საგამოცდო ციებ-ცხელება

გააზიარე:

 
ჩვენი თაობისთვის ყველაზე ცხელი თვე აგვისტო იყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალმა სისტემამ დაძაბულობის პიკი ერთი თვით გადმოსწია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: აქამდე თუ ზაფხული არდადეგების ბედნიერი ხანა იყო, ახლა ნერვული დაძაბულობის უკიდურეს ზღვარს აღწევთ. უკვე აბიტურიენტი ბრძანდებით და წინ განსაცდელი, უფრო ზუსტად, გამოცდა გელით.

    დამშვიდდით და ღრმად ჩაისუნთქეთ. გამოცდები მხოლოდ მოსწავლეთა და სტუდენტთა ხვედრი როდია – ასეთ მდგომარეობაში კიდევ მრავალჯერ აღმოჩნდებით, ჰოდა, თუ საგნებსა და უნარ-ჩვევებთან ერთად საგამოცდო მღელვარებასთან გამკლავებასაც ისწავლით, ჩათვალეთ, რომ მნიშვნელოვანი ცოდნა შეგიძენიათ. 
* როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ კომუნისტების მიმართ, დიდი ბელადის დანაბარების უგულებელყოფა მაინც არ გამოგადგებათ. თავცარიელს, დაგვერწმუნეთ, ვერავითარი ტექნიკა და ტაქტიკა ვერ უშველის. თანაც რაც უფრო ხანგრძლივად, სისტემატურად და გააზრებულად ჩაილაგებთ ცოდნას რუხ უჯრედებში, მით უფრო მეტხანს დარჩება იქ და საჭირო დროს გახსენებაც გაგიადვილდებათ.
* ტვინი უძირო სკივრი როდია, რომ რაც გინდათ, როცა გინდათ და როგორც გინდათ, ისე ჩატენოთ; ამ ვაჟბატონს მუშაობის საკუთარი სტილი აქვს. თუ კარგ გუნებაზეა, უმტკივნეულოდ აითვისებს 2 გიგაბაიტს, თუ არადა, შეიძლება, მთელი დღე ერთ გვერდს უკირკიტოთ და ვერაფერი გაიგოთ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კარგ ფორმაში ყოფნისთვის ტვინს სრულფასოვანი ძილი სჭირდება, საუკეთესო რეჟიმი კი 45-წუთიანი გარჯის შემდეგ 10-15-წუთიანი შესვენებაა (წახემსება, ვარჯიში, მუსიკის მოსმენა, ჰაერის ჩაყლაპვა). ოღონდ ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანზე მიშტერება არ ითვლება – დასვენება ხომ თვალებსაც ხომ სჭირდებათ.
* გამოცდების წინ ჩვეული რეჟიმისგან ნუ გადაუხვევთ. თუ შუადღემდე ძილს და შუაღამემდე კითხვას ხართ მიჩვეული, მაღვიძარას დახმარებით განთიადზე წამოხტომას, აქაოდა, უფრო მეტის სწავლას მოვასწრებო, აზრი არ აქვს – ძილმორეულ თავში მაინც არაფერი შევა, თუმცა თუ გამოცდა ისეთ დროს არის დანიშნული, როცა ჩვეულებრივ მესამე წყება სიზმრებს ხედავთ, აჯობებს, ნელ-ნელა ადრე გაღვიძებას და ტვინის განძრევას შეეჩვიოთ.
* მზადება გამოცდების დაწყებამდე სულ ცოტა 12 საათით ადრე დაამთავრეთ. სწორედ ამდენი სჭირდება ტვინს, მიღებული ინფორმაცია რომ გადაამუშაოს. თანაც სრულფასოვანი გამოძინება აუცილებელზე აუცილებელი რამ გახლავთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, შემდეგ კი თბილი თაფლიანი რძე დალიეთ.
* მშფოთვარე ფიქრებს სახლშივე გაუსწორდით. შეგიძლიათ, ჩამოწეროთ და დაწვათ ან სანაგვე ურნაში გადაუძახოთ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ქვეცნობიერი ვერ აღიქვამს ნაწილაკს “არ”, ამიტომ თვითშთაგონებისთვის ნაცვლად ფრაზებისა “არ მეშინია”, “არ ვღელავ” გამოიყენეთ “ მშვიდად ვარ”, “ვიცი”.
* პანიკა უფრო ძლიერ გიტევთ, როცა საკუთარი თავისგან სრულყოფილებას მოითხოვთ. ასეთ დროს პატარა შეცდომამ შესაძლოა სულ ამოგაგდოთ კალაპოტიდან. შეხედეთ გამოცდას როგორც ინტელექტუალურ გამოწვევას (ვთქვათ, რთულ შარადას ან კროსვორდს). გვერწმუნეთ, თუ ახლა გგონიათ, რომ თქვენი ბედ-იღბალი ამ დღეზეა დამოკიდებული, რამდენიმე წლის შემდეგ ეს ვნებათაღელვა სიცილით გაგახსენდებათ.
* შპარგალკები არც ისე უსარგებლო რამ გახლავთ – მათი დამზადებისას მასალა შესანიშნავად იკალათებს ტვინში. გასამეორებლადაც ჩინებული საშუალებაა. გამოცდის დღეს კი სჯობს სახლში დატოვოთ. თუ რამე დაგავიწყდათ, სცადეთ, გაიხსენოთ – უმჯობესია, თქვენი ჭკუა-გონება ამისთვის დაიხარჯოს, ვიდრე კონსპირაციის ხერხების მოგონებისთვის.
* თუ ისე ღელავთ, რომ ყველაფერი დაგავიწყდათ, მინიშესვენება მოიწყვეთ. თვალები დახუჭეთ, ზღვის სანაპირო წარმოიდგინეთ, თითები მაგიდაზე დააკაკუნეთ, მასალა კი დეტალების მეშვეობით გაიხსენეთ.
* ზეპირ გამოცდაზე დამშვიდებაში კი მოხერხებული პოზა დაგეხმარებათ. ჩვეულებრივ, როცა თავს კარგად ვგრძნობთ, სხვანაირად ვდგავართ თუ ვსხედვართ, როცა ცუდად – სხვანაირად. ასე რომ, კომფორტულად მოკალათდით და მღელვარებაც, უბრალოდ, გაივლის. კონცენტრირებასა და ცოდნის წარმოჩენასაც უფრო ადვილად მოახერხებთ.

გააზიარე: