში ჩასახლებული მიკროორგანიზმები იწვევენ. თუ თირკმელებიდან შარდის გადინება რაიმე მიზეზით შეფერხდა, ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემო იქმნება. სწორედ ასე ხდება ორსულობისას: ნაყოფი აწვება შარდსაწვეთებს, რომელთა მეშვეობითაც თირკმელებიდან, უფრო ზუსტად, ფიალებიდან შარდი შარდის ბუშტში ჩაედინება. შედეგად შარდი ფიალებში გუბდება და ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
   თუ ქალს ქრონიკული პიელონეფრიტი აქვს, ორსულობისას მის გამწვავებას უნდა ელოდოს, რეგულარულად ჩაიტაროს ანალიზები და თვალყური ადევნოს ჯანმრთელობას: ტკივილი წელის არეში, სხეულის ტემპერატურის მატება, შარდში ცილისა და ბაქტერიების მომრავლება  თირკმლის ანთებით ცვლილებებზე მეტყველებს.
    ადეკვატური მკურნალობის ფონზე ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, უყურადღებობის შემთხვევაში კი ნაყოფის ინფიცირებაა მოსალოდნელი.
   მეტად საშიშია მდგომარეობა, როდესაც  პიელონეფრიტთან ერთად  აღინიშნება არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის უკმარისობა და ერთადერთი თირკმლის პიელონეფრიტი. ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები ქალს ორსულობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
    შაქრიანი დიაბეტი. ორსულობისას ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ ძალზე მოკლედ აღვწერთ დიაბეტის მიმდინარეობას ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში.
   ორსულობასთან მიმართებით, გინეკოლოგები განასხვავებენ დიაბეტის ორ ფორმას: პრეგესტაციურს, რომელიც დაფეხმძიმებამდე ვლინდება და გესტაციურს, რომელიც ორსულობისას იჩენს თავს. მას ორსულთა დიაბეტს სახელწოდებითაც იხსენიებენ.
    საზოგადოდ, დიაბეტიანი ქალისთვის დაფეხმძიმება რამდენადმე სარისკოა, მაგრამ მუდმივი კონტროლის პირობებში სავსებით შესაძლებელია, ორსულობა ნორმალურად წარიმართოს. რაც შეეხება მშობიარობას, მეანი ხშირად საკეისრო კვეთას ამჯობინებს. ამ გზით იზოგება თვალი (დიაბეტის დროს ხშირია დიაბეტური რეტინოპათია, რაც ბადურის ჩამოშლის საშიშროებას ქმნის), თირკმელები და, რაც მთავარია, ნაყოფი ― შაქრიანი დიაბეტის დროს მისი ზომა უმეტესად ნორმაზე დიდია, რაც მისი ტრავმირების რისკს ქმნის.

 

გააზიარე: