რა არის ანაფილაქსია

გააზიარე:

სიტყვა “პროფილაქტიკის” მნიშვნელობის ახსნა, ვგონებ, არც ერთ ჩვენგანს არ უნდა სჭირდებოდეს. მართალია, ჩვენი ყურთასმენა უკვე საკმაოდ მიეჩვია, მაგრამ ეს ბერძნული სიტყვაა და “დაცვისთვის განკუთვნილს” ნიშნავს. პროფილაქტიკური აცრები საშიშ დაავადებებს გვაცილებს თავიდან. რაქიტის
პროფილაქტიკის მიზნით პაწიებს D ვიტამინს უნიშნავენ. ბერძნულივე წინსართი “ანა” ფუძეს საპირისპირო მნიშვნელობას სძენს. არც ასეთი ტერმინებია ჩვენთვის უცხო, ანარქია იქნება ეს თუ ანაქრონიზმი. ამსიგრძე ლინგვისტური წიაღსვლა კი იმ მარტივი მიზეზით დაგვჭირდა, რომ კიდევ ერთი უცხო სიტყვა – ანაფილაქსია – თქვენთვის ადვილად გასაგები გაგვეხადა. თბილისის ერთ საავადმყოფოში მომხდარი ტრაგედიის გამო პრესითა თუ ტელევიზიით ის ალბათ არაერთხელ მოგხვდათ ყურში... ვგონებ, მის მნიშვნელობას უკვე თავადაც მიხვდით: პროფილაქტიკისგან დიამეტრულად განსხვავებულ მოვლენას, ერთგვარ  ანტიდაცვას აღნიშნავს.

ცოტა ისტორია
ანაფილაქსიის პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2641 წელს მომხდარა, როცა კრაზანის თითქოსდა უწყინარ ნაკბენს, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ეგვიპტის მეფე მენესი შეუწირავს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, უცნაურ შემთხვევითობას მიაწერეს და არც სახელის დარქმევა უფიქრიათ და არც მექანიზმის გაშიფვრა (ჩვენში რომ დარჩეს, ვერც მოახერხებდნენ).
ნათლიობის პატივი კი ფრანგ ქიმიკოსს, ფარმაკოლოგს, მოგზაურსა და ბუნების მკვლევარს რიშეს ეკუთვნის, თანაც, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სრულიად შემთხვევით. 1902 წელს ის საკუთარი იახტით დასდევდა ზღვის ღრუბლებსა და მოლუსკებს, მათგან მიღებულ ნივთიერებებს კი ლაბორატორიულ ცხოველებს უშხაპუნებდა. ამ გზით ცდილობდა, ზღვისთვის ახალი შხამები გამოეტყუებინა. მოდით, მეცნიერის ბნელ ზრახვებს თავი დავანებოთ, – კაცმა არ იცის რატომ მოუვიდა აზრად, ზღვის ანემონების გამონაწვლილი ხელმეორედ შეეშხაპუნებინა იმავე ძაღლებისთვის, ვისი მეშვეობითაც ორიოდე კვირით ადრე ამ მომცრო ყვავილებივით კაშკაშა ცხოველების უვნებლობა უკვე დაამტკიცა. საწყალი ცუგები ამ ცდას კინაღამ გადაჰყვნენ: კრუნჩხვები დაეწყოთ, დასუსტდნენ, კუჭიც კი აეშალათ.
სანამ ამ აღმოჩენის ამბავს მსოფლიო შეიტყობდა, მეცნიერებას და მკვლევარის სიძუნწეს კიდევ ერთი-ორი ზღვის გოჭუნა შეეწირა. ამ შემთხვევაში დიფტერიის საწინაააღმდეგო შრატის ანტიტოქსიკურ ძალას განსაზღვრავდნენ და ეკონომიის მიზნით ლაბორატორიული ცხოველების განმეორებით გამოყენება სცადეს. ინექციიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ზღვის გოჭმა საშინლად დაიწყო შფოთვა, გალიაში აქეთ-იქით აწყდებოდა, სწრაფად სუნთქავდა, უკანა თათებზე ჯდებოდა და წინა თათებით ცხვირს იფხანდა, თითქოსდა რაღაც სუნთქვას უშლის და მისი მოშორება უნდაო. ნახევარი წუთის შემდეგ ცემინება დაიწყო, მერე – მკვეთრად, ყეფასავით ხველება და 2-3 წუთში მოკვდა კიდეც.
სულ ცოტა ხანში ექიმებმა დაადგინეს, რომ ანაფილაქსია მხოლოდ საგანგებოდ ჩატარებული ცდის საინტერესო შედეგი არ არის. ასეთი გართულება საკმაოდ ხშირია კლინიკაში. თანაც, ალერგიის სხვა გამოვლინებებისა არ იყოს, ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირდება. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დამნაშავენი ჩვენ თვითონ ვართ – რაც შეგვეძლო, ყველაფერი დავაბინძურეთ: ჰაერი, ნიადაგი, საკვები, სასმელი... აი შედეგიც. ანაფილაქსიური რეაქცია უკვე საკვებზეც გვხვდება. თხილზე ანაფილაქსია პირველად სულ 20 წლის წინ აღწერეს.

არსი და სახე
ანაფილაქსია უცაბედი, სისტემური (მრავალი ორგანოს დაზიანებით მიმდინარე) და მძიმე ალერგიული რეაქცია გახლავთ. ასე განმარტავს მას სამედიცინო ენციკლოპედია. ასე რომ, მისი მექანიზმი ჩვენ მიერ არაერთხელ აღწერილი ალერგიებისგან მხოლოდ სიმძაფრით გამოირჩევა. ამ შემთხვევაშიც უკვე სენსიბილიზებულ (მომატებული მგრძნობელობის მქონე) ორგანიზმში ალერგენის განმეორებით მოხვედრა წრეგადასულ პასუხს იღებს. ჩასაფრებული ანტისხეულები მათ ეკვეთებიან, მათი კომპლექსი ე.წ. ალერგიის მედიატორების (ჰისტამინის) გამოყოფას იწვევს. შედეგი გლუვი კუნთების სპაზმი, სისხლძარღვების გაფართოება და  მათი მომატებული განვლადობაა. თანაც ეს ყველაფერი შეიძლება მეტისმეტად სწრაფად მოხდეს – სულ რაღაც 10 წუთში მიმოქცევაში მყოფი სისხლის 50% ძარღვებს გარეთ აღმოჩნდეს. თავადაც მიხვდებით, ასეთი გამოცდა ძალიან ძნელი გადასატანია. მხოლოდ დროულ და კვალიფიციურ ჩარევას შეუძლია ავადმყოფის ხსნა.
ალერგენთან კონტაქტიდან რაც უფრო მალე გამოვლინდება პირველი კლინიკური სიმპტომები, მით უფრო მძიმე ანაფილაქსიური შოკია მოსალოდნელი. ჩვეულებრივ, პირველი 30 წუთის განმავლობაში ალერგენის მოხვედრის ადგილას აღინიშნება ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც მალე სახეზე, ტუჩებზე გადაინაცვლებს. ადამიანს დისკომფორტი ეუფლება, მოუსვენრობა, შიში იპყრობს. ყოველივე ამას შეიძლება დაერთოს გამონაყარი (უმეტესად – ნაჭინჭრი), სპასტიკური ტკივილები მუცელში (ჭვალი), ღებინება, ფაღარათი, სუნთქვის გაძნელება, ცემინება, ხველა, გულის აჩქარება, არითმია. თუ ზომები სასწრაფოდ არ მივიღეთ, შოკის სურათი ყალიბდება: ადამიანი ფერმკრთალდება, არტერიული წნევა ეცემა, პულსი სუსტი და ხშირი უხდება და გონებას კარგავს.
ალერგენის ვენაში შეყვანის დროს ანაფილაქსიური შოკი უფრო სწრაფად ვითარდება. ასეთ დროს, სისუსტის, მოუსვენრობის და შიშის ხანმოკლე ეპიზოდის შემდეგ, ადამიანი გონებას კარგავს. ოფლი ასხამს, კანი უფერმკრთალდება, ეწყება შარდისა და განავლის შეუკავებლობა, კრუნჩხვა, კომა.
ზემოთ ჭეშმარიტი ანაფილაქსიური რეაქცია აღვწერეთ. ზოგიერთმა ნივთიერებამ (მაგალითად, ოპიატებმა, საკონტრასტო ნივთიერებებმა, ვანკომიცინმა) შეიძლება ზუსტად ასეთი კლინიკური სურათი სხვა მექანიზმით განავითაროს. მეცნიერებს ყველაფერი ბოლომდე არ გაუშიფრავთ – ვიცით, რომ ალერგიის მედიატორების გათავისუფლება ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსების გვერდის ავლით ხდება. ამას ანაფილაქტოიდურ რეაქციას უწოდებენ. ჩვენებური ანდაზისა არ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი. ასე რომ, განსხვავებას მხოლოდ მკვლევარებისთვის აქვს მნიშვნელობა. სიცოცხლე ვითომ ალერგიამაც ისევე შეიძლება შეიწიროს, როგორც ნამდვილმა.

უნებლიე დამნაშავენი
ნამდვილ თუ ცრუ ანაფილაქსიურ რეაქციებს ყველაზე ხშირად პრეპარატები იწვევენ: ანტიბიოტიკები, საკონტრასტო ნივთიერებები, საანესთეზიო საშუალებები (თუნდაც იგივე ლიდოკაინი, რომელსაც სტომატოლოგები ასე ხშირად იყენებენ). თუმცა საავადმყოფოში თურმე მხოლოდ წამლის ალერგია როდი გვემუქრება. ლატექსი, რომლისგანაც მზადდება ქირურგიული ხელთათმანები, წვეთოვნები და კათეტერები ხშირად იქცევა ალერგიისა და ანაფილაქსიური რეაქციების მიზეზად (პრობლემა უმთავრესად მედიცინის მუშაკებსა და იმ ბავშვებს ეხება, ვისაც ხშირად სჭირდება ოპერაცია).
სააავადმყოფოს გარეთ  მომხდარი შემთხვევებიდან პირველ ადგილზე საკვებით გამოწვეული ანაფილაქსია დგას: თხილი, არაქისი, კვერცხი, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები. სულ ერთი ციცქნა ულუფაც კი საკმარისია, რომ ეს უმძიმესი რეაქცია გამოიწვიოს. ის კი არა, ზოგიერთს ანაფილაქსია მაშინ დამართნია, როცა რესტორანში, გვერდითა მაგიდაზე, ვიღაც ხამანწკებს შეექცეოდა.
განსვენებული მენესისა არ იყოს, ზოგჯერ მწერის ნაკბენიც (ფუტკარი, კრაზანა) მძიმე ალერგიული რეაქციით გვემუქრება.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგჯერ მიზეზის დადგენა სრულებით ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში ექიმები იდიოპათიურ ანაფილაქსიაზე საუბრობენ.

როგორ მოვიქცეთ
სწრაფი და ადეკვატური ჩარევის მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ. თუ ასეთი რეაქცია საავადმყოფოში მოხდა, ბუნებრივია, პაციენტისა თუ მისი გულშემატკივრის ფუნქცია უკანა პლანზე გადადის. სჯობს, სამედიცინო პერსონალს თავისი საქმის კეთება ვაცალოთ, პრეტენზიებისა და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა კი სხვა დროისთვის გადავდოთ.
თუ ასეთ რამეს სახლში ან რესტორანში შეესწარით, პირველ ყოვლისა, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო, მანამდე კი, რაკი სპეციფიკური დახმარება მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ, მოგიწევთ, ზოგად ღონისძიებებს დასჯერდეთ.
თუ ავადმყოფი გონზეა და სუნთქვა უჭირს, წამოსვით, ფანჯარა გამოაღეთ, გულშემატკივრები მოაცილეთ, რაც შეიძლება მეტი ჟანგბადით რომ უზრუნველყოთ. თუ ახლომახლო ვინმე ასთმიანს ბრონქების გამაფართოებელი სპეციალური ინჰალატორი აღმოაჩნდა, მისი გამოყენებაც სცადეთ.
თუ გონება ებინდება, პულსი იმდენად სუსტია, რომ ძლივს სინჯავთ, წნევა დაქვეითებულია, წამოაწვინეთ და ფეხები მაღლა ააწევინეთ.
თუ ალერგიის მსხვერპლმა გონება დაკარგა, შეამოწმეთ სასუნთქი გზების გამავლობა და სტანდარტულ ABC-ს მიმართეთ. (იხ. “ჯანმრთელი სიცოცხლე” 2004წ  #1-2).
თუ მათ ხელში დროულად აღმოჩნდით, ექიმებს საკმაოდ ძლიერი ანტიანაფილაქსიური არსენალი აქვთ, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგაც რამდენიმე საათს მათი მეთვალყურეობის ქვეშ მოგიწევთ დარჩენა. ზოგჯერ ანაფილაქსია ტალღურად მიმდინარეობს და თითქოსდა გამქრალი სიმპტომები გარკვეული ხნის შემდეგ ისევ იჩენს თავს.
ანაფილაქსიური შოკის გადატანის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი ალერგოლოგს უნდა ესტუმროს, რათა მომხდარის მიზეზი შეძლებისდაგვარად დაადგინოს და მომავალში მსგავსი უსიამოვნებები თავიდან აიცილოს.

თავდაცვა
კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი ანაფილაქსიის გამომწვევ მიზეზებს და თავად დარწმუნდებით, რომ ასეთი უსიამოვნებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მათთვის თავის არიდება მეტ-ნაკლებად მაინც შეგვიძლია.
ყოველთვის აცნობეთ ექიმს მედიკამენტებზე ნებისმიერი ალერგიის შესახებ.
ალერგიით განთქმული მედიკამენტები (საანესთეზიო საშუალებები, ანტიბიოტიკები) სინჯის შემდეგ უნდა გაკეთდეს. ყურადღება: ანაფილაქსიური რეაქცია თვით სინჯმაც შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომაც როცა ასეთი მანიპულაციის (საზოგადოდ, სამედიცინო პროცედურის) ჩატარებას შემოგთავაზებენ, იკითხეთ, აქვს თუ არა ექიმს შოკიდან გამოსაყვანი მედიკამენტები და იცის თუ არა, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს.
ნებისმიერი მედიკამენტი ინსტრუქციის ზუსტი დაცვით უნდა გაკეთდეს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ მომხდარი ტრაგედიის დროს წამალი წვეთოვნის ნაცვლად განუზავებლად გაუკეთეს. მიაქციეთ ყურადღება, დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ინსტრუქციის ზუსტად შესრულების შემთხვევაში მოხერხდებოდა თუ არა ბავშვის გადარჩენა. ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება ალერგენის უმცირესმა რაოდენობამაც გამოიწვიოს. და მაინც, წესების შესრულება ყოველთვის აუცილებელია.

გააზიარე: